პრეზიდენტი მოსაწვევს ელოდება, პრემიერი პარლამენტში გამოსვლისთვის ემზადება

პრეზიდენტი მოსაწვევს ელოდება, პრემიერი პარლამენტში გამოსვლისთვის ემზადება

პარლამენტი 18 ივლისს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს, მაგრამ ამავე სხდომაზე გიორგი მარგველაშვილს არ იწვევს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტი იმ სხდომის სტუმართა სიაში არ არის, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის ჩაინიშნა.

აღნიშნული სია პარლამენტისა და მთავრობის აპარატების მიერ მომზადდა, თუმცა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ირწმუნება, რომ სტუმრებისთვის მოსაწვევები არ გაუგზავნიათ და პირიქით, 18 ივლისის სხდომაზე დასწრების სურვილი დიპკორპუსის წარმომადგენლებმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ თავად გამოთქვეს.

გიორგი მარგველაშვილის მიერ მოწვეულ სხდომას ევროპელი სტუმრების გარდა, პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე მინისტრიც დაესწრებიან. სხდომაზე მომხსენებლები საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები - მაია ფანჯიკიძე და გიორგი კვირიკაშვილი იქნებიან, მაგრამ კანონმდებლებს სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილიც მიმართავს.

ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა რატიფიკაციის თხოვნით, დოკუმენტი პარლამენტში გააგზავნა და მან გადაწყვიტა, რომ დეპუტატების წინაშე სიტყვით წარსდგეს.

„სხვა მოწვეული სტუმრები არც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და არც საპატრიარქოდან არ ყოფილან. პარლამენტსა და მის თავმჯდომარეს არავისთვის არ გაუგზავნია მოწვევა“, - აცხადებს დოლიძე, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - „გაუგზავნეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს მოსაწვევი და თუ არა - რატომ?“.

მართალია, ვიქტორ დოლიძე ჩვენს კითხვაზე პირად პოზიციას არ აკონკრეტებს, მაგრამ ფაქტია, რომ 18 ივლისის სხდომაზე პრეზიდენტის დასწრება-არდასწრების საკითხზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ სხდომას უნდა ესწრებოდეს, მაგრამ გია ვოსლკი თვლის, რომ რატიფიკაციის პროცესი „სამუშაო რეჟიმია“ და პრეზიდენტი სხდომაზე რომ არ იქნება, ეს ლოგიკურიცაა. ზაქარია ქუცნაშვილი კი, საზოგადოებას მოუწოდებს „პროვინციულ ქვეყანას ნუ დაემსგავსება“.

ვოლსკის შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, საზეიმო ნაწილი ბათუმში ჩატარდა და იქ იყო ფორმატი, სადაც ყველას თავისი სათქმელი ჰქონდა.

„განხილვა სამუშაო რეჟიმში იწყება, სადაც მონაწილეობას პარლამენტი, მთავრობა და მოწვეული სტუმრები მიიღებენ. ეს განხილვა გვიანობამდე გაგრძელდება. ის რომ პარასკევს პრეზიდენტი არ იქნება, ეს ლოგიკურიცაა. სამუშაო შეხვედრაზე პრეზიდენტის დასწრება სწორი არ არის. საზეიმო ფორმატში კი, ყველა მოწვეული იყო“, - განაცხადა ვოლსკიმ, რომლის პათოსს ზაქარია ქუცნაშვილიც იზიარებს.

კანონმდებელის შეფასებით, თეატრალიზება და პომპეზურობა წინა ხელისუფლების თვისება იყო.

„პროვინციულ ქვეყანას ნუ ვემსგავსებით. მთავარი ის არის, რაც ამ შეთანხმებაში წერია. იმით დავინტერესდებით, თუ რა პრივილეგიებს და შესაძლებლობებს აძლევს ეს შეთანხმება ქვეყანას და არა იმით, დარბაზში პირველ, მეორე თუ მესამე რიგებში ვინ იჯდება. ამას პროვინციულ აზროვნებას ვეძახი, რადგან გვაინტერესებს არა შინაარსი, არამედ ფორმა. გიორგის უფლება აქვს ნებისმიერ სხდომას დაესწროს და მას ამაში არავინ ზღუდავს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა, რომელსაც პომპეზურობა არ მოსწონს, მაგრამ ეტყობა, მან ის არ იცის, რომ 18 ივლისს დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ, პარლამენტში ოფიციალური მიღება გაიმართება.

დეპუტატებისგან განსხვავებით, 18 ივლისის სხდომის თაობაზე, პრეზიდენტის პოზიცია ამ დრომდე უცნობი რჩება და ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ იციან, გიორგი მარგველაშვილი დაესწრება თუ არა სხდომას.

როგორც for.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მათთან მოსაწვევი ამ დრომდე არ მისულა და მას შემდეგ, რაც მოსაწვევს მიიღებენ, მათი პასუხიც გახდება ცნობილი.

ავლაბრის რეზიდენციაში მოსაწვევს ელოდებიან, მაგრამ სავარაუდოდ, მოსაწვევი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ მივა, რადგან for.ge-ს ინფორმაციით, სტუმართა სიაში გიორგი მარგველაშვილი არ ფიგურიებს. აღნიშნული საკითხის დაზუსტება პარლამენტის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელ თამარ ყოლბაიასთან ვცადეთ, რომელმაც პრესსამსახურთან გადაგვამისამართა და მხოლოდ ის განგვიცხადა, რომ ამ დროისთვის, მოწვეულ სტუმრებს შორის მხოლოდ დიპკორპუსია.

მმართველ გუნდში არსებულ გაურკვევლობას საპარლამენტო უმცირესობა ქილიკით უდგება და ამბობს, რომ იმ ვითარებაში როცა საქართველოს პრეზიდენტს ღირსების ორდენის გადაცემის პატივსაც ართმევენ, გასაკვირი არაფერი აღარ არის.

გიორგი თევდორაძის მოსაზრებით, პრეზიდენტი სხდომას უნდა ესწრებოდეს, მაგრამ უმრავლესობაში ტრაგი-კომიკური ვითარება შეიქმნა.

„ამას უკვე შეეჩვია საზოგადოება. რატიფიცირება კი არის ნაციონალების არაპოპულარული რეფორმების და 9 წლიანი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელსაც დავესწრებით“, - განუცხადა for.ge-ს თევდორაძემ.

საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში 1135 გვერდიანი დოკუმენტის რატიფიცირებას პრეზიდენტის გარეშე მოახდენს, როგორც ეს ბრიუსელში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მოხდა. თუ უწყებას გიორგი მარგველაშვილი ეწვევა, ამას 18 ივლისს გავიგებთ, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს, საქართველოსთვის ისტორიულ დღეს, ბრიუსელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა და დოკუმენტს ხელი სწორედ მან მოაწერა. იმ ფონზე კი, საქართველოში კვლავ იმაზე ბჭობდნენ - ვინ უნდა წასულიყო ბრიუსელში.

რაც შეეხება თავად დოკუმენტს, მასში აღნიშნულია, რომ ასოცირების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას. ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ამასთან, გააძლიეროს თანამშრომლობა თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში, რომლის მიზანია, კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა.