ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი გუნდის კრიტიკა დაიმსახურა. პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს კი, საკუთარი პოზიციები ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მთავრობის სხდომა გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება არ გააკეთა, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
მედიის წარმომადგენლებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ დავით უსუფაშვილი მოკლე კომენტარს გააკეთებდა, მაგრამ სპიკერმა ბიუროს სხდომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხით გახსნა.
თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა მომხდარს „საზარელი მკვლელობა“ უწოდა და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მიუსამძმრა. მარგველაშვილის მოსაზრებით, ტრაგიკული ფაქტის გამოძიება უსწრაფესად უნდა მოხდეს.
„ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს და პირველ რიგში, ამ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ“, - დასძინა პრეზიდენტმა, რომლის განცხადებაც „ნაჩქარევად“ მიიჩნიეს კოალიციაში.
ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება მისთვის გაუგებარია.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება, ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა.
„ჩემთვის პირადად გაუგებარია გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადება. დაველოდოთ გამოძიებას“, - აღნიშნა კალაძემ, რომლის მსგავსად აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი თვლის, რომ „ყველა ჩქარობს“.
კანონმდებელის განცხადებით, ვარაუდები გამოითქმის, თუმცა, პროკურატურამ ის არ თქვა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, არამედ პრაქტიკაა, როცა მკვლელობის აშკარა ნიშნები როცა არ არსებობს, გამოძიებას 115-ე მუხლით იწყებენ.
„მგონი, ყველა ჩქარობს, რადგან შესაბამისი ექსპერტიზა და განსაკუთრებით კრიმინალისტური ძალიან ბევრ რამეს იტყვის. მგონი, არ უნდა ვიჩქაროთ. რა ცნობებიც მაქვს, ვვარაუდობ, რომ გამოძიებას შეეძლება პასუხი გასცეს დამაჯერლებლად და ამომწურავად“, - აცხადებს აგულაშვილი.
ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კი აღნიშნავს, რომ ეროსი კიწმარიშვილი კითხვები ყველას აქვს თუ როგორ გარდაიცვალა.
„იმედი მაქვს, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში დაადგენს - ეს იყო თვითმკვლელობა, თუ რა ინციდენტი მოხდა“, - ამბობს დოლიძე, რომლის მსგავსად ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ წინასწარი დასკვნების გამოტანა დაუშვებელია.
დეპუტატის თქმით, აუცილებელია გამოძიებამ საბოლოო დასკვნა დადოს და პოლიტიკოსებმა წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავონ.
„ის, რომ გამოძიება რაღაც კონკრეტული მუხლით დაიწყო ეს არაფერს ნიშნავს. როგორც ყოველთვის გამოძიება პირველადი ინფორმაციით იწყება, რომელიც შემდგომში არის გადასამოწმებელი. ვიცი, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და რამდენიმე ექსპერტიზაც არის დანიშნული, რომლის დასრულებამდე შეუძლებელი იქნება საბოლოო კვალიფიკაციის განსაზღვრა. გამოძიებას უნდა ვაცადოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, მორალურად, სრულიად დაუშვებელია“, - აღნიშნა ბესელიამ.
ოპონენტებისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობა საქმის 115-ე მუხლით აღძვრას ეჭვის თვალით უყურებს.
გიორგი თევდორაძის განცხადებით, ძალიან ცუდად ხვდებოდა თვალს, როდესაც მმართველ გუნდში საპირისპირო განცხადებები გაკეთდა.
მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტი მკვლელობის შესახებ საუბრობდა, მეორე მხრივ კი, უმრავლესობა თვითმკვლელობის ვერსიაზე. ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული ფაქტი ძირეულად უნდა იყოს გამოძიებული. თუ დადგინდა, რომ მკვლელობა მოხდა, ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდა ქაოსს, მკვლელობებისა და განუკითხაობის ეპოქას და ამაში ძალიან დიდი წვლილი იქნება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების“, - აღნიშნავს თევდორაძე.
პოლიტიკოსოების გარდა, საქმეზე განცხადება გიორგი ბადაშვილის უწყებაშიც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ თუ გამოძიების პერიოდში გამოიკვეთება სხვა ფაქტობრივი გარემოებები და დანაშაულის ნიშნები, მოხდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის გადაკვალიფიცირება.
მთავარი პროკურატურის სპიკერის, კოკა კაციტაძის ინფორმაციით, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ეროსი კიწმარიშვილის ძმის მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
„ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, გასროლილი მასრა და იარაღის მჭიდში მოთავსებული ვაზნები. დანიშნულია ექსპერტიზები, დაკითხულია არაერთი მოწმე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის მოთხოვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. ამოღებულია ყველა ვიდეომასალა, რომლის შენახვაც მოხერხდა. არის გარკვეული ვიდეომასალა, რომლის ამოღებაც ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა ტექნიკური მოწყობილობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს გარდაიცვალა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, N37დ კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მათივე ცნობით, მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა).