„როგორც ინტერვიუებიდან ჩანს, ეროსის ფაქტორი ივანიშვილს არ აწყობდა“

„როგორც ინტერვიუებიდან ჩანს, ეროსის ფაქტორი ივანიშვილს არ აწყობდა“

ოპოზიციონერ დეპუტატს, დავით დარჩიაშვილს არ სჯერა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ნაციონალის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი სხვანაირი „ნატურა“ იყო და მისი ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ის ახალი საქმის დაწყებას გეგმავდა და დაპირისპირება ჰქონდა ხელისუფლებასთან.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე for.ge დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:

პარლამენტი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს. ევროინტეგრაციის კუთხით, რას უნდა ელოდოს საქართველო?

- საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად ცხადდება, რაც ჩვენი ევროპული მომავლისთვის პერსპექტიულია, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებით ისტორია არ მთავრდება. პირიქით, ეს ერთ-ერთი საწყისი ეტაპია, რომელსაც საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა. აქ საუბარია, როგორც კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და ევროპული სტანდარტების გადმონერგვაზე, ასევე ყურადღება გამახვილებულია სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობაზე. ეს ნიშნავს, რომ თუკი ეს ყველაფერი შესრულდა და ამას წლები დასჭირდება, საქართველო იქნება ნორმალური ევროპული ქვეყანა. მართალი გითხრათ, შეთანხმება-შეთანხმებაა, რატიფიცირებაც კარგია, მაგრამ შესრულება სულ სხვა სფეროა და პოტენციალს ვერ ვხედავ, რომ მთელ რიგ მნიშნელოვან საკითხებში რეკომენდაციების შესრულება სწრაფი ტემპით წავიდეს. სახეზეა, რომ შეთანხმების მოთხოვნები წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის დამოკიდებულებასთან ოპოზიციის მიმართ.

რას გულისხმობთ?

- პოლიტიკურ დევნას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემაა, მაგრამ ამ შეთანხმების ფონზე ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის ქვეყნისთვისაც ნომერ პირველ პრობლემა. თუ ღარიბაშვილ-ივანიშვილის წყვილს სურს, რომ ძირითადი საყრდენი იყოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო სისხლი სწყურია, მაშინ ევროკავშირთან ლაციცს თავი დაანებონ. ევროკავშირი სულ სხვა რამეს ქადაგებს. კერძოდ, ძალებს შორის ნორმალურ თანაარსებობას.

თუმცა, ბატონო დავით, იმ ადამიანებმა პასუხი არ უნდა აგონ, რომელთაც უკანონობა ჩაიდინეს?

- ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ თუკი არგუმენტაცია გაქვს, შეიძლება, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ მთავარია, როგორ წარმართავ გამოძიებას, როგორ იყენებ წინასწარი დაკავების აღმკვეთ ღონისძიებას, როგორ ექცევი ციხეში ადამიანებს და ა.შ. გახსოვთ, რომ საკნიდან ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს, უგულავასთვის კი, სპეციალური სიტუაციის შექმნა უნდოდათ. ეს არ არის კანონის უზენაესობა, არამედ ეს არის შევარდნაძის დროინდელი გავლენიანი ტიპების მიერ შურისმაძიებლობა - თავის დროზე, ძალაუფლება როგორ წაგვართვითო. ამას გარდა, ნათელია, რომ საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ რესურს იყენებდნენ. აქ არ იყო ქარიზმატული ლიდერების და იდეების ჭიდილი. დავით ნარმანიას, რა ქარიზმა აქვს? - ხალხის ძალით მოყვანით ის თბილისის მერად გაიყვანეს.

ისევ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას რომ დავუბრუნდეთ. რიგგარეშე სხდომას, სადაც დოკუმენტზე უნდა იმსჯელონ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან, განსხვავებით პრეზიდენტისგან. მოწვეულ სტუმრებს შორის გიორგი მარგველაშვილი არ არის. რას უკავშირებთ, ამ ფაქტს?

- მისი საკონსტიტუციო სტატუსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი სხდომას უნდა ესწრებოდეს. ის მოსწონთ თუ არა, პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს როგორც სახელმწიფოს. დოკუმენტის რატიფიცირება ხდება და ამ ისტორიულ დღეს, რატომ არ უნდა ესწრებოდეს პრეზიდენტი?! მთავრობასა და პრეზიდენტს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა რომ ჰქონდეთ, შეიძლება გაკვირვება გამომეთქვა, მაგრამ აქ ყველანაიარდ ჩანს, რომ მარგველაშვილის დანახვა არ სიამოვნებთ და ამიტომ არ იქნება ის აქ. უსუფაშვილის დაპირებული პროცედურული დემოკრატიის ნაცვლად, რა ანომალიური პოლიტიკური სისტემა მივიღეთ კი ხედავთ. რას ვგულისხმობ? - როგორც კი, პრეზიდენტმა კიწმარიშვილის ფაქტს „საზარელი“ მკვლელობა უწოდა, პრემიერის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში სტატუსი დადო - „კუმ ფეხი გამოყო“.

თუმცა, ანა გოჩაშვილმა განმარტება გააკეთა, რომ ეს სტატუსისხვას ეხებოდა“...

- კიდევ კარგი, რომ მან ეს სტატუსი პირდაპირ პრეზიდენტის ნათქვამს არ მიაწერა და თან არ გაიზიარა. რა სპიკერის საქმეა, თავს ბევრის უფლება მისცეს სოციალურ ქსელებში?! რას არ გვაბრალებდნენ, პარლამენტს „ნოტარიუსის კანტორას“ ეძახდნენ, მაგრამ ამჟამად, ნათელია, რომ მთავრობა პარლამენტს განსაკუთრებით აკონტროლებს.

ბატონო დავით, პარლამენტში წინა მოწვევის უწყებაშიც ვმუშაობდი და მახსოვს, რომ მთავრობა თქვენც გაკონტროლებდათ. უმრავლესობის წევრები ერთ თაგზე მოჭრილებივით საუბრობდით და უწყებაში ძალოვანი მინისტრებიც არ მოდიოდნენ...

- საწყის დემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობის წონა ძალიან დიდია. ამერიკა გამონაკლისია, სადაც სერიოზული წონა კონგრესს აქვს. პრობლემები ჩვენს დროსაც იყო, მაგრამ კანცელარიისკენ გახედვით წყდებოდეს ღონისძიებაზე ვინ დაპატიჟონ და ვინ არა, ეს უკვე სასაცილოა.

რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას, თქვენთვის დამაჯერებელია ოფიციალური ვერსია, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა?

- ამ ბოლო პერიოდში, ინფორმაციას ძალიან ბევრი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ვიგებთ. ამ ადამიანებს მართლა იმ ცხრა წელში გარდაცვლილი ადამიანების ბედი რომ აწუხებდეთ და მეტი არაფერი, ასე არ მოიქცეოდნენ. კითხვასაც არ სვამენ, ხურჩის ტერაქტის მთავარი მოწმე, რატომ არის გარდაცვლილი? ამჟამად საინტერესოა, ეროსი კიწმარიშვილს რა დაემართა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში აქტიურად იყო ჩართული? ამის თაობაზე კითხვებს საერთოდ არ სვამენ.

ბატონო დავით, ოპონენტებმა მოგიწოდეს, სპეკულაციებს თავი დაანებოთ და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით, ამ საქმეს ნუ გამოიყენებთ...

- ეს გუნდი ხელისუფლებაში ცოცხების ინსცენირებით და რაფალიანცის ბავშვის სპეკულაციით მოვიდა. სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშილის სტატუსია შენახული, სადაც ის წერდა - „აი, ნაციონალების ნამდვილი სახე“. ფაქტები იმაზე მეტყველებს, როგორ ხედავენ ჩვენში ყოველგვარ უბედურებას და ამავე დროს, თვითონ როგორ იქცევიან. თავისუფლად შეეძლოთ, რომ საქმის გამოძიება ძალადობრივი გარდაცვალების ფაქტზე დაეწყოთ. მათ საზოგადოებას თავიდანვე შესთავაზეს ვერსია, რომ ეს არის თვითმკვლელობა. როგორც ჩანს, ამის დამკვიდრებაც უნდათ.

მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ თუ გამოძიების პერიოდში გამოიკვეთება სხვა ფაქტობრივი გარემოებები და დანაშაულის ნიშნები, მოხდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის გადაკვალიფიცირება. საქმის 115- მუხლით აღძვრა, რაზე მიუთითებს - არაკვალიფიციურობაზე თუ...?

მინიმუმ დაბნეულობა იყო და შიში იმისა, რომ ოპონენტის მკვლელობა მოხდა და ვისზე წამოვიდოდა ბრალდებები. ესეც თეთრი ძაფითაა ნაკერი, რადგან თუ თავი მოიკლა, რატომ? ეს ხომ ისეთი ნაბიჯია, რომ ამას ან არანორმალური ადამიანი სჩადის, ან ისეთ უბედურებას წააწყდი, რომ სიკვდილი გამოსავალია. მსგავსი არაფერი არ ჩანს. ეროსი სხვანაირი ნატურა იყო. მისი ინტერვიუებიდან ჩანს, ახალი საქმის წამოწყებაზე მისი ენერგია და დაპირისპირება ხელისუფლებასთან.

ხელისუფლებასთან უთანხმოების მიზეზი, რა უნდა ყოფილიყო?

- რაც პრესიდან ირკვევა, დავა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარეობდა. როგორც ინტერვიუებიდან ჩანს, ეროსის ფაქტორი ივანიშვილს არანაირად არ აწყობდა.

ანუ, თქვენ ეჭვობთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების კვალი შესაძლოა, ივანიშვილთან მიდიოდეს?

- ეჭვის გამოთქმა ყველაფერზე შეგვიძლია. ეჭვებს და ხმებს თუ დავუჯერებთ, იმასაც ამბობენ, რომ თუ ვინმე უყურებს ციხეში ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსნების კადრებს, ეს არის ივანიშვილი. ქვეყანა ძალიან უცნაური ადამიანის ხელში ჩავარდა.