იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ქართული ავტობიზნესი

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ქართული ავტობიზნესი

იაპონიაში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ და ცუნამმა, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, გავლენა უკვე იქონია მსოფლიო ეკონომიკაზე. იაპონიის ტრაგედიით სხვა ქვეყნებთან ერთად დაზარალდა საქართველოც – კონკრეტულად კი, ქართველი ავტომფლობელები და ის ფირმები, რომლებსაც “ამომავალი მზის ქვეყნიდან“ ავტომანქანები შემოჰყავდათ. ამის პარალელუარდ ბუნებრივია  პრობლემები შექმნათ საქართველოს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც. ამ ქვეყნებში ავტომობილები ხომ როგორც წესი ფოთის პორტის მეშვეობითა და საქართველოს გავლით შემოჰყავდათ. 

ჯერჯერობით დაუდგენელია, კონკრეტულად რა ზარალი მიადგა ქართულ სატრანზიტო ფირმებს, თუმცა ავტომობილების შემომყვანთა უმეტესობა იმედიანადაა, რადგან, მანქანების აბსოლუტური უმრავლესობა იაპონიაშივე გახლდათ დაზღვეული. იაპონიის სადაზღვეო კომპანიები კი, ნაკისრ ვალდებულებებს როგორც წესი პატიოსნად ასრულებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მანქანების შემოყვანის პროცესი აუცილებლად გაიწელება და ეს ყველაზე მეტად მათ დააზარალებთ, რომელთაც ბანკებიდან პროცენტიანი ვალი აქვთ აღებული. 

ავთო ქელეხსაშვილი, ავტომფლობელი: “ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე “ტოიოტა პრადოს“ შეძენა. მივაკითხე ერთ–ერთ ქართულ ფირმას, რომელსაც მანქანები შემოჰყავს. მთელი თანხა  – 9 ათასი დოლარი წინასწარ გადავიხადე. ამ ფულიდან ნაწილის – 1500 დოლარის სესხება მომიწია და ჩემს ბედად სწორედ ახლა დაემთხვა მთელი ეს უბედურება, რაც იაპონიაში მოხდა. ფირმა 100%–იან გარანტიას მაძლევს, რომ ჩემი მანქანა გადაურჩა ცუნამს და ავტომობილი აუცილებლად ჩამოვა, მაგრამ, ვადებს ვერ მეუბნებიან. 

კარგად მესმის, რომ ახლა იაპონიაში არეულობაა და ჩემი მანქანისათვის არ ცხელათ, მაგრამ მანქანა რაც გვიან ჩამომივა, ბუნებრივია უფრო მეტად დავზარალდები. ჯერ ერთი რომ, ამ მანქანის გაყიდვას ვაპირებდი და ბანკის პროცენტების გადახდა ჩემი ჯიბიდან მომიწევს. ამბობენ, იაპონიის ამბების მერე, იაპონური მანქანების ნაწილები ძალიან გაძვირდებაო და ამიტომ, ავტომობილის გაყიდვაც გაჭირდება. მთელი ჩემი ფული ამ მანქანაში მიდევს და მეშინია საერთოდ ხახამშრალი არ დავრჩე“. 

სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების დაახლოებით 55% იაპონიაზე მოდის. ანუ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ავტობიზნესი უწინარესად იაპონიაზეა დამოკიდებული. იაპონიის შემდეგ, ყველაზე მეტად მოთხოვნა გარმანულ და ამერიკულ მანქანებზეა, თუმცა იაპონური ავტომობილების პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში განუხრელად იზრდება, რაც არ არის გასაკვირი. იაპონური მანქანები ხომ კომფორტულთან ერთად საწვავის ეკონომიურად წვითაც გამოირჩევიან და გაძვირებული საწვავის პირობებში, ეს ნებისმიერი ოჯახისათვის დიდი შეღავათია. 

გიორგი ბეჟანიშვილი: “რაც ვჩემი “მიცუბიში“ შევიძინე, როგორც იტყვიან – დავისვენე. იაპონური მანქანები რომ წვავს, ეგრე ცოტას მგონი არც ერთი მანქანა არ წვავს. უბრალო ამბავი ხომ არაა, უკვე 2 ლარი გახდა ბენზინი. პრობლემა ისაა, რომ ნაწილებია ცოტა ძვირი და იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის მერე, ამბობენ უფრო გაძვირდებაო. მართალია იშვიათად მიფუჭდება მანქანა, მაგრამ თუ ნაწილების ფასი კატასტროფულად გაიზრდება, უკვე აზრი აღარ ექნება მანქანა  ცოტა ბენზინს დაწვავს თუ ბევრს, რადგან ავტომობილის შენახვა უკვე ისედაც ძვირი დამიჯდება. გუშინ რაღაც უბრალო ნაწილის შესაძენად ვიყავი ბაზრობაზე მისული და ნაწილი 5 ლარით იყო გაძვირებული. დავიჯერო, უკვე იქონია გავლენა მიწისძვრამ ფასებზე? რაღაც არა მგონია...“. 

როგორც იცით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის ტალღების სიმაღლემ ქალაქ კაისიში 10 მეტრს მიაღწია. ქალაქი მთლიანად დანგრეულია, ასობით ავტომანქანა წყალმა წაიღო. ავტომანქანების შემომტანი ქართული ფირმების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ ქალაქ კაისასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, რადგან თურმე, ამ ქალაქიდან ავტომობილების ექსპორტი არ ხორციელდება  და ქართულ ფირმებს განსაკუთრებული ზარალის ამიტომ არ ჰქონიათ. 

ჩვენ ეს ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით სულ ადვილად გადავამოწმეთ. გაირკვა, რომ აწდანგრეულ ქალაქ კაისას პორტიდან მთელი მსოფლიოს მიმართულებით არამხოლოდ ავტომობილები გადიოდა, არამედ, ეს რეგიონი ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორად ითვლებოდა მთელს იაპონიაში. მაგალითად, რუსეთში გასაყიდადად წასაღები ავტომობილები, ძირითადად სწორედ ამ პორტში იტვირთებოდა. 

ძნელი სათქმელია, რა არის ქართველი იმპორტიორების მხრიდან იმის მტკიცების მიზეზი, რომ ყველა დაზარალდა და მხოლოდ ისინი გადარჩნენ. ჩვენთან საუბარში, იაპონიიდან ავტომობილების იმპორტიორი ქართული ფირმის წარმომადგენელი – ხვიჩა ბერაია ამბობს, რომ ავტომობილების შემძენებს შიშის მიზეზი არ უნდა ჰქონდეთ და ყველას თავის კუთვნილი მანქანა სულ მალე ჩამოუვა. 

ხვიჩა ბერაია: “ჩვენი ფირმის მიერ შეძენილი ყველა მანქანა დაზღვეულია და გარანტირებულად ვიცით, რომ ყველა ავტომობილი სულ მალე ჩამოვა საქართველოში. პანიკის მიზეზს მე ვერ ვხედავ, რადგან  რომელიმე ავტომობილი რომც დაზიანდეს (თუმცა, ასეთი ინფორმაცია ჩვენს მანქანებთან დაკავშირებით მე ჯერჯერობით არ მაქვს), მის სანაცვლოს უპრობლემოდ ვუშოვნით კლიენტს. ანდა, ბოლოს და ბოლოს, ფულს დავუბრუნებთ. 

მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, იაპონიიდან ავტომობილების იმპორტიორი ამერიკული ფირმებიც შეშფოთებული არიან და დიდ ზარალს ვარაუდობენ. ქართულ ფირმებს რა განსაკუთრებული გარანტიები აქვთ ასეთი, რომ ყველა მშვიდადაა?  

– ამერიკაში რა ხდება ნამდვილად ვერ გეტყვით და არა მაქვს ინფორმაცია იქაურ განწყობებთან დაკავშირებით. ადვილი შესაძლებელია, რომ კონკრეტული ფირმები მართლაც დაზარალდა, მაგრამ ჩვენ ფაქტია რომ გადავურჩით ამ უბედურებას და ის ავტოფარეხები, სადაც ჩვენი შეძენილი მანქანები დგას,  – გადარჩა!. ახლა უბრალოდ, ავტომანქანების შემოყვანის ვადებია დასადგენი და გემების პრობლემაა მოსაგვარებელი...

ანუ, მანქანების შემოყვანა გართულებულია? დაახლოებით როდისთვის ვარაუდობთ შეძენილი მანქანების შემოყვანას და რა არის ამისათვის თქვენი მხრიდან გასაკეთებელი? 

– სიმართლე რომ გითხრათ, ეს უკვე ჩვენზე ძალიან ნაკლებად არის დამოკიდებული. ერთადერთი ახლა რაც შეგვიძლია ისაა, რომ ჩავიდეთ იაპიონიაში და ჩვენი საქონელი ვნახოთ, მოროდიორებმა ხომ არ დააზიანეს. სხვა დანარჩენს იაპონური მხარე აგვარებს და გემიც (ჩვენთან შეთანხმებით) მათ უნდა დატვირთონ. მე უკვე ვესაუბრე ჩვენს პარტნიორს – სიუ ჰოკანოს, რომელიც შეგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს მინიმუმ აპრილის შუა რიცხვებში მაინც რომ აქ იყოს ფოთში ჩვენი მანქანები. 

ამ ყველაფრის შემდეგ, აპირებთ მომავალშიც გააგრძელოთ იაპონელებთან თანამშრომლობა? 

– თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ, თუმცა რა რაოდენობის ავტომობილებს შევიძენთ მომავალში, ეს ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ უახლოეს თვეებში აუცილებლად მოიმატებს მანქანების თვითღირებულება, რაც გვაიძულებს, რომ აქ ჩვენც ავუწიოთ ფასი. ეს ბუნებრივია გაყიდვებს შეამცირებს. ერთი სიტყვით, საავტომობილო ბიზნესი ახალი რეალობის წინაშე დგას. ან უნდა გავრისკოთ და შემოვიყვანოთ ძვირადღირებული მანქანები, ანდა, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს კი, ძალიან დაგვაზარალებს“. 

როგორც ცნობილია, იაპონიიდან, ამერიკიდან და ევროპიდან ავტომანქანებს ჩვენი თანამემამულეები ინტერნეტის საშუალებით – ე.წ. გამოწერითაც ყიდულობენ. ეს, მანქანის შეძენის ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი ხერხია. გახსნილია უამრავი საავტომობილო ყიდვა–გაყიდვის ვებ–გვერდი, რომლის საშუალებითაც მყიდველი არჩევს სასურველ მანქანას, ინგლისურ ანაზე წერილს სწერს, ანდა მითითებულ ტელეფონის ნომერზე უკავშირდება გამყიდველს, ათანხმებს ფასსა და სხვა დეტალებს. ამის შემდეგ, მანქანის ღირებულების საგარანტიო 10 პროცენტს რიცხავს გამყიდველის ანგარიშზე და ეს უკანასკნელი, გემით აგზავნის ავტომობილს. ეს ხერხი მოსახერხებელთან ერთად იმითაც არის კარგი, რომ მყიდველს მფლობელთან შევაჭრებაც შეუძლია. 

იაპონიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტად, სწორედ ეს ე.წ. ინტერნეტით დამკვეთები დაზარალდნენ, რადგან, მათი მიერ შესყიდული ავტომობილების ნაწილს დაზღვევა არ ჰქონდა გავლილი და შესაბამისად, თუკი მანქანა მიწისძვრისა და წყალდიდობის შემდეგ დაზიანდა ან განადგურდა, ზარალს ვერავინ აუნაზღაურებთ. 

თბილისელი ლალი ხმიადაშვილი ინგლისური ენის ცოდნის წყალობით, საკუთარ ძმას ეხმარებოდა იაპონიიდან ავტომანქანების იაფად გამოწერაში. ამაში თავისი ძმა ქალაბატონ ლალის, გაყიდული მანქანიდან დარჩენილი მოგების ნახევარს უხდიდა და ერთგვარი ოჯახური ბიზნესიც მეტ–ნაკლებად კარგად მისდიოდათ. თუმცა, დღეს ხმიადაშვილებს შემოსავლის დაკარგვა ემუქრებათ... 

ლალი ხმიადაშვილი: “ღმერთის მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ჩვენს მიერ უკანსკნელი გამოწერილი ავტომობილი ფოთში 10 მარტს ჩამოვიდა. როგორც იცით, იაპონიაში უბედურება 11–ში დაიწყო. ღვთის დახმარებით, ძალიან გაგვიმართლა, რადგან მანქანა დაზღვეული არ იყო და რამე რომ მომხდარიყო,  8 ათასიანი ავტომობილი ვალად დაგვედებოდა. ახლა, ამ მანქანასაც გავყიდით და მერე იძულებულები ვიქნებით, სხვა საქმე ვეძებოთ, რადგან მომავალში იაპონური ავტომობილები იაპონიაშივე ძალიან გაძვირდება. 

იაპონური მანქანები ალბათ მართლა გაძვირდება, მაგრამ, მხოლოდ იაპონიიდან ხომ არ ჩამოყავთ მანქანები?  მაგალითად, აშშ–დან შემოყვანაში რა გიშლით ხელს? 

– ხელს ის გვიშლის, რომ ამერიკულ ავტომობილებზე მოთხოვნილება საქართველოში ძალიან მცირეა და თუ გაყიდვის პროცესი გაიწელა, ზარალში წავალთ. იგივე პრობლემაა ევროპასთან დაკავშირებითაც. თუმცა, ახლა ისეთ პრობლემას გადავურჩით, რომ საწუწუნო არაფერი მაქვს... 

თქვენ მართლაც რომ გიმართლათ, მაგრამ ხომ არიან ისეთები, რომელთაც არ გაუმართლათ და ვერ მოასწრეს უკვე შეძენილი მანქანის იაპონიიდან ჩამოყვანა... 

– რა თქმა უნდა არიან და ყველა ძალიან მეცოდება. ინტერნეტში ერთი ამბავია ატეხილი ამის გამო. ხალხი ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი და არამხოლოდ საქართველოში... ზოგმა სახლი გაყიდა, ზოგმა ბოლო კაპიკები ჩადო ამ საქმეში და უკვე იციან, რომ აღარაფერი ეშველებათ. დაზღვევა კი არის გამოსავალი, მაგრამ მაგასაც ფული უნდა. თან, აქამდე იაპონიიდან მანქანების ჩამოყვანა ყველაზე უსაფრთო საქმე იყო“. 

როგორც ხედავთ, იაპონიაში განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ ავტობიზნესს სერიოზული დაღი დაასვა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, უახლოეს მომავალში იაპონური ავტომობილების ფასი განსაკუთრებულად გაიზრდება.