„ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ იუბილე გაიმართა

„ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ იუბილე გაიმართა

შსს-ს აკადემიაში ევროკავშირის „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ თბილისის რეგიონული სამდივნოს დაარსების 1 წლის იუბილე გაიმართა. საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ლევან იზორიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან ევროკავშირს და ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც სამდივნოს დაფუძნებაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩმა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ქბრბ პროგრამის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო მარელიმ. მათ დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ შსს-ს ხელმძღვანელობით შემუშავდა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია, რომლის ეფექტური იმპლემენტაციისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

იუბილეს ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და თბილისში აკრედიტებული სხვა სახელმწიფოების ელჩები, ადგილობრივი და უცხოელი ოფიციალური პირები.

„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ (CBRN Centers of Excellence) წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) და გაერო-ს რეგიონთაშორისი დანაშაულის და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ერთობლივი ძალისხმევით.

ევროკავშირის ამ ინიციატივას მსოფლიოში სამოცზე მეტი პარტნიორი ჰყავს. პარტნიორი ქვეყნები გაერთიანებული არიან 8 რეგიონულ სამდივნოში. ერთ-ერთი ასეთი სამდივნო 2013 წლის 9 ივლისს თბილისში, შსს-ს აკადემიაში განთავსდა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიას, უკრაინასა და მოლდოვას აერთიანებს. სამდივნოს მთავარი ფუნქცია ინიციატივის პარტნიორი ქვეყნების ქბრბ შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაა.

იუბილეს ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის საჩვენებელი ღონისძიება მოაწყეს, რომელზეც ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე ეფექტური და დროული რეაგირების უნარ-ჩვევები წარმოადგინეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა შსს–ს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) წარმომადგენლებს შორის.