საარჩევნო უბნები დახურულია, პოლიტიკური პარტიები წინასწარი შედეგების გამოცხადებას ელოდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმართველობის არჩევნებს აფასებს როგორც „არადემოკრატიულს“ და „არათავისუფალს“, „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური წარმატებით ჩატარდა.
როგორც for.ge-ს ნაციონალმა, გიგა ბოკერიამ განუცახდა, საარჩევნო უბნები დახურულია და ამჟამად, ფრონტის ხაზი ხმების დათვლაზე გადის.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თითოეული ხმის დაცვას და ყველა დარღვევაზე რეაგირებას აპირებს.
„სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები იყო არადემოკრატიული, არათავისუფალი და უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკარტიის განვითარების კუთხით. ჩვენი ქვეყნისთვის ეს პროცესი ძალიან სახიფათო მიმართულების მიმცემია. დაწყებული უგულავას სკანდალური და უსაფუძვლო დაკავებებით, დამთავრებული დღევანდელი პროცესით. სამწუხაროა, რომ ძალადობისგან თავი საარჩევნო დღესაც კი ვერ შეიკავეს და ჩვენი მხარდამჭერებიც კი დააკავეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორც დემოკრატიული ძალა კონცენტრირებული ვართ ხმების დაცვაზე და ვაგრძლებთ ბრძოლას“, - განაცხადა ბოკერიამ, რომლის პათოსს იზიარებს სერგო რატიანი.
დეპუტატის მოსაზრებით, არჩევნებმა პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ჩაიარა.
რატიანის განცხადებით, დემოკრატიის თვალსაზრისით, თვითმართველობის არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
„ფაქტორბივად, ეს არჩევნები ძალადობისა და პოლიტიკური დაპატიმრებების ფონზე ჩატარდა. ეს არის გარემო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. ამ გარემოში კი, ყოველი ხმა უნდა დავიცვათ“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.
კანონმდებელი მეორე ტურის შედეგების გამოცხადებას ელოდება და პროგნოზირებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილი იქნება.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი შედეგი გაუმჯობესებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები პოლიტიკური რეპრესიების ფონზე წარიმართა“, - დასძენს რატიანი.
ოპონენტებისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური წარმატებით ჩატარდა და მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვა დღეს, რადგან ქვეყანამ გაიმარჯვა. მთავრობის ხელმძღვანელის ცნობით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
„ყველა ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, დღეს ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების პრაქტიკას საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერმა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ამომრჩეველს გადაუხადა.
პრემიერის პროგნოზით, არჩევნების წინასწარი შედეგი რამდენიმე საათში იქნება ცნობილი, თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურშიც გაიმარჯვებს.
„ცესკომ 24 საათიან რეჟიმში იმუშავა იმისთვის, რომ არჩევნების მეორე ტური ყოფილიყო ისეთივე დონის, როგორც ეს 15 ივნისს იყო და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მეორე ტურსაც ასეთივე შეფასება მოჰყვება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ არჩევნების წარმატებით ჩატარებით ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა. ეს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი მოვლენაა“, - დასძინა პრემიერმა.
მეორე ტურის წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები 20:00 საათისთვის დაიხურა. დღეს მერებსა და გამგებლებს იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ამომრჩეველი ირჩევდა, სადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა 15 ივნისის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მერის არჩევნები გაიმართა თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში. გამგებლების არჩევნები კი ჩატარდა ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში.