ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. ნატოს წარმომადგენლის საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ძირითადი მიზანი ნატო-ს უელსის სამიტისთვის მოსაზადებელი სამუშაოების განხილვა და ქართულ მხარესთან ერთად ახალ პაკეტზე მუშაობაა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს მხრიდან საქართველოსთვის შემოთავაზებული პაკეტის დეტალები განიხილეს. „ბატონ აპატურაისთან ერთად ძალიან დეტალურად შემოთავაზებების ის პაკეტი განვიხილეთ, რომელზეც ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ სამიტზე განსახილველადაა საუბარი. როგორც წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს პაკეტი რამდენიმე ელემენტს შეიცავს. პირველი - საქართველო იქნება უფრო დაცული ამ სამიტის შემდეგ და ამ შემოთავაზებებით, უფრო უსაფრთხო და რაც მთავარია, იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ნატოს წევრობისკენ. უკვე ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი უახლოეს პერიოდში გახდეს. აქედან გამომდინარე, ამ დისკუსიებს, დისკუსიებს სხვა სახელმწიფო მოხელეებთან ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში ნატოში მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ნატოს მხრიდან შემოთავაზებული პაკეტის დეტალებზე ისაუბრა შეხვედრის შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ: "თავდაცვის მინისტრთან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონია, თუმცა დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული იყო. ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ პაკეტის დეტალებზე, რომელიც ნატოს სამიტზე დამტკიცდება. შევთანხმდით, რომ ეს პაკეტი იქნება ძალიან საფუძვლიანი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ამ საკითხების განხილვა ბრიუსელშიც მოხდება, თუმცა ძალიან კარგი დასაწყისია და თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია ამ მიმართულებით. ეს კარგი საფუძველია წარმატებული სამიტისთვის".
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ალექსი პეტრიაშვილთან და საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან.