“შაჰ დენიზის” პროექტებს დასავლური კომპანიები ტოვებენ

“შაჰ დენიზის” პროექტებს დასავლური კომპანიები ტოვებენ

2014 წლის 15 მაისს, თსუ–ს საერთაშორისო ეკონომიკის კვლებების ინსტიტუტმა (ISET) უმასპინძლა კრის შლუტერს (Chris SCHLUETER), BP–ს ახალ ხელმძღვანელს საქართველოში. ამ შეხვედრაზე ბატონმა კ. შლუტერმა წარადგინა საქართველოსა და ევროპისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე „შაჰ დენიზი 2“ საბადოსა და სატრანზიტო გაზსადენების „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციებით, ევროპული ენერგოკომპანიების ნაწილი ტოვებს „დერეფნის“ კონსორციუმებს, რაც უნდა გაითვალისწინონ საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა.  

პროექტის წარსადგენად გამოყენებული იყო მოკლე ვიდეო, რომლითაც განხილული იქნა ეს 45 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიცია. ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მილსადენებით, საქართველოს გავლით, უნდა მოხდეს წლიურად 16 მლრდ კუბ. მეტრი გაზის (საიდანაც 6 მლრდ კუბმეტრს თურქეთი დაიტოვებს) ტრანზიტი აზერბაიჯანის „შაჰ დენიზის“ საბადოდან ევროპაში. სულ პროექტში ჩართულია შვიდი ქვეყნის თერთმეტი ენერგოკომპანია და თერთმეტი გაზგამანაწილებელი ფირმა. პროექტი შედგება სამი ნაწილისაგან: 1)საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური მილსადენის“ (SCP) გაძლიერება, ანუ პროექტი TSPX; 2)თურქეთში “ტრანსანატოლიური გაზსადენის” (TANAP) მშენებლობა და 3)“ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) აგება, რომელიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას თურქეთიდან ევროპაში.

ახალი მილსადენების სისტემიდან საქართველო მიიღებს მნიშვნელოვან ფინანსურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს. კერძოდ, „სამხრეთკავკასიური მილსადენის“ დამატებითი სატუმბი სადგურებით გაძლიერების პროექტისთვის (TSPX) გამოყოფილი თანხა – 2 მილიარდი აშშ დოლარი მთლიანად საქართველოში დაბანდდება, ხოლო TSPX–თვის რესურსების მომარაგების 20% განხორციელდება საქართველოს მიმწოდებლებისგან. გარდა ამისა, პიკის დროს  მშენებლობის პროცესში დასაქმდება დაახლოებით 2000 კაცი, ხოლო 125 ადამიანი მიიღებს გრძელვადიან სამუშაო ადგილს. TCPX სავარაუდოდ ამოქმედდება 2018.

სამხრეთის გაზის დერეფნისახალი საფრთხეები

ევროკავშირს, რომელიც ცდილობს გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას, მომავალში უნდა სულ უფრო მეტი გაზის იმპორტი, ვინაიდან ამ რეგიონში მოსალოდნელია გაზის წარმოების შემცირება და მოთხოვნის ზრდა. ეს კი რუსეთს თავისი „ენერგოიარაღის“ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად შესანიშნავ შანსს აძლევს.

შემთხვევით არ იყო, რომ ლიტვურმა გამოცემა „ფოკუსმა“, სათაურით „ნატოს სანაცვლოდ გაზი“, გამოაქვეყნა ინტერვიუ ქვეყნის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთი სთავაზობს ბალტიისპირეთის ქვეყნებს შემცირებულ გაზის ფასს, მათი ნატოდან გამოსვლის სანაცვლოდ. ლიტვის პრეზიდენტი აღნიშნავს: "..ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებს გადაეცათ რუსეთის წინადადება შეამციროს გაზის ან ნავთობის ფასები, თუ ეს ქვეყნები გამოვლენ ნატოდან". დ. გრიბაუსკაიტე მიუთითებს, რომ რუსეთს სურს ბალტიის ქვეყნების - ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის - "ნატოსა და ევროკავშირის არასანდო წევრებად გადაქცევა."

ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს ეკონომიკურად დამოუკიდებელი რუსეთისგან. მისი აზრით, ენერგიის ბაზარზე საჭიროა დივერსიფიკაცია. დ. გრიბაუსკაიტე მიუთითებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები "...ძალიან სარისკოდ არიან" დამოკიდებული რუსულ გაზზე.

ამიტომ, კ. შლუტერის ოპტიმიზმის ფონზე, საინტერესოა იმ საფრთხეების განხილვა, რომლებიც ემუქრება ზემოაღნიშნულ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტებს. მრავალმილიარდიან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს TANAP-TAP გაზსადენების სისტემას, არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხონ ახალი ინფრასტრუქტურის სამშენებლო გრაფიკები და გამოიწვიონ დაინტერესებული მხარეების ინვესტირებიდან თავის შეკავება.

უფრო კონკრეტულად, საფრანგეთის ენერგოგიგანტი „ტოტალ SA“ უკვე გასული წლიდან ეძებდა TANAP–ის პროექტის დატოვების გზას. უახლესი ინფორმაციით, SOCAR–ის ვიცეპრეზიდენტმა სულეიმან გასიმოვმა დაადასტურა ცნობა მასზე, რომ 2014 წლის 30 მაისს ანკარაში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც თურქეთის გაზის სატრანსპორტო კომპანია „ბოტაშმა“ გაზარდა თავისი წილი დაგეგმილ „ტრანსატოლიურ გაზსადენში“ (TANAP), „ტოტალ SA“–ს აქციების შეძენით, 20%–დან 30%–მდე. ეს ნიშნავს, რომ TANAP–ის აქციონერები დღეისათვის არიან: აზერბაიჯანის „სოკარი“ - 58%, ბრიტანეთის BP - 12% და თურქეთის „ბოტაში“ - 30%. საფრანგეთის „ტოტალი“ და ნორვეგიის „სტატოილი“ (ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში) ამ პროექტიდან გამოვიდნენ. ამავდროულად, „ტოტალი“ 2014 წლის მაის–ივნისში რფ–ს ხანტიმანსიისკ–იუგრას ავტონომიაში რუსულ „ლუკოილთან“ ქმნის ერთობლივ საწარმოს ე. წ. ძნელადამოსაღები ნახშირწყალბადების მოპოვების მიზნით, რაც ამ ფრანგული ენერგოგიგანტის პრიორიტეტებზე მეტყველებს.

ცვლილებებია TAP–შიც. კერძოდ, „სოკარის“ წარმომადგენლის განცხადებით, 2014 წლის 3 ივნისს ორმა დასავლურმა ენერგოგიგანტმა – „ტოტალმა“ და გერმანულმა E.ON–მა გასაყიდად გამოიტანეს საკუთარი აქციები TAP–ის კონსორციუმში, – შესაბამისად 10% და 9%–იანი პაკეტები. მათ თურქული TPAO ყიდულობს. ამით ეჭვქვეშ დგება მთლიანად „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი, რომლის განუყოფელ ელემენტსაც წარმოადგენს TAP. ამ გადაწყვეტილებებზე იმოქმედა იტალიის ენეგობაზარზე, და განსაკუთრებით, მის სამხრეთ რეგიონებში (სადაც „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ მიყვანაა დაგეგმილი) სტაგნაციამ. ამ რეგიონში გაზის მოხმარების პიკი 2005 წელს იყო. მას შემდეგ, 2013 წლის მონაცემებით ბერძნული გაზის ბაზარი 7%–ით, ხოლო ალბანეთის და იტალიის – 15%–ით შემცირდა.

„ტოტალისა“ და E.ON–ის გადაწყვეტილებაზე ასევე იმოქმედა ერთი თვის წინ „გაზპრომის“ გაფორმებულმა შეთანხმებამ ავსტრიის OMV-თან „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობაზე, რომლის მარშრუტი ქ. ვენასთან, ბაუმგარტენში მთავრდება. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია გერმანული E.ON–ის მიერ „ტრანსადრიატიკული“ პროექტის დატოვება. საქმე ისაა, რომ რუსული „სამხრეთის ნაკადით“ 63 მლრდ კუმბეტრი გაზი გერმანიის გვერდით, ბაუმგარტენამდე მივა. ამ დროს TAP–ით, სულ რაღაც 10 მლრდ აზერბაიჯანული გაზის, შორეული საბერძნეთი–ალბანეთი–იტალიის მარშრუტით გერმანიამდე, ტრანსპორტირება E.ON–ს ნამდვილად არ უღირს.

გარდა ამისა, „ტოტალმა“ გადაწყვიტა დაეტოვებინა ახალი „შაჰ დენიზი 2“ საბადოს პროექტიც და თავისი აქციების 10% მან 1.45 მილიარდ დოლარად მიჰყიდა თურქეთის ნავთობკომპანია TPAO–ს. ამით „შაჰ დენიზის“ საბადოდან, რომელიც TANAP გაზსადენის ძირითადი შემავსებელი უნდა იყოს, გამოვიდა მნიშვნელოვანი დასავლური კომპანია. ამ გარიგების შემდეგ, „შაჰ დენიზის“ მომპოვებელი კონსორციუმი შედგება შემდეგი აქციონერებისგან: BP - 29%, „სოკარი“ - 17%, TPAO - 19%, „სტატოილი“ - 15.5%, „ლუკოილი“ - 10% და ირანის „ნაიკო“ (Nico) - 10%. საბედნიეროდ, ამ საბადოს ორ ევროპელ პარტნიორს – BP–ს და „სტატოილს“, ასევე აზერბაიჯანულ „სოკარს“ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ თავიანთი საინვესტიციო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მომავალ ათწლეულში ამ საბადოს მოახმარონ.

ამრიგად, TANAP, TAP და „შაჰ დენიზის“ საბადოს კონსორციუმებიდან ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ კონცეფციაში ჩართული ევროპული ენერგოგინატების დატოვებამ დაასუსტა 2019 წლიდან რუსეთის გვერდის ამქცევი დივერსიფიცირებული ინფრასტრუქტურის პროექტი.

დერეფნისდაფინანსება - „აქილევსის ქუსლი

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ გარდა, „ტოტალი“ ასევე ჩართულია მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა გრძელვადიან, მაღალი ღირებულების პროექტებში. ის ფლობს აზერბაიჯანში აბშერონის ჯერ აუთვისებელი გაზის საბადოს აქციების 40%–იან პაკეტს. ფრანგული კომპანიის უახლოესი მიზანი მისი დამუშავების დაწყებაა. საჭირო თანხის მობილიზაციას ის გეგმავს „შაჰ დენიზში“ თავისი აქციების გაყიდვით. არაა გამორიცხული, რომ ამ თვალსაზრისით ეს შეიძლება იძულებითი ნაბიჯი იყოს. Financial Times–მა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "...გადაწყვეტილება განპირობებული იყო პროექტის ეკონომიკით“. „შაჰ დენიზიდან“ მილსადენების მშენებლობის საერთო ღირებულება,  სავარაუდოდ აღემატება 40 მლრდ დოლარს, რაც „შაჰ დენიზის“ ათვისების თავდაპირველი ბიზნეს გეგმების საპროექტო ღირებულებას სამჯერ სჭარბობს.

შარშან ნორვეგიულმა „სტატოილმაც“ თავისი აქციები 25.5%–დან 15.5%–მდე შეამცირა „შაჰ დენიზის“ საბადოში. აქციების პაკეტი მან BP–ს და „სოკარს“ მიჰყიდა. ეს კომპანია ასევე ჩართული ჩრდილოეთის ზღვის სხვადასხვა ძვირადღირებულ პროექტებში. ესაა ის გაცხადებული მიზეზი, რითაც ის აზერბაიჯანის ბაზარზე საინვესტიციო ტვირთის შემცირებას ხსნის. თუმცა, ექსპერტები ნორვეგილების მიერ „შაჰ დენიზის“ დატოვებას ამ პროექტის ინფრასტრუქტურის გაძვირებას უკავშირებენ.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები. მაგალითად ენერგეტიკის მინისტრი ნ. ალიევი, ივნისში გამართულ კასპიის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე, ვერ მალავდა „შაჰ დენიზის“ გაძვირების ფაქტს. ის აღნიშნავდა, რომ ამ პროექტის საინვესტიციო მოცულობა შეიძლება აღემატებოდეს 50 მილიარდ დოლარს. კონფერენციაზე მინისტრი მიუთითებდა, რომ სერიოზული დაბანდებებია საჭირო აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ მარშრუტებზე, ასევე  TANAP–ის მშენებლობაზე. დიდი მოცულობის ინვესტიციებს მოითხოვს სამხრეთ ალბანეთის მთიან რელიეფზე და ადრიატიკის ფსკერზე TAP–ის გაზსადენის გაყვანა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მარტო „შაჰ დენიზის 2“–ის საბადოს ათვისებაზე 28 მილიარდი დოლარია საჭირო. აღსანიშნავია, ასევე TAP–ის იონია–ადრიატკის მონაკვეთის (IAP) მარშრუტიდან ბოსნიისკენ, ჩერნოგორიისკენ და ხორვატიისკენ, ასევე ბულგარეთისკენ, გაზსადენების გაყვანის მაღალი ხარჯებიც.

მეორეს მხრივ, კონსორციუმის მონაწილე კომპანიების ოფიციალური პირები დროდადრო „ტრანსკასპიური გაზსადენის“ მომავლის პერსპექტივებზე საუბრობენ, რომელმაც უნდა "გახსნას" თურქმენეთის და უზბეკეთის გაზის პოტენციალი. ამან უნდა გამოიწვიოს TANAP-TAP-IAP მილსადენების სისტემის ორიგინალური სიმძლავრის რამდენჯერმე გაზრდა, რაც ეკონომიკურად მომგებიანია. მიუხედავად ამისა, ორაზროვანი და გადაუწყვეტელია  კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი, რაც ჯერჯერობით ზღუდავს ცენტრალური აზიის „შაჰ დენიზთან“ დამაკავშირებელი ერთადერთი გზის გახსნას. უფრო მეტიც, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სტაბილურად იზრდება გაზის ექსპორტი გიგანტურ ჩინეთის ბაზარზე, ხოლო რუსულმა კომპანიებმა შეძლეს ფეხის მოკიდება ცენტრალურ აზიაში. ამდენად, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ აირით სიცოცხლისუნარიანი და პერსპექტიული შემავსებელი მხოლოდ ირანია, რომელიც აკონტროლებს სიდიდით მეორე გაზის მარაგებს მსოფლიოში.

ანტიირანული ემბარგო და დაპირისპირება ისრაელისა და საუდის არაბეთის მიმართ, გამორიცხავს მის მონაწილეობას ზემოაღნიშნულ პროექტში. ამიტომ ის ცდილობს, ერთის მხრივ, ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთში, ასევე პაკისტანის გავლით ინდოეთში გაზის ექსპორტს. მეორეს მხრივ, თეირანს უნდა 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, ერაყისა და სირიის გავლით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე თავისი გაზის მიწოდება. თუმცა, სირიის კონფლიქტი მას ამ გარიგების განხორციელებაში ხელს უშლის. ამიტომ თეირანში მიაჩნიათ, რომ მათ ევროკავშირის ენერგობაზრის გარდა, სხვა საექსპორტო შესაძლებლობებიც აქვთ. ამასთან, ირანი მეგრი–თავრიზის 2007 წელს აგებული გაზსადენით და „გაზპრომის“ კუთვნილი სომხეთის გაზის ქსელით რუსეთს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის“ საშუალებით. ამ გაზსადენის „გაზპრომის“ მიერ ხელში ჩაგდების შემთხვევაში, ირანს უჩნდება შანსი, რომ რუსეთის გავლით მოახდინოს თავისი გაზის ექსპორტი ევროკავშირში. ამიტომ, არ გამოირიცხება მოზდოკი–სომხეთის საზღვარი მარშრუტის გაზსადენის პრივატიზების ინიცირება რუსეთის, სომხეთის ან ირანის მხრივ.       

საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხი უკავშირდება „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ფინანსურ მდგრადობას. მთავარია ფაქტობრივად მისაწოდებელი გაზის მოცულობისა და ინფრასტრუქურის მშენებლობის საერთო ღირებულების თანაფარდობა. ამ მაჩვენებლების დისბალანსის შემთხვევაში სულ უფრო მეტი კორპორაცია დატოვებს „შაჰ დენიზის“ კონსორციუმს, რაც მთელი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ კრახს გამოიწვევს.

დასკვნები

ზოგიერთი დასავლური ენერგოკომპანიის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტებიდან გასვლა უკავშირდება ამ პროექტების  კომერციული მიმზიდველობის შემცირებას. მათი გასვლის ყველაზე ხშირად გაცხადებული მიზეზია საინვესტიციო სტრატეგიის გადასინჯვა. ასევე, არ არის გამორიცხული, ამ ფირმების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას მზარდი პოლიტიკური რისკებიც ახდენდეს. ბოლოდროინდელი ქმედებები, რაც რუსეთის მხრივ უკრაინისადმი აგრესიაში გამოვლინდა, იწვევს „სამხრეთის გაზის დერეფნისადმი“ კრემლის აგრესიის მოლოდინს. საიდუმლო არაა, რომ კრემლი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგება ამ პროექტების რეალიზაციას და ამ მომართულებით მუდმივად ზრდიდა ზეწოლას კასპიისპირეთის ქვეყნებზე, თავისი კასპიის სამხედრო ფლოტილიის გაძლიერებით, ანუ სამხედრო საშუალებებითაც კი. ამ აგრესიის გამოვლენის ერთ–ერთი მკაფიო ნიშანია ასევე რუსეთის მოწოდება აზერბაიჯანისადმი, რომ ის შეუერთდეს ევრაზკავშირს.

სამაგიეროდ, საფრანგეთის „ტოტალმა“ რფ–ს ხანტიმანსიისკ–იუგრას ავტონომიაში, 2014 წლის მაისში „ლუკოილთან“ ერთად აუქციონზე მიღებულ 2200 კვადრატული კილომეტრის ნაკვეთების დამუშავების ლიცენზიას, ივნისში დაუმატა ახალი ლიცენზია 990 კვადრატული კილომეტრი საერთო ფართობის ნაკვეთების დაზვერვა–დამუშავებაზე.

დასავლელი ინვესტორების „დერეფნიდან“ გასვლით ყველაზე მეტად თურქეთი ისარგებლებს. მას შემდეგ, რაც გაიზარდა მისი წილები TAP-ში, TANAP–ში და „შაჰ დენიზის“ კონსორციუმებში, რეალური გახდა თურქეთის სტრატეგია – ხელში ჩაიგდოს მოპოვების ახალი წყაროები, შექმნას ნედლეულის მარაგები და გააფართოოს თავისი მონაწილეობა უცხოურ ინფრასტრუქტურაში. ამით თურქეთს სურს შექმნას სავაჭრო „ჰაბი“, რომელიც გაზს ევროპაში გაყიდის. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია მისი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, რომელიც ამჟამად ანკარას ბუნებრივი აირის ერთადერთი საიმედო მიმწოდებელი და  სტრატეგიული მოკავშირეა. თურქეთის მზარდი როლი „სამხრეთის გაზის დერეფანში“ გააძლიერებს მის პოზიციას ევროკავშირში - თუ გავითვალისწინებთ რუსეთ–უკრაინის კონფლიქტს - ბრიუსელში სულ უფრო აინტერესებთ, გაზის ახალი წყაროების და მარშრუტების პროექტები.

კასპიის ენერგეტიკულ პროექტებში თურქეთის მზარდი მონაწილეობა აძლიერებს ურთიერთდამოკიდებულებას თურქეთ–აზერბაიჯანის ტანდემში და ამყარებს მასში ანკარას პოზიციებს. თავდაპირველად, ბაქოს არ უნდოდა, რომ თურქეთს ამ პროექტებში სატრანზიტო დიქტატორის როლი ეთამაშა და მას საქართველოს შავი ზღვისპირეთიდან ემერგორესურსების ალტერნატიული ექსპორტის იმედი ჰქონდა. თუმცა, ამ ეტაპზე, ის იძულებულია მიიღოს არსებული სტატუს–ქვო ალბათ იმის გამო, რომ ყირიმის რფ–ს მიერ ანექსიის შემდეგ, ის მთლიანად დამოკიდებულია თავისი ნახშირწყალბადების თურქეთის მარშრუტით ტრანზიტზე და უკეთესი ალტერნატივა არ გააჩნია.