რუსთავში არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური გარიგებები შედგა. ოპოზიციური ბლოკების მერობის ყოფილი კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდნენ. პარტიების სათავო ოფისები საკუთარ კანდიდატებს „ნაციონალებთან დამეგობრებას“ უწუნებენ და მათ პიროვნულ გადაწყვეტილებებს ემიჯნებიან.
„ჩვენი საქართველოს“ რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი, „არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი ალექსანდრე ბერიძე, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი კობა ძლიერიშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ივანე (ნუკრი) შათირიშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებენ, მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი აირჩიონ. ჩიქოვანის მერად არჩევის შემთხვევაში რუსთავის მერობის ყოფილ კანდიდატთა საბჭო შეიქმნება და რუსთავის მოსახლეობისთვის სხვადასხვა პარტიის მიერ მიცემულ დაპირებებს ერთად შეასრულებენ. ყოფილმა კონკურენტებმა შეთანხმების დასტურად სპეციალური დოკუმენტიც გააფორმეს და თანამშრომლობა ხელმოწერებით დაადასტურეს.
„ათასობით ამომრჩეველს, რომელმაც მე დამიჭირა მხარი, ვთავაზობ: თუ მათ სჯეროდათ, რომ მოვიტანდი რუსთავში 100-მილიონიან ინვესტიციას, ამის ხარჯზე შევქმნიდი 10 ათას სამუშაო ადგილს და გავუორმაგებდი პენსიებს, იგივე ვალდებულებას ვიტოვებ მათ წინაშე, ოღონდ ამ ვალდებულების შესასრულებლად, კონტრაქტს ვაფორმებ მამუკა ჩიქოვანთან“, - განაცხადა „ნაციონალების“ კანდიდატთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში „ნაციონალებთან“ თანამშრომლობდა, შემდეგ კი ამ პარტიას და მის ხელმძღვანელ პირებს ასევე წლების განმავლობაში აკრიტიკებდა და უპირისპირდებოდა. კიწმარიშვილი დღეს პოზიციას კიდევ ერთხელ იცვლის და საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდებს, ჩიქოვანს დაუჭირონ მხარი.
სხვაგვარად ფიქრობს კიწმარიშვილის პარტიის, „ჩვენი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი მალხაზ გვაზავა. მისი თქმით, პარტიაში ამ საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი. მხოლოდ ნაწილი ფიქრობს, რომ „ნაციონალების“ კანდიდატს მხარი პიროვნული ფაქტორის გამო უნდა დაუჭიროს, სხვები ამგვარი მხარდაჭერის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.
„ჩვენმა კანდიდატმა ეროსი კიწმარიშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ უჭერს მხარს, არამედ, პიროვნებას, რომელმაც გაიზიარა მისი გეგმები. რაღაც სიმართლე და ჭეშმარიტების მარცვალი მასში არის, ისევე, როგორც ამირან ბიწაძეში, რომელიც კანდიდატს მთლიანად „ნაციონალებთან“ აიგივებს. ერთი გუნდი გადავიდა იქით, მეორე - აქეთ. მე არც ერთს ვემხრობი და არც მეორეს“, - განუცხადა for.ge-ს მალხაზ გვაზავამ და აღნიშნა, რომ თავად არჩევნების მეორე ტურზე წასვლასაც არ აპირებს.
ბურჯანაძის პარტიის ცენტრალურ ოფისში კი აცხადებენ, რომ „ნაციონალებს“ და მათ კანდიდატებს ყველა დონეზე ემიჯნებიან, უბრალოდ, რუსთავში მათმა კანდიდატმა „ნაციონალების“ კანდიდატს ქალაქის განვითარების საკუთარი გეგმა შესთავაზა.
„რამდენადაც მე ვარ საქმის კურსში და რამდენადაც თავად რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მითხრა, ეს არ იყო მხარდაჭერა. უბრალოდ, ჩვენმა კანდიდატმა წარდაგინა რუსთავის განვითარების გეგმა. მეტად გავერკვევით ამ ამბავში და დამატებით ინფორმაციასაც მოვიძიებთ. ისე კი, ყველანაირად ვემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ რაიონში და რაც ერთ უბანში მას და მის წარმომადგენლებს მხარს არ ვუჭერთ.
უბრალოდ, როგორც ჩვენ გვითხრეს, ჩვენი კანდიდატი კობა ძლიერიშვილი არის არქიტექტორი და აქვს რუსთავის განვითარების გეგმა, რომელიც არჩევნების მეორე ტურის წინ შესთავაზა როგორც „ქართული ოცნების“ ისე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. ამის შემდეგ ჩვენ განმარტებაც გავაკეთეთ და გეტყვით, რომ არა თუ არ ვუჭერთ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ვემიჯნებით ყველანაირ მხარდაჭერას ამ პარტიის მიმართ“, - განუცხადა for.ge-ს ბურჯანაძის პარტიის გენერალურმა მდივანმა ზაზა ვეკუამ.
„რუსთავის მემორანდუმით“ უკმაყოფილოა „პატრიოტთა ალიანსი“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე for.ge-სთან განმარტავს, რომ რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ივანე (ნუკრი) შათირიშვილმა „ნაციონალების“ კანდიდატთან შეთანხმება დამოუკიდებლად გადაწყვიტა, რის გამოც პარტია მასთან ყოველგვარ ურთიერთობებს წყვეტს.
„ჩვენს მომხრეებს რუსთავში და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოვუწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არანაირ თანამშრომლობაზე არ წავალთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. შათირიშვილი პარტიის წევრი არც ყოფილა, უბრალოდ, პარტიამ წარადგინა - დამოუკიდებელი დეპუტატი იყო საკრებულოში და წარვადგინეთ მერობის კანდიდატად. „ახლოს ვერ განვჩხრიკეთ“ და ეს შესაძლოა, არის ჩვენი შეცდომაც. მაგრამ, ადამიანის შინაგან გადაწყვეტილებას ისეც ვერ გააკონტროლებს პარტია - ამის არც სქემები არსებობს და არც მექანიზმები“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე და აღნიშნავს, რომ ღალატის მაგალითები არასდროს დაილევა და მთავარი ადამიანის მორალურობის საკითხია.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მერობის ყოფილი კანდიდატი „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრს ვერაფერს შესძენს.
„წავიდა და შეფარულად მოაწერა ხელი ხელშეკრულებას. მინდა ვთქვა, რომ არავითარი სარგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიუღია ამით. ამომრჩევლები, რომლებმაც „პატრიოტთა ალიანსს“ მისცეს ხმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც მეორე ტურში აირჩევენ. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებით, შათირიშვილმა მხოლოდ საკუთარ თავს ავნო. ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბატონი ნუკრის შეძენას, ბატონ ნუკრის კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კარგი ურთიერთობის დამყარებას. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთის ღირსები იყვნენ. ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ნუკრი შათირიშვილი ღიად და საჯაროდ აძაგებდა „ნაციონალებს“, რადიკალურად დაპირისპირებულად წარმოსახავდა თავის თავს და ამიტომაც იყო ჩვენთან. მოგეხსენებათ, ადამიანის გულში ბოლომდე ვერ ჩაიხედავ“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების გამო ერთგვარი თავის მართლება უწევს კიდევ ერთი ოპოზიციური ბლოკის „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლებს. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია განმარტავს, რომ რუსთავში მათი მერობის ყოფილ კანდიდატს ალექსანდრე ბერიძეს „ნაციონალების“ კანდიდატის მხარდაჭერა მათთან არ შეუთანხმებია.
„ეს არ იყო საარჩევნო ბლოკის გადაწყვეტილება. ეს პიროვნულად გადაწყვიტა ბატონმა ალექსანდრე ბერიძემ. ჩვენ ცალკეულ რეგიონებში და მათ შორის რუსთავში გვყავდა უპარტიო კანდიდატები, პიროვნებები, რომლებსაც მხარს უჭერდა საზოგადოება და ამ ნიშნით იყვნენ შერჩეულები. ბატონი ალექსანდრე არანაირად არ იყო დატვირთული პარტიული ვალდებულებებით და ამიტომ, როგორც ჩანს, მხოლოდ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება“,- განუცხადა for.ge-ს მანანა ნაჭყებიამ.
„არასაპარლამენტო ოპოზიციაში“ განმარტავენ, რომ ალექსანდრე ბერიძე თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში რუსთავში ძალიან აქტიური პირი იყო და იმ მძღოლებს ლობირებდა, რომლებიც სამარშრუტო ტაქსების ჩამორთმევის გამო იბრძოდნენ. მერობის კანდიდატადაც, სწორედ, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით შეარჩიეს.
რუსთავის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ჯიქია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი დაუპირისპირდებიან.
მერობის ყოფილი კანდიდატები კი, რომლებიც ჯიქიას კონკურენტები არჩევნების პირველ ტურში იყვნენ, მას წლების წინ „ნაციონალებთან“ აქტიურ თანამშრომლობაში „ადანაშაულებდნენ“. „ნაციონალების“ კანდიდატთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ კი „ქართული ოცნების“ კანდიდატს თავად ჩაუგდეს ხელში „კომპრომატი“.
„ჩემი აზრით, ისინი არჩევნებამდეც უჭერდნენ მხარს იმ მმართველობას, რაც 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოში. „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ძალმომრეობით და დარღვევებით ქვეყნის მართვას“,- აცხადებს დავით ჯიქია.
არჩევნების მეორე ტური რუსთავში, ისევე როგორც საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 12 ივლისს გაიმართება.