სანქციები რუსეთის დასაჩოქებლად?!

სანქციები რუსეთის დასაჩოქებლად?!

„კალაშნიკოვი“, „გაზპრომბანკი“, „როსნეფტი“, „ვნეშეკონომბანკი“, - ეს ის რუსული კომპანიებია, რომლებიც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდნენ. სულ სანქციები რუსეთის 13-მდე უმსხვილეს კომპანიას შეეხო, რომელთა უმრავლესობაც სახელმწიფოს საკუთრებაა და უშუალოდ უკავშირდება ვლადიმერ პუტინს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სექტორული სანქციები შეეხოთ, ასევე, რუს ჩინოვნიკებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებს. სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი, ყირიმის საქმეთა მინისტრი ოლეგ საველევი, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ბოროდაი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი არაფერს აკეთებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციისთვის. მისი თქმით, ეს საკითხი დიპლომატიური მეთოდებით უნდა გადაიჭრას, თუმცა ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა ჩანდეს და არა – მხოლოდ სიტყვები.

აშშ-ის მორიგ სანქციებს ვლადიმერ პუტინი, ჩვეულებისამებრ, სტოიკურად შეხვდა. მან განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდად და აურზაურის გარეშე უნდა შეხვდეს აშშ-ის ახალ სანქციებს. მეტიც, პუტინი მიიჩნევს, რომ ვინც აშშ-ის პოლიტიკური აქციების დაგეგმვითაა დაკავებული, ძალზე აგრესიულ და არაპროფესიონალურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. „როგორც წესი, სანქციებს ბუმერანგის ეფექტი აქვთ და ეჭვგარეშეა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩიხში აქცევენ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობას“,-აცხადებს პუტინი.

მედვედევი კი ფიქრობს - „სანქციები უკრაინას ვერ დაეხმარება, პირიქით, საერთაშორისო გამოცდილება ამტკიცებს, რომ სანქციებს ჯერ არავინ დაუჩოქებია“.

ცნობისთვის, აშშ-ის სანქციების სიაში უკვე 40-ზე მეტი რუსი პოლიტიკოსი და კერძო მეწარმეა, ასევე, რამდენიმე კომპანიაა. თავად რუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ შემოდგომა რუსეთისთვის რთული იქნება და ამას რუსი ხალხი იგრძნობს. კერძოდ, რუსეთს მილიარდობით დოლარის დანაკარგი ელის და საფონდო ბირჟებზეც ინდექსების ვარდნა გაგრძელდება. „როსნეფტზე“ დაწესებულ სანქციებს კი რუსეთის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუარესება მოჰყვება, რადგან „როსნეფტი“ რუსეთის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ავსებს. რუსეთში ფიქრობენ, რომ ეს სანქციები ვაშინგტონის შანტაჟის შედეგია, თუმცა ივლისის ბოლოს რუსეთს მოუწევს ევროპელთა სანქციებსაც გაუმკლავდეს.

საინტერესოა, ვინ უფრო დაზიანდება აღნიშნული სანქციებით- რუსული თუ ამერიკული კომპანიები?! საქმე ისაა, რომ აღნიშნული დიდბიუჯეტიანი რუსული კომპანიების მეორე მხარეს ამერიკული კომპანიები დგანან. ამდენად, შედეგი მათზეც აისახება.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სანქციების პარალელურად, უფრო საინტერესოა სხვა მხარე, რომ ქვეყნები, რომლებიც ერთგვარად „სჯიან“ რუსეთს, პარალელურად თანამშრომლობას აგრძელებენ პუტინთან.

„ჩემს მეგობარ ფრანგებს ვუთხარი კიდეც, რომ რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მომავალში მე დამიმიზნოს მათ მიერ დატრენინგებულმა რუსმა ჯარისკაცმა. ამიტომ ბოლომდე არ მჯერა ამ სანქციების. სანამ ნავთობის ფასი ზენიტშია, მანამდე რუსეთის ამ მეთოდით დამარცხება წარმოუდგენლად მიმაჩნია. სანქციების დაწესებისას დასავლელი პოლიტიკოსები ნელა ირჯებიან და მომღიმარი სახეებით ხვდებიან პუტინს. ევროპის ლიდერთა ასეთი პოზიცია გაუგებარია, რას ნიშნავს, თან მეგობრობენ და თან სანქციებს უწესებენ პუტინს. თუ ვიღაც ფიქრობს, ეს სანქციები რუსეთს დააზიანებს, ცდება. თანაც, აშშ-შიც ორი ერთმანეთის მოპირისპირე პარტიაა. რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციაა თვით „რესპუბლიკურ პარტიაშიც“. იქ არის ხალხი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უნდა ითანამშრომლონ რუსეთთან. არიან იზოლაციონისტებიც, რომლებსაც სხვა ქვეყნები არ აინტერესებთ, სხვები უფრო აგრესიულები არიან და ფიქრობენ, რუსეთის მიმართ აგრესია ბოლომდე მიიყვანონ. „დემოკრატიულ პარტიაშიც“ არიან რუსეთის მიმართ აგრესიულები, თუმცა ნოემბერში „რესპუბლიკური პარტია“ სენატზე კონტროლს აიღებს და შეიძლება უფრო გამკაცრდეს რუსეთზე კონტროლი, მანამდე არა მგონია, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დაწესდეს“, - აცხადებს გია ჯანდიერი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დასავლეთის მხრიდან ნებისმიერი სანქცია მტკივნეულია რუსეთისთვის. მით უფრო, რუსული ეკონომიკა ჩართულია უცხოურ ბაზარზე და რუსეთი ყიდის ნედლეულს დასავლეთში. მართალია, ხვალ და ზეგ კოლაფსი არ დაემუქრება რუსეთს, მაგრამ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სანქციების შედეგი გამოჩნდება.

„დღეს რუსეთი დოტაციური პრინციპით აფინანსებს კონფლიქტურ რეგიონებს - ყირიმს, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ჩრდილოეთ კავკასიას. სანქციების ფონზე ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დააწვება რუსულ ეკონომიკას. სხვა რომ არაფერი, ენერგომატარებლებზეა აგებული რუსული შემოსავლები, ამ დროს კი მათი ალტერნატივა განიხილება. მართალია, პუტინი მოჩვენებით სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ სიმშვიდე რამდენად დაასტაბილურებს ამ სიტუაციას და საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ამ კომპანიების აქციებს, ძნელი სათქმელია“.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი გიორგი მუჩაიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მხრიდან რამდენიმე მსხვილ რუსულ კომპანიაზე დაწესებული სანქციების დროს, ცხადია, ვერ გამოვა პუტინი და ვერ იტყვის, ცუდად მოვიქეცით, სანქციები დაგვიწესეს და ამიერიდან კარგად მოვიქცევითო. ასეთი საქციელი დღევანდელ რუსული საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, სისუსტედ აღიქმება.

„პუტინმა ისე გამოუშვა ულტრანაციონალიზმის ჯინი ბოთლიდან, რომ მისი პოპულარობა მკვეთრად აწევის შემდეგ შეიძლება მკვეთრად დაეცეს. ამიტომ მას უწევს შესაბამისი ძლიერი რიტორიკული განცხადებების გაკეთება, მაგრამ ამის უკან რა დგას და რაც მოყვება, ამას ნელ-ნელა გავიგებთ. დაახლოებით 30 ივლისისთვის ევროკავშირის მხრიდანაც დაგეგმილია სანქციების გატარება, წინმსწრებად უკვე განსაზღვრულია შესაბამისი სესხების გაცემის შეწყვეტა ევროპის საინვესტიციო ბანკიდან და „იბიარდიდან“. ეს ერთობლივი სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს, უცხოური კაპიტალი გაედინება და ისედაც სტაგნაციაში მყოფ რუსულ ეკონომიკას ტვირთად დააწვება, რეცესია დაიწყება, რუსეთის მთავრობის პოპულარობა დაეცემა და ეს ყველაფერი მოკლევადიან პერსპექტივაში მოხდება“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.