„პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მე მოვიწვიე. შეაბამისად, შემეძლო აქ ასე მოვსულიყავი“, - ამ რეპლიკით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში მის მისვლას და სტუმართა სიაში მის არარსებობას.
ამ დროისთვის, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტშია. უწყების შენობაში შესვლამდე კი, პრეზიდენტი იპოთეკარით დაზარალებულ პირებს გაესაუბრა და მათ პრობლემების გაცნობას დაჰპირდა.
პრეზიდენტს საკუთარი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები არ მოუსმენია, თუმცა, ამბობს, რომ მან ამ დღის აღნიშვნა მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა.
„მინდა, მათ დღევანდელი დღე მივულოცო. ბუნებრივია, რომ ამ დღეს, როცა საქართველოში ამ ისტორიული ნაბიჯის დამტკიცება ხდება, აქ მსურს ყოფნა და მათი სიხარულის გაზიარება. სიტყვით გამოსვლას არ ვაპირებ, მაგრამ კოლეგებს და საზოგადოებას მივულოცავ. პარლამენტის სხდომა ეს მე მოვიწვიე. შეაბამისად, შემეძლო აქ ასე მოვსულიყავი“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც for.ge-მ იმ ინფორმაციის შესახებ სთხოვა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
კერძოდ, for.ge-ს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა და იმ მიზეზის დასახელება მოსთხოვა, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილი სტუმართა სიაში არ ჩასვეს. ყოფილმა პრემიერმა საკუთარი მემკვიდრე გააკრიტიკა და მოუწოდა „ხალხს სალაპარაკოს ნუ მისცემდა, რადგან პრეზიდენტს მსგავს ღონისძებებში მონაწილეობის უფლება კონსტიტუციით გარანტირებული აქვს“.
ჩვენი ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტს არ სმენია და აღნიშნა, რომ „ძალიან ბევრ რამეს თქვენგან ვიგებ. ამისთვის არის მასმედია, რომ თქვენგან გავიგო ინფორმაციები“.
აღნიშნული განცხადებების გარდა, პრეზიდენტმა ყურადღება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო და ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერა რეკორდულად სწრაფ დროში მოხდა.
„მკვეთრად და ნათლად განვაცხადეთ, რომ ასოცირერების ხელშეკრულება არის გრძელი გზის დასაწისი და საბოლოო მიზანია, ევროკავშირის წევრობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 17:00 საათისათვის პარლამენტის ტრიბუნას მიწვეული სტუმრები დაიკავებენ. კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. სხდომაზე მიწვეული არიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.