დღეს, ვაზიანის პოლიგონზე ავიაციის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. საავიაციო წვრთნას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. სწავლების დაწყებამდე საავიაციო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვლმა გენერალს წვრთნის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
წვრთნაში ოთხმა ერთეულმა სუ-25-მა და სამმა ერთეულმა ელ-39 ტიპის თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა. სწავლებაში UH-1H „იროკეზი“-ს ტიპის შვეულმფრენებიც იყო ჩართული.
იმიტირებული სცენარის მიხედვით, ორი ჰაერსაწინააღმდეგო ოცეულით გაძლიერებულმა მოწინააღმდეგის მოტომსროლელმა ბატალიონმა სტრატეგიული რაიონი, სწრაფი შეტევით, მოკლე ვადებში დაიკავა. მათი ამოცანა გადაჯგუფების მოხდენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მიზანზე იერიშის განსახორციელებლად მომზადება იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საავიაციო ბრიგადის ამოცანა სიგნალის მიღებისთანავე მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონის გაანადგურება იყო. ქართველ მფრინავებს თავდაცვაში მდგომი ქვეითი ქვედანაყოფების პოზიციებზე მოწინააღმდეგისთვის იერიშის მიტანის საშუალება არ უნდა მიეცათ.
საჩვენებელი სწავლების დროს სხვადასხვა ტიპის საავიაციო ტექნიკა თანმიმდევრობით მოქმედებდა და სახმელეთო მიზნებს სხვადასხვა შეიარაღებით ანადგურებდა.
ვაზიანის პოლიგონზე ავიაციის საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ ასევე, აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე, შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადის მეთაურები, გენერალური შტაბისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.
ავიაციის საჩვენებელი სწავლებით 17 დღიანი წვრთნა დასრულდა. სწავლება სამ ეტაპს მოიცავდა. პირველად მფრინავებმა მოსამზადებელი წვრთნები საკონტროლო-ტაქტიკური პრაქტიკული ბომბების გამოყენებით გაიარეს. მეორე ეტაპზე სწავლება საბრძოლო ბომბებით საცეცხლე მომზადებას დაეთმო. ბოლო ფაზაში კი წვრთნები ძირითადი შეიარაღებით ჩატარდა და მიღწეული შედეგების შეფასება მოხდა. გეგმიური სწავლების მიზანს ავია-საშუალებების ეფექტური გამოყენება და მფრინავების უნარ-ჩვევების ამაღლება წარმოადგენდა.