“მუჟიკები”, “ქათმები”, ინტრიგანები და „კაპეზედან აწეული პაბეგი”

“მუჟიკები”, “ქათმები”, ინტრიგანები და „კაპეზედან აწეული პაბეგი”

ერეკლე ცოცანიძე, მაკა მოსიაშვილის მსგავსად, ჟურნალისტია და მანაცმიხეილის ციხის ჯოჯოხეთისაკუთარი თვალით ნახა... “2012 წელს, გლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. კადრებზე წამება იყო ასახული. მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდი, მიზნად დავისახე, დეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. მე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად, სახელებითა და გვარებით, წუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე არ იცოდით”, - ნათქვამია ერეკლე ცოცანიძის ციხის დღიურის წინასიტყვაობაში...

 

7 ოქტომბერი, 2011 წელი

დღის ბოლოა. ციხის ცხოვრებამ მშვიდად ჩაიარა. ან ვის ეცალა ჩვენთვის, საქართველოს გაოცების ტალღამ გადაუარა - ბიძინა ივანიშვილის ეპისტოლემ ხელისუფლებაში მოსვლაზე სარკოზის ვიზიტის მნიშვნელობაც გადაწია.

საინფორმაციო გამოშვებებში, მთავარი თემა ბიზნესმენის პოლიტიკური განცხადებებია. გული მიგრძნობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სულს მართლა ღაფავს.

ოფიცრებიც სულ ამაზე ლაპარაკობენ. ახლა მთავარია, ბიძინა ვის დაიყენებს გვერდით.

ეს იქით იყოს და, ერთი კვირაა, ჩემს თავში ცეცხლი ანთია - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ერთადერთი ადგილი, საიდანაც შეიძლება უფრო მეტი სისასტიკე და ძალადობა ნახო, დაწესებულების სამეურნეო ნაწილია.

რა ვქნა, გადავიდე?

არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

მინდა, უფრო მეტი ვნახო და მერე მოვყვე, მაგრამ არის მეორე მხარეც - პატიმართა დიდი ნაწილი სამეურნეო ნაწილის პატიმრებს კარგი თვალით არ უყურებს, თვლიან, რომ ისინი ადმინისტრაციასთან თანამშრომლობენ. არ შეიძლება, ასე იყოს. მამუკას სიტყვები გამახსენდა, იქ ბევრი ნორმალურიც არისო.

ვფიქრობ, როგორ მიიღებენ ჩემი ახლობლები და მეგობრები ჩემს გადაწყვეტილებას. არადა, ვგრძნობ, ასე ბევრად მეტი მეცოდინება, ბევრად მეტი მოსაყოლი მექნება.

ამ ფიქრში ვერც კი გავიგე, ღამე როგორ გაიპარა...

გათენებისას ჩამეძინა.

 

10 ოქტომბერი, 2011 წელი

მამაოსთან დამიძახეს. ჩვეული სითბოთი შემხვდა მამა ილია. ვისაუბრეთ... მომისმინა, შეკითხვები დამისვა და მითხრა, მოდი, გაზიარებო.

ჯვარი მოვიხსენი, მამაო, იქნებ, მიკურთხოთ-მეთქი.

აკურთხა, მერე, ზიარების ლოცვა წაიკითხა და მაზიარა.

იმ დღეს მისთვის ბოლო პატიმარი ვიყავი. ნახევარლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლიდან შავი ღვინო მაცდურად მიმზერდა, ცოტა იყო, ნახევარს კარგად ჩასცილებოდა. წყლიანი თვალები გავაყოლე.

- გინდა? - მკითხა მამა ილიამ

- მინდა, მამაო, - ვერ დავმალე.

- დალიე, - ბოთლი მომაწოდა.

ძალიან ნელა გადავუშვი ღვინო ხახაში. ნაკადულივით ნელა მიწანწკარებდა შავი სითხე, მის ყოველ წვეთს ვგრძნობდი, ვგრძნობდი, როგორ მითბებოდა სხეული ნელ-ნელა.

არ გათავდე!

არ გათავდე!..

გათავდა...

დაიცალა ბოთლი.

ვიგრძენი, როგორ ამოძრავდა სისხლი. წამოვიდა, ამოიარა მთელი სხეული და საფეთქელს მიაწვა. სულ სამი ყლუპი იყო, მაგრამ ამ სამმა ყლუპმა თავი თავისუფლებაზე მაგრძნობინა.

თავბრუ დამეხვა.

დავემშვიდობე მამაოს.

საკანში ავედი.

შემოწმება დამთავრებულია - ოფიცრისგან წამოწოლის უფლება გვაქვს. წამოვწექი და ფიქრებით შინ, ჩემს ქალაქში გავისეირნე. მოვიარე ყველა კუთხე და კუნჭული. უცებ, კარი გაიღო და “რეჟიმი” შემოვიდა:

- რას ვერ იყოფთ, თქვე ყ....ბო, რა გალაპარაკებთ, ხმას ვერ დაუწევთ?

არადა, ხმა არავის ამოუღია...

და ისევ შეგვდგნენ...

ისევ გვაფურთხეს სულში...

ისევ გვაგინეს და გვირტყეს...

ბოთლი, ხელი, ფეხი - ყველაფერი ერთმანეთში აირია.

დაძღნენ და წავიდნენ.

 

15 ოქტომბერი, 2011 წელი

დღეს “კამერაში” ახალი პატიმარი მოგვიყვანეს, აზერი ბიჭია, 20 წლის.

რაზე ზიხარ-მეთქი, ვკითხე, „კაპეზედან პაბეგი ავწიეო“, მომიგო.

გამეცინა. თურმე, ერთთვიანი ადმინისტრაციული ჰქონია მისჯილი. ცოლის ნახვა მოუნდა, რომელიც სამშობიაროში იწვა. გასეირნების დროს, გადამხტარა იზოლატორის ღობეზე და წასულა. მართალია, მერე ადვოკატთან ერთად დაბრუნდა, მაგრამ მაინც გლდანში წამოიყვანეს. წამოიყვანეს და წელიწადზეა, თურმე, ლაპარაკი, არადა, აშკარად ერჩივნა, 10 დღე გაეძლო, გაეძლო და არ გაქცეულიყო.

ისე, საინტერესო ფაქტია: სააკაშვილის უმკაცრეს რეჟიმს ეს როგორ უნდა შემთხვეოდა? ამიტომაც ზუსტად ვიცი, არ დაინდობენ.

რა ხდება გარეთო, ვკითხეთ.

არაფერი იცის, გარდა იმის, რომ მამამისს ბევრი ფული აქვს და აქედან აუცილებლად გაიყვანს.

საღამოს, “პრავერკაზე” რომ გავედით, აზერს პირში საღეჭი რეზინა ჰქონია, ოფიცერმა დაინახა, გამოიღეო, უთხრა. აზერმა გამოიღო “კევი” და ხელში ეჭირა. ოფიცერი საკანში შემოგვყვა, “კევი” გამოართვა, თმაში ჩააკრა და დამელოდეო, დაუბარა, თითქოს სადმე წავიდოდა.

შემოწმების დასრულების შემდეგ, გაიყვანეს... ოფიცრის ოთახიდან გინების ხმა ისმოდა. როცა შემოვიდა, წელი გასაღების ჯაჭვით ჰქონდა აჭრელებული.

ღამე კიდევ დაუძახეს, დაუძახეს და ხელწერილი ჩამოართვეს, რომ შემთხვევით წაიქცა და დაზიანებები ისე მიიღო. თურმე, აზერს, მოულოდნელად, სასამართლო დაუნიშნეს და ეშინიათ, იქ არ თქვას ცემის შესახებ, ანუ ამის ეშინიათ?

რატომ?

სასამართლოც ხომ ამათია?

ალბათ, ერთადერთი მიზეზი ისაა, შემთხვევით ჟურნალისტების ყურამდე არ მიაღწიოს ყველაფერმა ამან. ისედაც ძალიან ბევრს საუბრობენ პატიმართა წამებაზე.

დღეს ციხის დირექტორზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ალეკო მუხაძის, იგივე “კილერას” დახასიათება პატიმრების მხრიდან ასეთია: ყველაზე დიდი სისხლისმსმელია, იშვიათია, თურმე, არ დაესწროს “კარანტინის დაშლას”. ამბობენ, დეპარტამენტში ჰყავს ვიღაც დიდი ბობოლაო. ავტორბოლა უყვარს, თურმე, სპორტული მანქანა ჰყავს და ხშირად დაუნახავთ, კორპუსიდან როგორ შემოვარდება ციხის ავტოსადგომზე.

სისასტიკით განთქმულია ოლეგ ფაცაციაც, დაწესებულების რეჟიმის უფროსი - ჯერ მარტო მისი ხმა და ყვირილი შეგზარავს ადამიანს. ყველაზე უმოწყალოა თანამშრომლებს შორის - შეუძლია, ადამიანი სიკვდილის პირამდე მიიყვანოს ისე, რომ თვალს არ დაახამხამებს. წიხლი, ხელი, ბოთლი, რეზინის ხელთათმანი - ეს მისი საყვარელი იარაღებია.

თითქმის იგივეს ჰყვებიან ბიჭები ვინმე ვიქტორაზე.

 

18 ოქტომბერი, 2011 წელი

დღევანდელი მორიგე ოფიცერის სავარაუდო გვარი გავიგეთ, მგონი, კვრაცხელიაა, გიორგი ჰქვია. კონტროლიორი კი ჯაბაა, აი, ის, „ვინც არ ჩააქროს, ბოზი იყოს”-ო რომ დაიძახა. ყოველთვის მეღიმება ამის გახსენებაზე.

საკანში ნათურაა გადამწვარი.

კარი გაიღო - ხელოსნები უნდა შემოვიდნენ, ამ დროს კონტროლიორი გავიდა გვერდით “კამერასთან” და ოფიცერი ჩვენს საკანში დარჩა.

- ბიჭო, სად მიდიხარ, მოდი აქ, - გაისმა კვარაცხელიას შიშნარევი ხმა.

კონტროლიორი დაბრუნდა, ნათურა შეცვალეს და წავიდნენ.

საღამოს, ჩვენს გვერდით “კამერასთან”, რამდენჯერმე მივიდა ოფიცერი. წყნარად იყავითო, უთხრა. მესამე თუ მეოთხე მისვლაზე, დაუყვირა:

- რითი ვერ დაწყნარდით, ახლა მოგი....თ დედებსო.

„კარმოშკა“ დაკეტა.

არ გასულა რამდენიმე წუთი და კორპუსზე “რეჟიმის” ხმა გაისმა. სწორედ ის “კამერა” გაიღო, შევიდნენ და დაუწყეს უმოწყალო ცემა პატიმრებს. ნახევარ საათში დაიშალნენ - როგორც მივხვდით, პატიმრებს საწოლების ქვეშ შეძრომა უბრძანეს. ზუსტად ათ საათზე, შუქის ჩაქრობის დროს, ოფიცერმა საწოლის ქვეშ მყოფ პატიმრებს დაუძახა, გამოდითო. რამდენჯერმე დაუძახა და შუქი ჩაქრაო, დაიყვირა მერე.

ჩაქრა და დავწექით.

 

25 ოქტომბერი, 2011 წელი

დღეს საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამეურნეო ნაწილში გადავიდე. არასოდეს ვყოფილვარ ქურდული და კრიმინალური სამყაროს წევრი, ზუსტად ვიცი, რისი ნახვა და გაგებაც მინდა. იქ ვნახავ და გავიგებ, გავიგებ და მერე ქვეყანას გავაგებინებ.

ვიცი, ვინც ამ დღიურს კითხულობს, სხვადასხვა აზრი აქვს, მაგრამ დღესაც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და თუ რატომ, ამას ძალიან მალე გაიგებთ!

დღეს “ტელეფონებია” - შინ ვრეკავ, არავინ პასუხობს. შოთიკოს ნომერი ავკრიფე, ყურმილის მეორე ბოლოდან მზიას ნაცნობი, თბილი ხმა გავიგე.

- მზია დეიდა, როგორ ხარ?

- რომელი ხარ?

- ერეკლე...

- ვინ?

- ერეკლე ვარ, ცოცანიძე.

- ვაიმე, ერეკლე, - ვიგრძენი როგორ მოაწვა ბურთი ყელში, დალაპარაკება ვერ შეძლო და ყურმილი სოფოს მიაწოდა.

- „ეტეტე“, როგორ ხარ?

- კარგად, სოფო, შენ როგორ ხარ? დიდი დრო არ მაქვს. სახლში რას შვრებით?

- კარგად ვართ, ყველაფერი კარგადაა.

- შოთიკო დამალაპარაკე, აბა.

- გასულია, არაა შინ.

- კარგი, ქეთინოს გადაურეკეთ, რომ დავრეკე სახლში, არ მიპასუხეს. მე კარგად ვარ, არაფერი მიჭირს.

- კარგი...

- აბა, კარგად იყავით, - ვუთხარი და მეც მომაწვა ბურთი ყელში.

თითქმის ერთად ვცხოვრობდით. მე კომპიუტერი არ მქონდა და მათთან დავდიოდი, ღამეებს ვათენებდი, ვსწავლობდი, ვკითხულობდი. ისინიც ხშირად იყვნენ ჩვენთან. ჩემი და-ძმაა. მზია, ქეთინოზე მეტად არა, მაგრამ ნაკლებ არ მიყვარს.

საუბარს რომ მოვრჩი ოფიცრისკენ მივტრიალდი.

- ბატონო ოფიცერო, სამეურნეოში მინდა გადასვლა.

- რაზე “ზიხარ”?

- გაყალბებაზე.

- “სროკი” რამდენი გაქვს?

- წელიწადნახევარი.

- კარგი, გადმოგიყვან რამდენიმე დღეში და ვნახოთ.

კამერაში დავბრუნდი. გამახსენდა მზიას და სოფოს ხმა. „დავიგრუზე“, საშინლად „დავიგრუზე“.

საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში...

დავჯექი... დავწერე:

ისევ მარტო ვარ დედამიწაზე.

ხან დროს სიკვდილზე ფიქრიც მიტაცებს,

ვხედავ ეშმაკის ანთებულ თვალებს,

ვერ გავჩერდები ვხედავ, მიწაზე.

მიწაზე, სადაც ეტრფიან მტრობას,

არ თრთიან გრძნობით, სიყვარულს კლავენ.

მიწაზე ყოფნას ხანდახან გიჯობს,

რომ ჩაეხუტო ეშმაკის მკლავებს.

წერტილი დავსვა? - თავს ვეკითხები,

გვრძნობ, რომ ვამძიმებ დედასამყაროს.

იქნება, სანამ დილა დადგება,

სული და ხორცი ერთურთს გავყარო.

 

25 ოქტომბერი, 2011 წელი

შუადღეა...

პაემანი მაქვს - გუშინ მოსული წერილით გავიგე, რომ ჩემს დისშვილსაც მოიყვანენ.

შუშის მეორე მხარეს მიხუნხულა დავინახე - უკვე დიდია, კაცია, დიდივით აზროვნებს.

- ძია, სამსახურიდან როდის მოხვალ, სახლში, თელავში როდის დაბრუნდებიო, - მკითხა.

მალე-მეთქი, ვუთხარი.

- იცი, მე მამას მანქანას ვატარებ უკვე.

გამეცინა - ძალიან საყვარელია.

დავბრუნდი სართულზე. ოფიცერმა დამიძახა. განცხადების ასლი დამიდო. დავწერე, რომ მე, ერეკლე მერაბის ძე ცოცანიძეს, გასამართლებულს 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, მსურს, სასჯელის დარჩენილი ნაწილი მოვიხადო სამეურნეო განყოფილებაში.

დავწერე და წამოვედი.

“კამერაში” დავბრუნდი.

დღემ მშვიდად ჩაიარა.

დღეს გელა წაიყვანეს სადღაც - ალბათ, “ეტაპში”. იძახდა, საქმეს ვაკეთებო. თუ არავინ გყავს, სასჯელის უდიდეს ნაწილს გლდანის მერვეში, ჩაკეტილ სისტემაში იხდი.

მოკლედ, გელა წავიდა. ალბათ, რამდენიმე დღეში ახალი თანასაკნელიც გვეყოლება.

ახლა გულწრფელად ვამბობ: ადამიანი, რომელსაც რატომღაც ბოლომდე ვენდობი, კობაა. დრო მოვა და მასთან თავისუფლად ვისაუბრებ, ალბათ, ყველაფერზე. უბრალოდ, ახლა სხვებიც არიან და არ გამოდის, ზუსტად ვიცი, რომ მასთან ვიმეგობრებ.

 

25 ოქტომბერი-14 ნოემბერი, 2011 წელი

ცხოვრება ციხეში ისევე მიდის, როგორც აქამდე ვწერდი. ახალი თანასაკნელი გვყავს, ქუთაისელია. საკანში რომ ამოიყვანეს, პირველი, რაც თვალში გვეცა, ე.წ. ქურდული პაგონია, ანუ ტატუირება, ვარსკვლავები, რომლებიც კრიმინალური სამყაროს აღმნიშვნელია. თავიდანვე გვითხრა, სიტყვა “ძამუნიას” ვარ მიჩვეული და არ მიწყინოთ, თუ რომელიმეს დაგიძახეთო.

რადიოში მოვუსმინეთ, თელავში, მამა ილიას მშობლების საფლავი დაურბევიათ. გავვოცდი და გული მეტკინა. მართალი კაცია და, ალბათ, ამიტომ-მეთქი, - გავიფიქრე.

რადიოში არ ცხრება პოლიტიკური ბატალიები. ტემპერატურა იწევს - ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ცდილობენ, ჩამოიშორონ. ის არ ეპუება.

იმედი გაგვიჩნდა. გუნდის ფორმირებას ველოდებით - ვის დაიყენებს და რა კურსი ექნება, ესაა ახლა მთავარი შეკითხვა.

ჩემებისგან ამანათი მივიღე. წიგნები ვთხოვე - დეილ კარნეგი, ნიკო გომელაურის ლექსები და კიდევ ერთი რელიგიური წიგნი მომივიდა. სულმოუთქმელად ვკითხულობ, ვკითხულობ და ვწერ. ესაა ჩემი საქმე.

კობაც “ეტაპშია”, თელაველიც, სულ ახალი ხალხია “კამერაში”.

 

 

27 დეკემბერი, 2011 წელი

კონტროლიორმა კარი გააღო და დამიძახა.

გავედი.

ოფიცერი კვარაცხელიაა.

- მიდიხარ, ხომ, - მითხრა გიორგიმ.

- სად, ბატონო ოფიცერო?

- სამეურნეოში გადადიხარ.

- კი, მაგრამ, აქ ტანსაცმელი მაქვს, ფოტოები წიგნები,

- ყველაფერს მოგიტანენ.

წავედით ადმინისტრაციის შენობისკენ. პირველ სართულზე შევედით... “ფუქსებიდან” სათითაოდ გამოვყევართ. ყველას ეკითხებიან, რისი გაკეთება შეუძლია.

რა შეგიძლიაო, - მეც მკითხეს.

- რა ვიცი, კომპიუტერი ვიცი.

გაეცინათ, ჯანზე ხომ კარგად ხარო და დადებითი პასუხის შემდეგ, ცალკე “კამერაში” შემიყვანეს, აი, ისეთში, „აბეზიანკას“ რომ ეძახიან. სულ ცოტა ხანში, პატარა ტანის ჩემხელა ბიჭი შემოუშვეს. მივესალმეთ ერთმანეთს. კუკური ჰქვია, ბორჯომელია. ზედმეტად წესიერი და პატიოსანი კაცი ჩანს.

- რაზე დაგიჭირეს, კუკურ?

- შეშის გამო, სახლში შეშა არ გვქონდა და ტყეში შევაგროვე რაღაცები.

- რამდენი მოგცეს?

- 3 წელი და კიდევ პირობითი... ნეტავ, გაგვიყვანენ? - მკითხა კუკურიმ.

- არ ვიცი...

მოკლედ, მოვყევით მთის და ბარის ამბები. საათები გადის და არავინ გვაკითხავს. მაღალი, ფორმიანი კაცი მოვიდა, ნაცნობი სახე აქვს, მაგრამ არ ვიცი, საიდან მეცნობა.

- ბიჭებო, დაიღალეთ, ალბათ, მალე მოვლენ და “რეზბალნიცაზე” გადაგიყვანენ, - ხმა რომ ამოიღო, მაშინ გამახსენდა, “კარანტინში” სიგარეტი რომ მოგვაწევინა.

ლადო... ლადო ბედუკაძე.

მისი წასვლის შემდეგ, ზუსტად ნახევარ საათში, კარი გააღეს და გამიყვანეს, მეორე სართულზე, ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი დამხვდა. სამხრეებსა და ქცევაზეც უფროსობა ეტყობა. დაჯექიო, მითხრა. სადაურობა, დანაშაული და სასჯელის ხანგრძლივობა გამომკითხა, რაღაც ქაღალდზე ხელი მომაწერინა, მერე, უკან დამაბრუნეს, კუკურა გაიყვანეს... ნახევარ საათში, გიორგი ავსაჯანიშვილმა ორივე შენობიდან გაგვიყვანა.

ეზოს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებით გავუყევით. საშინელი ქარია. შენობას, რაც უფრო ვუახლოვდებოდით, მით უფრო მატულობს რაღაც წყლის მსგავსი ხმა - შენობა ზმუოდა, შენობა, სადაც “ეტაპის” მანქანაზე ხშირად ბალდახინი შემოდიოდა, შენობა, საიდანაც უამრავი მიცვალებული “გადიოდა სვობოდაზე”.

შევედით.

მეორე სართულზე აგვიყვანეს.

ერთი ახალგაზრდა შავგვრემანი ბიჭია, ჩემზე ბევრად პატარა ჩანს. თანამშრომელს არ ჰგავს, ფორმა არ აცვია. სართულზე, რამდენიმე “კამერის” კარი ღიაა. ერთ-ერთში შეგვიყვანა მეც და კუკურაც.

- გაუმარჯოს, მე ბადრი ვარ, დავრიშევი, თქვენნაირი პატიმარი ვარ მეც. მოკლედ, ახლა იცოდეთ მთავარი პრინციპი: რასაც დაინახავთ ან გაიგებთ, მე უნდა მითხრათ. რასაც დაინახავთ ან გაიგებთ მხოლოდ მე და თქვენ უნდა ვიცოდეთ და სადმე რომ დაგცდეთ, იცოდეთ, სერიოზული პრობლემები გექნებათ. ამ სართულზე, სამ “კამერაში” შეგიძლიათ მოძრაობა, „მუჟიკების  კამერებში”. გაჩვენებთ ახლა, - ეს თქვა, სამივესთვის ყავა დაასხა და გააგრძელა, - დაბლა ორი “კამერაა” კიდევ ღია, სანიტრები არიან, იგივე “ქათმები” - მათთვის ხელის ჩამორთმევა იკრძალება, ჩვენი წესებით, არაფერს ეხებით მათსას. ამ “კამერაში” მე და ზურა პაპა ვცხოვრობთ, იქით “კამერებში” გადანაწილდებით და გაგაცნობთ იმ ხალხს, წესიერი მშრომელი ხალხია... აბა, თქვენ იცით, შეეგუებით ერთმანეთს... ხვალ დაისვენებთ, ზეგიდან კი, თქვენი საქმე გექნებათ, ორივეს.

ახლა მივხვდი, რატომ ვერ იტანენ გლდანში მყოფი პატიმრები სამეურნეო ნაწილის პატიმრებს - მათ ყველა პირობა აქვთ: ერთი შეხედვით, უკეთ ცხოვრობენ - ტელევიზორი, მადუღარა, ყავა, ჩაი, ამანათით ხილი შემოსდით, თუმცა ყველაფერი ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა.

გავიცანი ყველა...

წამოვწექი. საკანში ოფიცერი შემოვიდა, მე, როგორც დაჩვეული ვიყავი, ფეხზე ავდექი. რატომ დგახარ ფეხზეო? რა ვიცი, იქით ასეთი წესია-მეთქი. აქ არ არისო, - მითხრა.

დავჯექი, გამომკითხა ჩემს შესახებ. გასვლისას ხელიც ჩამომართვა, ზვიადი მქვიაო, მითხრა, ახალგაზრდა კაცია, წესიერად საუბრობს. “კამერაში” კახელი, სიღნაღელი ბიჭია, აკო, ავარია მოსვლია და მეგობარი დაღუპვია მანქანაში. მოკლედ ამიხსნეს, აქ რამდენიმე კატეგორიის პატიმრები არიან: პირველ სართულზე, თერაპიულში, მეთოთხმეტე და მეთექვსმეტე “კამერაში” ქურდები სხედან, მათთან არ მივდივართ არაფერზე. რამდენიმე “კამერაში” არიან ინტრიგანი პატიმრები, მათთან მოქცევას თანდათან ისწავლიო. როგორ თუ ინტრიგანი-მეთქი, ვკითხე.

- სტრასბურგში აქვთ სარჩელები, სულ ჩივიან.

გამოდის: აქ პატიმრებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვიან, ინტრიგანებს ეძახიან.

ჩვენს კამერას “ფ2” რატომ აწერია-მეთქი? - ვიკითხე.

- ეს ფსიქიატრიული განყოფილებაა. მოკლედ, ხვალიდან ყველას და ყველაფერს კარგად გაიცნობ, - მითხრა გაგამ.

კარი გაიღო, გაიღო და, კონტროლიორთან ერთად, მაღალი ჩინის მქონე ოფიცერი შემოვიდა. გვარები ჩაიწერა, ჩემზე უთხრეს, ახალიაო. მომესალმა, სადაურობა მკითხა, იმედად გამეცნო.

ტელევიზორია ჩართული... დავწექი, მალე ჩამეძინა. მეორე დღიდან კი, ვნახე ის ყველაფერი, რისი ნახვაც მინდოდა...

ეს საავადმყოფო კიდევ უფრო სასტიკი და მკაცრი რეჟიმის აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო, წარმოედგინა.

ხვალიდან ყველაფერი ჩემს თვალწინ გაივლის - ცემა, წამება, მორგი, მიცვალებულები. ზოგ რამეს მხოლოდ ვნახავ, ზოგს კი, საკუთარ თავზე გადავიტან.

28 დეკემბრიდან ჩემს ციხის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება.