[დავით კირვალიძე]
ძვალმსხვილი და შუბლსქელი “ბიზნესმენები” უკვე ისეთ დონემდე დაეშვნენ, რომ ჯიხურების და “ბისტროების” მონოპოლიაც შექმნეს. თბილისში ასე მრავალი ქსელია, რომელიც წვრილი ბიზნესითაა დაკავებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მსხვილ თანხებს ეთამაშება.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელი ხელისუფლებას მცირე მეწარმეების საქმიანობისათვის ხელშეშლაში ადანაშაულებს. როგორც მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება ბიზნესის სივრცის მცირე და საშუალო მეწარმეებისაგან გათავისუფლებასა და ხელისუფლების წარმომადგენლებით მათ შეცვლას აპირებს.
მისი თქმით, თბილისის რამდენიმე რაიონში ჯიხურების აღება უკვე დაიწყო. საკუთარი ბიზნესის გაგრძელებისათვის საჭირო ნებართვის მიღებაზე უარი ათეულობით მოქალაქემ მიიღო.
“ხელისუფლება ნებართვის გაცემაზე უარს სამი ძირითადი მიზეზით ამბობს: გამზირებზე, ქუჩებზე, მეტროსადსგურების მიმდებარე ტერიტორიებზე დროებითი ჯიხურების განთავსება აკრძალულია, ასევე აკრძალულია ჯიხურების ერთ რიგზე, გვერდიგვერდ, მოკლე მანძილის დაშორებით განთავსება და, მესამეც, მათი მხატვრული იერ-სახე კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებულ არქიტექტურულ გარემოს უნდა შეესაბამებოდეს”, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
მისი განცხადებით, ხელისუფლებაში მყოფი მონოპოლისტების კუთვნილი ობიექტების განთავსება კი ნებისმიერ ტერიტორიასა და არქიტექურულ გარემოში არის ნებადართული. ხიდაშელმა ამის მაგალითად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას ძმის, გიორგი რურუას, კუთვნილი სწრაფი კვების ობიექტი “ორი წუთი” და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის კუთვნილი პრესის გავრცელების ჯიხურები და ლატარიის კომპანიის სავაჭრო ობიექტები დაასახელა, რომელთა განთავსებაზე აკრძალვები არ ვრცელდება.
რესპუბლიკური პარტიის წევრები ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს მარტის სხდომაზე დედაქალაქის არქიტექტურისა დაა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსების მოწვევას ითხოვენ. შესაბამისი წინადადებით ისინი საკრებულოს ოფიციალურად მიმართავენ.
“გვინდა, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების ხელმძღვანელებმა საკრებულოს მცირე ბიზნესის დაწიოკების მიზეზები, ნებართვის გაცემის ოფიციალური მიზეზები და ყველა ის გარემოება განუმარტონ, რაც ქვეყანაში მონოპოლიების განმტკიცებასა და ბიზნესში მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფების დამკვიდრებას უწყობს ხელს”, - აღნიშნა ხიდაშელმა.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ თბილისში ერთმანეთის მიყოლებით, უკანონოდ იხსნება “ნუგეშის”, “ეკო ფუდის”, ლატარიის კომპანიის, პრესის გავრცელების, “ორი წუთის” და “შირაქის პროდუქტების” ჯიხურები რომელთა მფლობელებიც სხვადასხვა სახელისუფლებო მაღალჩინოსნები არიან. აღნიშნული ქსელებისთვის არც მერიის მიერ დაწესებული სამი ძირითადი აკრძალვა ვრცელდება.
სხვათა შორის, საკრებულოს ოპოზციამ სავაჭრო ქსელ “ნუგეშს” ელიტარული კორუფციის იარლიყი უკვე კარგა ხანია მიაკერა. მათი ინფორმაციით, სავაჭრო ქსელი პარლამენტარ არჩილ გეგენავას საკუთრებაა, მცირე ბიზნესმენები თავიდან მოიშორა და ამჟამად უკვე უფრო მსხვილ სასურსათო მაღაზიებს უწევს ძლიერ კონკურენციას.
რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებისგან მოითხოვს პასუხს შეკითხვებზე, რატომ მიეცათ ქალაქში ჯიხურების აღების შემდეგ, საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა “ნუგეშის” დამაარსებლებს და რა იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ “ნუგეშის” ქსელში სურსათის ფასები სხვა სავაჭრო ობიექტებთან შედარებით 10%-ით დაბალია.