ცესკო-მ არჩევნების მეორე ტურზე თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხმების დათვლა დაასრულა. წინასწარი მონაცემების მიხედვით , თბილისში დავით ნარმანიამ 72.47% მიიღო, ნიკანორ მელიამ - 27.53%. ყველა თვითმმართველ ქალაქშიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს.
თელავში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პლატონ კალმახელიძემ ამომრჩეველთა 70.61%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმა 29.39% მიიღო.
რუსთავში ხელისულების კანდიდატმა დავით ჯიქიამ 64.77%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა 35.23% მიიღო.
მცხეთაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ 62.99%, ხოლო „გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიის“ კანდიდატმა დავით მაჩხანელმა ხმათა 37.01% დააგროვა.
გორში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა( 62.23%), „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ კანდიდატი კახაბერ ერგემლიძე (37.77% ) დაამარცხა.
ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 58.9%, ხოლო „დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა შოთა გოგიბერიძემ 41.1% დააგროვა.
ფოთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი კაკულიამ 72.38%, ხოლო „დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა უშანგი გეგენავამ 27.62% მიიღო.
ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ერმაკოვი 77.29% -ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ 22.71% მიიღო.
For.ge-მ მეორე ტურის შეფასება ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს სთხოვა.
ბატონო რამაზ, ყველგან სახელისუფლებო კანდიდატები ლიდერობენ, თქვენი შეფასებით, რამდენად დაემთხვა მოლოდინები რეალობას?
- ის, რომ მოსახლეობა აღმოჩნდა იგივე დონეზე აქტიური, როგორც პირველი ტურის დროს, სავარაუდოს ხდიდა, რომ გაიმარჯვებდა ის კანდიდატი, რომელიც პირველ ადგილზე იყო გასული პირველი ტურის შედეგების მიხედვით და ყველგან იყო ეს „ქართული ოცნება“. რაკი ადამიანთა თითქმის იგივე რაოდენობა ჩაერთო, სავარაუდო იყო, რომ გამარჯვება ისევ „ქართულ ოცნებას“ დარჩებოდა.
სავარაუდოდ, ის ხმები, რომელიც პირველ ტურზე სხვა, ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს, უნდა წასულიყო, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ოპოზიციურ ძალასთან, თუმცა ასე არ მოხდა, რატომ ასცდა რეალობა ლოგიკას?
- დავაზუსტოთ, ყველგან ნაციონალები არ უპირისპირდებოდნენ „ოცნებას“ , როგორც ოპოზიცია. თბილისში მარტივი ასახსნელია - არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ვერ მიაღწია მეორე ტურამდე, არ იყო დადებითად კი არა, ნეიტრალურად განწყობილიც კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ - ყველა მათგანი კრიტიკულად იყო განწყობილი - შესაბამისი განწყობა ჰქონდა მათ ელექტორატსაც.
არალოგიკური იქნებოდა, ეს ხმები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აღმოჩენილიყო. ერთადერთი, რამაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა პროცენტი, ეს არის მათდამი კრიტიკული ან „ოცნების“ მხარდამჭერი ელექტორატის სიზარმაცე, ანუ არწასვლა არჩევნებზე და ამის პროპორციულად იზრდება ნაციონალების შედეგიც. ის, რომ მათ ხმები მიიღეს სხვა ოპოზიციური პარტიების რესურსიდან, ეს ვერსია გამორიცხული მგონია.
რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას, სწორედ აქტივობის გაზრდის თვალსაზრისით რამდენიმე ბიზნესკომპანიამ მოაწყო აქცია, თუმცა ამას ის შედეგი მოჰყვა, რომ მოსახლეობის დაახლოებით იგივე ოდენობა მივიდა არჩევნებზე, ცოტა ნაკლებიც კი, რაც წინა ტურზე იყო. თუმცა სალაპარაკო მისცა ნაციონალებსაც და ზოგიერთ დამკვირვებელსაც, რომელსაც ამ აქციის მიმართ კითხვები გაუჩნდა. ყოველ შემთხვევში, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ეს ფაქტი აღნიშნა...
- საინტერესოა, შეცვალა თუ არა რამე ამ „მომგებიანმა თითმა“, თუ ვიკვლევთ, შეიძლება, ასეთი ვერსია განვიხილოთ - აქციაში ჩაერთო უფრო ასაკიანი ამომრჩეველი, სამაგიეროდ შესაძლოა, სიზარმაცე გამოჩინეს ახალგაზრდებმა - ასეთ შემთხვევში შეიძლება, მივიღოთ იგივე რიცხვი.
რაც შეეხება კითხვებს ამ აქციის მიმართ, რა თქმა უნდა, ნაციონალებსაც და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც სალაპარაკო ექნებათ, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ის, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და სკანდალური არჩევნები არ იყო, ეს ფაქტი ალბათ საკმარისია იმისათვის, რომ არ ვილაპარაკოთ, რომ რამე დარღვევებმა იქონია კარდინალური გავლენა.
რაც შეეხება, ინიციატივას, არ მესმის, რატომ უნდა ყოფილიყო ის ხელისუფლების იდეა, რადგან არანაირი გარანტია, რომ ამ აქციაზე წამოეგებოდა არა „ოცნების“, არამედ ნაციონალების მხარდამჭერი, ალბათ, არ არსებობდა. ამ აქციით შესაძლოა, მოხიბლულიყო ის, ვისაც ეკონომიურად შედარებით უჭირს ანუ საშუალო ასაკის ფენა - სწორედ ეს ფენაა ყველაზე მეტად კრიტიკულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ, იმის გამო, რომ მას სამართლიანობის აღდგენა გაუჭირდა. ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებში ეს პროტესტი ნაკლებია.
შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ამ მიპატიჟებით საარჩევნო უბნებთან, სწორედ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი მივიდა და არა მათი მხარდამჭერები - ამიტომ, კითხვის ნიშანი, რომ ეს ხელისუფლებისთვის მომგებიანი აქცია იყო, სრულიად უადგილოა.
ისიც საინტერესოა, ამ აქციის გარეშე რა მოხდებოდა? ან რა მოხდა იმ უბნებში, სადაც ეს კომპანიები არ არის შესული და მათმა იდეამ ვერ იმუშავა - როგორი პროცენტული რაოდენობაა იმ უბნებთან შედარებით, სადაც ეს ფირმები იყო წარმოდგენილი? ის, რომ კომპანიები ხშირად აწყობენ რაღაც აქციებს მომხმარებლის მოსაზიდად, ახალი არ არის - როგორც ჩანს, ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად მომგებიაბნი იდეა ერთმანეთს შეუთავსეს. პირადად მე, ამ იდეამ ძალიან გამართო.
რაც შეეხება უფრო სერიოზულ თემას, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებები - გიგა ბოკერია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს იყო არადემოკრატიული არჩევნები და უკანგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის (არგუმენტად მოჰყავს უგულავას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაკავება), აცხადებს, რომ თითოეული ხმის დასაცავად იბრძოლებენ. რამდენად ობიექტურია ამ შემთხვევაში მსგავსი განცხადებები?
- გიგა ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდაა, საიმისოდ, რომ იგულისხმო, ის მხოლოდ პროპაგანდისტული ფორმულის გამჟღერებელია - ხომ არის, როდესაც პოლიტიკაში ერთ ფორმულას დადებენ და შემდეგ ყველა ერთსა და იმავეს იძახის - ამ როლისთვის გიგა ძალიან მენანება და ვისურვებდი, რომ გინდ იყოს კრიტიკულად განწყობილი და გინდ არა, რაღაც ორიგინალური არგუმენტით იყოს მისი პოზიცია გამყარებული და არა იმით, რაც მან კარგად იცის - რომ ეს უკვე მობეზრებული აქვს საზოგადოებას. კარგად იცის, რომ ხშირად ერთი და იგივე არგუმენტის ტრიალი ამ არგუმენტს ასუსტებს და არ აძლიერებს იმ საზოგადოებაში, რომელშიც, უგულავას დაჭერას დიდი აღშფოთება არ გამოუწვევია.
აღიარებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არა, ეს უკვე მათი საქმეა, მაგრამ ის, რომ „ქართულმა საზოგადოებამ“ მისცა უპირატესობა სხვა პარტიას, ამაში გარკვეული წვლილი თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მიერ დაშვებულ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შეცდომებს აქვს. ამ შეცდომების დიდი წილი მოდიოდა უგულავაზე. ამ, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომებში არის დანაშაულები და არა მხოლოდ ბიუჯეტის თანხების მითვისება, არამედ არჩევნებში ხმების მითვისებაც არის. სარეკორდო მითვისება განახორციელეს, როდესაც სააკაშვილი 53%-ით გავიდა - სოციოლოგიური კვლევებით ჩანდა, რომ მათ დაახლოებით 25-30% ხმებისა, გააყალბეს.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2012 წლის არჩევნებშიც გაყალბებული ხმების რიცხვი დიდი იყო, ისიც 30%-ს უახლოვდება. NDI-ს გამოკვლევით 10% იყო, არჩევნებში ნაციონალების მხარდამჭერი და პარლამენტში შევიდა 40%. ამ პოზიციის ავტორმა დღევანდელი არჩევნების დარღვევებზე რომ ილაპარაკოს, ეს გამაღიზიანებელია საზოგადოებისთვის.
ეს რომ ვერ გათვალა „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ ჭკვიანმა ფენამ, ეს არის გარკვეული თვალსაზრისით დასანანი, რადგან ველოდებოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცეებს ისწავლიდა და უფრო მაღალი დონის კონკურენტი იქნებოდა, ანუ საკუთარ თავს გაზრდიდა ამ ბრძოლაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ ის გააკეთა, რომ გამაღიზიანებლად მოქმედებს საზოგადოებაზე - იმას აბრალებს სხვებს, რის გამოც საზოგადოება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილია - ხმების, ბიუჯეტის მოპარვის, დანაშაულების გამო. დაჭერებზე ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც კატასტროფულ მაჩვენებელში აიყვანა პატიმართა რიცხვი და მდგომარეობა.
ამ ფონზე მათი მხრიდან ასეთი შეფასებები ალბათ მათთვის ყველაზე წამგებიანი ნაბიჯია. ამ არჩევნებით არ მთავრდება პოლიტიკა, 2016 წელი მოდის და ისე იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ დიდია შანსი, ამ დროისთვის კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი დაიბევოს.
თუმცა ხელისუფლებას დემოკრატიისკენ სვლის არგუმენტად სწორედ არჩევნების მეორე ტურის გამართვა მოჰყავს და მართლაც, საქართველოში, პირველად, ადილობრივი არჩევნების ისტორიში, შედგა მეორე ტური. თქვენი შეფასებით, ეს რას უსვამს ხაზს?
- ხელისუფლების გამეორება არ მინდა, რადგან ხელისუფლება ხშირად ისე იმეორებს ამას, არ იშიფრება, რატომ არის დემოკრატიული და აღიქმება, როგორც სტერეოტიპული ფრაზა.
ხელისუფლებამ, უფრო ზუსტად, „ქართულმა ოცნებამ“ დააწესა 50%-იანი ბარიერი, მერე მთელ რიგ რეგიონებში თვითონვე ვერ შეწვდა ამ ბარიერს და მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვანში, როგორიც თბილისია, დააკლდა 4-5 პროცენტი. ეს არ მოიპარა და ჩაატარა ხელმეორე არჩევნები.
იმის გამო არ ჩატარებულა მეორე ტური არასოდეს, რომ ხელისუფლება აწესებდა ყოველთვის იმ დონის ბარიერს, რომლის გადალახვაც თვითონ არ გაუჭირდებოდა. მეორე მხრივ, თუ გაუჭირდებოდა, მერე უკვე აგროვებდა აკრძალული ხერხებით მისთვის საჭირო ხმებს. ამიტომ არ ყოფილა მეორე ტური არასოდეს.
რაკი დღეს მეორე ტური გაიმართა, გამოდის, რომ ის ორი ელემენტი იყო ისეთი, როგორიც შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებას - ბარიერი ისეთი, რომლის გადალახვაც თვითონ მმართველ პარტიასაც გაუჭირდება და გაუჭირდა კიდეც და პატიოსანი დამოკიდებულება ამ გასაჭირთან - ანუ მიღება თამაშის იმ წესისა, რომელიც ეხება ყველას ერთნაირად. ეს არის დემოკრატია.
რაკი გამონაკლისი არ გაკეთდა არც კანონში და არც მერე, ამ კანონის აღსრულებაში, მივიღეთ მეორე ტური. ამიტომ არის მეორე ტური დემოკრატიულობის ნიშანი - და ახლა ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც წესით, მთავრობა უნდა აკეთებდეს.
მმართველი ძალის ლიდერები ნაკლებად ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან, გამონაკლისების გარდა და ასეთი იყო პრემიერის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ღარიბაშვილმა ისტორიული უწოდა ამ არჩევნებს და თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვა, მთავარია, რომ გაიმარჯვა ქვეყანამ. თუმცა აქამდე ხაზს უსვამდა-ხოლმე ნარმანიას გამარჯვებას და ამის გამო მის მიმართ საყვედურებიც კი ისმოდა...
- სასიამოვნო ტენდენციაა ქართულ პოლიტიკაში, თუკი გამყარდა ეს ტენდენცია - მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, როდესაც ამ რანგის სახელმწიფო მოღვაწე აფასებს მოვლენას ქვეყნის მასშტაბით და არა მისი პარტიის მაშტაბით გამარჯვებას ან წაგებას, არმედ მოვლენას, რომელიც სიახლეა და მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. ასეთი მოვლენა მოერე ტურის არჩევნები უდავოდ არის.
არის თუ არა ეს არჩევნები კარგი სტარტი 2016 წლის არჩევნებისთვის?
- რა თქმა უნდა, იმ მხრივ, რომ კარგი ტრადიციები ყალიბდება- არჩევნების მიმართ მეტ-ნაკლებად პატიოსანი დამოკიდებულება. მეტ-ნაკლებად, იმიტომ ვამბობ, რომ ხელი ბევრს წაუცდება მაინც, მაგრამ ის, რომ სტანდარტად შემოდის პატიოსანი დამოკიდებულება და არა მოპარვა ხმებისა, ეს ალბათ კარგი სტარტია.
თუ საარჩეო კოდექსის შეცვლაც დაემატება?
- მაშინ კარგი იქნება, ხოლო თუ საარჩევნო სიებიც დაამატეს, მთლად უკეთესი. ასეთ შემთხვევასი 2016 წლის არჩევნები უნიკალური იქნებოდა.
იგრძნობა, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით აპირებს ნაბიჯის გადადგმას? ვნახეთ, რომ ამ არჩევნებისთვის თავი შეიკავა.
- ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ხელისუფლება თუ იგრძნობს რომ 50%-იანი ბარიერის დაწესებით, (შეეძლო კრიტიკა არ მიეღო და არ დაეწესებინა) კარგი საქმე გააკეთა. წესით, უნდა დაენახა და საზოგადოებამაც კარგად უნდა დაანახოს, რომ ეს ხელისუფლების პლუსია, მან დაიცვა სტანდარტი, მაშინაც კი, როცა გაუჭუირდა ამ სტანდარტის შესრულება. სასურველია, რომ ამისთვის ხელისუფლებამ საზოგადოების აპლოდისმენტი მოისმინოს.
თუ შესაბამისად, ის დანარჩენ ელენმენტებსაც მოაწესრიგებს, კანონსა და სიებს, ამან სირთულეც რომ შეუქმნას მმართველ პარტიას, ორივე მაინც მის პლუსებში ჩაიწერება. მათი მოწესრიგებით უფრო მეტ ხმებს მიიღებს მმართველი პარტია, 2016 წლის არჩევნებისთვის, ვიდრე ამ საკითხის მოუწესრიგებლად დატოვებით.