ოქროს კონტრაბანდას შეწირულები

ოქროს კონტრაბანდას შეწირულები

იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლება ამტკიცებდა, საქართველოზე არც ნარკოტიკი გადის და არც კონტრაბანდაო, რეალობა სხვაგვარი იყო. საქართველოდან თურქეთის გავლით ნარკოტიკიც გადიოდა და კონტრაბანდული ძვირფასი ლითონიც, რომელიც, ძირითადად, რუსეთიდან შემოჰქონდათ. ამ ტრანზიტზე კონკრეტული ადამიანები მილიონობით დოლარს შოულობდნენ და ცხადი იყო, ხელისუფლების წარმომადგენლისკრიშისგარეშე, ამას ვერავინ გაბედავდა...

2009 წლის გაზაფხული იდგა, როცა ლევან ლ-ს კარი კლასელმა დათომ შეაღო. გიორგი კ. და გოგა ხ. სავარძელში ისხდნენ და ვისკის წრუპავდნენ, ლევანი კი თავის პიტბულს ეთამაშებოდა. მოსულმა, მოკითხვის შემდეგ მორიდებით თქვა, ლევან, შენთან საქმე მაქვს და იქნებ სხვა ოთახში გავიდეთო.

- ან აქ იტყვი, ან არ მაინტერესებს, - პიტბულისთვის თავი არ დაუნებებია, ისე თქვა მასპინძელმა.
- კარგი, შენს იქეთ გზა მაინც არ მაქვს. რვა თვეა, რუსეთიდან მანქანა ჩამოდის, საქართველოს ტერიტორიაზე მე ვჯდები და თურქეთში გამყავს, იქ ბერძენი კაცი მხვდება, იმას ვაბარებ და ამ საქმეში ორი ათას დოლარს მაძლევენ. ბოლო ოთხი რეისის ფული არ მოუციათ და როგორც გავიგე, ჩემს ნაცვლად სხვა მძღოლი აიყვანეს. ეგ ფული ამაღებინეთ და ნახევარს მოგცემთ, ცოლი მყავს ცუდად, - სხაპასხუპით ჩაამთავრა მოსულმა.

- ასეთი რა მანქანებია, რომ მხოლოდ საქართველოს გავლაზე ორი ათასს გაძლევენ? - გაოცდა ლევანი.
- არ ვიცი. მგონი რაღაც გადააქვთ. რუს ტიპს გადმოყავს საზღვარზე და უკან ბრუნდება, მე გადამყავს თურქეთში და უკან მოვდივარ. სხვა არაფერი ვიცი. საბჭოთა მანქანებია, ძირითადად ,,ნოლშესტი’‘, - დაამატა მოსულმა.

- ფულს ვინ გაძლევს?
- ანგარიშზე მერიცხება. იტალიაში ჩვენებური ბიჭი ცხოვრობს, ის დამიკავშირდა ამ საქმეზე. ახლა მეუბნება, რაღაც აირიაო, მაგრამ არაფერი არეულა, რუსს ისევ ჩამოჰყავს, უბრალოდ მე აღარ გადამყავს, სხვა მძღოლია. მართლა, იტალიიდან ფულს ვინც მირიცხავს, შენც იცნობ - ნოდარა ხომ გახსოვს? ჩვენი უბნელი...
- კარგი დავით, წადი და თუ რამეს გავარკვევ, დაგირეკავ. მანქანები რომელ დღეებში და რა დროს მოჰყავთ ლარსიდან?
- სამშაბათს და შაბათს მაქსიმუმ 3 საათზე იქ არის ის რუსი. ქართველი ბიჭი ხვდება, უხმოდ აძლევს გასაღებს და მიდის. ტრანზიტია ჩვეულებრივი, მანქანა საღამოს უკვე ბათუმშია და თურქეთის მხარეს ის ბერძენი დგას...

- შეგეხმიანები, როგორც კი რამეს გავარკვევ, - უთხრა ლევანმა და მეგობარი გააცილა, შემდეგ ოთახში შემობრუნდა და...
- ეგ ნოდარა სამჯერაა ,,ნასროკალი’‘. ყველაფერზე ,,სპასობნია’‘. რაღაც სუფთად არ არის, ,,წამალი’‘ გააქვს სავარაუდოდ და ეს ბოთე ჩააჩოჩა. დღეს კვირაა, სამშაბათს ლარსის გამშვებ პუნქტთან ვაბირჟავებთ, - მართლაც, სამშაბათს, სამივე, ლარსის გამშვებ პუნქტთან იყო.
სავარაუდო მანქანა მალე გამოჩნდა, საზღვარი გადმოკვეთა, აქეთა მხარეს მომლოდინე ბიჭს გასაღები მისცა და უკან გაბრუნდა. დამხვდური მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და სამეულიც უკან მიჰყვა.
- არ იცის, რა, სად დევს, არ შეუმოწმებია, ჩვეულებრივი ,,შოფერია’‘, მიყავს, მოყავს, - შენიშნა გოგამ.

მანქანას ბათუმამდე ჩაჰყვნენ და შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ. შაბათს უკვე სამი მანქანით იყვნენ ლარსის გამშვებ პუნქტთან, მანქანას დაედევნნენ. რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ,,შემთხვევით’‘ 06-ს საბურავი დაეშვა და დახმარება უკან მიმავალმა გოგამ შესთავაზა. კურიერს უარი არ უთქვამს. საუბარში ,,გაარკვიეს’‘, რომ გოგაც ბათუმში მიდიოდა, გვერდიგვერდ სიარული გადაწყვიტეს. ერთ საათში გოგა და ახლადშეძენილი მეგობარი რესტორანში სადილობდნენ. გია და ლევანი კი გარეთ მდგარ მანქანას საფუძვლიან შმონს უტარებდნენ. მალე გოგა თავის მანქანაში ჩაჯდა, კურიერი - თავისაში და გოგას ტელეფონზე ლევანის ზარიც გაისმა: ,,ვერაფერი ვნახეთ. ან ძალიან კარგადაა დამალული, ან შეიძლება ზოგჯერ სუფთა მანქანას უშვებენ, კვალის არევის მიზნით’‘. 
კურიერი ბათუმამდე მიაცილეს. გადაწყდა, რომ შემდეგ რეისზე ლევანი მანქანას თურქეთში გადაყვებოდა და იქაურ ამბებს გაარკვევდა. ასეც მოხდა. ლევანმა თურქეთიდან მეორე დღეს ამბავი ჩამოიტანა - მანქანით მინიმუმ თითო კილო ოქრო მიაქვთ ყოველ გატანაზე და იტალიაში გემით აგზავნიან. ბერძენი აზრზეა, რადგან როგორც კი მანქანასთან მარტო დარჩა, წინა ,,კრილოს’‘ ქვეშ ,,ატვიორტკით’‘ მოხსნა რაღაც და იქიდან პატარა ფუთა გამოიღო, დახედა და ისევ შეინახა. ოქროა, რადგან ძაღლებმა, რომლებიც წამლის ძებნაზე არიან დაგეშილები, მანქანა მშვიდად გაატარეს...
- იქნებ ოქრო არაა და ბრილიანტი, ურანი, ვერცხლისწყალი... იყოს. 
- ეგ ჩემი ვარაუდია. ის, რაც იქ დევს, ძვირია. შემდეგ რეისზე მანქანა მიგვაქვს  თურქეთში. იქ უფრო იოლია, - თქვა ლევანმა. მეგობრებმა გეგმა რამდენიმე საათში დასახეს.
ერთი კვირის შემდეგ მანქანა ლარსიდან გოგამ გამოაცილა, საზღვარზე გია გადაჰყვა. ლევანი კი უკვე იქ იყო და ბერძენს არ შორდებოდა. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ბერძენი კურიერი ლევანმა ერთი დარტყმით გათიშა, მანქანას სამალავი უნახა და...
- ოქროა, ოღონდ თითქმის სამი კილო. 
ლევანი და გია თურქეთში მინიმუმ ერთი კვირა დარჩებოდნენ. ადრევე დათქვეს.

ამ დროს საქართველოში საოცრებები დაიწყო. ლევანის კლასელი დათო დააკავეს. მან აღიარა, რომ მანქანის ამბავი ლევანს და კიდევ ორ უცნობს უამბო. ვინ იყვნენ ის ორი უცნობი, დათო ვერ ამბობდა, მაგრამ გია სურათზე ამოიცნო, გოგას სურათი კი სამართალდამცავებს არ ჰქონდათ. გიაზე და ლევანზე ძებნა გამოცხადდა. გოგამ გაიგო, რომ საქმეს მისი ძველი ნაცნობი იძიებდა და სახლში ესტუმრა.

- ლადო, რა ღირს ეგ საქმე? რამდენი გინდათ, რომ ბიჭებს ძებნა მოეხსნას? ხომ იცი, სისულელეს აბრალებენ, - მშვიდად უთხრა გამომძიებელს.
- ეგ სისულელე დააბრუნონ და პირობითს ვაკმარებ. სხვა შემთხვევაში შანსი არ აქვთ, - უთხრა ლადომ და წაღებული ოქრო გოგამ ორ კვირაში პირადად დაუბრუნა გამომძიებელს. ლევანი და გია საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა...
* * *
სამი ძმაკაცი ზონის ეზოში სეირნობდა, როცა ლევანმა თვალი ახლადმოყვანილ პატიმრებს გადაავლო და კლასელი იცნო. ის აცახცახებული მივიდა ბიჭებთან - დედას გეფიცებით, მეც მომატყუეს, რა უნდა მექნა, რამდენი რეისიც მქონდა გადატანილი, იმდენი დამითვალეს და 16 წელი მომცეს, არაფერ შუაში ვარ. 

- არა უშავს, ჩვენ 2-2 წელი გვაკმარეს, აგერ გოგა კი სხვა საქმეზეა და ლიანდაგივით სროკი აქვს, - გაიღიმა ლევანმა. როცა დათოს დაშორდა, მეგობრებს  უთხრა - გავიგე, იტალიაში სად ცხოვრობს ნოდარა და რომ გავალთ, ერთად დავადგეთ. თურმე ოქროს უნიტაზი აქვს სახლში და იმ უნიტაზში უნდა ჩავრეცხო. ციხე სამივემ მალე დატოვა, თუმცა იტალიაში წასვლას თავი ჯერ ვერ დაადგეს. ნოდარა კი უკვე იტალიაში კი არა, ჩეხეთში ცხოვრობს და ოქროს უნიტაზიც პრაღაში წაუღია.
პატიმარი #0578