საქართველომ რუსეთის მორიგი ოფიციალური მუქარა მიიღო - თუკი საქართველოსა და უკრაინის პარლამენტები, მოლდოვის მსგავსად, მოახდენენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, მაშინ რუსეთი მათთან სავაჭრო ურთიერთობაში ანალოგიურ დამცავ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება არათანმიმდევრულია მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დაგვპირდა, რომ ასოცირების ხელმოწერაში რუსეთი ხელს არ შეგვიშლიდა.
როგორც ირკვევა, საქართველოს წინააღმდეგ „დამსჯელი ზომების კრებული“ ეკონომიკური ხასიათის იქნება, კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე აგებული.
მედვედევის შიშით, ამ ქვეყნების პარლამენტების მიერ შეთანხმების რატიფიცირება არსებულ ვითარებას საგრძნობლად შეცვლის. ამიტომ ამ ქვეყნებს „უნდა ესმოდეთ, რომ საბაჟო კავშირთან და რუსეთთან საურთიერთოდ სულ სხვა სამართლებრივ საფუძვლებს ქმნიან“.
რუსეთის მუქარას გერმანული ბუნდესტაგის დეპუტატი მარილუიზ ბეკი გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ინფორმირებულმა წყაროებმა შეატყობინეს, რომ რუსეთი, ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში, უკრაინაში შეიჭრება.
„რატომ ვერ ბედავს ევროკავშირი დამატებითი სანქციების დაწესებას? პოლიტიკურ ბერლინში კარგად ინფორმირებული წყაროები აცხადებენ, რომ სერიოზული სანქციების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინაში ჯარის შეყვანით იმუქრება. თუკი ეს მართალია, ვგონებ, ძალიან ბევრ რამეს ჰფენს ნათელს“, - აცხადებს დეპუტატი.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს მედვედევის განცხადებაზე ასეთი რეაქცია აქვს: „ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ბაზარი. ასევე, საქართველომაც უნდა დაიცვას თავისი ბაზარი. არსებობს კონსულტაციები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რუსეთის მხარესთან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ისევე კარგად განვითარდეს, როგორც დაიწყო დაახლოებით ერთი წლის წინ“.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან უკვე ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ივლისში გეგმავს, საინტერესოა, რა საფრთხეებს შეუქმნის ეს ხელშეკრულება რუსულ ბაზარს და რამდენად საფუძვლიანია ასოცირების ხელშეკრულებით გამოწვეული რუსული შიშები? ხომ არ არის ეს უბრალოდ არგუმენტი იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს? სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით ჩვენი პროდუქცია არ შეუშვას თავის ბაზარზე?! აასრულებს თუ არა რუსეთი მუქარას საქართველოს წინააღმდეგ?!
For.ge, ასევე, დაინტერესდა, რა რაოდენობის პროდუქცია გადის რუსულ ბაზარზე საქართველოდან?
როგორც აღმოჩნდა, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ რუსულ ბაზარზე საქართველოდან 134 ტონა ხილის ექსპორტი განხორციელდა. კერძოდ, კახეთის რეგიონიდან 82 ტონა ატამი და ვაშლატამა, შიდა ქართლიდან - 35 ტონა ბალი და გურიიდან 17 ტონა ლურჯი მოცვია ექსპორტირებული.
ზოგადად კი, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გასული წლის 28 ივნისიდან რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირი და ა. შ.) შევიდა. მოგვიანებით, 2013 წლის 14 ოქტომბრიდან ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდა შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი, რის შემდეგაც „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნენ.
2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა. აღარაფერს ვამბობთ, რუსეთში გატანილ მინერალურ სასმელებსა და ღვინოზე.
ყველაფერი ეს ხორციელდებოდა ლავროვის მუქარის ფონზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულებამდე 1 დღით ადრე დაემუქრა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას კონტრზომებით. იმ პერიოდში ზოგი ამას პოლიტიკურ შანტაჟს უწოდებდა, ზოგისთვის ეს განცხადება უფრო რუსეთის შიდა აუდიტორიისკენ მიმართულად აღიქმებოდა, ვიდრე ხელმომწერი ქვეყნებისკენ, რადგან ხელმოწერა უკვე გადაწყვეტილი იყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა ქურდოვანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზუსტად ასოცირების ხელშეკრულებას დაემთხვა, როცა საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ექსპერტები. მას შემდეგ რუსეთში გასატან ჩვენს პროდუქციას კურკოვანი ხილიც დაემატა. ამის მიუხედავად, გიგა ქურდოვანიძის აზრით, თუკი ჩვენთვის მათი ბაზარი ჩაიკეტება, არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება, რადგან ჩვენთვის მთავარია, უზრუნველვყოთ ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომ არ მოხვდეს რუსეთის ფედერაციაში საკარანტინო მავნებლები და დაავადებები.
„მედვედევის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები და ამის ფარგლებში მოხდება ვაჭრობა. მათი მხრიდან ბაზრის დაცვა სულაც არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ბაზარი დაიკეტება. ასე თუ ისე, ყველა ქვეყანა თავის ბაზარს იცავს, მიუხედავად ხელშეკრულებებისა. ხილის და ბოსტნეულის ექსპორტი არ არის პოლიტიკური რეფერენციები, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყნას შორის“.
For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე განმარტავს, რომ მედვედევისა და ლავროვის განცხადებები მკვეთრად პოლიტიზირებულია და რუსულ-ქართული სავაჭრო ურთიერთობები არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ევროპასთან თავისუფალი ხელშეკრულების გაფორმებასთან.
„მედვედევს ან ლავროვს რაიმე ლეგიტიმური იურიდიული საფუძველი არ აქვთ, ივარაუდონ, რომ სავაჭრო ურთიერთობებში შეიძლება წარმოიშვას პრობლემები. 2008 წელსაც ამ მოტივით განხორციელდა ეკონომიკური სანქციები საქართველოსთვის. ეს არ იყო ემბარგო, ფორმალურად რუსეთმა არ დაარღვია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები და პირობები, მაგრამ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის მოტივით შეზღუდა ქართული პროდუქციის შეღწევადობა რუსულ ბაზარზე. სრულიად რეალურია, ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები რუსეთმა ახლაც აამუშავოს, რადგან რუსეთისთვის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების თავისუფალი ბაზრის წევრად გახდომა არ წარმოადგენს მაინცდამაინც სასურველ და სტრატეგიულ ინტერესს.
რუსეთში ხილის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან მასშტაბებს ვერ მივაღწიეთ, ურთიერთობა ახალი დაწყებულია, მაგრამ, პრაქტიკულად, რუსეთში ქართულმა ღვინომ მესამე ადგილი დაიკავა, ეს მნიშვნელოვანი ნიშაა ფრანგული და ესპანური ღვინოების შემდეგ. მოსალოდნელია, გარკვეული რისკები ქართულ ღვინოს, ღვინის პროდუქტებს და ხილ-ბოსტნეულს შეექმნას. ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს ქცევის გარკვეული სტრატეგია, რას ვაკეთებთ რისკფაქტორის ამოქმედებისას, როგორია ალტერნატიულ ბაზრებზე შეღწევადობის სტრატეგიული გეგმა, მათ შორის, ჩინეთის ბაზარზე.
რუსეთის მხრიდან აკრძალვა ეკონომიკურად არ დაგვაქცევს, მაგრამ ეს იქნება სერიოზული ფინანსური დარტყმა მევენახეობის, ღვინის წარმოებისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტო მუშაობს ამ მიმართულებით და ეს პოზიტიური ძვრები დასაჩქარებელია“,- აცხადებს ლევან კალანდაძე, რომლის აზრითაც, გრძელვადიან პერსპექტივაში ბარიერების შექმნა საქართველოსთან ერთად რუსეთსაც დააზარალებს, რადგან რუსული ბაზრის მნიშვნელოვან პროდუქტს იკავებს ქართული პროდუქცია. საუბარია რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ზარალზე.
ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძეს მედვედევის, როგორც არასერიოზული ადამიანის განცხადებებზე, კომენტირება უჭირს.
„მედვედევს თავში რა დევს, არ ვიცი. არა მგონია, რუსული ბაზარი ჩვენთვის დაიხუროს, ეს თავად რუსეთს არ აწყობს. მით უმეტეს, უკრაინის ბაზრის დახურვა მას არანაირად არ აწყობს. თუმცა ცხრა წელი დაკეტილი იყო ჩვენთვის რუსული ბაზარი, მაგრამ არაფერი საგანგაშო არ მომხდარა. საქართველომ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ასოცირების ხელშეკრულებით რუსეთს? როგორ შეიძლება, კაცმა კარი დაკეტოს და იძახოს, დაცული ვარო. ასეთი „დაცულნი“ იყვნენ და ჩვენ თავი დაგვანებონ“, - გვითხრა პაატა შეშელიძემ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე For.ge-სთან საუბრისას მიიჩნევს, რომ არანაირი საფუძველი მედვედევის განცხადებას არ აქვს, რადგან ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და სავაჭრო უპირატესობები, რასაც ასოცირების ხელმომწერი ქვეყანა აღწევს ევროკავშირთან, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის მესამე ქვეყანას - რუსეთს, აზიურ ქვეყნებს თუ ნებისმიერ სხვას. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მოთამაშეები შეიზღუდებიან ბაზარზე. უბრალოდ, ეს არის პოლიტიკური განცხადება და რუსეთს არ სიამოვნებს, რომ მეზობელი ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე არიან.
„რუსეთი რომ იყოს პრაგმატული ქვეყანა, პირიქით, შეიძლება, უპირატესობადაც კი ჩაეთვალა მეზობელი ქვეყნების ასოცირების ხელშეკრულებები. არა მგონია, ბაზარი ჩაგვიკეტოს, თუმცა არც ეს არ გამოიწვევს ქართული ეკონომიკის პარალიზებას, რაც რუსეთმაც კარგად იცის. ჩვენ არ ვართ დამოკიდებულნი რუსულ ბაზარზე და ჩვენი ექსპორტის სტრუქტურაში რუსეთის წილი მინიმალურია. რა თქმა უნდა, დიდი ექსპორტიორები (მეღვინეები და მინერალური წყლების ჩამომსხმელები) დაზარალდებიან, მაგრამ ეს დარტყმა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე 2006 წელს“.