ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის შეჭრის საფრთხე, დასავლეთის მხრივ არაეფექტიანი „პერსონალური“ ანტირუსული სანქციების შემოღების მიუხედავად, კვლავ მაღალია. საქართველოს ოკუპაციის მსგავსად, ყირიმის ანექსიით შექმნილი „ახალი რეალობის“ განსამტკიცებლად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებისა და უკრაინის ნაწილის – ყირიმის ანექსიაზე დასავლეთის უნიათო რეაქციის ფონზე, კრემლს უკრაინასა და საქართველოში დაძაბულობის ესკალაცია სჭირდება.
ანტირუსული სანქციების საუკეთესო სამიზნე ინვესტიციებია
2014 წლის აპრილის დასაწყისში ბრიუსელში, ევროპის ენერგოკომისარის გ. ეტინგერის ხელმძღვანელობით გაიმართა სემინარი, სადაც გადაწყდა, რომ 2014 წლის ივნისში ევროკომისია დაამტკიცებს ევროკავშირის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების გეგმას. სამწუხაროდ ასეთი გეგმა დღესაც არ ჩანს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინა გაზის სულ უფრო და უფრო მეტ მოცულობებს მიიღებს უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის გაზსადენებიდან. ამასთან, დასავლელი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ცალკეული რუსი მაღალჩინოსნის ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არანაირ ქმედით შედეგს არ გამოიღებს მოსკოვის ჰეგემონიის შესაზღუდად. მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შარშან გაზაფხულზე განვითარებული კვიპროსის საბანკო კრიზისის მაგალითი ააშკარავებს ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შემოღებული ეკონომიკური სანქციების არაეფექტიანობას. როგორც ჩანს, ანტიირანული საინვესტიციო სანქციების მსგავსი ყოვლისმომცველი შეზღუდვების გარეშე, რუსეთის აგრესიის შემაჩერებელი ძალა არ არსებობს.
დღემდე კრემლის საწინააღმდეგო სანქციებიდან ყველაზე არსებითად მიჩნეულია, ვაშინგტონის მიერ 2014 წლის 1 მარტიდან მაღალტექნოლოგიური სამხედრო დანიშნულების მოწყობილობის რფ–ში საექსპორტო ლიცენზიების გაცემის შეჩერება, ხოლო 28 აპრილიდან – მათი გაცემის საერთოდ აკრძალვა. დასავლეთის მიერ სხვა ეკონომიკური სანქციების შემოღება არ განიხილებოდა.
„ფაინენშნლ თაიმსის“ ინფორმაციით, მხოლოდ 2014 წლის მაისის დასაწყისიდან განიხილება აშშ–სა და ევროკავშირის მხრივ, რუსეთის ბიუჯეტის მთავარი შემავსებლების – „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ საწინააღმდეგო აკრძალვები. ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰ. ვ. რომპეიმ კიევში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ სანქციების ეს „მესამე ტალღა“ რუსეთის მხრივ, 2014 წლის 25 მაისს დანიშნული, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში ამოქმედდებოდა. აშშ–მ სანქციების სახით შეიძლება მაღალტექნოლოგიური სამხედრო დანიშნულების მოწყობილობის რფ–ში ექსპორტის შეზღუდვის მსგავსი დამატებითი ლიცენზირება შემოიღოს. შესაძლოა არსებული ენერგოპროექტები გაგრძელდეს, მაგრამ ახლები დაიბლოკოს (http://topneftegaz.ru/news/view/105262). თუმცა, ჯერ–ჯერობით სანქციების ეს „ტალღა“ არ ჩანს, სავარაუდოდ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების გამო...
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სანქციები თვით დასავლურ კომპანიებს 6 მლრდ დოლარიან ბაზარს დააკარგვინებს და რუსეთის ენერგოსექტორზე ნეგატიურად მხოლოდ სამი წლის შემდეგ აისახება. რუს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტ ზიანს, ჯერ–ჯერობით სანქციები კარის და შავი ზღვების შელფის ათვისებას, ასევე ე.წ. „მძიმე ნავთობის“ დამუშავებას მოუტანს (http://topneftegaz.ru/news/view/105272). რუსული ნავთობსერვისული კომპანიის „ნიუტექ სერვისიზ“ ვიცე–პრეზიდენტი რაფაელ ნურიევი ერთ–ერთ ინტერვიუში ღიად აცხადებს, რომ „...შელფზე ინოვაციების გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ ეს სამი–ოთხი წლის პერსპექტივაა. რუსული ტექნოლოგიები ამჟამად ვერ შეცვლიან იმას, რასაც უცხოელები გვთავაზობენ. ასეა ისტორიულად: იქ (დასავლეთში) კომპანიები ნახევარი საუკუნეა მუშაობენ და ვითარდებიან, მათთან მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტები საქმიანობენ. რუსეთში კი ნავთობსერვისის დარგმა რამდენიმე რეფორმა გადაიტანა და უფრო თავის გადასარჩენად იბრძვის, ვიდრე ვითარდება“ (http://topneftegaz.ru/news/view/105272).
ასევე, რუსეთს დასავლური კომპანიების დახმარება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაზვერილი საბადოების, ასევე არქტიკული და ფიქლების ნავთობის მარაგების ათვისებაში დასჭირდება. ამისათვის მას BP–ს, “ჰალიბარტონის“ და „ექსონის“ ტექნოლოგიები სჭირდება. „ბლუმბერგის“ ცნობით, ნავთობმარაგების ღირებულება, რომლებსაც რუსეთი დასავლეთის გარეშე ვერ აითვისებს, 8.2 ტრლნ დოლარია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთს არა აქვს არანაირი შანსი ე.წ. ძნელად მოსაპოვებელი საბადოების გახსნისათვის.
სავარაუდოდ, ჩაიშლება ‘როსნეფტის“ მიერ ამერიკული ბანკის „მორგან სტენლის“ ნავთობით მოვაჭრე ფილიალის შესყიდვის მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები. ასევე მოსალოდნელია „როსნეფტისა“ და ამერიკული „ექსონ მობილის“ თანამშრომლობის ჩაშლა არქტიკული და შავი ზღვის შელფების ერთობლივ ათვისებაზე, „სახალინის 2“–ის თხევადი გაზის ქარხნის მშენებლობაზე. სანქციები სავარაუდოდ უნდა შეეხოს „გაზპრომისა“ მიერ ფრანგული „ტოტალთან“ და ნორვეგიულ „სტატოილთან“ ერთად, კარის ზღვაში მდებარე გიგანტური შტოკმანის საბადოს ათვისებასაც. რაც 2017 წლისათვის იგეგმება. საქმე ისაა, რომ არც ერთ რუსულ კომპანიას არ გააჩნია ე.წ. ღრმაწყლიანი ბურღვის (Deepwater drilling) დანადგარები. ამდენად, ციმბირისა და ვოლგისპირეთის ენერგორესურსების ამოწურვის პირობებში, შელფის ათვისების გარეშე, რფ–ს საბიუჯეტო კრიზისი ემუქრება, – თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში.
აღნიშნულზე 2014 წლის ივლისის დასაწყისში აშშ ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ ამერიკა–ჩინეთის საქმიანი საბჭოს სხდომისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ „...დამატებით სანქციებს ძალიან ადვილად შეუძლია რუსეთის რეცესიაში გადასროლა. ჩვენ არ ვმალავთ, რომ მზად ვართ ახალი სანქციების შემოღებისათვის ნაბიჯების გადასადგმელად. მათი მიზანი არა სანქციების გამკაცრება, არამედ რუსეთის იძულებაა, რომ შეცვალოს თავისი მოქმედების კურსი“.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ბიუჯეტის ნახევარი ენერგომატარებლების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით ივსება. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისია კრემლს შემოსავლების ეს წყარო გადაეკეტოს, მისი აგრესიული პოლიტიკა “შერბილდება”. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს" (IEA) ინფორმაციით, 2035 წლისთვის გაზის მსოფლიო ბაზარზე რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის წილი 45%-დან 35%-მდე დაეცემა. უკვე ახლანდელი მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი იყო 217,477 მლნ ტონა (-0.3% 2011 წელთან), ხოლო გაზის - 186.1 მლრდ კუბმეტრი (-8.7%) შეადგინა (Gazeta 2103, Российский бюджет испытали на сланцевый прорыв, viewed 20 May2013, http://www.gazeta.ru/business/2013/04/11/5252025.shtml).
ამის მიზეზად ექსპერტებს არა მარტო მსოფლიო მასშტაბის გაზმომარაგების ახალი პროექტების გამოჩენა, არამედ რუსული გაზის მონოპოლისტის - "გაზპრომის" არასწორი პოლიტიკაც მიაჩნიათ. შედეგად, ევროპელი ექსპერტები “გაზპრომის” ხელმძღვანელის ალექსეი მილერის, ვ. პუტინის უახლოესი მეგობრის, პოსტიდან შესაძლო გადადგომაზე ალაპარაკდნენ. თუმცა ექპერტებს მიაჩნიათ, რომ ალ. მილერის თანამდებობიდან გათავისუფლება “გაზპრომის” პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
2013 წლის გაზაფხულზე "გაზპრომის" დირექტორთა საბჭომ განიხილა თხევადი გაზის ბაზრების სტრატეგიის აქტუალიზაციის საკითხი. სხდომაზე კრიტიკულად განიხილეს და შეცვალეს 2008 წლის სტრატეგია, რომელიც აირის ძირითად სარეალიზაციო არეალად ჩრდილოეთ ატლანტიკის ბაზარს მიიჩნევდა. ახალი სტრატეგიით იცვლება ფასწარმოქმნაც. კერძოდ, ევროპაში აშშ-ს, კანადის, ყატარისა და მომავალში, ავსტრალიის მხრივ კონკურენციის გამო, საფასო ინდექსი ხდება Henry Hub-ის თხევადი გაზის ფასი. ალ. მილერის მიერ ადრე ხელაღებით უარყოფილი ფიქლების გაზის მოცულობები რელური აღმოჩნდა. ევროპაში "გაზპრომის" მილსადენებით მოწოდებულ გაზს ფიქლების მხრივ სერიოზული კონკურენტი აღმოაჩნდა, ხოლო რუსული გაზის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გადამისამართება უკვე დაგვიანებულია, რადგან ამ ბაზრებზე ამერიკული ფიქლების გაზია გაბატონებული. დღემდე "გაზპრომი" თხევადი გაზის სამ პროექტს ამუშავებდა: 1) "ვლადივასტოკ - სპგ", საიდანაც იაპონიის გაზმომარაგება 2018 წელს დაიწყება; 2) შტოკმანის თხევადი გაზის ქარხანის აგება, რაც მხოლოდ 2017 წლიდან განხორციელდება და 3) "სახალინ 2"-ის გაფართოება, ამ ქარხნის მესამე რიგის აგების ხარჯზე. ამასთან, ექსპერტები თვლიან, რომ ყატარმა და ავსტრალიამ უკვე აითვისეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი. კერძოდ, ყატარი 102.6 მლრდ კუბმეტრი გაზის საერთო ექსპორტის პოირობებში, 48.63 მლრდ კუბმეტრს აზიაში აგზავნის. ამავდროულად, ავსტრალია, საერთო საექსპორტო 25.9 მლრდ კუბმეტრი გაზის მოცულობის პირობებში, ამ რეგიონს 25.6 მლრდ კუბმეტრ აირს აწვდის. აზიის რეგიონში "გაზპრომის" ბაზარი იაპონია და სამხრეთ კორეა იქნებიან. ამასთან, ევროპელი ფინანსისტები ვარაუდობენ, რომ ევროპაში და აზიაში ალტერნატიული გაზის დამატებითი მიწოდება გაზს აიაფებს. შედეგად, ყოველ მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე 1 დოლარით გაზის ფასის შემცირება “გაზპრომის” მოგების 4 მლრდ დოლარით შემცირებას გამოიწვევს. ეს კი, უახლოეს წლებში, “გაზპრომის” პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებს, ანუ მის მონოპოლიურ «მისწრაფებებს წაახალისებს».
ენერგეტიკის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კარლოს პასკუალის ინფორმაციით, ფიქლების მოპოვების რადიკალური ზრდის გამო, გაზის წარმოება აშშ-ში 25%-ით გაიზარდა და ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულება 60-დან 40%-მდე შემცირდა. უახლოეს დროში მოსალოდნელია ამ ციფრის 30%-მდე შემცირება. გაზის მარაგებით და მისი ექსპორტით დღეს მსოფლიოს ლიდერი - რუსეთი თმობს პოზიციებს. ცნობილი საკონსულტაციო კომპანია “პრაისუატერჰაუსკუპერი” (PWHC) აკრიტიკებს “გაზპრომის” შეფის, ალ. მილერის ტელეეთერში ე.წ. ფიქლების გარღვევის არასერიოზულად განხილვის გამო. “გაზპრომის” მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ფიქლების გაზის მოპოვება თითქოსდა არარენტაბელურია. PWHC ასევე რფ-ს პრეზიდენტის ვ. პუტინის გამონათქვამებს უკეთებს ანალიზს და წერს, რომ პუტინმა ფაქტიურად აღიარა აშშ-ს “ფიქლების რევოლუცია”, როგორც ფაქტორი, რომელი ამცირებს ევროპაში რუსულ გაზზე მოთხოვნას (Topneftegaz 2013, PricewaterhouseCoopers: менеджмент "Газпрома" совершает большую ошибку, viewed 01 May 2013, <http://www.topneftegaz.ru/news/view/102990/>)
იცვლება ევროპელ მომხმარებელთა პრეფერენციებიც. მაგალითად, ბრიტანულმა გაზგამანაწილებელმა კომპანია “ცენტრიკამ” ამერიკულ Cheniere Energy–სთან კონტრაქტი ყოველწლიურად 1.75 მლნ ტონა გაზის იმპორტზე გააფორმა. ამ 20 წლიანი კონტრაქტით თხევადი გაზის მოწოდება ბრიტანეთში 2018 წლიდან დაიწყება. გაზი ლუიზიანაში მდებარე ტერმინალ Sabine Pass–იდან წამოვა. ეს ბრიტანელების მიერ აშშ–დან თხევადი გაზის იმპორტზე გაფორმებული უკვე მეოთხე კონტრაქტია. 2011 წლის შემოდგომაზე ყოველწლიურად 3.5 მლნ ტონა თხევადი გაზის იმპორტზე 20 წლიანი კონტრაქტი ბრიტანულმა BG Group–მა გააფორმა; 2012 წლის იანვარში კი წლიურად 2 მლნ ტონის იმპორტზე - ამავე ბრიტანული კომპანიის ფილიალმა BG Gulf Coast LNG–მა მოაწერა ხელი. ამერიკული გაზის იმპორტით დაინტერესდა ასევე ბრიტანული “ბი–პი”, რომელმაც ამერიკულ Freeport LNG–ს გაუფორმა 20 წლიანი საიმპორტო კონტრაქტი წლიურად 4.4 მლნ ტონა თხევადი გაზის შესყიდვაზე. ამდენად, დაკონტრაქტებული ამერიკული თხევადი გაზის საერთო რაოდენობა 11.65 მლნ ტონას აჭარბებს, რაც 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეესაბამება. ამ დროს, ბრიტანეთის წლიური შიდა მოხმარება 64 მლრდ კუბმეტრია. თავისუფალი ვაჭრობის ზონის (NAFTA) მიღმა გაზის ექსპორტის ლიცენზია ვაშინგტონმა ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკულ კომპანია Cheniere Energy-ს მისცა. თუმცა, საშუალოვადიან პერსპექტივაში აშშ მინიმუმ კიდევ 15 კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ასევე, თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტს გეგმავს კანადაც.
იწყება ალტერნატიული გაზის ახალი სახეობის – მეთანჰიდრანტების ათვისებაც, რომელიც ფიქლების გაზზე არანაკლებ პერსპექტიულადაა მიჩნეული. მეთანჰიდრანტი არის ოკეანის ფსკერზე მიმობნეული თეთრი კრისტალები, რომლებიც მეთანს გამოყოფენ. ასე მაგალითად, იაპონიის “ნავთობის, გაზისა და ლითონების კორპორაციამ” დაასრულა ნახევარკუნძულ აცუმის 65-70 კმ-ით დაშორებული შელფის კვლევა. იქ აღმოჩენილია მეთანჰიდრანტის დიდი მარაგები, რომლის სამრეწველო ათვისების დაწყება 2018 წლისათვის დაიგეგმა. ასევე, “ფიქლების რევოლუციის” მესამე ტალღას, – ამჯერად “კეროგენის რევოლუციას” ამზადებენ აშშ და ისრაელი. ამ ქვეყნებში, საკმაოდ ვრცელ ფართობებზე გაზის მოპოვება ხდება “კეროგენშემცველ ფიქლებში” ახალი, ექსპერიმენტული – ISP (in situ process) ტექნოლოგიით. ამ ტექნოლოგიის მთავარი ნიშანია გაცხელებით გაზის ფიქლებიდან გამოთავისუფლება. ასევე, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ე.წ. “მძიმე ნავთობის” მოპოვების მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა. მაგალითად, რუსულმა “ლუკოილმა”, დასავლელი პარტნიორების დახმარებით, პირველად მსოფლიოში რფ-ს კომის რესპუბლიკაში დაიწყო მაღალი სიბლანტის ნავთობის თერმოგრავიტაციული დრენაჟით (Steam-Assisted Gravity Drainage) მოპოვება.
რფ-ს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თვლის, რომ “გაზპრომის” ხელმძღვანელს, ალ. მილერს ტყუილად არ მიაჩნია “ფიქლების რევოლუცია” საზიანოდ. სამინისტროს პოზიციაა, რომ გაზის საექსპორტო ტარიფების დადგენა უნდა მოხდეს საგარეო გაზის ბაზრებზე ფასების მიხედვით. ასეთი წინადადებაა ასახული რუსეთის სოცილურ-ეკონომიკური განვითარების 2014 წლის გეგმასა და 2015-2016 წლების პერიოდის პროგნოზში. საუბარია ქვეყნის შიდა და საექსპორტო გაზის რეალიზაციის ტარიფების თანაბარ შემოსავლიანობაზე.
აღნიშნულ მარცხს რუსი მეცნიერებიც აღიარებენ. რფ-ს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტებმა და რფ-ს მთავრობის ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა “ენერგეტიკის განვითარების 2040 წლამდე პროგნოზი” (Gazeta 2013, Прогноз развития энергетики мира и России до 2040 года, viewed 04 June 2013, <http://www.gazeta.ru/business/2013/04/11/5252025.shtml>), რომელიც IEA-ს ზემოაღნიშნულ პროგნოზს ემთხვევა. მასში დასაბუთებულია, რომ ე. წ. “ფიქლების გარღვევა” რუსეთის ბიუჯეტს 20%-ით დააზარალებს. ამ თეორიული პროგნოზით, ამერიკა მალე გაზისა და ნავთობის ექსპორტიორი გახდება, საწვავზე მსოფლიო ფასები დაეცემა და შესაბამისად, დაიკლებს რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები. ნახშირწყალბადების ძირითადი მომხმარებლები აზია-წყნარი ოკეანიის ქვეყნები გახდებიან. ეს ევროპის მხრივ მოთხოვნას, ადრე გაანგარიშებულთან შედარებით, ბევრად შეამცირებს, - იმდენად, რომ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არა მარტო რუსული გაზსადენების პროექტების, არამედ ევროკავშირის “დერეფნის” აუცილებლობაც (Vestikavkaza 2013, Кому нужен Транскаспийский газопровод? viewed 02 June, 2013, <http://www.vestikavkaza.ru/news/Komu-nuzhen-Transkaspiyskiy-gazoprovod.html>; Iarex 2013, Кому нужен «Южный поток»: эксперты. viewed 04 June, 2013, <http://www.iarex.ru/articles/24483.html>).
უკრაინაზე ზემოქმედების სცენარები
ზემოაღნიშნული საფრთხის და უკრაინის ცენტრალური მთავრობის სისუსტის გამო, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შეეცდება არ შეჩერდეს მიღწეულზე და განაგრძოს, ერთის მხრივ, აღმოსავლეთ უკრაინის სამ ოლქში შეჭრისათვის მზადება, და მეორეს მხრივ, საქართველოზე გამავალი რუსეთის კონკურენტული „სამხრეთის ენერგოდერეფნის“ დაბლოკვა. ამისათვის სავარაუდოდ, ის გამოიყენებს როგორც ყირიმის გამოცდილებას, ისე სხვადასხვა კომბინაციებს. თუმცა, კრემლი კონკრეტულად ღია აგრესიას გამოიყენებს, თუ ნაწილობრივ შეჭრას ე.წ. „მწვანე კაცუნებით“, ამის გარკვევა რთულია. დღეისათვის არსებობს უკრაინაზე რუსეთის ზემოქმედების ოთხი სცენარი:
– პირველი სცენარია ის, რომ კრემლი შეიძლება შეჩერდეს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ჯარების თავმოყრაზე. ეს მოსკოვს „იარაღის ჟღარუნის“ იმიტაციისათვის სჭირდება. რუსეთმა უკვე მიიღო ყირიმი და საზღვრისპირა რაიონებში სამხედრო ესკალაცია მას „ახალი რეალობის“ განსამტკიცებლად სჭირდება. ეს სცენარი ამჟამად ხორციელდება, მაგრამ მისი მუდმივად შენარჩუნება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან საზღვრისპირა ოლქებში დაძაბულობა სულ უფრო იზრდება და კიევი ადგილობრივ სეპარატისტებს, ზოგ შემთხვევაში ეფექტიანად ებრძვის;
– მეორე სცენარით, რუსეთი დაძაბავს სიტუაციას აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში და ამას ყირიმისაკენ „სახმელეთო დერეფნის გაჭრის“ წინაპირობად გამოიყენებს. „დერეფანმა“ შეიძლება დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებზე გაიაროს;
– მესამე სცენარია შეიარაღებული სეპარატისტული ამბოხების დაწყება, და შესაბამისად, რუსული ჯარების უკრაინაში დნეპრამდე შეყვანა. ამით პუტინი უკრაინას გაყოფს დნეპრის გასწვრივ ორ ნაწილად – პროდასავლურ და პრორუსულ კვაზი სახელმწიფოებად;
– მეოთხე სცენარით, რუსეთი არა მარტო უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთის, არამედ სამხრეთ–დასავლეთის რეგიონებზეც გაატარებს სტრატეგიულ სახმელეთო „დერეფანს“, რათა ყირიმის საოკუპაციო ძალები და დნესტრისპირეთში დისლოცირებული მე–4 რუსული არმია დააკავშიროს ერთმანეთთან. ეს ანკლავი მოიცავს ხერსონის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებს, ოდესის საზღვაო პორტთან ერთად.
ამ სცენარებიდან კრემლი შეარჩევს იმას, რომელიც მოცემულ მომენტში ყველაზე ეფექტიანი იქნება. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ კრემლი მეორე სცენარით იმოქმედებს. ეს იმითაა განპირობებული, რომ ყირიმი სურსათის 85%–ს უკრაინის სამხრეთ ოლქებიდან იღებდა და დღეს იქ სურსათით მომარაგებაში პრობლემებია. რფ–ს ფედერალური საბაჟო სამსახურის ცნობით, რფ–ს ყირიმის საბაჟომ 2014 წლის 17 მაისიდან შეწყვიტა უკრაინაში წარმოებული საქონლის მიღება. მისი საზღვაო გზით შემოტანილი რუსული პროდუქციით ჩანაცვლება საცალო ფასებს საშუალოდ 50%–ით აძვირებს. ამასთან, ლოგისტიკის ახლებურად გარდაქმნას ნახევარი წელი მაინც სჭირდება (http://top.rbc.ru/economics/19/05/2014/924733.shtml?utm_source=newsmail&utm_medium=news&utm_campaign=news_mail2).
მესამე და მეოთხე სცენარების გამოყენება არარეალურად მიგვაჩნია, ვინაიდან ის რუსეთის სრულ საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს. ამიტომ სავარაუდოდ, რუსეთი განახორციელებს სახმელეთო ოპერაციას ყირიმისკენ „დერეფნის“ გასაჭრელად. სავარაუდოდ, არა სრულმასშტაბიანი აგრესიის, არამედ ჯავახეთზე ასეთივე ვიწრო დერეფნის „გაჭრის“ (ჯავახეთში და შიდა ქართლში დასავლური კონსორციუმების კუთვნილი გაზ და ნავთობსადენების დაუზიანებლად) გზით წავა რუსეთი. ეს შეიძლება მოხდეს კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, საქართველოს გავლით სომხეთში, გიუმრში მდებარე რფ–ს 102–ე ბაზასთან სახმელეთო გზით დასაკავშირებელად...