მოსაწვევის გარეშე დარჩენილი პრეზიდენტი, დღის გმირი გახდა

მოსაწვევის გარეშე დარჩენილი პრეზიდენტი, დღის გმირი გახდა

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია, უმრავლესობა „დატუქსული“, ეკა ბესელია გაკრიტიკებული, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი კი, დღის მთავარი გმირი გახდა.

საქართველოს პარლამენტში სტუმრიანობა დღეს დილიდან დაიწყო. რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე მინისტრების - მაია ფანჯიკიძისა და გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გაიხსნა. ბოლო წუთებამდე კი, მთავარი საკითხი - პარლამენტში პრეზიდენტის მისვლა-არმისვლა იყო. საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 13:00 საათზე, მეხის ხმასავით გავარდა ინფორმაცია, რომ „პრეზიდენტი მოვიდოდა“. აღნიშნულმა ცნობამ ზოგი გაახარა, ზოგი კი პირიქით, დაამწუხრა. თავად პრეზიდენტი ლაღად გამოიყურებოდა, 17:00 საათს და სხდომის გაგრძელებას ელოდებოდა.

რიგგარეშე სხდომა, რომელიც სტუმართა სიის გამო საკმაოდ სკანდალური გახდა, ჩანიშნულ დროზე დაიწყო. თავდაპირველად, დარბაზში ადგილები დეპუტატებმა, დიპკორპუსის წარმომადგენლებმა და მთავრობის წევრებმა დაიკავეს, პრეზიდენტს დაელოდნენ და მას შემდეგ, რაც ხმა გაისმა „საქართველოს პრეზიდენტი“, დარბაზში გიორგი მარგველაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ეკა ბესელიას რეპლიკა ესროლა - „ხომ დავეტიეთ?!“.

მართალია, სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა გაკეთებული განცხადების გამო, ეკა ბესელიას „მიუტევა“, ხელი გადახვია და საზეიმო მიღებაზე მასთან ერთად გაემართა, მაგრამ დარბაზში აღნიშნული რეპლიკის გაჟღერების გარდა, პრეზიდენტმა სიტყვაც მოითხოვა.

პრეზიდენტის გამოსვლამდე, ტრიბუნა პრემიერ-მინისტრმა და ევროპელმა ლიდერებმა დაიკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას უმრავლესობა ტაშით სამჯერ შეხვდა, უმცირესობიდან კი, თავი მხოლოდ სერგო რატიანმა გამოიჩინა.

პრემიერმა გამოსვლისას ყურადღება ევროპულ ღირებულებებზე გაამახვილა და დარწმუნებით აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაზე კრიტიკული მომენტი უკვე გადალახა.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპისაკენ, მტკიცე დემოკრატიისაკენ და ეს პროცესი ახლა უკვე შეუქცევადი გახდა.

„2014 წლის 27 ივნისი საქართველოს ისტორიაში ახალ დიდ თარიღად ჩაიწერა, ამ დღეს ყველა დროის ყველა ქართველის ისტორიული ოცნება ახდა - ამ დღემ, როგორც არასდროს, ისე დააახლოვა საქართველო ევროპას. ახლა ჩვენ ამ სივრცის ზღურბლთან ვდგავართ. ევროპაში უნდა შევაბიჯოთ როგორც უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ქვეყანამ, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ევროპის მრავალფეროვან კულტურაში. ჩვენი და ევროპის მსოფლმხედველობრივი კავშირი, სიახლოვე, ნათესაობა საუკუნეებს ითვლის. ახლა იწყება თვისობრივად ახალი ეტაპი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც სიტყვის დასრულების შემდეგ ადგილი მთავრობის ფლიგელში დაიკავა, გიორგი მარგველაშვილი კი, პრეზიდენტისთვის განკუთვნილ სავარძელში იჯდა.

პრემიერის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიკავეს, მათ ქართველ ხალხს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს. მათი გამოსვლის ფონზე კი, პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრებოდა. მათ შორის საუბრის თემა სავარაუდოდ, რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხი იყო, რადგან მათ საუბარში პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ჩაერთო.

იმ დროს, როდესაც გიორგი მარგველაშვილი დავით უსუფაშვილს ესაუბრებოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი მის გვერდით მჯდომ გიორგი კვირიკაშვილს დაუწყო. აღნიშნულ პირებს შორის დიალოგის წარმოებაში უცნაური არაფერია, რომ არა ერთი დეტალი. ცოტა ხნით ადრე, ეკონომიკის მინისტრმა პრემიერს ტელეფონით რაღაც აჩვენა, მან ტელეფონს უბრალოდ დახედა და სმენა გამომსვლელებს მიაპყრო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საუბარი სპიკერთან დაიწყო, ღარიბაშვილმა კვირიკაშვილთან დიალოგი თავად წამოიწყო.

მარგველაშვილ-ღარიბაშვილი სხდომათა დარბაზში ერთმანეთს არ მისალმებიან, უფრო მეტიც, პრეზიდენტს მთავრობის ფლიგელისკენ არც კი გაუხედავს. ადგილების განლაგების გამო კი, მთავრობა იძულებული იყო პრეზიდენტის ადგილის მიმართულებით ემზირა. რიგგარეშე სხდომა ისე დასრულდა, რომ ღარიბაშვილ-მარგველაშვილი ერთმანეთს არ მისალმებიან, მაგრამ საზეიმო მიღებაზე, სადაც პრეზიდენტი და უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ცალკე საუბრობდნენ, მათთან ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. როგორც ჩანს, სტუმართა სიაში პრეზიდენტის არარსებობის გამო პარლამენტში მოვლენები უცნაურად განვითარდა და იძულებულები გახდნენ პრეზიდენტი სასწრაფო წესით დაეპატიჟებინათ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კამერების წინ ჰოლივუდის ვარსკვლავებივით გაიღიმეს, ფოტოები გადაიღეს და რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა ტერიტორია დატოვა, რომელმაც დარბაზში გამოსვლისას ქართველ ხალხს ისტორიული დღე მიულოცა.

რაც შეეხება ევროპელი ლიდერების განცხადებებს, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის, შტეფან ფულეს შეფასებით, ასოცირების შეთანხმება საქართველოს დაეხმარება დაეწიოს ევროკავშირს.

მისი თქმით, საქართველო გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და ეს ნიშნავს, რომ ის ნახავს თავის ადგილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში.

„საქართველოს სოფლის მეურნეობას აქვს დიდი პოტენციალი და მას სჭირდება შემდგომი მოდერნიზაცია. ამისთვის ქვეყანას სჭირდება რეფორმები, ინვესტიციები და გადამზადება. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს აძლევს დროს, ეს პროცესები განხორციელდეს. ეს გარდამავალი ფაზა მთელ რიგს წლებს მოიცავს. ჩვენი მიზანია, საქართველოს ეკონომიკას და ქართველ ხალხს დავეხმაროთ“, - განაცხადა ფულემ.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კრისტიან ვიგენინის განცხადებით, საქართველო რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრით, მოწინავე იყო და არის.

ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის, კარლჰაინც ჰოპფის განცხადებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს გადაწყვეტილებას.

მისი მოსაზრებით, ბოლო წლებში, საქართველომ დიდი პროგრესი განახორციელა და შეთანხმება ევროკავშირთან გააღრმავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს.

„ევროკავშირი ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან პროდუქციის წარმოებაში მხარდაჭერასთან დაკავშირებით. საქართველო არის პროდასავლური და პროევროპული ქვეყანა. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს გადაწყვეტილებას და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენი ტრანსფორმაციის გზას და მსურს დაგარწმუნოთ, რომ ავსტრია ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას მალე მოხდეს“, - დასძინა მან.

კოლეგების მსგავსად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა იძლევა საშუალებას, რომ საქართველო გამყარდეს და გაძლიერდეს.

„ევროკავშირის გაზრდის პროცესი არ არის დასრულებული. იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ დაგვიახლოვდნენ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა გვაძლევს იმას, რომ თქვენ არ იქნებით მარტო. ევროპელი მოკავშირეები იქნებიან თქვენ გვერდით. საქართველოს პროგრესი მისი რეფორმების გზაზე არის ცალსახა და ის უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა რინკევიჩმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ნაციონალების მიერ მოწყობილი აქციის ფონზე წარიმართა. კერძოდ, სხდომათა დარბაზში, საკუთარ ადგილებზე უმცირესობის წევრებს გამოკრული ჰქონდათ პოსტები წარწერით - „ევროპაში პოლიტიკური პატიმრების გარეშე“. აღიშნულ აქციას პარლამენტის თავმჯდომარე იუმორით შეხვდა და სტუმრებს მიმართა - „ევროპელ ლიდერებს მივმართავ, ნახონ, საქართველოში რა ხარისხშია დემოკრატია“.