ევროკავშირში „ურჩების“ წინააღმდეგ შანტაჟის ახალი იარაღი მზადდება  

ევროკავშირში „ურჩების“ წინააღმდეგ შანტაჟის ახალი იარაღი მზადდება  

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის კრიტიკულ გზავნილებს მიკერძოებულად აფასებს და ამბობს, რომ ბრიუსელის ნაწილი „სიცრუის ტირაჟირებით“ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს. ევროპარლამენტი კვლავ ამტკიცებს რეზოლუციას, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ მძიმე ბრალდებებია, ითხოვენ როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პოლიტპატიმრებისა და აქტივისტების გათავისუფლებას.

ამავე დროს, ევროკავშირში უკვე განიხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გადახედვა. კერძოდ, სქემა, რომელიც არა მთლიანად ქვეყანას, არამედ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს შეიძლება შეეხოს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხზე 23 ივნისს იმსჯელებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი რეგულაციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაცილებით მარტივად დაასანქცირონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ხელისუფლება კი ამას „ანტიქართულ კამპანიად“ აფასებს და დასავლელ პარტნიორებს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში სდებს ბრალს.

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას 19 ივნისს მიიღებს. დოკუმენტის შეჯერებულ ვერსიაში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ევროპარლამენტარები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და აქტივისტ მათე დევიძის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

რეზოლუცია კვლავ აკრიტიკებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ზეწოლას და მოუწოდებს ევროკავშირს, განიხილოს სანქციების დაწესება. ევროპარლამენტარების ნაწილმა პერფორმანსითა და ბანერებით გამოხატა პროტესტი.

საბოლოო ვერსიამდე განხილული იყო 7 პროექტი. ერთ-ერთი - ჯგუფი „სუვერენული ერების ევროპა“ - აცხადებდა, რომ ამაღლობელი ოპოზიციის პროტესტის დროს დააკავეს, არჩევნები ლეგიტიმური იყო და მედიაგარემო მრავალფეროვანია, თუმცა ეს ვარიანტი რეზოლუციაში არ აისახა.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, პრემიერი ირაკლი კობახიძე ამას კვლავ ქართველი ხალხის შანტაჟად აფასებს.

„ეს არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა. ქართველი ხალხის შანტაჟი არის აბსოლუტურად არასწორი ქმედება. ქართველ ხალხს ერთადერთი ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან - ეს არის უვიზო მიმოსვლა. მე რას ვართმევ, ისინი ართმევენ...

ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში... რა თქმა უნდა ევროკავშირში სწყინთ.

მე მგონია, რომ არ შეჩერდება... მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ საქართველო უკვე იმ ასაკშია, როცა ევროპარლამენტის მსგავსი ინიციატივები მასზე გავლენას აღარ ახდენს. ქართველიშვილი for.ge-თან იმ რეზოლუციის პროექტსაც აფასებს, რომელიც ევროპარლამენტის კონსერვატიული ჯგუფის „სუვერენული სახელმწიფოების ევროპა“-ს მიერ მომზადდა.

„ეს დოკუმენტი გმირული ნაბიჯია 27 ევროდეპუტატისთვის, რომლებმაც საქართველოს მხარი დაუჭირეს და „დიფ სთეითის“ ზეწოლის მიუხედავად, საკუთარი ქვეყნების ტრადიციული საზოგადოების ინტერესები დაიცვეს. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს. ისინი იმ ველზე მოქმედებენ, სადაც თვითონაც მძევლები არიან. საქართველოს მაგალითით აჩვენებენ, როგორ უნდა გაუწიო წინააღმდეგობა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ევროკავშირის შიგნით ანგრევს ევროპულ ფასეულობებს“, -აცხადებს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ეს ძალა, რომელსაც ის „დიფ სთეითს“ უწოდებს, ატარებს დღეს პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ და ევროპა, რომელიც წარსულში მიმზიდველი იყო, დღეს უსამართლობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

„იმედს გამოვთქვამ, რომ 2029 წლისთვის ევროპარლამენტში მინიმუმ, 27 კონსერვატორი დეპუტატი მაინც შეინარჩუნებს თავის პოზიციებს და ევროკავშირში სხვა ტიპის პოლიტიკური წონასწორობა დამკვიდრდება“, - ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ევროკავშირის ახალ პროექტს, რომელიც სავიზო შეზღუდვების გამკაცრებას ეხება, „ქართული ოცნებაზე“ ზეწოლის გამაძლიერებელი ეფექტი ექნება.

აბაშიძე for.ge-თან ამბობს: „ევროკავშირმა ახალი შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი არღვევენ ადამიანის უფლებებს. ეს ინიციატივა მხოლოდ საქართველოს არ ეხება - მსგავსი პრაქტიკა ზოგადია, თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება 1 ან 2 წევრი ქვეყნის ინიციატივითაც. ეს სიახლეა და ზეწოლის მექანიზმს, პრაქტიკულად, ამარტივებს“.

მისი თქმით, მსგავსი სამართლებრივი ჩარჩო მანამდეც არსებობდა, თუმცა პრაქტიკაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებში შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ.

„ახლა პროცესი ბევრად გამარტივდება - ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაუადვილდებათ კონკრეტული მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირება. თუმცა პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის და ბუნებრივია, ევრობლოკში მას წინააღმდეგობა შეხვდება. სამწუხაროდ, მედიაში ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ეს ცვლილება მთელ მოსახლეობას შეეხება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკავშირი, რომელიც საზოგადოებას მხარს უჭერს, ბუნებრივია, არ დააზარალებს უბრალო მოქალაქეებს იმ მიზეზით, რომ რაიმე დარღვევა მოახდინა ხელისუფლებამ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე განმარტებით, ცვლილება მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე - მთავრობის წევრებზე, დიპლომატებზე - სავიზო შეზღუდვების დაწესება გამარტივდება და ეს არ გულისხმობს უვიზო რეჟიმის გაუქმებას ან საქართველოს მოქალაქეებზე მოქმედ რეგულაციებს.

„ბუნებრივია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გასცენ განმარტება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ აქამდე დაწესებულ სანქციებსაც არ ჰქონია დიდი გავლენა მმართველ პარტიაზე. არც ახლაც იმოქმედებს, რადგან „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას კვლავ შეძლებს“, - დასძენს აბაშიძე.