სააკაშვილის დაცვა, მზარეული და 8 მილიონი

სააკაშვილის დაცვა, მზარეული და 8 მილიონი

მთავარ პროკურატურაში დიდი სტუმრიანობაა. გიორგი ბადაშვილის უწყების სტუმრები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, დაცვის თანამშრომლები გიორგი ლაგურაშვილი, ვალერ კილაძე, რამაზ ლაფაჩიშვილი და სანდრა რულოვსის დამხმარე, გავაზ კულოიანი არიან. რა საკითხთან დაკავშირებით იმყოფებიან დაკითხვაზე სააკაშვილის დაცვის წევრები, მთავარი პროკურატურა ოფიციალაურ განმარტებას არ აკეთებს. უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ დაცვის ყოფილი თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით დაიბარეს.

მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია დაკითხვამდე აცხადებდა, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდნენ პროკურატურაში და განუცხადეს, რომ პრეზიდენტის დაცვის ხარჯებთან დაკავშირებით ჰქონდათ შეკითხვები. ჯანაშიასთან ერთად უწყებაში მისი ადვოკატები გოგიტა გაბაიძე და ბექა ბასილაია მივიდნე.

დაახლოებით სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ პრკურატურა ჯანაშიას გარეშე დატოვა გოგიტა გაბაიძემ, რომლის განცხადებით, მისთვის უცნობია წაუყენებენ თუ არა ჯანაშიას ბრალს. როგორც გაბაიძემ აღნიშნა პროკურატურაში მას ხელი მოაწერინეს სპეციალურ განცხადებაზე, რომ საქმეს, რომელზეც გამოძიება მოკვლებას აწარმოებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. „გამაფართხილეს, რომ კომენტარი არ გააკეთო“, - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.

ამასთან, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის დაცვის უფროსი გიორგი ლაგურიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა. კომეტარი არ გააკეთა საგამოძიებო უწყებაში დაბარებულმა სანდრა რულოვსის დამხმარე, გავაზ კულოიანმა, რომელიც უწყებაში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა.

მიხეილ სააკაშილის დაცვის ყოფილმა წევრმა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის სამსახურის უფროსმა რამაზ ლაფაჩიშვილმა, რომელიც ასევე დაკითხა პროკურატურამ, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ კითხვები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ იყო, რასაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს და შესაბამისად, დეტალურად ჟურნალისტების კითხვებს ვერ უპასუხებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის სამსახურის უფროსმა არ გამორიცხა, რომ ამავე საკითხზე ის კვლავ დაიბარონ დაკითხვაზე. 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ იყო კითხვები, რასაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ამიტომ კითხვებზე ვერ გიპასუხებთ“, - განაცხადა რამაზ ლაფაჩიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც ირკვევა, საქმე ეხება 2009-2012 წლებს. საუბარია 8 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე და სწოერდ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია, სად იხარჯებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის განკუთვნილი თანხები. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ გაქვეყნებული მასალით ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის, ახლობლების, სხვა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების „ფუფუნების საგნებზე“ ბიუჯეტის ფულს ხარჯავდა.

აღნიშნულის შესახებ საუბარია დოკუმენტაციაში, რომელიც პარლამენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან გამოითხოვა და, რომელზეც წვდომა მას შემდეგ შეძლო, რაც პროკურატურის დახმარებით ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. 
როგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა, სააკაშვილის ესპანელი მზარეულის ცხოვრების და თარჯიმნით უზრუნველყოფის ხარჯები, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, საკაშვილმა პარლამენტის წევრ ქალბატონს უყიდა ძვირად ღირებული მობილური ტელეფონის აპარატი და სამაჯური, გარდა ამისა, სააკაშვილმა უკრაინელ მომღერალს, რომლის მამასაც საქართველოს მოქალაქეობა სრულიად უკანონოდ მიანიჭა, რადგან თავის ქვეყანაში ძებნილი იყო, ოქროს ნაკეთობები აჩუქა. საკმაოდ ძვირადღირებული ოქროს ნაკეთობა აქვს ნაყიდი და ნაჩუქარი ასევე რუსი ჟურნალისტისთვის.

ასევე, აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა და ქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ძვირად ღირებულ ავსტრიულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში დახარჯეს 115 ათასი ლარი. მასალების მიხედვით, 2009 წლის 23 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტს ნიუ-იორკის წამყვან კლინიკაში ბოტოქსის ოპერაციის გაკეთება 5 600 აშშ დოლარი დაუჯდა, 2011 წლის 23 სექტემბერს კი ანალოგიური ოპერაციისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 5 800 აშშ დოლარი გადაიხადა.

დოკუმენტაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს 5 993 ფუნტი აქვს გადახდილი ამერიკელი მსახიობი ქალის მიერ შიშველი სხეულით შექმნილ ნახატში. ამასთან, არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს შორის ირიცხება პრეზიდენტის მიერ ამერიკელი ბიზნესმენის კრისტინა ვუსავას სასტუმრო „რედისონში“ ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება და მისთვის ბოტასების შეძენა, რაშიც, საერთო ჯამში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 6 668 ლარი გადაიხადა.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მის გარეშეა დაწყებული.

პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შევარდნაძის ნაშიერებისგან 8 მილიონის დახარჯვაზე ლაპარაკები, ულოგიკო, შეუფერებელი და არაადეკვატურია.

დავით დარჩიაშვილი: „წითელი შურის მაძიებლები“ ასეთი ფილმი იყო ჩემს ბავშობაში, აი ეგრე არიან „ჰაკიმ ფაშა“ და მისი ზემდგომი. შევარდნაძის პატარა ნაშიერები, რომლებსაც სძულდათ რეფორმატორები და ახლა ამ სიძულვილს იკმაყოფილებენ. მათ ფეხებზე ეკიდათ და ჰკიდიათ ვინ დაიღუპა 9 წლის განმავლობაში, მანამდე ვინ დაიღუპა და ახლა ვინ დაიღუპება. მაგათ უნდათ ძალაუფლების მათლაფის ბოლომდე გამოლოკვა.

საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი თანხების, კერძოდ რვა მილიონი ლარის გაფლანგვას. თქვენ თვლით, რომ ამაზე კითხვები არ უნდა დაისვას?

- შევარდნაძის ნაშიერებისგან რაღაცა 8 მილიონის დახარჯვაზე ლაპარაკი, ულოგიკო, შეუფერებელი და არაადეკვატურია. მაგათ ეგ არ აინტერესებთ.

და ვინ არიან შევარდნაძის ნაშიერები პროკურატურაში?

- ღარიბაშვილი და დანარჩენები, მათ შორის - წულუკიანი, ესენი ყველანი არიან შევარდნაძის ნაშიერები. თქვენ გგონიათ შევარდნაძის ნაშიერებს ადარდებთ თანხების ხარჯვის გამჭვირვალობა, როცა დღეს დაკავებული არიან იმით, როგორ გააკონტროლონ ნებისმიერი ფინანსური ნაკადი და როგორ იყოს ეს ყველაფერი მათ წრეში მოქცეული?

ბატონო დავით, სახელმწიფო დაცვის სპეციალაური სამსახურის მიერ 8 მილიონი ლარის გაფლანგვაზე კითხვები არ უნდა დაისვას?

- დასვან და ისიამოვნეთ ამ კითხვების დასმით და პასუხების მიღებით. მე გეუბნებით მათი რეალური მოტივი რა არის.

თქვენ თვლით, რომ გარღვევა არ ჰქონიათ და ეს არის პოლიტიკური დევნა?

- რაღაცა გადახარჯვები ყოველთვის შეძლება მომხდარიყო, მაგრამ ეს ხალხი რომელიც მისტიროდა შევარდნაძის ეპოქას, ამ დროს შევარდნაძის ეპოქაში ისეთი გარღვევები იყო, რომელიც არ დასიზმრებია არავის. მთელი ქვეყანა კორუფციაში და სიბნელეში იყო ჩაფლული. ახლა ესენი მოდიან და ამბობენ, რომ ის იყო კარგი ეპოქა და ახლა სააკაშვილის მზარეულისგან და დაცვის წევრისგან ეძენებ სად რა გადახარჯვა მოხდა.

შევარდნაძის დროინდელ კორუფციულ ფაქტებზე ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, მაშინდელი მინისტრების რიგები იდგა პროკურატურაში, არაერთი მინისტრი იყო პასუხისმგებლობაში მიცემული...

- თქვენ გგონიათ, რომ ესენი სიმართლეს და სამართლიანობას ემსახურებიან? სოციალურად და კლანობრივად ეს ადამიანები არიან შევარდნაძესთან ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე ვინმე ყოფილა ოდესმე. მაგათგან სამართლიანობის ძებნის მე არ მჯერა. მათი მიზანია გაანადგურონ მოწინააღმდეგე ძალა.

არ მახსენდება, სააკაშვილზე უფრო ახლოს შევარდნაძესთან აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წევრი ყოფილიყო.

- ეგ არის ყველაზე დიდი სისულელე რასაც ტირაჟირებენ და თქვენ ჟურნალისტები იმეორებთ და ამაზე ძალიან გული მწყდება. იმიტომ, რომ მაშინ შევარდნაძის ირგვლივ იყო მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი. ზოგი მინისტრი ხდეობოდა, ზოგი მის პარტიაში შედიოდა, ზოგს რა რეფორმის იმედი ჰქონდა, ზოგს რა და, როცა არაფერი არ გამოსდიოდათ, ეს ადამიანები სცილდებოდნენ მას და უპირისპირდებოდნენ.

ვინც ბოლომდე მოერგო მისი მმართველობის სტილს და კლანურობას, ესენ იყვნენ ადამიანები - ერთი მხრივ თარგამაძის პოლიციელები და სხვათა შორის - თამაზაშვილიც. მეორე მხრივ გარკვეული ოჯახები და ფინანსური წრეები, რომლებსაც თუ კარგად მოჩხრიკავთ, ნახავთ დღევანდელი ხელისუფლების საშუალო რგოლში, უმრავლესობაში და რა ვიცი სად. მათ შორის „მრწველები“. თქვენ გგონიათ, რომ „მრეწველები“ უფრო ოპოზიცია იყო შევარდნაძის, ვიდრე სააკაშვილი, ნუ ძალიან ცუდად იცნობთ საქართველოს უახლეს ისტორიას.

საქართველოს უახლესი ისტორიიდან ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყომოქალაქეთა კავშირისთავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, ასევე მიხეილ მაჭავარიანი შემოსავლების მინისტრი...

- შევარადნაძესთან იყო რეფორმატორთა ფრთა და იყო ძველი კომუნისტური ნომენკლატურა წითელი დირექტორები, წითელი ინტელიგენცია, პარტოკრატები. მათ შორის სულ იყო ბრძოლა და ბოლოს ეს ბრძოლა დამთავრდა 2000-2001 წლებში, როდესაც რეფორმატორებმა ჩაიქნიეს ხელი და გადავიდნენ ოპოზიციაში.

ბატონო დავით, დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას, თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს?

- ამ ადამიანებისგან სამართლიანობის აღდგენის არანაირ სურვილს არ ვხედავ. მე ვხედავ იმ შურისმაძიებლურ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს 2003 წელს დამარცხებული კლანები, შევარდნაძის მაშინდელი გარემოცვა, რომელიც დამარცხდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, ახლა ისინი დაბრუნდნენ. ოპოზიციის დევნაა ყველაფრის ჩაკირკიტება ისეთ ქვეყანაში, რომელიც კორუფციის ჭაობიდან ამოცურდა სულ რამდენიმე წლის წინ, ცივილიზებულ სამყაროში ეს დანახულია როგორც შურისმაძიებლური და არაფერი საერთო არ აქვს სამართლიანობასთან. თქვენ მაინც მოუსმინეთ ღარიბაშვილს და სამწუხაროდ მის რუპორად ქცეულ უსუფაშვილს, რომ ამაში რაღაცა სამართლიანობა არის.

ყოველთვის მოიძებნება რაღაცა ბუღალტრული გადაცდომები ან თუნდაც დანაშაულებები, ყოველთვის მოიძებნება პოლიტიკისა და ბიუჯეტის კავშირი, ყოველთვის მოიძებნება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასაქმება, რასაც დღეს ძალიან ფართოდ ქადაგებს ახალი ხელისფულება. თვითონ ქადაგებენ, რომ პოლიტიკურ მომხრეებს დავასაქმებთო და წინა ხელისუფლებას კი ამის გამო სჯიან.

პარლამენტში გამოქვეყნდა საიდუმლო ხარჯები, საიდანაც ირკვევა, რომ პრეზიდენტიმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხებით თქვენს კოლეგას შეუძინა ძვირადღირებული საათი, ამავე თანხით მან გაიკეთა ბოტოქსი და .. მიგაჩნიათ, რომ როდესაც არსებობს ეს ფაქტები, კითხვები არ უნდა დაისვას?

- არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ერთი სტრუქტურიდან მეორე სტრუქტურის წარამომადგენლებისათვის რაღაცა საჩუქარი ყოფილიყო გაცემული, არ ვიცი, არ გამოვრიცხავ. მე მაგალითად მაქვს საათი, რომელიც ერთ-ერთმა სამინისტრომ როგორც დეპუტატს მაჩუქა. ეს თუ რამე დანაშაულია, ნუ ევროკავშირში არის ნორმა, რომ 300 ევროზე მეტი საჩუქრის მიღება არ შეიძლება.

არა მგონია, რომ ეს საათი მაგდენი ღირდეს, მაგრამ კი ბატონო ვაგოთ პასუხი, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმეს სამართლიანობა აინტერესებს, ეგება მოვიკითხოთ თავის დროსზე შსს-ს ხელშეწყობით „ალდაგი“ როგორ იყო მონოპოლისტი, რამხელა მილიონები ტრიალებდა. თარგამაძის ირგვლივ სოსო ალავიძით დაწყებული და თამაზაშვილით დამთავრებული, რა თანხები ტრიალებდა.