დიტო გელოვანი: ტრამპა-ცუმპები

დიტო გელოვანი: ტრამპა-ცუმპები

მისი დაულაგებელი ფრაზებიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ მას ვერაგი პრინცების მიერ დევნილ წინასწარმეტყველად და წმინდანად მიაჩნდა თავი. და რომ სწორედ მათ გამოუგზავნეს ელჩები, რათა შეეტყოთ მათი საიდუმლოებანი. რომ მას ესმის ჩვენი და შეგვინდობს, რამეთუ ჩვენ მხოლოდ სხვათა ბრძანების უბრალო აღმსრულებლები ვართ. მაგრამ, ეშმაკობაზე ეშმაკობით გვიპასუხებს. ისღა დაგვრჩენოდა, მხოლოდ კვერი დაგვეკრა მისთვის. ჩვენ ხომ გვესმოდა მისი და ვამართლებდით კიდეც.

სიტყვა საზეიმოდ და მრისხანედ დაასრულა:

- ჩემთა წინაპართა სათაყვანებელი დედოფალი მოვა აქ ოცდაათიათასიანი ლაშქრით და გამათავისუფლებს მე.

(ანტონიო არლეტი, ”ტრამპეადორი”)

 

მოძმე ხალხიო - ხანდახან ისეთ ვიღაცეებზე იტყვიან, არ იცი, იცინო თუ იტირო. ისტორიულად მოძმეო, ერთმორწმუნეო... არადა, ასე თუ ისე, ისტორიაც ვიცით და ცოტ-ცოტა ისიც გაგვეგება, რა არის ქრისტიანობა და ერთმორწმუნეობა.

 

აი, იაპონია, არც ისტორიულადაა მოძმე და არც რწმენით - ერთმორწმუნე. არც ერთია და არც მეორე, მაგრამ მოძმე რომ არის, არა მგონია ვინმემ საკამათოდ გახადოს. გეხმარებიან და სანაცვლოდ არც არაფერს გთხოვენ, სიტყვას შეგაწევენ და სამაგიერო არ უნდათ, არაფერში არგიათ.

 

ჩემი და თქვენი თანაგრძნობა მოძმე იაპონელ ხალხს!

 

იმ საღამოს, ”ქრონიკა” პირველ ნიუსებად იაპონიის ტრაგედიას გადმოცემდა და რამდენიმე სიუჟტის შემდეგ, წამყვანს აღელვებისგან უცებ ხმა ჩაუწყდა და სხაპასხუპით გვამცნო: ”და აი, ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მთელ იაპონელ ხალხს”.

 

დღეს 14 მარტია (თორნიკე ამბოკაძის დაბადების და ზურა გვასალიას გარდაცვალების დღე. ღმერთმა ორივე ნათელში ამყოფოს) გუშინ კი 13 მარტი იყო - დღე მოდელირებული ”ქრონიკისა” და მგონია, რომ ისიც - ”ამ წუთბში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მთელ იაპონელ ხალხს” - მოდელირებული იყო, დადგმული, ყალბი.

 

მიშას უყვარს პირველ გვერდებზე ყოფნა, მიშას უყვარს, როდესაც საინფორმაციო გამოშვებები მისით იწყება... მიწისძვრის წინა დღეს და იმ დღეს, დილიდან, ყველა ინფორმაცია მიშას და ტრამპს ეხებოდა. დაიწყეს და აღარ დაამთავრეს, ბოლომდე გაატრამპეს - ტრამპი ააშენებს იმას, ტრამპი დაამშვენებს ამას, რიგელი იქნება ასეთი, არმატურის კვეთი ისეთი, გადახურვის ფილა - წიბოვანი, საყრდენი კედელი - კონტრფორსებით...

 

”შევედი ლიფტში და ჩემს წინ სწორედ ის დავინახე. მაშინ თქვენ მკითხეთ, მომეწონა თუ არა შენობა და ვისურვებდი თუ არა რაიმეს შეცვლას... დავიბენი... არ ვიცოდი, რა მეთქვა და საშხაპეების დამატება შემოგთავაზეთ, რაც მეორე დღესვე გაკეთებული იყო. მაშინ ყველაფერს მივხვდი: ის დადიოდა და ხვდებოდა მობინადრეეებს, შემდეგ კი, ყველაფერს აგვარებდა და აკეთებდა. ეს იყო სიმართლე არა მარტო ერთი კონკრეტული შენობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც” - ასე იხსენებდა პრეზიდენტი სააკაშვილი ბიზნესმენ ტრამპთან პირველი შეხვედრის დეტალებს.

 

საშხაპეების დამატება მოუთხოვია... რა თქმა უნდა, საშხაპეების დამატებას მოითხოვდა, მიშა ხომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრია და მისი ფიქრი და გონება ხომ მუდმივად წყალს დატრიალებს! თუმცა... ”ის დადიოდა და ხვდებოდა მობინადრეეებს, შემდეგ კი, ყველაფერს აგვარებდა და აკეთებდა” - ვერ მივხვდი, ეს სიტყვები ”ლენინიადადან” არის, თუ 90-იანი წლებიდან, როცა ედუარდ შევარდნაძე მიშას (ნინო ბურჯანაძესთან ერთად) თავის უსაყვარლეს შვილად თვლიდა.

 

”მე თქვენ შეგხვდით ლიფტშიც და გნახავთ საქართველოშიც, რაც ნიშნავს, რომ მართლაც გამოგვივიდა. ამისთვის მადლობას გიხდით” - უთხრა მიშამ დონალდს და გაიფიქრა: ”ეგეც შენ, ბარაქ ჰუსეინ! ეგეც შენ, ჯორჯ დაბლიუ!”

 

”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ტრამპმა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტს მსოფლიო კერპი უწოდა და განაცხადა, რომ საქმე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, უპრეცედენტოა. ტრამპმა არ დაიზარა და ბოლომდე გაატრამპა - რეიტინგები მოიშველია.

 

”უპრეცედენტო” - ყველამ ვიცით, რომ ამ სიტყვას ხშირად ხმარობენ ”ხალხზე გამარჯვებული ტელევიზიების” წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად რეიტინგებზე საუბრობენ და ახლა ისღა დაგვრჩენია, ვიმკითხაოთ, თუ ვინ დაუწერა დონალდ ტრამპს სიტყვა - აკაკი გოგიჩაიშვილმა თუ ეკა კვესიტაძემ.

 

”დონალდ ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, საქართველოში ორი ცათამბჯენის მშენებლობაში საკუთარ ფულს ჩადებს თუ არა. ტრამპი თავად არ ააშენებს ცათამბჯენებს, კარიერის ამ ეტაპზე უფრო მეტად სხვის მიერ ტრამპის სახელის გამოყენების ლიცენზირებისკენ იხრება. მისტერ ტრამპმა თქვა, რომ ამ შეთანხმებაში საკუთარი ფულის ჩადების გეგმა აქამდე არ ჰქონია” - გვაცნობა The News York Times-ის მოსკოველმა კორესპონდენტმა ენდრიუ კრამერმა.

 

მაშ, მხოლოდ სახელი? ანუ - პატენტი და რამე? მალაიზიაში აწყობილი? ერთხელ. 90-იანებში ”აბსოლუტ ვოდკას” გეახელით და ვაჟა ერაძემ (არის ასეთი პარტია) თქვა, ეს ”აფსალუტნი” წნორში იქნება ჩამოსხმულიო.

 

ენდრიუ კრამერის ცნობა მიწისძვრის შესახებ ინფორმაციებში ჩაიკარგა, საინფორმაციო გამოშვებებში სააკაშვილი აღარ იყო პირველი, მთავარი და ერთადერთი. ჰოდა, იმიტომაც გამოთქვა მწუხარება იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გამო. შესაძლოა, არც გამოუთქვამს და პრეს-სამსახურმა გამოიგონა. არ გამოუთქვამს, რადგან არ ეცალა - ყირაზე გადადიოდა, ტრამპა-ცუმპა ჰქონდა გამართული. როგორც იცის ხოლმე - ჩვეული ოსტატობით...

 

ისევ იაპონია... ”ქართველი სტუდენტები ”ინტერპრესნიუსს” იაპონიიდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ საელჩო მათ ყურადღებას არ აქცევს და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ” – ”ინტერპრესნიუსი” ჯერ იაპონიას დაუკავშირდა და შემდეგ დაგვიკავშირდა ჩვენ და ეს ამბავი გვაცნობა. მოკლედ - გულგრილობა, რომელიც არის ცუდი, მაგრამ დიპლომატები ისეთი ხალხია, ყველაფრის გამართლება შეუძლიათ. მაგალითად, რა გვარია საქართველოს ელჩი იაპონიაში? - ბეშიძე. როგორც ცნობილია, ქართველი ელჩები ვერასოდეს ამჩნევენ საკუთარ თანამემამულეებს, ხოლო ბეშიძე, როგორც კი დიპლომატიურ სამსახურში ჩადგა, მაშინვე შაში-ბეშიძედ გადაიქცა და აი შედეგიც.

 

იაპონიაში ამჟამად საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება. ასევე, იაპონიაში იმყოფება და ჯერჯერობით გამომგზავრებას ვერ ახერხებს  ცხრა ქართველი ძიუდოისტი. ყველაფერი კარგად იქნება, ბიჭები ჩამოვლენ და ყველაფერს მოგვიყვებიან, მაგრამ ლადო ვარძლაშვილის ამბავი ხომ იცით - სულ იმას იმეორებს, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო. ჩაივლის ყველაფერი, მიყუჩდება დედამიწის ქერქი, ქვიშანი დარჩებიან და საქართველოს სამთავრობო კომისია ორი ადამიანის - ლადო ვარძელაშვილის და ირინა ონაშვილის - შემადგენლობით იაპონიაში ჩავა და ადგილზე გაარკვევს, თუ რატომ ვერ შეძლო ძიუდოისტების ჯგუფმა საქართველოსკენ დროულად გამომგზავრება. 

 

ისევ მიშა, ოღონდ - მაიასთან ერთად. ეს მაია ვიღაა? ვიღაა და, მაია კობახიძე - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი. გასულ კვირაში youtube-ზე გამოჩნდა ვიდეო სახელწოდებით "მიშას ქება" . ვიდეოში ჩანს მაია კობახიძე,  "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერი "ხუთიანი" უჭირავს ხელში. კობახიძე ამბობს ფრაზებს: "ჩვენს პრობლემებს შინ და გარეთ, მე და მიშა მოვაგვარებთ" და "საქართველოს დასაცავად, მე და მიშა ერთად წავალთ".

 

"ხუთიანები და ის, რასაც თქვენ მეუბნებით, ვადამდელი საპრეზიდეტო არჩევნებს უკავშირდება. იმ პერიოდში 32-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობდი და მათემატიკას ვასწავლიდი. ეს ლექსები თვითონ 5 ნომერს ეწერა უკანა მხარეს - წინასაარჩევნოდ ეს 5 ნომრები კორპუსის ბინების სახელურებზე იკიდებოდა და მათ ეწერა უკანა მხარეს ასეთი მცირე ზომის ლექსები", - თქვა კობახიძემ და როდესაც კითხეს, თუ რატომ იმეორებდა მმართველი გუნდის საპრეზინდეტო კანდიდატის საარჩევნო სლოგანს იმ დროს საჯარო სკოლის პედაგოგი, კობახიძემ უპასუხა: ”ისეთ რაღაცეებს მეკითხებით... იმიტომ ვიმეორებ, რომ ხელში მეჭირა ის ხუთი ნომრები და თან ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იყო ის, რაც მათ უკან ეწერა”.

 

უყურე შენ - მათემატიკას ვასწავლიდიო!!! ჰოდა, მათემატიკასთან ერთად, როგორც ჩანს, ქართულ ლიტერატურასაც ასწავლიდა. თუმცა, ყველაზე მაგარი ის არის, რომ დაიბნა - ისეთ რაღაცეებს მეკითხებითო. ოე, გოგო, ”ისეთ რაღაცეებს” შენ მიშა შეგეკითხება, თორემ ჟურნალისტმა ძალიან კონკრეტული რამ გკითხა და ყველაფერში ”ისეთ რაღაცეებს” ნუ ხედავ! ხომ გაიგე?!

 

ეტყობა, თავად კობახიძეც მიხვდა, რომ ”ძაან ისე” გამოუვიდა და ამიტომ საკუთარი თავის რეაბილიტაცია სცადა - შაშკინს წერილი მისწერა: ”...პროფკავშირთან, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა არ თანამშრომლობთ, რითაც უხეშათ არღვევთ ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ჭ” და ”ხ” ქვეპუნქტებს”.

 

იმ ”ისეთი რაღაცეების” შემდეგ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქართული პედაგოგიკის დედამ შაშკინის მიერ დარღვეული ქვეპუნქტებიდან მაინცდამაინც ”ჭ” და ”ხ” ქვეპუნქტები რომ ამოარჩია.

 

”საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დევნა, პედაგოგების, აღმზრდელების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების უპატივცემულობაა”, - ნათქვამია მაია კობახიძის მიმართვაში. რა შეიძლება, რომ ითქვას? მხოლოდ ერთი - რაჭველი რომ გამამაძაღლდება... შხივანისკენ მიმავალი ნიკორწმინდაში შეგხვდები, ამხანაგო იპილია... ჭიპილია რა იყო - კობაიძე.

 

გასულ კვირაში 8 მარტი იყო - ქალთა საერთაშორისო დღე, რომელიც ელიტარულ, გლამურულ და ქრისტიან-დემოკრატიულ წრეებში ინგა გრიგოლიას დაბადების დღედ უფრო არის ცნობილი. იმ საღამოს ტელევიზორთან ვიჯექი და ”ბარსელონა”-”არსენალის” მოლოდინში არხებს ვათვალიერებდი. უცებ, რეალტვ-ზე პანჩოს მოვკარი თვალი. პანჩო წუწუნებდა, კაცებსაც ხომ უნდა გვქონდეს ერთი დღეო. ჰოდა, ამ დროს გადაცემის წამყვანმა მორიდებით დაიკრიახა - 23 თებერვალი ხომ ბიჭების დღეაო... მერე ლიგა დაიწყო და ვეღარ გავიგე, რა ერქვა იმ გადაცემას, ალბათ - ”პანჩო და ქათმები”.

 

პანჩო, პანჩიტო... რეალტვ-ზე სულ ბიჭების დღეა.

 

სანამ აღნიშნულ ტელევიზიაში (ტელეტექსტი უფროა) ბიჭები (ჰმ) ერთმანეთს 8 მარტს ულოცავდნენ, ”დიდუბე პლაზაში" ”წარმატებული ქალებისთვის” მიღება გაიმართა. დიპლომატი, პოლიტიკოსი და მეწარმე ქალები შამპანურით ხელში ულოცავდნენ ერთმანეთს წარმატებას და ასევე შამპანურით ხელში ქილიკობდნენ ერთმანეთზე. ნინო ბურჯანაძე არავის ახსოვდა - ღონისძიების ორგანიზატორთა თვალში ეგ არც დიპლომატია, არც პოლიტიკოსი და არც მეწარმე. ეგრე არ უნდაო - თქვა ნინომ და ლაშქარი შეყარა. ”შეფიცულები” - ასე ჰქვია ნინოს ლაშქარს, რომელსაც აქვს თავისი დროშა, ღერბი, ჰიმნი და ფიცი.

 

სიტყვით გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ შეფიცულების ლოგოზე ბევრი საინტერესო სიმბოლოა - ერთიანი საქართველო, ჯვარი, ხმალი, სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.

 

ოოო... მე მიყვარს ჰერალდიკა, არის მასში რაღაც მისტიური... ჩემთვის რომ ეკითხათ, ვურჩევდი, რომ ”შეფიცულებს” თავიანთ ლოგოზე წისქვილის ქვაც გამოესახათ, ნიშნად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძის თავზე ყველაფერი დატრიალებულა, წისქვილის ქვის ჩათვლით. თუმცა, ამ ხალხს არაფერს ვერჩი. ვისაც ”შეფიცულებს” ბიჭოლა-დონაძეები ურჩევნია, ის იყოს არჩილ მეფარიძის ფანი და ”პროფილის” ერთგული მაყურებელი.

 

8 მარტის შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ არ იყო განელებული (იფ, რა ხატოვნად ვთქვი!), რომ სრულიად თავზარდამცემი ამბავი გავიგე - საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. თავად განსაჯეთ: ყოფილა ასეთი ორგანიზაცია - "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის", რომელსაც ყოლია ასეთი ლიდერი - ნატო შავლაყაძე. ჰოდა მათ გაარკვიეს, რომ "მამების 52%, დედების 46% და მასწავლებლების 35% ბავშვზე ფიზიკურად ძალადობს. გამოკითხულ მსხვერპლთა 58% ქუჩაში გასვლისას, ხოლო 485 სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს”.

 

კიდევ ბევრი რამ გაარკვიეს, მაგრამ ჩვენ რომ თავზარი დაგვეცა - ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია - თავზარი დაეცა "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელსაც”. ოღონდ, ჩვენ გვებევრა - რა ამბავია, საწყალი ქალები, ხოლო ენჯეოშნიკებს ეცოტავათ. ვერ ხვდებით? ეეე... რაც უფრო მეტ ქართველ ქალს წაიგდებს წიხლქვეშ ქართველი მამაკაცი, მით უფრო წარმატებულები იქნებიან მათი დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

წიხლქვეშ წაგდებაზე ვამბობ, თორემ ის, რაც გასულ კვირაში მოხდა, მართლაც ნამეტანია. აი, რა მოხდა: ცხოველებისადმი სიბრალულით აღვსილი ვინმე ლევან ბერიანიძე ბეწვეულის სიყვარულით აღვსილ ლალი მოროშკინას ”ფეისბუქზე” დაემუქრა - ბეწვეულის მაღაზიას თუ არ დახურავ, შენ შვილებს გავატყავებო.

 

ისე, თუ მაგარია, თავად მოროშკინა გაატყავოს, ოღონდ, ფრთხილად იყოს -  კონფიგურაცია რთულია, თუმცა - სასიამოვნო.

 

სასიამოვნო ფაქტი მოხდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში - ფოტო-ხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა. იმედია, ეს ფოცხვერი მოროშკინას მაღაზიის დახლზე არ აღმოჩნდება. შსს-ს ბიუჯეტისთვის ერთობ სასიამოვნო ფაქტი მოხდა თბილისში - ფოტო-ხაფანგებმა სარეკორდო რაოდენობის დარღვევა დააფიქსირეს.

 

სამი უსიამოვნო ფაქტი მოხდა პარლამენტში: 1. დავით ბაქრაძემ გიგი წერეთელი გაანაწყენა. 2. ისრაელმა დავით ბაქრაძის ვიზიტი გააუქმა. 3. დავით ბაქრაძემ ლევან ვეფხვაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

 

როგორც ხედავთ, სამივე შემთხვევაში დავით ბაქრაძე ფიგურირებს. როგორც ამბობენ, ბაქრაძე ხასიათზე ვერ არის, რადგან მისი განჯინიდან ვიღაცამ ვერცხლის დანა-ჩანგალი მოიპარა და როდესაც კაცი თავს დაუცველად გრძნობს, ნერვიულობს და ბოღმას სხვაზე ანთხევს.

 

გიორგი ცაგარეიშვილმა მართებულად შენიშნა - სხდომათა დარბაზში მალე მხოლოდ ბაქრაძე და მანდატურები დარჩებიანო. ეგრეც მოხდება, მერე კი პარლამენტი ქუთაისში გადავა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყება.

 

ახალი ეპოქა იწყება აჭარული პარლამენტარიზმის ისტორიაში - აჭარის უზენაესი საბჭო ჩაქვში გადააქვთ. გეხსომებათ - ბათუმის ბულვარში ერთ დროს პირამიდა იდგა, რომელიც აიღეს. ახლა, ადგნენ და, ის პირამიდა ჩაქვში ახალ პარლამენტს მიუდგან და იქნებ ”მუმიას” მორიგი სერია ჩაქვში გადაიღონ - ანქსუნამუნი უზომო რაოდენობით მიირთმევს აჭარულ ხაჭაპურს და მაინც არ სუქდება.

 

გასული კვირა მართლაც გადატვირთული იყო მოვლენებით, იმდენად გადატვირთული, რომ... მოკლედ, გადატვირთული იყო და ყველაფერი არც ვიცი და ვერც გავიგებ. არადა, მთავარი გაგებაა.

 

სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური უნივერსიადა ინტელექტუალურ თამაშში - ”რა? სად? როდის?” უნივერსიადა ლადო ვარძლაშვილმა გახსნა. გახსნა და ეგრევე წავიდა. ასე რომ, ბ-მა მინისტრმა ვერც გასულ კვირაში გაიგო ვერც ”რა”, ვერც ”სად” და ვერც ”როდის”.

 

”რა” და ”როდის”? ახლავე გეტყვით - კომპანია ”ავერსმა” მარტის თვის მორიგი ჟურნალი გამოსცა. თემებს შორის ერთ-ერთია “ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი”. ჟურნალის ჩანართში ”ქალის კუთხე” მკითხველი თევზის კერძების რეცეპტებს გაეცნობა.

 

დაიმახსოვრეთ - ”ავერსისთან” ერთად ტუბერკულოზს აუცილებლად დაამარცხებთ, თუმცა ფინანსურად განადგურდებით. ისიც იცოდეთ, რომ თუ ”ავერსის” შემოთავაზებული რეცეპტებით კერძის მომზადებას აპირებთ, ფაღარათს და ყაბზობას ასევე ”ავერსის” წამლებით უნდა უმკურნალოთ.

 

მედიცინით დავასრულოთ - უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ექიმებმა დიდ მანძილზე გადაადგილება კატეგორიულად აუკრძალეს.

 

ჩვენც ხომ არ მოგვეწვია უკრაინელი ექიმები?

 

კ.კ. (კომპენსაციის კანონია) ამ საცოდავ სვავებს, ამ მძორის მჭამელთ, თავადაც ლეშის სუნით გაჟღენთილთ, ამ საზიზღარ მესაფლავეებს, სიკვდილის მოკავშირეებს, წარმოუდგენელ სიმაღლეზე შეუძლიათ ფრენა, შეუძლიათ დათვრნენ მზით და ისეთი საჰაერო ფერხული გააბან, რომ თვით ბალეტის საუკეთესო მსახიობებსაც შური აღუძრან. რა არის ეს? დაცინვა თუ კომპენსაციის კანონი?

(ანტონიო არლეტი, ”ტრამპეადორი”)