სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში თავისი არჩევანის გაკეთებას ვერ შეძლებს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რადგან მუხლი, რომელიც მერაბიშვილს აქვს წაყენებული, მძიმეა. რაც შეეხება გიგი უგულავას და ბაჩო ახალაიას, მათ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.
„არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ პატიმრებს აქვს, რომლებსაც არ აქვთ მისჯილი, ან მისჯილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. სულ 608 პატიმარია სიაში. წინა არჩევნებზე მცირე რაოდენობამ გამოთქვა სურვილი, თუმცა ახლა ბევრად მეტია, ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი პატიმარი მისცემს ხმას გვეცოდინება საღამოს. გლდანში არის 548 პატიმარი და 7 არის მატროსოვში, მატროსოვში სამმა პატიმარმა უარი თქვა, ოთხმა კი თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ერთ-ერთი ვინც საკუთარი არჩევანი თბილისის მომავალი მერის სასარგებლოდ მატროსივის ციხეზე გააკეთა, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაა. „ხმა მივეცი! ნიკა, აბა, შენ იცი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მთავარი შინაგანი სიმართლეა, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად იქცევა გამარჯვებად! არ დაიზაროთ - მიდით არჩევნებზე“, - გიგი უგულავამ ეს განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა.
მუხლის სიმძიმის გამო ვანო მერაბიშვილის გარდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო კუდ-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლევან ქარდავამ, რომელიც გლდანის მე-8 დაწესებულებაში ე.წ. კორპუსზე იმყოფება. გარდა ამისა, მუხლის სიმძიმიდან გამომდინარე არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას ბიძაშვილმა, კობა თოდუამ.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, for.ge-ს ინფორმაციით ბაჩო ახალიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მისი უფლებების დამცველი რომეო საჯაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხზე მას ახალიასთან არ უსაუბრია. კითხვაზე, აქვს თუ არა დეპარტამენტს ახალაიას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საჯაია ამბობს, რომ არ იცის.
„ბაჩოსთვის არ მიკითხავს, შეიძლება ციხეში იყოს მისი პირადობა, არ ვიცი, ამ თემაზე ნამდვილად არ გვისაუბრია. რაც შეეხება რომა შამათავას, მას პირველ ტურში ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი, პირველ ტურში წინა დღეს შევუგზავნე პასპორტი, რადგან პირადობის მოწმობა არ გადმოგვცა გამომძიებელმა. მას უნდოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა. ეს არის დეპარტამენტის ბრალეულობა და არა მატროსოვის ციხის“, - აცხადებს რომეო საჯაია.
სასჯელაღსრულების მე-8 და მე-12 დაწესებლებებში სარჩევნო უბნებზე მსჯავრდებულების აქტივობა დაფიქსირდა. ხმის მიცემის უფლების მქონე იყო 608 მსჯავრდებული და ბრალდებული. საარჩევნო უფლებით ისარგებლა მსჯავრდებულებმა, რომლებიც სასჯელს იხდიან 5 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის 501 მორიგე თანამშრომელს, მათ არჩევნებში მონაწილეობა ცესკო-ს მიერ განსაზღვრულ უბნებზე მიიღეს. პენიტენციურ სისტემაში შესვლისა და არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ ყველა მედიასაშუალებას და დამკვირვებელს ჰქონდა.
რაც შეეხება აქტივობას, გლდანის ციხის 111-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე გიორგი კვარაცხელიამ ჟურნალისტებთაან საუბრისას აღნიშნა, რომ არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, პატიმართა აქტივობა მეორე ტურში მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო. დღესვე ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ საარჩევნო პროცესს გლდანის მე- 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკვირვებოდნენ, სადაც სამინისტროს ინფორმაციით დაფიქსირებულია 445 ამომრჩეველი. დღის მეორე ნახევარში საკუთარი არჩევანი 85 პატიმარს ჰქონდა გაკეთებული.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში სამი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. გლდანის მე-8 და მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დანარჩენ დაწესებულებებში კი სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით ხმის მიცემის პროცედურა გადასატანი ყუთების მეშვეობით ჩატარდა.