"არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ მეორე ტური ისეთივე იქნება, როგორც პირველი ტური. მისი თქმით, ვერც ერთმა ძალამ ვერ მოახერხა, რომ ამომრჩევლებისთვის "საკუთარი თავის საჭიროება დაენახებინა". ამომრჩევლების დაბალი აქტიურობა განპირობებულია არასწორი კამპანიით თუ პოლიტიკური ძალების მიმართ ზოგადი უნდობლობით", - ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი"საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.
"კამპანიის თვალსაზრისით ვერ ვიტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული შესაძლებლობები გამოავლინა რომელიმე კანდიდატმა. თითქოს პირველი ტურის შემდეგ კამპანიაც გააგრძელეს, შეხვედრებსაც მართავდნენ, მაგრამ მაინცდამაინც ეფექტიანი არ ყოფილა არც ერთის კამპანია და არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილება გამოიწვიოს", - აცხადებს არჩილ გამზარდია.
"ნამდვილად ვერ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ რაიმე განსაკუთრებული აქტივობა იყოს. ვფიქრობ, რომ, თუკი იგივე აქტივობა იქნება, ეს უკვე ნორმალურად ჩაითვლება. არის მოსაზრება, რომ სადაც ერთმანეთს "ოცნება" და "ნაციონალები" უპირისპირდებიან, ამომრჩეველთა აქტიურობა გაიზარდოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასე არ იქნება. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველ ტურზე "ნაციონალების" მხარდამჭერთა მობილიზაციის პიკი იყო და ახლა "ოცნება" შეეცდება, რომ თავისი ამომრჩევლების მობილიზება მოახდინოს. ეს ერთი და მეორე ის, რომ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, საზოგადოება რევანშისტულად არის განწყობილი არა ხელისუფლების მისამართით, არამედ "ნაციონალების" მიმართ და ამიტომ უფრო მოსალოდნელია, რომ, თუკი საერთოდ გაიზრდება არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობა, ეს "ოცნების" მხარდამჭერთა ხარჯზე მოხდება, მაგრამ არა მგონია, რომ რაიმე რადიკალური ცვლილება თუნდაც ამ მიმართულებით იყოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
"აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ, თუ რაიმე მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის რაღაც არ მოხდა, გაიმარჯვებს "ოცნების" კანდიდატი და ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელოვანი იქნება ხმების გადანაწილება. ვფიქრობ, რომ თუკი "ნაციონალებისა" და "ოცნების" კანდიდატებს შორის იქნება მცირე სხვაობა, ეს დადებითი არ იქნება ხელისუფლებისთვის, რადგან ეს უკვე აჩვენებს "ქართული ოცნების" კრიზისს. მით უმეტეს, რომ მათ თავის კამპანიაში სწორედ მაქსიმალური შედეგი ჰქონდათ მიზნად დასახული", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნაკლებ სავარაუდოა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩევლების რაოდენობა დაემატოს. მათ თავისი შედეგის მაქსიმუმი უკვე აჩვენეს. უგულავას დაპატიმრება, ვფიქრობ, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ "ოცნებაზე" იმედგაცრუებული მხარდამჭერები დაებრუნებინათ. ამიტომ, თუკი ამ ფაქტორს კარგად შეფუთავდნენ, შესაძლებელი იყო, რომ ემუშავა. მაგრამ, ვერ ვხედავ, რომ ეს მოახერხეს. საბოლოო ჯამში, ეს "ნაციონალებმა" უკეთესად გამოიყენეს, ვიდრე ხელისუფლებამ. რაც შეეხება დებატებს, ამასაც მხოლოდ რიტუალური დანიშნულება ჰქონდა და ნარმანია უფრო მეტად ჩადგა თავდაცვის რეჟიმში, მელია კი უფრო აგრესიული გამოჩნდა, რაც ქართულ კულტურაში დადებითად არ ფასდება და ამიტომ ვამბობ, რომ განსაკუთრებულ როლს ვერ ითამაშებდა", - დასძენს არჩილ გამზარდია.