37-ით 8-ის წინააღმდეგ_თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერი გიორგი ალიბეგაშვილი გახდა. ალიბეგაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც კოალიციამ წარადგინა, თუმცა ბოლო დრომდე მისი ვინაობის საჯარო დასახელებისგან „ქართულ ოცნებაში“ თავს იკავებდნენ.
ცნობისთვის, გიორგი ალიბეგაშვილი 1959 წელს დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1982 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამომცემლობის უმცროს რედაქტორად.
1991-1992 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი, ხოლო 1994-1995 წლებში - თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი. 1997 წლიდან 2005 წლამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2005 წლიდან 2006 წლამდე ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე უკვე შეხვდა თავის წინამორბედს_ირაკლი შიხიაშვილს, რომელმაც კაბინეტი დაუთმო თავის შემცვლელს. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს გიორგი ტყემალაძე, ბიზნესმენ ზურაბ ტყემალაძის ვაჟი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი გახლდათ. ეყოლება თუ არა საკრებულოს თამჯდომარეს მოადგილეებს შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებაში“ პასუხი არ აქვთ.
თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში დღევანდელი სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა სევდია უგრეხელიძემ გახსნა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. საკრებულოს სხდომას თბილისის ახლადარჩეული მერი დავით ნარმანია არ ესწრებოდა, თუმცა ნარმანია თვითმმართველ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. სამაგიეროდ, საკრებულოს პირველ სხდომას მერის სპეციალური წარმომადგენელი დაესწრო.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სიტყვით მიმართა საკრებულოს წევრებს_მისი კანდიდატურის მხარდამჭრებსაც და მოწინააღმდეგეებსაც და მადლობა გადაუხადა ნდობისთვის. მან აღნიშნა, რომ არ არსებობს დიდი და მცირე პრობლემები და ყველა პრობლემის ირგვლივ ერთნაირი ძალისხმევით იმუშავებენ. მისი თქმით, საკრებულოს ერთ-ერთი პირველი ამოცანა საზოგადოების კონსოლიდაცია იქნება, რათა მაქსიმალურად სიმპათიური გახდეს საკრებულო საზოგადოების თვალში. გამოწვევები კი ბევრია.
უფრო მეტიც, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ყველაფერი, რასაც საკრებულო დაიწყებს, კოორდინირებული იქნება ქალაქ თბილისის მერიასა და მთავრობასთან. გამოწვევა იმდენია, ვერც ჩამოთვლის ადამიანი, ეს იქნება სოციალური თემატიკა, დასაქმება, ეკოლოგიური პრობლემა და ყველაფერი ეს ქალაქის უკვე არჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ თავის სამოქმედო პროგრამაში ჩამოაყალიბა.
გიორგი ალიბეგაშვილის წინააღმდეგ ხმა მისცეს ნაცმოძრაობამ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა. ნაცმოძრაობის წევრები იმიზეზებენ, რომ აღნიშნული კანდიდატურის მიმართ პირადი პატივისცემის მიუხედავად, მათ არ აქვთ იმის იმედი, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ჩაერევა თვითმმართველობის ორგანოს მუშაობაში. სწორედ ამიტომ ისინი არ აპირებენ პასუხისმგებლობის აღებას. სევდია უგრეხელიძე კი სხდომის დაწყებამდეც აცხადებდა, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, ის მაინც შუშის სასახლიდან იქნებოდა მართული.
რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს, მისი უკმაყოფილება გამოიწვია საკრებულოს ახალი თავმჯდომარის პოზიციამ, რომელიც ეხებოდა პერსონალური მანქანების გამოყენებას.
ელისაშვილის თქმით, კოპენჰაგენის მერი დადის ველოსიპედით. ამდენად, იგი ყველას პერსონალურ ავტომობილებზე უარის თქმას სთავაზობს, რის შემდეგაც ავტოპარკი დარჩება საკრებულოს, რომლის წევრებმაც საქმის მიხედვით გამოიყენებენ ავტომობილებს.
პირველი მსუბუქი წინააღმდეგობა ადვილად მოიგერია გიორგი ალიბეგაშვილმა: „ღმერთმა ქნას, რომ ისეთი იდილიური და მშვიდი სახელმწიფო შეგვექმნას, რომ მართლა ველოსიპედებით წავსულიყავით და მოვსულიყავით“. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, პერსონალურ ავტომობილებს ვერ შეელევა საკრებულო და ამას მოჰყვება პრემიები, ძველი ისტორია, მერე კი ახალი შიხიაშვილი გამოჩნდება.
ალეკო ელისაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის აზრი ასეთია, რომ მისი მხრიდან ავტომანქანებით აპელირება პოპულისტური ნათქვამია. ინტერნეტსივრცეში ზოგიერთები უფრო შორსაც მიდიან და აღნიშნავენ, რომ საკრებულოს ახლადარჩეული წევრი ალეკო ელისაშვილი კარგად შენიღბული, კრავის ქურქში გადაცმული მგელია. მისი მხრიდან პერსონალურ ავტომობილებზე უარის თქმა კი იმით არის განპირობებული, რომ ამ ეტაპზე ალეკო ელისაშვილს პირადად არ ეკუთვნის პერსონალური ავტომობილი, რადგან ეს უპირატესობა საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, ფრაქციებისა და კომისიების ხელმძღვანელებს ენიჭებათ.
გამორიცხული არ არის, ახალი მოწვევის საკრებულოში ფრაქციებისა და კომისიების რაოდენობა შემცირდეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრები კმაყოფილნი არიან, რომ წლების შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა, საკრებულომ და მერიამ სინქრონულად იმუშაოს თბილისელთა პრობლემების მოგვარებისთვის.
„დავით თარხან-მოურავი_პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დისკუსიების დრო მალე დადგება და პირადად ისინი ამ დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ, რადგან ბევრი წინადადება აქვთ შემუშავებული.
„დადებითად ვაფასებ გიორგი ალიბეგაშვილის კანდიდატურას. მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, არა მგონია, ვინმე უარყოფითად იყოს მის მიმართ განწყობილი. გამიხარდა კიდეც ეს კანდიდატურა და მხარი დავუჭირე. მას საქმის კეთება სურს, თუმცა კონსტრუქციული ოპონირება არ გულისხმობს დესტრუქიციას. მოსაგვარებელია დედაქალაქის სანიტარული, ჰიგიენური მდგომარეობა, საწვავის ხარისხი, ქალაქდაგეგმარება, ისტორიული ძეგლების მდგომარეობა, ჯანდაცვის სფერო. ინიციატივით შევალ, შედგეს კომპლექსური დოკუმენტური რევიზია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მერიის მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ“.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ინიციატივას პერსონალური ავტომანქანების აკრძალვის შესახებ, სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ მანქანების საკითხის გადაწყვეტა შეუსწავლელად არ შეიძლება, მანქანების გარეშე საკრებულოს შემადგენლობა უცხოურ დელეგაციას ვერ მიიღებს.
„სასაცილო იქნება, ველოსიპედებით დავხვდეთ დელეგაციას. ოპერატიულ გადაადგილებას თავისი სტრუქტურა სჭირდება. მაშინ ვერტმფრენები შეიძლება დაგვჭირდეს. თუმცა ალეკო ელისაშვილის ნათქვამში რაციონალური მარცვალიცაა, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს და არასახელმწიფოებრივ საქმეებზე სახელმწიფო რესურსთა ხარჯვა აიკრძალოს. ზოგადად, შუშის სასახლე რომ აქტუალურია, ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს. საქართველოში ეს რეალობაა, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა აგვარებდეს ამ პრობლემას. თორემ გავიარეთ ეს პერიოდი, როცა ერთი ადამიანის ხუშტურები განსაზღვრავდა, ვის უნდა ეცოცხლა და ვის არა, მთავარი არ არის კამერებით საქმის გაპიარება, აგერ, გვყავდა პიარის მამა, სააკაშვილის სახით და, ვინც მას ებრძოდა, ისიც აპიარებდა თავის მოქმედებსა,“_აცხადებს სოსო მანჯავიძე.
„დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო“ - გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ისინი კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ და გიორგი ალიბეგაშვილისთვის მხარი არ დაუჭერიათ. მათი აზრით, ალიბეგაშვილი ისევე იწყებს მოღვაწეობას, როგორც ნაციონალები, ანუ ხელების გადაგრეხით, ისინი შიდა კონსულტაციებს მხოლოდ ერთმანეთთან მართავენ და იმაზე არიან ორიენტირებულნი, რომელ კომისიაში მოხვდებიან და რა თანამდებობას მოიპოვებენ.
„ამჟამადაც აპირებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის სამივე მოადგილე „ქართული ოცნების“ წევრი იყოს და არა_ოპოზიციის. ჩვენ დღევანდელ პირველ სხდომაზეც დავაყენეთ საკითხი, რომ საკრებულოს შიგნით შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის ცხრა წლის განმავლობაში დედაქალაქში უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას და ბიზნესს. თუ „ოცნება“ ამას დაგვთნხმდება, ამით გამოჩნდება, აპირებენ თუ არა კოაბიტაციის რეალურად დასრულებას და სამართლიანობის აღდგენას“,_გვითხრა ზაზა ვეკუამ.
საკრებულოს ახალი თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში, საკრებულოში შესამუშავებელია ახალი რეგლამენტი, რომელიც ახალი თვითმმართველობის კოდექსთან თანხვედრაში იქნება.