სამი წლის წინ, შემოდგომაზე, ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს ილია მეორეს დაუკავშირდა. ის პატრიარქს სთხოვდა, რომ მისთვის მოძღვარი გაეგზავნა. პატრიარქმა ყოფილ პრეზიდენტს სულიერ მამად პატრიარქის თანაშემწე გაუგზავნა. მამა შალვა კეკელია და ედუარდ შევარდნაძე ერთმანეთს პირველად გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს, შეხვდნენ.
„თავიდან, როცა წირვას დაესწრო, სულ მაკვირდებოდა… მთელი წირვა მაკვირდებოდა… იმ დღეს ისე, აღსარების გარეშე ვაზიარე… ედუარდ შევარდნაძე პირველად ეკლესიაში ვაზიარე,“ – იხსენებს „კვირასთან“ მამა შალვა კეკელია.
23 ნოემბრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე მამა შალვას ერთი კვირის შემდეგ შეხვდა და, აქედან მოყოლებული, სამი წლის განმავლობაში, ექსპრეზიდენტის აღსარება ზიარებით სრულდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ედუარდ შევარდნაძე აღსარების დროს ტიროდა. პრეზიდენტის სამაგიდე წიგნი ბიბლია და სახარება გახდა.
„მახსოვს, ჩვენ წირვამდე ერთი საათით ადრე მივდიოდით, რადგან ტრაპეზი გასამზადებელი იყო. რომ მივედი, თვითონ მელოდებოდა. მოსაცდელში ჩაცმული, გამზადებული დამხვდა, – შარვალ-კოსტიუმით და ჰალსტუხით. იმდენად პატივისცემას გამოხატავდა ჩემ მიმართ, რომ მელოდებოდა. მაშინ პირველად დამელაპარაკა და ჩვენი საუბარი ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა… ზიარების მსახურებას კაბინეტში ვატარებდი. სახლში ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. ყველა ოთახში, კედელზე ხატები ეკიდა. ის, რაზეც ვსაუბრობდით, მხოლოდ ჩვენთან რჩებოდა, ამის განთქმის არც უფლება მაქვს და არც შეიძლება. ძალიან მძიმე ცოდვაა მოძღვრისთვის. მისი პირადი სურვილი იყო, რომ ზეთისცხება მიეღო, წირვები ჩაგვეტარებინა. ამ ყველაფერს ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩუმად აკეთებდა. ეს არავინ იცოდა პატრიარქის, ჩემი და ოჯახის წევრების გარდა. ყოველ დიდ ხუთშაბათს დავდიოდი, იქ ედუარდ შევარდნაძის შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებიც ესწრებოდნენ. ბოლოს სახარებას და ბიბლიას კითხულობდა. მისი სამაგიდე წიგნი გახდა სახარება და ბიბლია. ბოლო დროს ეკლესიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ჩვენ ძალიან ბევრ თემებზე ვსაუბრობდით, იყო მტკივნეული თემებიც. მეც ვეკითხებოდი. წირვაზე ხშირად უტირია კიდეც. ძალიან წუხდა საქართველოში მიმდინარე მივლენებზე, მისი საფიქრალი აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო. ამ საკითხზეც ხშირად გვისაუბრია“, – ამბობს მამა შალვა კეკელია.
მამა შალვა „კვირასთან“ საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განსაკუთრებულ იუმორზეც საუბრობს.
„ერთხელ, როცა სახლში მივედი, მისი ახლობლები, შვილები და შვილიშვილები მასთან ერთად სურათებს იღებდნენ. ამ დროს მეც გავიარე და დამიძახა. მთხოვა, თუ შეიძლება თქვენთან ერთად სურათი გადავიღოო. სურათის გადაღებისას ასეთი რამ მითხრა: „ჩემი სურათი შენ აქ გამოგადგება და მე კიდევ იქო… ისეთი პატარა კაცი არა ვარო“…. ამის შემდეგ სურათი მძღოლს კი არ გამოატანა, არამედ დამიბარა და თვითონ გადმომცა. ზედ მისი ხელმოწერაც იყო. ედუარდ შევარდნაძემ ყველა საკუთარი წიგნი მაჩუქა. თითოეულ მათგანს საკუთარი ხელმოწერა დაურთო… ძალიან თბილად მეპყრობოდა, როგორც სასულიერო პირს … იუმორის გრძნობა სულ ჰქონდა. მაშინ გაცილებით კარგად იყო. წირვაზე სულ ფეხზე იდგა, არასდროს ჯდებოდა. იდგა და ისმენდა მსახურებას. სახლში ეკლესია ჰქონდა და იქ ვხვდებოდით ჩვენ ერთმანეთს. მე ვუყურებდი, როგორც დიდ პოლიტიკოსს, მაგრამ ბოლო წლებში საერთოდ შემეცვალა მისდამი დამოკიდებულება და განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა. მას ისეთ ეპოქაში – კომუნისტურ პერიოდში მოუწია ცხოვრება, ბოლო წლების განმავლობაში სხვანაირი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ეკლესიის მიმართ…. სხვანაირად წარმოუდგენელი იქნებოდა მისთვის ზეთისცხების, ან ზიარების რიტუალის ჩატარება. ის არც მოითხოვდა ამას“… – ამბობს მამა შალვა კეკელია.
ექსპრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ედუარდ შევარდნაძის ზიარების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. თუმცა, როგორც მამა შალვა ამბობს, ეს არ იყო ყოფილი პრეზიდენტის ზიარების ბოლო კადრები. მისი თქმით, ამ ზიარების შემდეგ პრეზიდენტს კიდევ შეხვდა. უკანასკნელად კი, გარდაცვალებამდე 20 დღით ადრე აზიარა.
„ეს კადრები, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არ იყო პრეზიდენტის ბოლო ზიარება. ბოლოს საწოლში იწვა. საუბარი აღარ შეეძლო. ამ კადრების შემდეგ კიდევ ორჯერ ვაზიარე, ბოლოს, გარდაცვალებამდე 20 დღით ადრე შევხვდი. ეს იყო მისი ბოლო ზიარება… ბოლოს ძალიან ცუდად იყო“… – ამბობს მამა შალვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 13 ივლისს, კრწანისის რეზიდენციის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ედუარდ შევარდნაძის ცხედარი რეზიდენციაში სამების საკათედრო ტაძარიდან გადაასვენეს.