საქართველომ, შესაძლოა, აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსი მიიღოს

საქართველომ, შესაძლოა, აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსი მიიღოს

საქართველოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე მსჯელობენ ამერიკის კონგრესში. ქვეყანამ შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირის სტატუსი მიიღოს.

კონგრესმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის, ნატო-ს წევრობის გარეშე, შტატების მთავარი მოკავშირეების სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

კონგრესის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივა ახალი სტატუსის მინიჭებას იმ პერიოდში ითვალისწინებს, რომლის განმავლობაშიც თითოეული ქვეყანა თავდაცვითი სისტემების, ან თავდაცვითი მომსახურების გადაცემის მიზნით შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

პროექტის ავტორები ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდებენ, გაზარდოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერაქცია საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, კოსოვოს, მაკედონიის, მონტენეგროსა და სერბეთის შეიარაღებულ ძალებთან, ასევე, გააძლიეროს შტატებისა და ნატო-ს დახმარება ამ ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.

გარდა ამისა, კანონპროექტის ინიციატორები მიმართავენ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს, კერძო საერთაშორისო ინვესტიციების კორპორაციას, მსოფლიო ბანკის ჯგუფსა და ევროპულ ბანკსაც, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ბუნებრივი აირისა და ნავთობმარაგების ექსპლუატაციის და ალტერნატიული ენერგოწყაროების განვითარების მიზნით.

აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მიღება რა გამოწვევების წინაშე დააყენებს საქართველოს და როგორი იქნება რუსეთის რეაქცია?!

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი გიორგი მუჩაიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზუსტად რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის წინააღმდეგაა მიმართული საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი დოკუმენტი. უფრო ზუსტად, კონგრესში ორი მოსმენით მიღებულ ამ კანონპროექტს ჰქვია „რუსეთის აგრესიის პრევენციის აქტი“, რაც სამი ძირითადი ქვეყნის დახმარებას გულისხმობს ამ აგრესიის პრევენციის მიზნით.

„გააღიზიანებს თუ არა რუსეთს ამ სამი ქვეყნის მთავარი მოკავშირეობის სტატუსი, ეს არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ეს არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი, ჩვენთვის მთავარია ეროვნული ინტერესები. თორემ ყველა ჩვენი წარმატებით, დემოკრატიული რეფორმით შეიძლება გაღიზიანდეს რუსეთი, რადგან როცა მის გარშემო სახელმწიფოებში დემოკრატიული გარდაქმნები ხდება, შემდგომში თვითონ რუსეთის შიგნითაც გაიზრდება ასეთი გარდაქმნების მოთხოვნილება. უკრაინის თავშეკავებული ქმედების მიუხედავად, რუსეთმა მაინც დაიპყრო ყირიმი და ახლა აღმოსავლეთ უკრაინასაც მიადგა.

ნეიტრალურმა მოლდოვამაც, რომელიც არცერთ სამხედრო ალიანსში არ გაწევრიანდა, პრობლემა ვერ აიცილა. ასე რომ, გაღიზიანების გარეშეც აქვს რუსულ რეჟიმს თავისი გეგმები. ამიტომ ასეთი შემაკავებელი ნაბიჯებია საჭირო, რომ ეს გეგმა არ განხორციელდეს. კონგრესის ეს აქტი მკვეთრად გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამომხატველია, რაც ნიშნავს შესაბამისი დახმარების გაწევას თავდაცვის თუ უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერების კუთხით.

რუსეთი საბჭოთა კავშირის გეგმის მოდერნიზებას მიყვება. 2008 წლის აგრესიიდან რაც ვისწავლეთ ისაა, რომ რუსეთს სურდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გადაგდება და, რომ არა ამერიკისა და ევროპის ჩარევა, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გმირული თავდადება, მოვლენები რთულად განვითარდებოდა. ამერიკული სამხედრო გემის შემოყვანაზე არცაა საუბარი, ყველას გვახსოვს, ჯორჯ ბუშის გამოსვლა, რომელმაც გვერდით დაიყენა კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი ბილ გეითსი და მკვეთრი გზავნილები გააკეთა, რომ არ დაუშვებდნენ აგრესიას“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე და მიიჩნევს, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ახლა მეტი საშუალება ეძლევათ ჩვენს დასახმარებლად თავდაცვის, წვრთვნისა და განვითარების კუთხით.

მისი თქმით, ამერიკელები მკაფიო სიგნალს გზავნიან მოსკოვში. ამ ძლიერ გზავნილს კი, რასაკვირველია, რუსეთის ხელისუფლება გააანალიზებს და მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს ჩვენთან მიმართებით. ამდენად, რუსული აგრესიის აღსაკვეთად ეს კარგი დასაწყისია და ახლა მთავარია, ეს ხაზი გაგრძელდეს. მით უფრო, სულ ახლახანს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა სისტემატიზირებული აღწერა გამოაქვეყნა, თუ რა დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ სეპარატისტები უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით.

„ცალსახად ნათქვამია, რომ ესაა რუსული აგრესია, რომლის პრევენციის მიზნითაც მიიღეს ეს აქტი“.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს ყველა ის თემა აღიზიანებს, რომელიც უზრუნველყოფს მისი ინტერესის სფეროში მოქცეული ქვეყნების გაძლიერებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მიერ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის შესაძლო მიღებაც რუსეთს დადებითად არ განაწყობს. თუმცა მაპის, ასევე, ნატოში გაწევრიანების ვადის დაწესების, ორმხრივი სამხედრო ბლოკის შექმნისგან განსხვავებით, ეს არ არის ორი სახელმწიფოს გაერთიანება მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ. უბრალოდ, ეს არის თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი. აქედან გამომდინარე, რუსეთს ფორმალური უფლებაც არ აქვს, აღშფოთდეს ამაზე, რადგან მასაც შეუძლია, საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი ცალმხრივად გამოაცხადოს თავის სამხედრო სტრატერგიულ პარტიორებად.

„ეს არ არის სამხედრო ბლოკი, სადაც ორმხრივი ვალდებულებები არსებობს და, სადაც მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭება სხვა სახელმწიფომ შეიძლება განიხილოს, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული მტრული გაერთიანება. ამ სტატუსის მინიჭების არსის მიღმა ბევრი ნიუანსია, მაგრამ ძირითადი პრინციპია, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მეტი მოქნილობა.

ისეთი მარტივი საკითხიც კი, როგორიცაა სამხედრო დანიშნულების საქონლის ყიდვა ამერიკაში, რთულად განსახორციელებელია. ამას სჭირდება ლიცენზირება და ეს არის საკმაოდ ხანგრძლივვადიანი იურიდიული პროცედურა, რაც ართულებს პენტაგონის მიერ საქართველოსთვის „M-16“-ების გადმოცემას. ამიერიდან კი, ლიცენზიის მოპოვების გარეშეც, საქართველო ბიუროკრატიული დროის ხარჯვისგან გათავისუფლდება. ტექნიკურად, ესაა ძლიერი დეკლარირება, რომ ეს სამი ქვეყანა მოქცეულია მაღალი ინტერესის სფეროში და ამერიკა სამხედრო ღონისძიებების გატარებასაც გაითვალისწინებს“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

მისი თქმით, მართალია, ამ კანონით ამერიკას იურიდიული ვალდებულება არ აქვს, ჩაერიოს ჩვენს საქმეში, მაგრამ, თუ საქართველოს რაიმე ტიპის პროვოკაცია დაემუქრება, ამერიკა აუცილებლად დაგვეხმარება. ყოველ შემთხვევაში, აშშ ამის დეკლარირებას ახდენს, რომ მას ეს შეუძლია და არ დასჭირდება დამატებითი განხილვები სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად. ამერიკა ახდენს დეკლარირებას, რომ ის მსოფლიო წესრიგის სადარაჯოზე დგას.