სამხედრო პოლიციის გადამზადების კურსის გამოშვება (video)

სამხედრო პოლიციის გადამზადების კურსის გამოშვება (video)

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს  18 კვალიფიცირებული სამხედრო პოლიციელი შეემატა. დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამხედრო პოლიციის გადამზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. 

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილე, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ მიულოცეს. მათ სამხედრო პოლიციელებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას დაესრწნენ ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი,  ზურაბ აგლაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ნუკრი გელაშვილი

სამხედრო პოლიციელებმა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადების კურსი პირველად გაიარეს. სასწავლო პროგრამა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში განხორციელდა. კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის შედგენაზე ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიების წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს. 

ოთხთვიანი სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ორ ეტაპს მოიცავდა. სამხედრო პოლიციელებს სამხედრო განათლების კუთხით ლექციები ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორებმა ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე  წაუკითხეს. შსს-ს უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა  მათ პოლიციური სასწავლო პროგრამები და სამართალმცოდნეობის მიმართულებები პოლიციის აკადემიაში შეასწავლეს.  კურსის ფარგლებში, მსმენელები ქვეითი საცეცხლე ჯგუფისა და ათეულის დონის ქვედანაყოფის ტაქტიკური მოქმედებების ძირითად პრინციპებსაც დაეუფლნენ; ასევე, გაეცნენ ადამიანის უფლებებსა და პოლიციის ეთიკის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეგულირების სფეროებს, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად პრინციპებსა და მათ მნიშვნელობას, ოპერატიული სამძებრო საქმიანობის ამოცანებსა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენების საკითხებს.