„საჭირო იყო განახლება და შეიძლება ეს მომავალშიც მოხდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილის მიერ წინასწარ დაანონსებული საკადრო ცვლილება კი შემოდგომაზე იგეგმება. მთავრობის კულუარებში აცხადებენ, რომ ცვლილება შეეხება განათლების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. სანამ ღარიბაშვილი ახალ სამთავრობო კარუსელს დაატრიალებს, უკვე დატრიალებულ სამთავრობო კარუსელს ნდობა საქართველოს პარლამენტმა თავიდან უნდა გამოუცხადოს.
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად, მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ეცნობება, რის შემდეგაც ქვეყნის პირველი პირი ნდობის მოსაპოვებლად საკანონმდებლო ორგანოს 7 დღის ვადაში მიმართავს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და მის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის განახლების შესახებ.
„თუმცა, კაბინეტის იმ რაოდენობით განახლება, რაზეც საუბარია, საჭიროებს პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. აქედან გამომდინარე, ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, ის კი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. თავის მხრივ, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია აღნიშნული საკითხი, 7 დღის ვადაში განიხილოს. საერთო ჯამში, ეს არის 14-დღიანი პროცედურა - ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს 2 დღეში და შეიძლება დამთავრდეს 14 დღეში“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
რაც შეეხება იმას, რამდენად არის შესაძლებელი პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა არ მოიწონოს, თადუმაძე ამბობს, რომ არ არსებობს შემთხვევა, რომ პრეზიდენტი წარდგენილ შემადგენლობას არ დაეთანხმოს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, თადუმაძე ამბობს, რომ კანონით გათვალისწინებული ნორმები ამუშავდება.
როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლა.
„ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავამართლოთ ეს უდიდესი ნდობა და იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა დანაპირები და დასახული ამოცანები, ამას სჭირდება გაორმაგებული ენერგია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება, თუმცა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს, მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია დაიკავებს. დანელია პრემიერ-მინისტრისთან დაახლოებული პირია, მან სოფლის მეურნეობის სამინისტროში შსს-დან გადმოინაცვლა. დანელია შს მომსახურების სააგენტოს უფროსი იყო.
რაც შეეხება სოზარ სუბარის შემცვლელს, გავრცელებული ინფორმაციით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაიკავებს. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი, „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ არაფერი სმენია.
დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებას გეგმავს დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე. სურგულაძის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„პრემიერმა თვითონ თქვა, რომ გვქონდა შეხვედრა. ჩვენ ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ. ჩემთვის არ იყო ახალი, იმიტომ, რომ დააახლოებით ვიცოდი, რაც უნდა ყოფილიყო. მე თვითონაც ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ დავბრუნებოდი ჩემს ძველ პროფესიას – დიპლომატიას. მე კარიერული დიპლომატი ვარ. მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება დიპლომატიას უკავშირდება და შესაბამისად, ჩემთვისაც ალბათ, კარგი იქნება, რომ მე დიპლომატიას დავუბრუნდე“, - განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.
საკადრო ცვლილებას ექსპერტები აფასებენ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, არაბუნებრივი იყო, რომ ცვლილებები აქამდე არ განხორციელდა. პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხვას, რომ საკადრო ცვლილება კიდევ განხორციელდეს.
„საერთოდ, არ უნდა გაგვიკვირდეს ცვლილებები, ცვლილელები გარდაულიც კია. უფრო ადრეც შეიძლებოდა ამ ცვლილების გატარება. გარდამავალ პერიოდში, როდესაც ახალი გუნდი მოდის ხელისუფლებაში, მას სჭირდება იმის დადგენა, ვინ უკეთესად ერგება თანამდებობას. დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ზოგიერთი არ აღმოჩნდეს ადაპტირებული თანამდებობასთან, ზოგი - პირიქით“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს კი უჭირს კონკრეტულის თქმა, რადგან მისთვის უცნობია გათავისუფლებულ მინისტრებზე უკეთესი კანდიდატები დაინიშნებიან თუ უარესი.
„როდესაც საუბარია, რომ კიდევ სამი მინისტრის გათავისუფლება იგეგმება შემოდგომისთვის, მაშინ, იქნებ, დავფიქრდეთ იმაზე, რომ გასული წლის ოქტომბერში 12 მინისტრიდან 10 დანიშნა პრემიერ-მინისტრმა და 12 მინისტრიდან 10 თუ არ გამოადგა, მაშინ იქნებ თავად თქვას უარი მინისტრების დანიშვნის უფლებამოსილებაზე.
იმასაც შევახსენებდი ჩვენს პრემიერ-მინისტრს და იმის „პრემიერ-მინისტრს“, რომ გარაკვეული პირობები და ვალდებულებები გაჟღერებული იყო მათ მიერ და როცა შედეგი არ დგება საკუთარი დანაპირების შესრულებისა, შეგვიძლია ვიქონიოთ ეჭვი იმისა, რომ პროფესიონალები და თავისუფალი აზროვნების მოქალაქეები საფრთხეს წარმოადგნენ ჩვენი უმაღლესი ხელისუფლების პირებისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ საკადრო ცვლილება საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყებოდა. პოლიტოლოგი ამბობს, რომ როდესაც 7 წყებას ახალი პირი უდგება სათავეში, ეს იმას ნიშნავს, რომ 7 უწყებაში ყველაფერი წესრიგში არ იყო. ცინცაძე ამბობს, რომ კარგ მინისტრს არც ხსნიან და არც სხვა უწყებაში გადაჰყავთ.
„როგორც ჩანს სათადარიგოთა სკამი ძალიან მოკლეა, ეს იყო აქილევსის ქუსლი სააკაშვილის მთავრობაში, როდესაც შემცვლელის პრობლემა იყო და ხშირად ხდებოდა ისე, რომ ახალი მინისტრი ძველზე ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდებოდა ხოლმე. ინფრასტურქტურის მინისტრი ორი თვეა ამ თანამდებობაზეა, ორ თვეში ან რისი გაფუჭება მოასწრო ან რისი გაკეთება მოასწრო ისე, რომ გარემოს სფერო ჩააბარეს? -საოცარია.
ჩემი აზრით, პირველ რიგში, მინისტრების ცვლა უნდა დაწყებულიყო საგარეო საქმეთა მინისტრით, მაგრამ აქ ცოტა დელიკატური საკითხი ის გახლავთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან მალევე უხერხული იქნებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის გათავისუფლება. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ საგარეო საქმეთა მინისტრს იოტისოდენა ღვაწლიც არ მიუძღვის ამ ხელშეკრულებაში.
ფაქტია, რომ საკადარო რესურსი ხელისუფლებას არ გააჩნია. როგორც ჩანს, ეს ცვლილება აუცილებელი ნაბიჯი იყო, ღარიბაშვილს უნდა ჰქონოდა და ალბათ, აქვს კიდევაც საკმარისი არგუმენტი, რომ ასეთი რადიკალური ქირურგიული ჩარევა განეხორციელებინა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მე ვთვლი, რომ ეს არაა თერაპია, ეს არის ქირურგია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.