„ნატოს უფრო მეტი ყოფნა საქართველოში და საქართველოს უფრო მეტად ყოფნა ნატოში“

„ნატოს უფრო მეტი ყოფნა საქართველოში და საქართველოს უფრო მეტად ყოფნა ნატოში“

ნატო-ს უელსის სამიტზე, რომელიც 4-5 სექტემბერს გაიმართება, ალიანსი საქართველოს „გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას“ შესათვაზებს. უკვე ცნობილია, რომ უელსის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაემგზავრება. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერს და მთავრობას მიზანშეწონილად, სასურველად მიაჩნიათ ნატო-ს სამიტში საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა.

„ამ საკითხზე მთავრობამ პრემიერთან ერთად იმსჯელა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, თუკი ISAF-ის შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი. ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული უელსის სამიტის დღის წესრიგი, მაგრამ მოსალოდნელია, გაიმართოს საგარეო საქემთა და თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი.
შესაბამისად, დაკომპლექტება საქართველოს დელეგაცია, მაგრამ ISAF-ის შეხვედრაზე, რომელიც განიხილავს ISAF-ის საკითხებს, მის მომავალს, პრემიერს და მთავრობას მიზანშეწონილად, სასურველად მიაჩნიათ ამ სამიტში საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ამასთან აღსანიშნავია, რომ ნატო-ს უელსის სამიტისთვის მოსაზადებელი სამუშაოების განხორცილების მიზნით, საქართველოში ორ-დღიანი ვიზით იმყოფება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადეგნლი ჯეიმს აპატურაი. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის განცხადებით, ნატოს სამიტამდე ისეთი გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც მოჰყვება ალიანსის მეტი ჩართულობა.

 

„უელსის სამიტამდე პროგრესი ნამდვილად იქნება. ჩამოვედი ნატო-ს გენერალური მდივნის დავალებით, რომ ვიმუშაო ქართულ მხარესთან ერთად ახალ პაკეტზე. ახლა უნდა განვიხილოთ დეტალები მინისტრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტზე ვიხილავთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მოყვება ნატო-ს უფრო მეტი ჩართულობა საქართველოში და ქართველების უფრო აქტიური მონაწილეობა ალიანსის დისკუსიებსა და პროგრამებში. ამით გაგრძელდება საქართველოს გზა ალიანსისკენ. სამუშაოები კვლავ შესასრულებელია და ნამდვილად იქნება პროგრესი სამიტამდე“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, გზავნილი არის - ნატოს უფრო მეტი ყოფნა საქართველოში და საქართველოს უფრო მეტად ყოფნა ნატოში. თუმცა, რა სახე და რა ფორმა ექნება ამას, ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

„ის, რაც უნდა ჩაიწეროს ნატო-ს საბოლოო გადაწყვეტილებაში, ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის პროგრესის ასახვა. დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოხმარდეს იმას, რომ გაკეთდეს ჩანაწერი - საქართველო კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას. ამაზე უნდა შეთანხმდეს ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო.

გარდა ამისა, უნდა აისახოს ის პროგრესი, რომელიც აღიარებულია ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მიერ და აისახოს ის კონტრიბუცია, რომელიც განახორციელა საქართველომ ISAF-ის ოპერაციაში. საქართველო დაწინაურდება ნატო-ს უელსის სამიტზე ასპირანტ ქვეყნებში ნატო-ს წევრობის გზაზე. შესაბამისად, ძალიან მალე შეიძლება ნებისმიერ დროს მივიღოთ გადაწყვეტილება ნატო-ს მხრიდან და ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება, კონსესუსი ნატო-ს შიგნით“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობის საკითხებში თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიის 20 პროცენტი, მას არა აქვს მოდუნების საშუალება.

„ვერ ვიტყვი, რომ ჩემი აზრი შეიცვალა-თქო. მითუმეტეს შიდა ქართლში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ რისკები კვლავაც მაღალია. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყველაფერს, იმას რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორებზე, ის რაც ხდება საოკუპაციო ზოლში. სამწუხაროდ, ეს მოვლენები არ გვაძლევს თვითდამშვიდების საშუალებას. მითუმეტეს, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან სწრაფად ცვალებად უსაფრთხოების გარემოში.

ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმას, რაც ხდება რეგიონში, რაც ხდება უკრაინაში, ასევე მსოფლიოში. ძალიან სწრაფად ცვალებადი უსაფრთხოების გარემოა. ამ ვითარებაში ქვეყანას არავითარ შემთხვევაში არ აქვს მოდუნების და თვითდამშვიდების საშუალება. მაქსიმალურად მეტი მუშაობა გვჭირდება იმისათვის, რომ პრევენციის მექანიზმები იყოს კიდევ უფრო ძლიერი, მოხდეს არსებული რისკების ნეიტრალიზება, მათი ხარისხის დაბლა დაწევა და იმ არსებული საფრთხეების არიდება, რომელიც კიდევ შეიძლება წარმოიქმნას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.

სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის განცხადებით, უელსის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი არ დადგება. მისივე განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი სამიტი, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში იურიდიულ ნაბიჯებს არ გადადგამს. ამასთან, თავდგირიძე არც მეზობელი რუსეთისგან ელოდება დესტრუქციულ ნაბიჯებს.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში საქართველოს უსაფრხოება არის გარანტირებული. შექმნილია სტატუს-კვო როდესაც რუსეთი არ მოახდენს ნატოს პროვოცირებას, რადაგან ნატო არ მოახდენს თავისი ქვედანაყოფების განთავსებას საქართველოში, არ მოახდენს რუსეთის პროვიცირებას და არ გაზრდის კონფრონტაციას რუსეთთან. შესაბამისად, დღეს საქართველოს რუსეთიდან საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.