ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ავღანელ ჯარიკსაცებს საარტილერიო ქვემეხის ტექნიკური მომსახურების კურსი ჩაუტარეს. ავღანეთის ეროვნული არმიის 205-ე კორპუსის სამხედროებს წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო ინსტრუქტორის, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ ქამხაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საარტილერიო სწავლების დასრულების შემდეგ, მთავარმა ინსტრუქტორმა კურსდამთავრებულებს სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. ცერემონიას სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკონიკი ილია ტიკურიშვილი, ასევე, ავღანეთის ეროვნული არმიის 205-ე კორპუსის სამეთაურო რგოლი - ბაზა „Hero-ს” მეთაური, გენერალ-მაიორი ჰამიდულა ჰამიდი და ზაბულის პროვინციის მეორე ბრიგადის მეთაური, გენერალი მუჰამედ აკრამ სომი დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლებმა სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქართულ მხარეს გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
საარტილერიო სწავლება ყანდაღარის პროვინციაში, ავღანურ სამხედრო ბაზა „Eagle-ში“ სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრენინგის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი სასწავლო კლასებსა და საარტილერიო საცავში ჩატარდა. სწავლების პერიოდში უსაფრთხოებას სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფდნენ. საარტილერიო ქვემეხის ტექნიკური მომსახურების სწავლების ჩატარება ავსტრალიურ და ამერიკულ მხარეებთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა.