მსოფლიო ახალი კატასტროფის ზღვარზე

მსოფლიო ახალი კატასტროფის ზღვარზე

ისარელ-,,ჰამასის’‘ ომის ქართული აქცენტები და გია ვოლსკისეული შეფასებები

რამდენიმე დღეა, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს - ისრაელსა და ,,ჰამასს’‘ შორის სამხედრო დაპირისპირებას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. დასავლეთი ჯერჯერობით დამკვირვებლის პოზიციაშია, თუმცა აშშ- პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერს კრიზისის გადასაჭრელად დახმარება შესთავაზა. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ მზადაა, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას და 2012 წლის ნოემბრის ხელშეკრულება ძალაში დააბრუნოს. საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მხარეებს გაერო- გენერალურმა მდივანმა და რუსეთის პრეზიდენტმაც მოუწოდეს. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება სწორედ რუსეთის მიერაა პროვოცირებული. რა გავლენას მოახდენს .. ისარელის კრიზისი საქართველოზე? - ,,ვერსიას’‘ ფრაქცია ,,ქართული ოცნების’‘ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ესაუბრა.   

- ახლო აღმოსავლეთში ვითარება კატასტროფის ზღვარზეა და შესაძლებელია, ისრაელსა და ,,ჰამასს’‘ შორის შეურიგებელი დაპირისპირება იორდანიასაც მოედოს, სადაც უამრავი პალესტინელი ცხოვრობს. იმისთვის, რომ ვითარება კონტროლს დაექვემდებაროს, სწრაფი და ეფექტურო ზომებია მისაღები.  

- იორდანიის გარდა, დაპირისპირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ირანიცაა, რომელიც ,,ჰამასს’‘ მხოლოდ მატერიალურად კი არა, სამხედრო ძალითაც ღიად ეხმარება. ბატონო გია, თქვენი ვარაუდით, ეს ომის რა მასშტაბებზე გავა

- ირანი ,,ჰამასს’‘ მხარს ყოველთვის უჭერდა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასავლეთთან მძიმედ, თუმცა პოზიტიურად მიმდინარეობს, თან ეკონომიკური პრობლემებიც დასაძლევი აქვს, რაც ენერგობაზარზე გასვლაში ხელს უშლის. ყველაფერ ამის გაუთვალისწინებლობა ხელს რუსეთის მონოპოლიას შეუწყობს და სქემა, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობისკენ ასევე რუსეთის აგრესიულობის შემცირებისკენაა მიმართული, საფრთხის ქვეშ დადგება. ამიტომ, ლოგიკურად, ირანს უნდა სურდეს, სტაბილიზაციაში თავის წვლილი შეიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუ ირანი ცალკე თამაშს დაიწყებს, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება მსოფლიოს, განსაკუთრებით, ჩრდილო კავკასიის რეგიონს საფრთხეს შეუქმნის. 

- არსებობს რესურსი, რომელიც დაპირისპირებას მუსლიმურ ომამდე არ მიიყვანს?   

- ამ კითხვაზე სტანდარტული პასუხი მაქვს - საერთაშორისო ძალისხმევაა აუცილებელი.  

- დასავლეთი ჯერჯერობით დამკვირვებლის პოზიციაშია და, თუ უკრაინის მაგალითით ვიმსჯელებთ, ამ სტატუსის შენარჩუნებას ბოლომდე შეეცდება?  

- ხმამაღალი და მკაფიო განცხადებები ჯერ არ მოგვისმენია, მაგრამ დიდი ალბათობით, ამის დროც დადგება, თუმცა, როგორც გითხარით, ახლა ყველაზე სერიოზული მოთამაშე ირანია.  

- რუსეთიც სერიოზული მოთამაშეა, რომელიც ირანს დასავლეთთან დაპირისპირებაში მხარს ღიად უჭერდა და სიმპათიას არც ,,ჰამასის’‘ მიმართ მალავდა...  

- ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი ირანს სამხედრო თვალსაზრისით ეხმარებოდა, მაგრამ ფაქტია: დღეს ირანისთვის დასავლეთის მხარდაჭერა და დახმარება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთისა... ასე რომ, ოქროს შუალედია მოსაძებნი.  

- ითქვა, რომ ისრაელსა და ,,ჰამასს’‘ შორის დაპირისპირება რუსეთის მიერაა პროვოცირებული, რათა მსოფლიოს ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანოს. მოსკოვის როლს თქვენც ხედავთ

- ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც, რუსეთისთვის არახელსაყრელი ვითარება შეიქმნა. კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რეალურად რუსეთის ხელია ურევია თუ არა, მაგრამ მსგავსი ,,ცეცხლი’‘ რეგიონზე საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. რუსეთს თავისი პრობლემაც საკმარისზე მეტი აქვს. ანალოგიებზე საუბარი რთულია, მაგრამ, როცა ექსრტესმისტული ფრთა აქტიურდება, ჩრდილოკავკასია მოვლენების მიღმა არასოდეს რჩება. ასე რომ, რუსეთს თუ რამე პრობლემა აქვს, ერთ-ერთი სერიოზული - კავკასიაა. ისიც ფაქტია, რომ რუსეთის ნაბიჯების პროგნოზირება შეუძლებელია. არის საკითხები, რაზეც თავად რუს პოლიტოლოგებსა და კრემლის წარმომადგენლებს დამაჯერებელი პასუხების პოვნა უჭირთ. ბჟეზინსკის ანალიზიც წავიკითხე, რომელიც რუსეთის შემდეგ ნაბიჯებს პროგნოზირებს, მაგრამ ერთ აზრს ნამდვილად არ ვეთანხმები: უკრაინის მოვლენებიდან ყურადღების გადატანა შესაძლებელია, მაგრამ იმის გამო, რომ ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ცხელ ფაზაშია, არავინ ფიქრობს, რომ უკრაინის ვითარება ნაკლებ საშიშია. რასაკვირველია, ახლა რუსეთი ეცდება, უპირატესობა თავისკენ გადაქაჩოს და დასავლეთი იმ მდგომარეობაში ჩააყენოს, თავისი ინტერესების სასარგებლოდ, კომპრომისებზე წასვლა მოსთხოვოს, მაგრამ დასავლეთში კომპრომისების არსენალიც საკმაოდ შეზღუდულია. თუ ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება კონტროლს აღარ დაექვემდებარა და დაპირისპირების მასშტაბები გაიზარდა, ვერც რუსეთი შეძლებს სარგებლის მიღებას. პირიქით, საკუთარი თავი შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზარალოს, თანაც ისე, რომ ამოსუნთქვაც ვეღარ შეძლოს. ისე, თუ ისრაელსა და ,,ჰამასს’‘ შორის დაპირისპირების მაპროვოცირებელია, ამით რუსეთი არაპრაგმატულ ნაბიჯებს დგამს. თუ ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღო, რისი რეალური წინაპირობებიც არსებობს, რუსეთმა კი, ვითარების მოგვარებასა და მსოფლიო წესრიგის დამყარებაში პოზიტიური წვლილი არ შეიტანა, საკუთარ თავსა და რეგიონს ზიანს მიაყენებს.  

- მათ შორის, საქართველოსაც? საერთოდ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩვენ ქვეყანას რა როლი აქვს?  

- რუსეთ-ისრაელის ურთიერთობები იმდენად ანტაგონისტური არაა, ამ ორი სახელმწიფოს დაპირისპირებაზე ვისაუბროთ. საქართველო ისრაელის მეგობარი და, ამავე დროს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია და, საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესების დასაცავად, რეგიონული სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს, თუნდაც ეს რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატს გულისხმობდეს, რაც პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებშიც შედის. დასავლეთიც სწორედ ამისკენ მიგვითითებს. არავის ინეტერსებშია ახალი დაძაბული კერების შექმნა, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. უნდა გვესმოდეს, რომ დასავლური რესურსებიც უკიდეგანო არაა. ამიტომ მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველო რუსეთთან აწარმოებს, დასავლეთისთვის აბსოლუტურად მისაღებია.  

- ეს გასაგებია, მაგრამ მთავარია, თქვენს მიერ აღწერილ პროცესში საქართველოს რისი დათმობა მოუწევს.   

- ოპონენტებისგან ვისმენთ, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები და სახელმწიფო ინტერესები მწვანილის გაყიდვის დონეზე ჩამოიყვანა. იმასაც გვეუბნებიან, რუსეთთან მეტი წინააღმდეგობა გვმართებს, ოკუპანტიაო... კი ბატონო,  რუსეთი საქართველოსთვის, მართლაც, ოკუპანტია, მაგრამ საუბარი არც მწვანილზეა, არც ვაშლსა და არც წმინდა ეკონომიკურ მოგებაზე, ლაპარაკი, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაზეა. აშშ-სა და ევროკავშირს არც რესურსი აქვთ და არც სურვილი, რომ რუსეთთან ურთიერთობაში დამატებითი კონფლიქტები შექმნან. ვფიქრობ, ეს მოსაზრება სწორია. ნუ ველით, რომ დასავლეთი თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.  

- ბოლო დროს, დასავლეთისგან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის მოვლენებს უკავშირდებოდა. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, საქართველო დასავლეთისთვის აქტუალობას შეინარჩუნებს?  

- დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, თან ეს პროცესი დამოუკიდებლად არ უნდა წარმოვიდგინოთ, რადგან კომპლექსური პრობლემაა და ერთიან პაკეტში განიხილება. ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვით საქართველოს ყურადღება არ მოაკლდება. პირიქით, საქართველო დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.