„2008 წელს მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტები, რაც 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა;
2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგა;
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმე;
2002 წლის ივნისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეების მიერ წილების იძულებით დათმობა;
2009 წლის 20 მაისს, ე.წ. „მუხროვანის ამბოხებისათვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ხოლო ლევან ამირიძის და კობა ოთანაძის დაჭრა;
2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს 1„აგრომეტი“-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტი.
2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თემურ ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს „ბეზეკზე“ უკანონო პრივატიზება;
2012 წლის თებერვალში, აჭარის ა-რ მოქმედი ტელევიზია „ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემა;
2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით „ქართუ“ ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებით მსჯავარდებულების შეწყალების ფაქტი“, - ეს იმ სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალია, რომელზეც მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა დადგა, თუმცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გამოძიების კითხვებს არ პასუხობს. წაუყენებენ თუ არა სააკაშვილის ბრალს ამ საქმეებზე, ჯერჯერობით უცნობია. როგორც მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, ყველა ჩამოთვლილ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.
სანამ გიორგი ბადაშვილის უწყება ჩამოთვლილი საქმეებიდან მტყუან-მართალის გარკვევაშია, მანამდე არაა გამორიცხული ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებამა წარუდგინოს. ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აანონსებს მოსალოდნელ სკანდალს, რომელიც მისივე განმარტებით საქართველოს შეძრავს.
„მალე საქართველოს ახალი პოლიტიკური სკანდალი შეძრავს. გამოაშკარავდება დანაშაული, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს შეეხება, ასევე საქმე, რომელიც ძმებ კუბლაშვილებს უკავშირდება“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე, რომლის განცხადებით, ყოფილი პარლამენტარის თემურ ჩარკვიანის თვითმკვლელობა „ნაციონალური მოძრაობის“ კისერზეა.
„მაგათ ჭკუა რომ ჰქონდეთ, თავისი ფეხით წავიდოდნენ ციხეში, რადგან გამწარებულ ადამიანს შეიძლება ერთ დღეს გონება გადაეკეტოს და პირდაპირ ქუჩაში გაუსწოროს ანგარიში... მე შანსი მომეცა, რომ ესენი ცხელ, დღევანდელ დანაშაულზე მემხილებინა და არ გავუშვი ხელიდან“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე და აქვს დასძენს, რომ ფულის ლეგალიზება სხვა ბიზნესმენებსაც შესთავაზეს, რომლებიც დეტალებზე თავად ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე ბიზნესმენი კაპანაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ნაწილში კაპანაძის კიდევ სხვა საკმაოდ სკანდალური ჩვენება არსებობს, რომელიც ჯერჯერობით გახმაურებული არაა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში ოფიციალურად არ ადასტურებენ, რომ კაპანაძემ ჩვენება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მისცა, თუმცა, არაოფიციალურად ამ ინფორმაციას ადასტურებენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები ბიზნესმენ კაპანაძის დაანონსებულ სკანდალზე კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით პარლამენტის წევრ პავლე კუბლაშვილთან დაკავშირებას. უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე კი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დანაშაულის დაბრალება ხელისუფლების სტილია.
„გვადანაშაულებდნენ, რომ მთელი ბიზნესები ჩვენ გვქონდა უზურპირებული, რომ ბინზინიდან ერთ ლარს „ნაციონალური მოძრაობა“ იპარავდა. ხელისუფლებაში რომ მოვიდოდნენ ეს ამბავი დამთავრდებოდა და აქედან გამომდინარე, ბენზინის ფასი ერთ ლარამდე შემცირდებოდა. ამგვარი სულელური და უსაფუძვლო ტყუილების გავრცელებით იყვნენ დაკავებულები. დღეს ხელისუფლებაშიც არიან და იგივეს აგრძელებენ. რაც შეეხება კაპანაძეს, ამ არსებასთან დაკავშირებით ბევრი არ მინდა ვისაუბრო, იმიტომ, რომ ძალიან საცოდავი ადამიანია, რომელმაც, როგორც ჩანს, ყოველგვარი ღირსება დაკარგა. დააშინეს თუ რაღაცა სხვა ფაქტორია ამის მიღმა, ვერ გეტყვით. ამ საცოდავი არსების ბოდვაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ბარამიძე.
უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ ყოფილი მმართველი გუნდი ჩვენების მიმცემის დისკრედიტაციით არის დაკავებული და პოლოტიკურ მოტივზე საუბრობს, ვიდრე დანაშაულზე, რომელსაც მათ უყენებენ.
„გამოძიების მასალებეზე ხელი არ მიმწვდება, მაგრამ ერთი ფაქტი ვიცი, გამოძიებას ძალიან ბევრი კითხვა გააჩნია ამ ადამიანების და კონკრეტულად სააკაშვილის წინააღმდეგ, ასევე ბევრი კითხვა გააჩნია საზოგადოებასაც. აქედან გამომდინარე გამოძიებამ, რასაკვირველია, სამართალზე უნდა იზრუნოს. თუ ვინმე უარს ამბობს შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან, უპირველეს ყოვლისა, ეს არის საზოგადოების იგნორირება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო უწყება მოქმედებდეს კანონთან შესაბამისობაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.
ეკონომიკის ექსპერტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დანაშაული იყო სისტემური და სისტემა მუშაობდა ერთ სალაროზე. მისი თქმით, ყველა კორუფციული დანაშაული საბოლოო ჯამში მიდიოდა მიხეილ სააკაშვილთან. ხუხაშვილის განცხადებით, არ შეიძლება ვილაპარაკოთ ნებისმიერი სხვა ადამიანის კორუფციაზე, ისე, რომ მასთან შეხება არ ჰქონდეს სააკაშვილს.
როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ვერავინ ვერ გაბედავდა სააკაშვილის გარეშე ვერც ერთი კორუფციული თეთრისთვის ხელის მოკიდებას და აქედან გამომდინარე, ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით მეტ-ნაკალები ინტესივობით უნდა გამოიკვეთოს მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი.
„თუ ბიზნესმენები ითანამშრომლებენ სამართალდამცავებთან, ამის შანსები, რა თქმა უნდა, მკვეთრად იზრდება. პრობლემა კი იმაში გახლავთ, რომ ეს ბიზნესმენები პარტნიორები იყვნენ. ეს იძულებით ხდებოდა თუ ნებაყოფლობით, ამის მიუხედავად, ბიზნესმენები, რომლებიც დღეს ლაპარაკობენ, ან ხვალ ილაპარაკებენ, ფორმალური გაგებით, ისინიც დანაშაულის თანამონაწილეები არიან.
ასეთივე თანამონაწილე ამ დანაშაულის იყო გიორგი კაპანაძე და თვითონაც აღიარებს, რომ ის ეძებდა ე.წ. კრიშას და იპოვა სააკაშვილის ბიძის სახით, რომელსაც მილიონი დოლარი გადაუხადა. ქრთამის მიცემა ისეთივე დასჯადი ქმედებაა, როგორც ქრთამის აღება. ერთადერთი შემაფერხებელი და დამაბრკოლებელი ბიზნესმენებისთვის ზუსტად ის არის, რომ ისინი იყვნენ პარტნიორები, ანუ კორუფციული სქემის დანაშაულის თანამონაწილეები“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ხუხაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია რა შეთანხმების საფასურად მისცა კაპანაძემ გამოძიებას ჩვენება, თუმცა აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის კარგია, რადგან ყველაფერი უნდა გადაითარგმნოს სამართლის ენაზე.
„ვისურვებდი ამ თემას უფრო სისტემური ხასიათი მიეცეს. ჩემი აზრით, ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ გარიგებაში შედიოდეს სამართალი კონკრეტულ ბიზნესმენთან, არამედ უნდა გამოცხადდეს რაღაცა ტიპის ამნისტია ასეთ საქმეებთან დაკავშირებით. ასეთი ტიპის ჩვენების მიღების შემდეგ ეს ადამიანები გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი მასალა აღმოჩნდება სამართალდამცავების მაგიდაზე. სისტემურად უნდა მიუდგეთ ამას.
ეს არაა მხოლოდ ერთი პიროვნების დანაშაული. ჩვენი ამოცანა არაა მხოლოდ სააკაშვილის პატიმრობაში აყვანა და მისი გასამართლება. ჩვენი ამოცანაა, რომ სისტემური დანაშაული გამოვავლინოთ, ანუ რეჟიმის მხილება და მთლიანობაში დასჯა. აუცილებელია პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანა. ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, სანამ დანაშაულში იძულებით ან ნებაყოფლობით მონაწილე მეორე მხარე არ იქნება გარანტირებული, რომ მის მიმართ არ იქნება განხორციელებული სამართლებლივი დევნა. ამ ადამიანებს სჭირდებათ გარანტიები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
მისივე განცხადებით, არ დარჩა სფერო საიდანაც ხელისუფლება არ კრიფავდა ხარკს. ეს იქნებოდა პირდაპირ ქეში, პირდაპირ წილებში ჩაჯდომა, თუ ეს იქნებოდა საარჩევნოდ ადამიანების რიგში ჩაყენება და მათთვის რაღაცა თანხების შეწერა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ სალაროებში. ხუხაშვილის განცხადებით, მთელი ეკონომიკა იყო ამ მაფიოზურ სისტემაში ჩართული.
„მაფია როგორ მოქმედებს ვიცით. ჩვენს შემთხვევაში მაფია და ხელისუფლება იყო ერთი სხეული. არც ერთი ეს დანაშაული სააკაშვილის გარეშე არ ხდებოდა და ბუნებირვია ამ დანაშაუალში ჩართული იყვნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.