12 ივლისს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია. შაბათს თბილისელები გადაწყვეტენ, ვის აირჩევენ თბილისის მერად, დავით ნარმანიას, თუ ნიკა მელიას. გამარჯვებაში დარწმუნებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, დავით ნარმანია, რომლის განცხადებით, ის თბილისელებს სთავაზობს პროგრამას, რომელიც თბილისის განვითარებაზეა ორიენტირებული.
For.ge დავით ნარმანიას ესაუბრა.
„ბატონო ნარმანია, შევხვდებით ერთმანეთს 12 ივლისს“, - ასე მოგმართათ თქვენმა კონკურენტმა ნიკა მელიამ. იღებთ ამ გამოწვევას?
- ბატონ მელიას ჰგონია, რომ თვითონ კარნახობს ამომრჩეველს, როგორი არჩევანი უნდა გააკეთოს. ჰგონია, რომ ძალიან ბევრი ამომრჩველი უგდებს მას ყურს. ამაში ცდება და მინდა ვუთხრა, რომ ნუ იზამს იმას, რაც ამომრჩეველს არ მოსწონს. მათი პოლიტიკური მხარდამჭერების რიცხვი ძალიან ცოტაა, იკლებს მათი ამომრჩეველი და ასეთი მიდგომებით, რაც მას გააჩნია, კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს ჰკარგავს.
რაც შემეხება მე, მზად ვარ, მეორე ტურში ღირსეულად ვიბრძოლო. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ამომრჩეველს კიდევ უფრო დეტალურად გავაცნო ჩვენი პროგრამა, განსხვავებით ოპონენტისგან, რომელსაც, უბრალოდ, არ გააჩნია პროგრამა. აქედან გამომდინარე, მივიღებთ იმ შედეგს, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ „ნაციონალაური მოძრაობის“ ამომრჩეველმა იკლო?
- მათი მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი მოიყვანეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა. ახლა ეს კანდიდატები აღარ იბრძვიან. ჩამოშორდნენ საარჩევნო მარათონს და, რა თქმა უნდა, დაიკლებს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მათი მაჟორიტარების მიერ ნაცნობ-მეგობრობით იყო მოყვანილი.
„ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში ვერ უზრუნველყო ამომრჩევლის მობილიზება, რამაც გამოიწვია მეორე ტური. არ ფიქრობთ, რომ ეს არის თქვენი, კოალიციის პრობლემა, რადგან სათანადოდ ვერ უზრუნველყავით პიარი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს...
- მობილიზაციის მაჩვენებელი ცუდი არ ყოფილა. თუმცა, ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი ფიქრობდა, რომ სახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებდა და ბევრი მათგანი ამიტომაც არ მივიდა არჩევნებზე, მაგრამ ახლა, უკვე, ამომრჩევლის დიდი ნაწილი პროცესებს სხვანაირად ხედავს და აფასებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკეთეს საარჩევნო აქტივობას ველოდებით მეორე ტურში. რაც შეეხება შედეგებს, უნდა დაველოდოთ არჩევნებს და აქტივობიდან გამომდინარე, დადგება შესაბამისი შედეგი.
ელოდებით ამომრჩევლის აქტიურობას?
- კონკრეტულად გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად აქტიური იქნება ამომრჩეველი, მაგრამ პირველ ტურთან შედარებით აქტივობა რომ დიდი იქნება, ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა. გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდიდან გამომდინარე, ქალაქი ნელ-ნელა იცლება და ესეც არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, რატომაც შეიძლება არ იყოს აქტიურობა ძალიან მაღალი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მეორე ტური გველოდება. ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. არ ვეუბნებით, რომ აუცილებლად 41 შემოხაზონ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მთავარია, რომ აქტივობა იყოს მაღალი და თითოეული ადამიანის ხმა იქნეს დაფიქსირებული. თითოეული ხმა იგებს და შესაბამისად, თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა.
რომ დავაკონკრეტოთ რითი ხსნით იმას, რომ პირველ ტურში მოსახლეობის აქტივობა იყო დაბალი. არის თუ არა ამის მიზეზი ის ფაქტი, ვერ უზრუნველყავით საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლამდე მიტანა? ეთანხმებით, რომ არსაწრორი და შედეგზე ორიენტირებული არ იყო თქვენი საარჩევნო კამპანია?
- რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ გარკვეული ხარვეზები და სწორედ ამ ხარვეზებიდან გამომდინარე, ცოტა სხვანაირად გადავგეგმეთ ჩვენი პიარ-კამპანია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საინფორმაციო სივრცე სხვა საკითხებით იყო გადატვირთული, თვითმმართველობას და პროგრამებს ნაკლები დრო ეთმობოდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ამომრჩევლამდე პროგრამა და მათი პრობლემების მოგვარების ხედვების მიტანა იყოს შესაძლებელი და სწორედ ამას ვაკეთებთ. პირელი ტურის ფარგლებში პირადად 160 შეხვედრა ჩავატარე, გაცილებით მეტი შეხვედრა ჩაატარეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, დამატებით 50 თემატური შეხვედრა ჩავატარე.
თუმცა, ამის მიუხედვად, ვერ მოიპოვეთ გამარჯვება პირველ ტურში. თბილისელების დაბალი ნდობა უკავშირდება თუ არა იმას, რომ თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული კანდიდატი? სწორედ ამ ფაქტს ესმევა ხაზი, როდესაც კანდიდატების დამოუკიდებლობაზე მიდის საუბარი...
- არ ვფიქრობ, რომ დაბალი რეიტინგი მქონდა. 46 პროცენტი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა კანდიდატების. დამოუკიდებლობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, ვარ დამოუკიდებელი მთელ რიგ გადაწყვეტილებებში. მე მთელი ცხოვრება ვსაქმიანობ დამოუკიდებლად. ძალიან ბევრ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვიღებდი მაშინაც, როცა ვიყავი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
ბიძინა ივანიშვილი იყო კოალიციის ხელმძღვანელი, როდესაც დამასახელა. შესაბამისად, კოალიციის ხელმძღვანელის ვალდებულება და პასუხისმგებლობა იყო, დაესახელებინა კოალიციის მხრიდან კანდიდატი. შემდეგ ხელმძღვანელი გახდა ირაკლი ღარიბაშვილი და ოფიციალურად მისი მხრიდან მოხდა ჩემი დასახელება. ეს არის კოალიციის ხელმძღვანელის ვალდებულება.
რაც შეეხება გიგი უგულავას დაკავებას. ფიქრობთ, რომ გადაუდებელი აუაცილებლობით იყო მისი დაკავება ნაკარნახევი? თავად უგულავა ამბობდა, რომ მისი დაკავებით ცდილობენ ნარმანიას კანდიდატურის გაყვანას...
- პოლიტიკური კონექტურის გამო არავის მიუღია უგულავას დაკავების გადაწყვეტილება. მე არაფერში არ მარგია მისი დაკავება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ვინც არ უნდა იყოს. უგულავასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობდა არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არამედ მანამდეც. მე მახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ დასმული არაერთი კითხვა. იგივე ძველი ქალაქის რეაბილიტაცია, კომპანია „სითი პარკი“ - ეს ყველაფერი ნელ-ნელა თავს იყრდა და ძალიან ბევრი ნეგატიური კითხვის ნიშანი დაგაროვდა ამ ერთი ადამიანის გარშემო.
შესაბამისად, არსებობდა საფუძვლიანი და მყარი ვარაუდი იმისა, რომ ის დატოვებდა ქვეყანას და არ დაბრუნდებოდა. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის დაკავებასთან დაკავშირებით.
სხვათა შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ სჩვევია, რომ ყველაზე მთავარი დამნაშავე ვინც იყო, როგორც წესი, ისინი სახელდებოდნენ პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელებლად -
გენერალური მდივანი - ვანო მერაბიშვილი, საარჩევნო შტაბის უფროსი - გიგი უგულავა. ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე უამრავ დანაშაულს ჩადიოდა და სპეციალურად ინიშნებოდნენ შემდეგ ხელმძღვანელებლად, რომ გარკვეული დამატებითი იმუნიტეტი ჰქონოდათ. თუმცა, ისიც საკითხავია, ვის უფრო აწყობდა გიგი უგულავას მოშორება, მე თუ მელიას. მე ნამდვილად ამით არაფერს არც ვიგებ, მაგრამ როდესაც მელიას დამნაშავე ადამიანი ედგა გვერდში, წესით, მას უფრო უნდა აწყობდეს მისი დაკავება, ვიდრე მე.
თვლით, რომ მელიას ინტერესში შედიოდა უგულავას დაკავება?
- საერთოდ, მელიას რამდენად აწყობდა, როდესაც თავის დროზე უგულავა დაინიშნა თბილისის შტაბის ხელმძღვანელად? მე მგონია, რომ არც არავის არ შეუთანხმებია მელიასთვის, დაუნიშნავდნენ თუ არა უგულავას საარჩევნო შტაბის უფროსად. როდესაც დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი, სწორედ მელია იყო ის ადამიანი, რომელსაც პირველი ტურის დროს უგულავასთან ერთად ჰქონდა ბილბორდები და ასეთი ადამიანები საუბრობენ ჩემს დამოუკიდებლობაზე.
გამორიცხავთ, რომ არჩევნების შემდეგ ისევ დაიწყოს კოაბიტაცია ყოფილ ხელისუფლებასთან?
- მე არა მგონია, რომ კოჰაბიტაცია ჩვენი გუნდისთვის კარგი ფორმა იყოს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველამ უნდა აგოს პასუხი. აქედან გამომდინარე, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი და გამოვლიდება ეს დანაშაული, კანონის შესაბამისად მოუწევთ პასუხისგება.
თქვენ ამბობთ, რომ ხართ დამოუკიდებელი კანდიდატი, დავით ნარმანია იქნება ის მერი, რომელიც დამოუკიდებელი იქნება თავის გადაწყვეტილებებში? თუ გყვათ შერჩული გუნდი, ვინ იქნება ვიცე-მერი, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და ა.შ.
- გარკვეული ცვლილებები იქნება სტრუქტურაში და ეს შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ბევრი რამ გააფუჭეს ბოლო წლების განმავლობაში. ასეთი ადამიანები კოაბიტაციის რეჟიმში ვერ მოხვდებიან. რა ფორმით შეირჩევა კანდიდატურები, ვისთან შეთანხმდება, როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. იცით, რომ მერიაში არის აუდიტის სამსახური, მოხდება მისი გადახალისება და აუდიტის სამსახური მოახდენს მიმდინარე პროექტების და პროგრამების რევიზიას, იმისათვის, რომ ვნახოთ, სად რა მდგომარეობაა. განსაკუთრებით სიღრმეში ჩავალთ იმ საკითხთან მიმართებაში, რაზეც საზოგადოების მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.
კონკრეტულად?
- ეს იქნება კომპანია „სითი პარკის“ არსებობასთან დაკავშირებული საკითხი, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხი, მწვანე საფარის გაჩეხვა, სამეთვალყურეო საბჭოების საქმიანობის რევიზია, რას აკეთებდნენ ისინი. ასევე, ეს იქნება ერთი და იგივე თანამდებობის პირების მიერ მერიის სამსახურის გარდა, მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში პარალელურად ადგილების დაკავება და დამატებითი ხელფასები, ძალიან დიდი აუდიტი ჩატარდება. თუ გვექნება დანაშაულის ნიშნები, საქმე აუცილებლად გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს.
ანუ ცხელ ზაფხულს ჰპირდებით მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს...
- ასევე გავაკეთე ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი, რომ სამინისტრო დალაგებულიყო. ადამიანები, რომლებიც კვალიფიციურები არიან, ვისაც კანონმდებლობა არ დაურღვევია, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. ადამიანები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და მათ ეს ძალიან კარგად იციან, ასეთი ადამიანებისთვის ცხელი ზაფხული იქნება.
თუ შეძლებთ უზრუნველყოთ იმ ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლა, რომელმაც პირველ ტურში მხარი არ დაგიჭირათ?
- მაქსიმუმ გავაკეთეთ იმისათვის, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ. პირველ რიგში, ეს არის საარჩევნო შტაბების საქმიანობის გააქტიურება, საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება და ა.შ. იმიტომ უნდა მომცენ ხმა, რომ მე თბილისელებს ვთავაზობ შედეგზე, თბილისის განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამას. ეს არის თვითონ ჩემი გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებაში, რომელსაც წლების განმავლობაში ვემსახურებოდი. მე თუ სადმე რამე მიკთებია, მიკეთებია სუფთად და შედეგზე ორიენტირებულად. მე ვარ საკამოდ ძლიერი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, იმ გუნდისა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა. ეს ყველაფერი, ჯამში, გვაძლევს იმ ერთობლიობას, რატომაც მე უნდა მომცენ ხმა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში იგეგმება ძირეული საკადრო ცვლილება, რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით?
- ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია.