ცესკოს თავმჯდომარე ამომრჩევლებს მოუწოდებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში. თამარ ჟვანია ყველა ჩართულ მხარეს მიმართავს, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება იმ ვარაუდს, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“ შესაძლოა საარჩევნო უბნებზე გარკვეული სახის პროვოკაცია მოაწყოს.
For.ge თამარ ჟვანიას ესაუბრა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური პირველად ტარდება საქართველოში, რასაც ალბათ აქვს თავისი დატვირთვაც. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, იგივე ამომრჩეველთა აქტიურობის თვალსაზრისით?
- გეთანხმებით, რომ პირველად ტარდება საქართველოში მეორე ტური. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი მეორე ტური გვაქვს 8 თვითმმართველ ქალაქში და 13 მუნიციპალიტეტში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ პირველი ტური იყო საკმაოდ კონკურენტული და შედეგებიც იყო შესაბამისი, რამაც კანონმდებლობის მიხედვით განაპირობა მეორე ტურის ჩატარება. ეს მართლაც ძალიან კარგი პრეცედენტია და ამდენი მეორე ტური გახლავთ დემოკრატიის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. უკვე რამდენიმე წელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ვისწავლეთ არჩევნების კარგად ჩატარება და რაც მთავარია, სამოქალაქო ნდობა არის ძალიან დიდი, რომ საარჩევნო პროცესებს დაუჭირონ მხარი.
ეს არჩევნები იქნება 28 საარჩევნო ოლქში, 1525 საარჩევნო უბანი გაიხსნება და კენჭისყრისთვის დილის 8 საათიდან მიიღებს ამომრჩევლებს. აბსოლუტურად მზად ვართ, მიწოდებულია ყველა მასალა, დაიბეჭდა მილიონ 605 ათასი ბიულეტენი, მათ შორის 5050 ბიულეტენი დაბეჭდილია აზერბაიჯანულ ენაზე, აბსოლუტური მზადყოფნაა. მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხოთ, არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ, არამედ ყველა პასუხისმგებელმა მხარემ, ერთობლივად შევძლოთ ამ პროცესის მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში წარმართვა.
დავამატებ ერთს, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მივმართო ყველა ჩართულ მხარეს და პირველ რიგში ამომრჩეველს, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მეორე ტური ჩავატაროთ ყველაზე კარგად, რაც კი არჩევნები ჩატარებულა საქართველოში.
თქვენ ამობობთ, რომ მთავარია არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება, იმ ფონზე როდესაც დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გამოითქვა ვარაუდი, რომ ყოფილი მმართველი გუნდის მხრიდან არსებობს პროვოკაციების საფრთხე, რომ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით დაისვას კითხვის ნიშნები საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. გამორიცხავთ საარჩევნო უბნებზე პროვოკაციებს?
- ყველა მხარეს მინდა მივმართო, რომ ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. პირველ რიგში ეს ეხება პოლიტიკურ მონაწილეებს და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს. თქვენ აღნიშნეთ, რომ არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლებელია იგეგმებოდეს პროვოკაცია, თუმცა, მე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ დავეთანხმები ამ ვარაუდს და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა ჩვეულებრივ აწარმოეს წინასაარჩევნო კამპანია.
მათ გააგრძელეს საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფა, ისინი იყვნენ პოლიტიკურ დებატებში ოპონენტებთან, წინასაარჩევო კამპანიაში ჩვეულებრივ იყვნენ ჩართულნი საარჩვენო პროცესში. ამდენად, როდესაც არის მიზანი, რომ არჩევნები ადამიანმა მოიგოს კამპანიით, არ მგონია, ამდენი წინასაარჩევნო კამპანია მიმართული იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცა პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღეს. ამიტომ, ჩემი ვარაუდია, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი იქნება წარმოდგენილი როგორც კონკურენტი და მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებისთვის მებრძოლი და არა პროვოკაციების მატარებელი სუბიექტი.
რაც შეეხება აქტივობას, გაქვთ მოლოდინი, რომ აქტივობა იქნება მაღალი? მოგეხსენებათ, რომ ზაფხულია და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გასულია ქალაქიდან...
- დიდი მნიშვნელობა აქვს ამომრჩეველთა აქტივობას. არის საარჩევო ოლქები, სადაც ძალიან პატარა სხვაობები იყო მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს შორის, რაც ნიშნავს, რომ კონკურენცია არის საკმაოდ დიდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად აქტიურები იქნებიან ამომრჩევლები, რადგან მეორე ტურში ბარიერი აღარ მოქმედებს, უბრალოდ ხმების უმრავლესობით ვინც მეტ ხმას მიიღებს ის ადამიანი გახდება გამარჯვებული.
შესაბამისად, ამომრჩევლები თავად გადაწყვეტენ თავიანთი მუნიციპალიტეტსა და თუ თვითმართველ ქალაქში მერის და გამგებლების ბედს. დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამომრჩეველი იქნება აქტიური. ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა, წყდება ადგილობრივი ამომრჩევლების ბედი მათი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, მერებისა და გამგებლების არჩევის თვალსაზრისით.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგადანაშაულათ კოალიციასთან გარიგებაში, როდესაც მეორე ტურის თარიღი დასახელდა. მათივე განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია როგორ დაითვლის საარჩევო კომისია თითოეულ ხმას. ქალბატონო თამარ იღებთ ამ გამოწვევას?
- ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით, ვინაიდან ყველამ ვნახეთ პირველ ტურში როგორ დაითვალა საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმები. სწორედ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დათვლილი ხმებით გვაქვს დღეს ამდენი მეორე ტური. საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები იყო ძალიან პოზიტიური. მათ შორის მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლის შედეგებმაც დაადასტურა ის შედეგები, რაც საარჩევნო ადამინისტრაციამ დათვალა. ამდენად, კითხვა - რამდენად კარგად დათვლის საარჩევნო ადმინისტრაცია ხმებს - არ უნდა ისმებოდეს. მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ისე დათვლის საარჩევნო ადმინისტრაცია ხმას, როგორც ეს იქნება ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული. არც ერთი ხმა, რომელიც დაფიქსირდება, არ იქნება დაკარგული.
რაც შეხება ბრალდებას მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით, ვინც ესწრებოდა სხდომას, ყველას კარგად მოეხენება, რომ მე პირადად არ ვიყავი მომხრე 12 ივლისს არჩევნების დანიშვნის. ალტერნატიული წინადადებით დავაყენე სხდომაზე საკითხი, რომ 16 ივლისს დანიშნულიყო არჩევნები.
მესმის, რომ პოლოლიტიკურ ოპონენტებს შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთის წინააღმდეგ რაღაცა გარაკვეული ბრალდება, მაგრამ არაა სწორი როდესაც საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო ადმინისტრაციას უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს და თავს ესხმის. ამდენად, ჩვენ ადმინისტრაცია ამას პასუხს არ გასცემს. ჩვენ ვემსახურებით ამომრჩევლებს და ავსახავთ მათ ნებას, ვითვლით მათ ხმებს. პოლიტიკოსებს შეუძლიათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, მაგრამ ჩვენ შეგვაფასებენ ამომრჩევლები, მიუკერძოებელი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.