სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ის ბინიდან სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა ამოწერა.
სოზარ სუბარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე პოლიტიკურ წრეებში დღეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი ვერსიით, სუბარის კუთვნილი ბინა ყიფიანმა შეიძინა, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების მინისტრი ბინიდან სპორტის მინისტრმა ამოწერა.
აღნიშნული ინფორმაცია for.ge-სთან საუბარში სუბარმა კატეგორიულად უარყო.
„აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია, მაგრამ ამ ჭორის საფუძველი შეიძლება ის იყოს, რომ როდესაც, ახალი პირადობის მოწმობა ავიღე, იქვე ჩემთან ახლოს ლევან ყიფიანი იყო და ის მოწმედ დავიყენე. შეიძლება, მისი ხელმოწერა ვინმემ არასწორად გაიგო“, - განაცხადა სუბარმა, რომელიც დღეს, საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა, რის გამოც, მინისტრი რეგისტრაციიდან მოხსნეს.
მინისტრის შეფასებით, საარჩევნი სიაში მისი არყოფნა ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.
სუბარის განცხადებით, 15 ივნისის არჩევნების დროს, ის გუბაზ სანიკიძის ბინაზე იყო მიწერილი.
„წინა არჩევნების დროს, გუბაზმა დამირეკა და მითხრა, ჩემს ბინაზე ხარ მიწერილიო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქუჩის გადანომრვა მოხდა და გაურკვევლობა ამან გამოიწვია. მაშინ, ეს პრობლემა გადაიჭრა და ამას ყურადღება აღარ მივაქციე. ჩემი რეგისტრაციიდან მოხსნა გაუგებრობას უკავშირდება“, - განუცხადა for.ge-ს სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სოზარ სუბარმა ბახტრიონის 26-ში მდებარე მე-12 უბანზე ხმა ვერ მისცა.
ცესკოს სპიკერის, ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, სოზარ სუბარი რეგისტრაციიდან არის მოხსნილი ბინის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, შესაბამისად, ის ამომრჩეველთა სიაში ვერ აღმოჩნდა.