მელია თუ ნარმანია? ვის ანდობს თბილისის ამომრჩეველი დედაქალაქს, ამას უკვე ცესკო ღამის 12 საათზე იტყვის. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, ხმების დასათვლელად პირველ ტურთან შედარებით, ნაკლები დრო იქნება საჭირო და ცესკო შეეცდება, წინასწარი შედეგები სწრაფად გამოაცხადოს.
თბილისის გარდა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა თვითმმართველ ქალაქში იმართება. 1 715 514 ამომრჩეველი 28 საარჩევნო ოლქში 8 მერს და 13 გამგებელს აირჩევს. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტურში საკუთარი კანდიდატების გაყვანა ყველა მუნიციპალიტეტში შეძლო, მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
დილიდან ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ცესკოს ინფორმაციით 10.00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში 117 409 ამომრჩეველმა მიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 6,84%-ს შეადგენს. რაც შეეხება თბილისს აქ აქტივობა 6,9%-ს შეადგენს, ანუ ამ დროისათვის თბილისში ხმა მისცა 63 253 ამომრჩეველმა.
რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისათვის დაფიქსირებულია ხონში, სადაც ამომრჩეველთა 13,2%-მა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ბათუმშია, სადაც 10.00 საათის მონაცემებით 4,6%-მა მიიღო მონაწილეობა.
დილიდან არჩევანი გააკეთეს თბილისის მერობის კანიდატებმა. დავით ნარმანიამ რომელსაც პირველ ტურში თბილისელების 46.09%-მა დაუჭირა მხარი, აცხადებს, რომ გაიმარჯვებს. ნარმანია ასევე დარწმუნებულია, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა იქნება.
„დედაქალაქი დაცლილი არ არის. არჩევნების მიმართ ხალხის ინტერესი გაიზარდა და თითოეული ადამიანი კარგად ხედავს, რომ თითოეული ხმა იგებს. ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩვენ დედაქალაქს, ხალხს და ქვეყანას ეკადრება და არჩეული იქნება ისეთი ღირსეული კანდიდატი, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანი გაკეთდება იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა შემოაბრუნა და დააყენა განვითარებისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ნარმანიამ.
არჩევანი უკვე გააკეთა საარჩევნო შტაბის უფროსის გარეშე დარჩენილმა ნიკანორ მელიამ, რომელსაც პირველ ტურში თბილისელების 27.97%-მა დაუჭირა მხარი. მელიას განცხადებით, დღეს უნდა აირჩიონ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და არ იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან.
„იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი თბილისელი გამოცხადდება დღეს საარჩევნო უბნებში, მათ შორის ისინი, ვინც პირველ ტურში არ გამოცხადნენ და გააკეთებენ იმ არჩევნებს, რაც მათ ოჯახში შეიტანს კეთილდღეობას. დღეს უნდა ავირჩიოთ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და იქნება ანგარიშვალდებული თბილისელებთან, ვინც დღეს არჩევანს აკეთებს და არა ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, ან კიდევ უფრო უარესი - ერთ ადამიანთან. დედაქალაქის მერი უნდა იყოს ყველას მერი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ჟურნალაისტებთან საუბრისას ნიკა მელიამ.
საქართველოში ახალი თვიმმართველობის ჩამოყალიბებას მისცა ხმა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს აქატიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დღეს საარჩევნო უბანში მისვლით ვემსახურებით არა პოლიტიკოსებს, არამედ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს.
„ჩვენ არა პოლიტიკოსებისთვის ვაკეთებთ არჩევანს, არამედ ვქირაობთ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ჩვენ გვემსახურონ. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ. თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესი ფორმაა დემოკრატიის, როდესაც ხალხი რეალურად მართავს თავის ცხოვრებას, ქალაქის, სოფლის, დაბის დონეზე“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კი ხმა მისცა საბოტაჟის, კოაბიტაციის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების დასრულებას. ირაკლი ღარაბაშვილის განცხადებით, მეორე ტურის გამართვით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ რეალურად არიან მოწოდებულნი, რეალური დემოკრატია ააშენონ ქვეყანაში.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველგან ვლიდერობთ და ყველგან გავიმარჯვებთ. დღეს დასრულდება არჩევნები და საბოლოო შედეგებს გავიგებთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მომავალი განვითარებაა. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჰალსტუხიანი კრიმინალების“ წინააღმდეგ მისცა ხმა, დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბის უფროსმა კახი კალაძემ, რომელმაც საკუთარი არჩევანი საირმეზე 64-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისგან განსხვავებით კი ნიკა მელიას საარჩევო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ არჩევანი მატროსოვზე ე.წ. სპეც უბანზე გააკეთა.
მიმდინარე არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდება აშშ-ის საელჩო. რიჩარდ ნორლანდს იმედი აქვს, რომ პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. რამდენადაც ვიცი, მეორე ტური საქართველოში არასდროს ჩატარებულა. აშშ-ის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის საელჩოები, ერთობლივი ჯგუფებისა და დამკვირვებლების დახმარებით, აკვირდებიან მიმდინარე არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ჩაივლის მშვიდობიანად და ნორმალურად, ხოლო ამომრჩევლები გააკეთებენ თავიანთ არჩევანს“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, მეორე ტურში არ არსებობს არანაირი ბარიერი და კვოტა, მნიშვნელოვანია არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა.
„რომელი კანდიდატიც მეტ ხმას მოაგაროვებს (არ აქვს მნიშვნელობა ეს მეტი ხმა რამდენი იქნება მთლიანობაში), ის გადის, მაგრამ ცხადია არჩევნებში მონაწილეობის მაღალ მაჩვენებელს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ეს ლეგიტიმაციის შედეგს აჩვენებს. თუ მოხდა ისე, რომ თბილისის მერი აირჩა თბილისის მოსახლეობის 10, 15 ან 20 პროცენტით, რასაკვირეველია ეს მერის ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხზე არ მეტყველებს. ასე რომ, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და მთლიანაობაში, სოციალუარი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არჩევნებში ამაომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდეს“, - აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი.
ამომრჩევლია აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით ამ პირობებში მნიშვნელობა არ აქვს ბარიერს, არამედ - რაოდენობას.
„თუკი ამომრჩევლის მობილიზაცია პარტიამ ან პოლიტიკოსმა ვერ მოახერხა, შეიძლება ერთი ხმით დაძლიოს მეორე კონკურეტმა. ასე რომ, აქტივობის შენარჩუნებას ორივე მხარისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პასიურობამ შეიძლება კონკურსის გარეშე დატოვოს ადამიანი, რომელსაც შეიძლება პასიურად ბევრი ამომრჩეველი უჭერს მხარს. ამდენად, აქტივობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს for.ge-სთანა საუბრისას რამაზ საყვარელიძე.