რა ფერისაა გივის ახალი ბლოკნოტი?

რა ფერისაა გივის ახალი ბლოკნოტი?

თვითმმართველობის არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შედის და როგორც ჩანს, პარტიებმა მთელი თავისი რესურსი აამოქმედეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ფარული გეგმა კი „ოცნების“ წინააღმდეგ სხვა ოპოზიციური ფიგურების ამუშავებაა. ამ პროცესის ხელმძღვანელობა კარგად გამოცდილმა გივი თარგამაძემ ითავა, რომლის მწვანე ბლოკნოტის ამბავი, სადაც დასამუშავებელი ხალხის სია აქვს შედგენილი, საქვეყნოდაა ცნობილი.

სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ღიად წერენ მათ მიმართ განხორციელებულ შეთავაზებებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ ტექნოლოგია მარტივია: მათ ზუსტად იციან, რომ ნიკა მელია არჩევნებს ვერ მოიგებს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ხმებს შორის სხვაობას. პირველ ტურში მელიამ 100 ათასამდე ხმა აიღო და ეს არის ნაციონალების მაქსიმუმი, რომლებიც ისევ მისცემენ ხმას. ამიტომ მათი ამოცანაა რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ „ქართულ ოცნებას“, მის კანდიდატს და დააკარგვინონ ხმები.

გადმობირებული ხალხის ვინაობა თანდათან აშკარავდება. რუსთავში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მერის პოსტზე ნაციონალების კანდიდატს დაუჭირეს მხარი. მთაწმინდის რაიონში არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატის ფოტოები კი პირდაპირ გივი თარგამაძესთან ერთად გადაღებული იდება. ნინუკა ბორჩხაძე, რომელიც აქამდე ხელისუფლების მხარდაჭერით იყო ცნობილი, ჯერ ოპოზიციურ მოძრაობას შეუერთდა და კუკავას პარტიიდან წამოაყენა კანდიდატურა მთაწმინდაზე, ხოლო მარცხისა და კახა კუკავას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კი ახალი გზებისა და წყაროს მოძიება დაიწყო. გივი თარგამაძესთან გადაღებული მისი ფოტო ცალკე განმარტების-და მიუხედავად, სრული შოკი აღმოჩნდა მისი მეგობრებისთვის, რომლებმაც ან ხმა ვერ ამოიღეს, ან აღშფოთება გამოხატეს. როგორც ჩანს, ნინუკას როგორც იქნა დაედო შესაბამისი ფასი, რამაც ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. ნებისმიერი ასეთი ფაქტის მოკითხვა და დეტალების გარკვევა წარმოაჩენს იმ ფარულ კავშირებს, რაც ჯერ კიდევ უხვად გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“ მითუმეტეს დედაქალაქში.

თბილისი არის ურთიერთობა, სოციალურ ქსელში კი თითქმის ყველაა გაწევრიანებული და არაფერი იმალება. ვინ, ვის, რატომ, რისთვის, რა ხეირი - ყველა ამ კითხვაზე არსებობს პასუხი, თუმცა სწორედ იმიტომ, რომ თბილისი არის ურთიერთობა, ხმამაღლა ბევრი რამ არ ითქმის. ამიტომ, მხოლოდ ლოგიკური, საჯარო ინფორმაციის ანალიზითაც ნათლად ჩანს, რომ გარკვეულ ეტაპზე ყველანაირი კომპრომისი მისაღებია მავანისთვის.

უკვე აღარაა ლაპარაკი მორალზე. ან რა მორალზე შეიძლება იყოს ლაპარაკი ეროსი კიწმარიშვილის შემთხვევაში. მთავარი მამოძრავებელი ჩვენს ქვეყანაში ფულია, ფულისთვის კი ბევრ რამეს კადრულობენ. ვისაც ფული აქვს, ის ეძებს ძალაუფლებას, სოციალურ სტატუსს, ან ძალაუფლებას ეძებენ ფულის საშოვნელად. ასეთი მედროვეები უამრავია ქართულ პოლიტიკაში და ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ არაერთ საგმირო სახელსა და გვარს ამოაგდებს.

მანამდე კი ეს სახელები მხოლოდ გივის ბლოკნოტში წერია. იმ ბლოკნოტში, რომლის შევსებაც 7 ნოემბრის შემდეგ დაიწყეს ნაციონალებმა. ცალსახა უკმაყოფილების ფონზე მოლაპარაკე თავებთან მხოლოდ პოლემიკითა და საჯარო კამათით რომ ფონს ვეღარ გავიდოდნენ, მარტივად მოაგვარეს პრობლემა - ყველაფერს თავისი ფასი დაედო და ეს ფასი პირდაპირ შეთავაზეს სპიკერებს. გადახდის მექანიზმიც სხვადასხვა იყო, ზოგს პირდაპირ მისცეს, ზოგს ბანკის სესხის საშუალებით და ზოგსაც მარტივად კაზინოში მოაგებინეს. გააჩნდა თანხასა და პერსონას.

„შავი ფულის“ ტრიალში რომ გივი თარგამაძე ერთ-ერთი წონიანი ფიგურაა „ნაციონალურ მოძრაობაში“, საყოველთაოდაა ცნობილი. იმედია უახლოეს მომავალში მასაც მოეკითხება წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდვები. მანამდე კი, სანამ გივი თავისუფლად დადის და პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციას ცდილობს, სიას ახალ-ახალი სახელები ემატება.

როგორც ჩანს, გივი ირონიის ხასიათზეცაა დამდგარი და თვითმხილველის ინფორმაციით ახალი ბლოკნოტი ლურჯი ფერის უყიდია.