მთავრობის ახალი მიდგომები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით

მთავრობის ახალი მიდგომები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით

ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, პუნქტებად ჩამოთვლილია საკითხები, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სამწლიან გეგმას წარმოადგენს. დოკუმენტში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საუბარია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით გასატარებელ აუცილებლ ღონისძიებებზე.

დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.

საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს რას მოიცავს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით ღონისძიებების გატარება. მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ახალ მიდგომებს ავითარებს ყველა მიმართულებით. მინისტრი ამბობს, რომ საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს იმ ღონისძიებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ატარებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს უკავშირდებოდეს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას, ან ერგნეთის ბაზრობის ამოქმედებას, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი არ არის და ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.

„ამაზე საუბარი არ არის, მერამდენედ ვაკეთებ ამ განცხადებას. ამ თემაზე საუბარი არ არის და იქნება მხოლოდ მაშინ, როცა იქნება საქართველოს ინტერსებში“, - განაცადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს არის ზოგადი რეკომენდაცია. მისივე განმარტებით, ხელისუფლების საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ გადაადგილება იყოს თავისუფალი, მოქალაქე იყოს დაცული და ხელი შეეწყოს მათ საქმიანობას ისე, რომ ეს არ იყოს დანაშაულად აღქმული.

„გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირებისთვის დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ, თუ რა ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ამ კონტექსტში ხშირად ახსენებენ ერგნეთის ბაზარს, რომელიც თავის დროზე შეიქმნა მაშინ არსებული კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე.

თავისთავად, იდეა „ერგნეთის ბაზრობა“ არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ სად და რა ფორმით გაიხსნება სავაჭრო ცენტრი, მისი ეფექტურობისთვის ამ საკითხზე ექსპერტებმა უნდა იმუშაონ. შესაძლოა, ამგვარი ცენტრი სხვაგან გაიხსნას, მაგრამ იმედია, გაიხსნება იქ, სადაც მას მეტი ეფექტი ექნება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

For.ge-ს კითხვაზე რა შედეგზეა ორიენტირებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით ღონისძიებების გატარება, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არაა. საუბარია მხოლოდ სავაჭრო ცენტრების შესაძლო გახსნაზე გამყოფ ხაზთან და მიზანია ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს მეტი სიკეთეები საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა რეგულარულად კვეთს გამყოფ ხაზს. ჩვენი ანალიზით, მათი უმეტესობა სწორედ სავაჭრო მიზნებით მოგზაურობს თბილისში, გორში, ზუგდიდში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, უფრო ახლოს მივიტანოთ ის პროდუქტები და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მათ უფრო იაფი დაუჯდებათ პროდუქტების შესყიდვა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება კითხვას, პოლიტიკურად რამდენადაა გამართლებული ოკუპირებული ტერიტორიასთან მსგავსი სავაჭრო ურთიერთობა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ქმედებები პოლიტიკურად გამართლებულია იმდენად, რამდენადაც შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მეტად იქნება ინტეგრირებული დანარჩენ საქართველოში - შესაძლოა, არა აბსოლუტურად, მაგრამ მეტად ინტეგრირებული.

პარლამენტის, ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს განაპირობებს ქვეყნებისთვის, ეს არის ყოველთვის მშვიდობისკენ მიმავალი გზა.

„არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული ისე, რომ საქართველოს ინტერესები არ იყოს გათვალისწინებული. არ დაზარალდება ის წითელი ხაზები, რომელიც საქართველომ ძალიან მკაფიოდ გავლო. აქიდან გამომდინარე, იმ გეგმებზე, რომელზეც საგარეო და ეკონომიკის მინისტრები საუბრობენ, ცნობილი იქნება იმ პერიოდში, რომდესაც ამ თემას გარკვეული კონტურები ექნება გამოხატული. არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული ხელშეკრულებების მიღმა, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპასთან და რომელიც დააზიანებს საქართველოს ინტერესებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.

ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით ღონისძიებების გატარებას, საფრთხედ მიიჩნევს ეკონომიკის ექსპეტრი სანდრო თვალჭრელიძე.

„სასაზღვრო ზოლის მიღმა ვაჭრობა ძალიან სახიფათო, ორმხრივად ბასრი მახვილია. იმიტომ, რომ ეს რეგიონები არის კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების ბუდე. მეთვალყურეობა ძალიან სერიოზული უნდა იყოს. 3 დღის წინ გააჩერეს ტვირთვი - აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით გადაჰქონდათ 2 ტონა 750 კილო ჰერეონი. ასე რომ, ძალიან სახიფათოა და რთულია. ამას ყველაფერს, შესაბამისი მართვა სჭირდება.

რაც შეეხება ვაჭრობის წახალისებას, ჩვენ ალბათ უნდა გადავხედოთ ამ კანონს, შემოვუშვათ ეს ხალხი ჩვენს ტერიტორიაზე, ისარგებლონ ამ ასოცირების ხელშეკრულებით ადამიანებმა, იყიდონ რაც უნდათ და დაბრუდნენ ისევ, იმიტომ, რომ იქ უთოც კი არ იშოვება, ყველაფერი რუსეთიდან უნდა შემოიტანონ, ყველაფერი ძვირია. ინვესტირების განხორციელების რაციონალობაში კი არ ვარ დარწმუნებული“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.