ომბუდსმენის იავნანად აღქმული ანგარიში პარლამენტში

ომბუდსმენის იავნანად აღქმული ანგარიში პარლამენტში

სახალხო დამცველმა წინამორბედების - სოზარ სუბარისა და გიორგი ტუღუშის მიერ დამკვიდრებული ტრადიცია დაარღვია, მთავარმა პროკურატურამ კი ნაციონალების ხაზი დაიცვა. საქმე ეხება, ომბუდსმენის 2013 წლის ანგარიშის განხილვის პროცესს, სადაც უჩა ნანუაშვილმა დოკუმენტზე მსჯელობის ფორმატი შეცვალა, ხოლო გიორგი ბადაშვილის უწყებამ საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი არ გაგზავნა.

კერძოდ, თუ წინა მოწვევის პარლამენტში სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ანგარიშში მოყვანილ გახმაურებულ საქმეებზე და კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობდა, გუშინ, უჩა ნანუაშვილმა კომიტეტში გამოსვლა რეკომენდაციების წარდგენის რეჟიმში წარმართა და სამინისტროს წარმომადგენლებს თავის მართლების, გატარებულ თუ გასატარებელ რეფორმებზე საუბრის საშუალება მისცა.

for.ge-სთან საუბარში აღნიშნული ფორმატი თავად ნანუაშვილმა მოიწონა, მას „ნაყოფიერი“ უწოდა, მაგრამ ეკა ბესელიას კომიტეტში ანგარიშში მოყვანილი კონკრეტული საქმეები თუ ინციდენტები არ გახმაურებულა.

უჩა ნანუაშვილი დაგვპირდა, რომ 25 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ანგარიშის განხილვა ფართო ფორმატში უნდა მოხდეს, კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრებს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ომბუდსმენს გამოსვლისთვის ლიმიტირებული დრო მიეცემა. შესაბამისად, შესაძლებელია, 633 გვერდიან დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები იმ დეპუტატებმა სხდომაზეც ვერ გაიგონ, რომელთაც ომბუდსმენის ანგარიში აქამდეც არ წაუკითხავთ. ასეთი კი, უწყებაში საკმაოდ ბევრია.

ძნელია იმის პროგნოზი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, მხოლოდ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე მსჯელობა რა შედეგს მოიტანდა, მაგრამ არსებულ ფორმატს ალბათ აჯობებდა, რადგან სხდომა იმდენად რუტინულ რეჟიმში წარიმართა, რომ იქ დამსწრე ორ პიროვნებას ჩაეძინა, განსხვავებით, წინა მოწვევის პარლამენტის სხდომებისგან, სადაც სოზარ სუბარს დოკუმენტის წარდგენა მწვავე კამათის, დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე უწევდა. მაშინ, სუბარს ნაციონალები „პოლიტიზირებულ პიროვნებას“ უწოდებდნენ და მის ანგარიშებს მხოლოდ ცნობად იღებდნენ, მაგრამ მის მიერ გახმაურებული ფაქტების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ტელევიზიებიდან მაინც იღებდა.

მედიის მსგავსად, ანგარიშის განხილვის ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმცირესობისთვის.

ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ ანგარიში მოცულობითია, მოწვეულ სტუმრებს სხდომაზე ჩაეძინათ.

„სხდომაზე 2013 წლის 600 გვერდიანი ანგარიში და 2012 წლის ანგარიშის შესრულება ერთდროულად მოვისმინეთ. განხილვის დროს, ადამიანებს ჩაეძინათ“, - დასძინა თაქთაქიშვილმა, რომელიც მომზადებულ დოუკმენტს იწონებს, მაგრამ უკმაყოფილოა იმით, რომ სახალხო დამცველი „იმ ანგარიშვალდებულებისგან ვერ გათავისუფლდა, რომელიც მას მთავრობის წინაშე გააჩნია“.

რაც შეეხება გიორგი ბადაშვილის უწყების მხრიდან ნაციონალების მიერ დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სასჯელაღსრულების სამინისტროდან მინისტრის ორი მოადგილე - გიგა გიორგაძე და არჩილ თალაკვაძე ესტუმრნენ, შს სამინისტროდან მინისტრის მოადგილე, ხოლო დევნილთა სამინისტროდან თავად მინისტრი, მთავარი პროკურატურისთვის განკუთვნილი სავარძელი კომიტეტის სხდომაზე ცარიელი დარჩა. აღნიშნული კი შეუმჩნეველი დეპუტატ თინა ხიდაშელს არ დარჩა, რომელმაც უკმაყოფილება არ დამალა.

ხიდაშელის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთი დღე პარლამენტში წელიწადში ერთხელ არის და მაშინაც, გენერალური პროკურატურიდან არავინ იყო წარმოდგენილი.

„ანგარიშის რაღაც ნაწილის არ ვეთანხმები, რაღაცას ოპოზიცია არ ეთანხმება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფაქტები ქრება. სრულიად უსამართლოა უმცირესობის შეტევა და კრიტიკა. პარლამენტში ასეთი დღე წელიწადში ერთხელ არის და სამწუხაროა, რომ მთავარი პროკურატურიდან არავინ იყო წარმოდგენილი, მაშინ, როცა მინისტრები ამ სიცხეში ისხდნენ. კეთილი ენებათ და რომელიმე მათგანი მოეძებნათ“, - განაცხადა ხიდაშელმა, რომელმაც ბადაშვილის უწყების გარდა, შს სამინისტროც გააკრიტიკა.

კანონმდებელის განცხადებით, მისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო ის პასუხები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს.

მართალია, სახალხო დამცველის რეკომენდაციების მოსმენის დროს რამდენიმე ადამიანს ჩაეძინა, მაგრამ უჩა ნანუაშვილის რჩევების ნუსხა საკმაოდ ვრცელი იყო.

ომბუდსმენი მოითხოვს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია შს სამინისტროს ნაცვლად, მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან მისი თქმით, საქმის გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

ამას გარდა, ნანუაშილი რეკომენდაციით გამოდის, რომ სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვისა და მართლმსაჯულების ხარვეზის მსხვერპლთა სრული რეაბილიტაცია მოხდეს. ასევე ომბუდსმენი ითხოვს, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხის გამოძიება მოხდეს და 2013 წლის ივნისში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავების ფაქტის გამოძიება იქნეს წარმოებული.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ომბუდსმენი ძალოვან უწყებებს მოუწოდებს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მუშაობაში ხელს ნუ შეუშლიან და ობიექტებზე დაშვების უფლებას ნუ შეუზღუდავენ.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე თუ რა რეაგირებას მოახდენს საკანონმდელო უწყება, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში დამკვიდრებული ტრადიციით, ანგარიშის მხოლოდ მოსმენა და ცნობად მიღება ხდებოდა.