ძველი თაობის ლიდერების „უკანასკნელი მოჰიკანი“

ძველი თაობის ლიდერების „უკანასკნელი მოჰიკანი“

2014 წლის 7 ივლისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე.

შევარდნაძის სახელი მსოფლიოში ცნობილი გახდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ - შევარდნაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპის გათავისუფლებასა და გერმანიის გაერთიანებაში.

შევარდნაძე 1995-2000 წლებში, ორჯერ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა.

ედუარდ შევარდნაძე 1928 წელს, სოფელ მამათში დაიბადა. მისი პოლიტიკური კარიერა 1957 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში დაიწყო.

1965 წლიდან საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამ დროს მან ფართო კამპანია დაიწყო ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ, მისი უშუალო მითითებით დააკავეს იმ დროის საბჭოთა ნომენკლატურის მრავალი თანამდებობის პირი.

1972 წელს შევარდნაძე საქართველოს კომპარტიიის ცკ-ის პირველი მდივანი გახდა.

1985 წელს საბჭოთა კავშირის ახალმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა გარდაქმნისა და ღიაობის პოლიტიკა წამოიწყო. მან შევარდნაძე მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრად მიიწვია. შევარდნაძე საბჭოთა კავშირის სახელით თითქმის ყველა უმაღლესი რანგის მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, მათ შორის გერმანიის გაერთიანების შესახებ. 1990 წელს მან აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა ბერინგის ზღვის აკვატორიის შტატებისთვის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.

1990 წელს გარდაქმნის შეჩერებისა და დიქტატურის მოსალოდნელი დამყარებისადმი პროტესტის ნიშნად შევარდნაძემ საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა.

საქართველოში ედუარდ შევარდნაძე 1992 წლის 7 მარტს ჩამოვიდა. 1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია და ოფიციალურად გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მოგვიანებით შევარდნაძემ განაცხადა: „მე ვიცოდი, რომ არ ვიყავი უფლებამოსილი, დამეკავებინა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი, მაგრამ ვიყავი დარწმუნებული, რომ მხოლოდ მე შემეძლო საქართველოს ამოთრევა ქაოსისა და კრიზისიდან და გაძღოლა დემოკრატიისკენ“.
შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი.1995 წელს მან ხელი საქართველოს ახალ კონსტიტუციას მოაწერა და უკვე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.1995 წელს შექმნა პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995-2002 წლებში.

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩევნებში „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ დამარცხდა. იმავე წლის სექტემბერში კი, შევარდნაძემ განაცხადა რომ 2005 წელს, საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ პენსიაზე გავიდოდა. უკვე ასაკში შესული შევარდნაძის ამ განცხადებამ მის გუნდში ბრძოლას შევარდნაძის მემკვიდრეობისთვის ახალი ბიძგი მისცა.

2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“ ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ ხმათა 18.84 %-ით. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა მისი შედეგების გაყალბების გამო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე, რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

დემონსტრაციების შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

როგორც მისი თანამედროვენი ისხენებენ, მის სახელთან დაკავშირებულია ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები და გადაწყვეტილებები - როგორც 1978 წელს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნება, ასევე მაშინდელი ქართველი დისიდენტების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დევნა, თენგიზ აბულაძესთან თანამშრომლობა ფილმ მონანიების შესაქმნელად და ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების საქმე, სპექტაკლ „ყვარყვარე თუთაბერის“ ოფიციალური დაგმობა და არაოფიციალური მოწონება, ეკონომიკის არნახული ცენტრალიზების სურვილი და აბაშის ექსპერიმენტის დაწყება, რაც კერძო საკუთრების ქონის შესაძლებლობას იძლეოდა.

შევარდნაძის სახელს უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების საქართველოს ტერიტორიაზე გაყვანა, ასევე 1999 წლის სტამბოლის ისტორიული შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ.

პრეზიდენტ შევარდნაძეს სამჯერ მოუწყვეს ტერაქტი - 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში, 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის (იმელის) ეზოში და 1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.

მისი ავტორობით გამოიცა წიგნები „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“, „ჩემს უძვირფასეს „საგანს“ საქართველო ჰქვია“ , „დიდი აბრეშუმის გზა : TRACECA, PETRA“, „ჩემი არჩევანი : დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად“

მსოფლიო მედია შევარდნაძის შესახებ

ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას მსოფლიო მედია ეხმაურება. ტელეკომპანია BBC აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან შეძლო სამოქალაქო ომის ჩახშობა, თუმცა ვერ გაუმკლავდა კორუფციას.

ტელეკომპანია Мир-ი საქართველოს ექსპრეზიდენტს საბჭოთა და ქართული პოლიტიკის პატრიარქად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს პირველი პოლიტიკოსი იყო და პრეზიდენტის პოსტი 8 წლის განმავლობაში ეკავა, სანამ „ვარდების რევოლუციის“ დროს არ გადააყენეს.

„Россия 24“ აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში მან ვერ შეძლო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა. „Россия 24“ ასევე აღნიშნავს, რომ შევარდნაძე სააკაშვილის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა და აქტიურად უჭერდა მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

ტელეკომპანია НТВ აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შევარდნაძის მმართველობის ეპოქა 1992-დან 2003 წლის დასასრულამდე გრძელდებოდა და მის საქმიანობას ყოველთვის ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვებოდა.

პოლიტიკოსები პოლიტიკოსის შესახებ

შევარდნაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - „ვუსამძიმრებ ედუარდ შევარდნაძის ოჯახს და ახლობლებს. იგი იყო საბჭოთა იმპერიისა და პოსტსაბჭოთა საქართველოს მნიშვნელოვანი მოღვაწე. მისი როლის უფრო ზუსტ შეფასებაზე მუშაობა ისტორიკოსებს დიდხანს მოუწევთ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კატეგორიული უარი ვთქვით სისხლის სამართლებრივ დევნაზე, რადგან პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ქვეყნის იმიჯს. უფრო მეტიც, ჩემი განკარგულებით, მას შეუნარჩუნდა სახელმწიფო რეზიდენცია და პრეზიდენტის პრივილეგიები. ვფიქრობ, ეს სწორი იყო. ამ აზრზე ვრჩები მას შემდეგაც კი, რაც შევარდნაძე მთავრობას, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს, ჩემი და ჩემი მომხრეების დევნისა და დაპატიმრებისკენ მუდმივად მოუწოდებდა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრემიერის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში. ედუარდ შევარდნაძე იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა „ცივი ომის“ დასრულებასა და მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შევარდნაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი: „ეს არის სამწუხარო ამბავი. გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სახელსაც ძალიან ბევრი მოვლენა უკავშირდება. ამ მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით არის განსხვავებული მოსაზრებები. მაგრამ, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის ლიდერი მრავალი წლის განმავლობაში. აქ, ბაქოში, მისი სახელი უკავშირდება სწორედ იმ პროექტებს, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სხვა პროექტები. მას მადლიერებით მოიხსენიებენ. ბატონ ედუარდს ჰქონდა გარკვეული მიგნებები პოლიტიკურ მოღვაწეობაში. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო ყველა სფეროში. ახლა არ არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დრო, რადგან გარდაიცვალა ადამიანი და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ ასე იქნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უცხოელების თვალით დანახული შევარდნაძე

ესპანელი პოლიტიკოსი ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ფაქტს „ტვიტერის“ მეშვეობით ეხმაურება:

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა, სამწუხაროა, მას დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის გაერთიანებაში და ის დიდებული პოლიტიკოსი იყო“, - წერს სოლანა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის საგარეო მინისტრობისას, ედუარდ შევარდნაძემ საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან და ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯორჯ შულცთან ერთად, წამყვანი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებაში.

„ედუარდ შევარდნაძემ შეამცირა ბირთვული კონფრონტაციის რისკი შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებებისთვის ახალი სულის ჩადგმით. მან უარი თქვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, როდესაც მათ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები წამოიწყეს. ედუარდ შევარდნაძე თავად იყო საბჭოთა კავშირში რეფორმების მხარდამჭერი“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ამასთან, ჯონ ქერის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ შეინარჩუნა პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დააყენა. მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძე უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი კი აღნიშნავს, რომ ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა.

„დამწუხრებული ვარ, ვინაიდან შევარდნაძე გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. დარწმუნებული ვარ, ასევე, რომ ვაშინგტონიდან და სხვა დედაქალაქებიდან იქნება გაკეთებული კომენტარები ამ სამწუხარო მოვლენასთან დაკავშირებით. მქონდა შესაძლებლობა რამდენჯერმე შევხვედროდი მას. პირველად შევხვდი მაშინ, როდესაც ახალგაზრდა დიპლომატად ვმუშაობდი ამერიკის საელჩოში, მოსკოვში, ხოლო იგი იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მაშინ იყო დრო, როცა ინერგებოდა ახალი პოლიტიკური აზროვნება, ხდებოდა ცვლილებების გატარება და შევარდნაძე ცდილობდა გადმოეცა ეს ცვლილებები. ვთვლი, რომ ცივი ომის მშვიდობიანად დასრულება არის მეტწილად მისი დამსახურებაც. იგი ისტორიაში შევა, როგორც დიდი ადამიანი და როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი

რამაზ საყვარელიძე: „მისი შეფასება მიწევდა როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსს და მომიწია, მასთან როგორც ადამიანთან ურთიერთობამაც - არ შემხვედრია მსგავსი მასშტაბის პიროვნება, რომელსაც ასეთი თამამი ნაბიჯების გადადგმა შეეძლო ქვეყნისთვის.

როდესაც პირველად უთხრეს მისი გუნდის წევრებმა ნავთობსადენის შესახებ, შევარდნაძემ იხუმრა, კარგით ბიჭებო, ამაფეთქებს რუსეთიო - ეს მას შემდეგ, მოხდა, რაც ევროპამ აფხაზეთის დაკარგვაზე რეაგირება არ მოახდინა და ფაქტობრივად, საქართველო ევროპისთვის არც არსებობდა.

ნახევარ საათში გუნდს სთხოვა იდეაზე მუშაობა გაეგრძელებინათ. დღეს თუ ვლაპარაკობთ, რომ დასავლეთის ოჯახში ვართ მიღებული, ეს შევარდნაძის დიდი წვლილია და თითქოს სიმბოლურია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შემდეგ აღესრულა შევარდნაძე - თითქოს მიზანს მიაღწია და ისე წავიდა.

გაეროს, ევროსტრუქტურების, ნატოს მიმართულებით გზების გახსნა მისი დაწყებულია და ამ ინიციატივებს საფუძველი ისევ იმ ნავთობსადენისთვის საძირკვლის ჩაყრით დაიწყო - მოახერხა და ალიევის, დემირელის, კლინტონის დახმარებით ისე მიიყვანა პროექტი ბოლომდე, 1995 წლამდე რუსეთმა არაფერი იცოდა. პროექტზე ხელმოწერისთანავე მოხდა კიდეც მასზე ტერაქტი. მან წინასწარ იცოდა, რუსეთი მის ლიკვიდაციაზეც კი წავოდოდა, მაგრამ ბაქო-ჯეიჰანის პროექტს მაინც ჩაუყარა საფუძველი“.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, შევარდნაძე უფრო მასშტაბური პოლიტიკისთვის იყო დაბადებული და მაშტაბური პოლიტიკით ცხოვრობდა. ამით იყო განპირობებული ის უპრეცენდენტო ფაქტიც, როდესაც საბჭოთა კავშირის პოპულარულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პუპულარობის პიკში განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას. ამას ბევრი ვერ შეძლებდა, მაგრამ ვინც მას იცნობდა, მიხვდებოდა, რომ ეს მისთვის ბუნებრივი ნაბიჯი იყო.

„როდესაც შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა, ქვეყანაში შეიარაღებული ბანდები დარბოდნენ. ეს იყო ტერიტორია, რომელსაც ერქვა საქართველო. ამ ტერიტორიის სახელმწიფოდ ქცევა, საპარლამენტო დემოკრატიის დამყარება, გაეროს წევრად მისი გახდომა - ეს ყველაფერი შეძლო შევარდნაძემ. მან მოახერხა საქართველოში მოქმედი ბანდების მკვეთრი მოძრაობების გარეშე აღკვეთა - ეს უდავოდ, დიდი დამსახურებაა - მან მოახერხა პრეზიდენტობიდან უსისხლოდ წასვლა - ეს იმ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო“,- იხსენებს რამაზ საყვარელიძე.

სოსო ცინცაძე: „ეს იყო თვითნაბადი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა კლასიკური განათლება მიღბული. ბალზაკის გმირივით პროვინციიდან ჩამოვიდა თბილისში და დაიპყრო თბილისი, ჩავიდა მოსკოვში და დაიპყრო მოსკოვი. შევარდნაძემ ეპოქა შექმნა როგორც საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირში. ეს იყო პოლიტიკოსი, რომელიც ძალიან დიდხანს იყო პოპულარული. განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროს, უდაბნოში ოაზისს ჰგავდა, თუმცა ეს ოაზისი, რა თქმა უნდა, ხშირად შესაძლოა მოჩვენებითი იყო“.

როგორც სოსო ცინცაძე იხსენებს, საბჭოთა კავშირში მან შეცვალა მსოფლიოში „მისტერ არად“ ცნობილი ორთოდოქსი გრომიკო. შევარდნაძემ არ იცოდა უცხო ენები და სიცოცხლის ბოლომდე რუსულსაც შეცდომით ლაპარაკობდა, მაგრამ შეძლო ამერიკელ დიპლომატებთან პირადული კონტაქტების დამყარება. მან შეძლო დაენახებინა ამერიკელებისთვის, რომ საბჭოთა კავშირშიც შესაძლებელი იყო ადამიანური ურთიერთობების დამყარება და შესაძლებელია კომპრომისებით ლოგიკური აზროვნება.

„საქართველოში ხელისუფლების სათავეში იმ დროს მოვიდა, როდესაც კორუფცია ყვაოდა, საქართველო ელვის სისწრაფით მიდიოდა სომალიზაციის გზით. ის განსხვავება იყო, რომ სომალიში იმდენი ნარკომანი არ იყო, რამდენიც საქართველოში. ბანდები, საძმოები, ყაჩაღობა, ბანდიტობა შუა რუსთაველზე, 17-18 წლის ბიჭები ერმანეთს ხოცავდნენ. იყო სამოქალაქო ომი, რომლის იარები დღემდე ვერ მოგვიშუშებია, იყო სრული განუკითხაობა, ქაოსი - თავდაცვის მინისტრის ძმა შუადღისას, საკუთარ მანქანაში ააფეთქეს, ერთ-ერთმა ქურდმა, რომელსაც დიპლომატიური აკადემია არ მივყიდე, აკადემია ააფეთქა და კიდევ რომელი ერთი გავიხსენო - ასეთი საქართველო დახვდა შევარდნაძეს“, - იხსენებს სოსო ცინცაძე.

თუმცა სოსო ცინცაძის შეფასებით, შევარდნაძეს არც შეეძლო და ვერც შექმნა სამართლებრივი სახელმწოფო და ამას დღესაც ვერ მივაღწიეთ. მაგრამ მოახერხა და სომალიზაციისაგან იხსნა ქვეყანა.

სოსო ცინცაძე: რომ არა შევარდნაძე, საქართველო ვერ გახდებოდა ვერც ეუთოს, ვერც გაეროს წევრი და ვერც ერთი საერთშორისო ორგანიზაციის წევრი. შევარდნაძემ სახელმწიფოს ჩაუყარა საუფუძველი ისე, რომ ფაქტობრივად, გვედრში მდგომი და დასაყრდენი არ ჰყოლია, ერთადერთი ინტელიგენტი არსებობდა მის გარემოცვაში, სიგუა მყავას მხედველობაში და ისიც მისი წინააღმდეგი იყო. ქართული გვარის მქონე დაცვის ერთი წევრის თანხლებით ჩამოვიდა საქართველოში და ისიც ორ თვეში გაექცა, სხვა დასაყრდენი მას არ ჰყოლია გარდა იმედისა საზოგადოებაში, რომ ჩამოვა და სახელმწიფოს შეგვიქმნისო.

მიუხედავად მცდელობისა, გუნდის შექმნაც კი ვერ მოახერხა, ხან ძველი, პარტიული კადრები მოიწვია, ხან ახალგაზრდებზე დებდა ფონს. ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძემ აქცია პოლიტიკოსებად, თორემ ვინ იცნობდა მათ. კანონი დაარღვია რადგან სააკაშვილს ასაკი არ უწყობდა ხელს და ისე შეიყვანა იუსტიციის საბჭოში“.

სოსო ცინცაძის შეფასებით, შევარდნაძე ძველი თაობის ლიდერების უკანასკნელი მოჰიკანი იყო. ის სძულდათ ზვიადისტებს, რომლებიც მკვდარსაც კი არ აპატიებენ იმ ფაქტს, რომ გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაც კი გააქრო და სძულდათ რუსებს, რადგან მან საბჭოთა კავშირი დაშალა - ეს ფაქტები თავისთავად მეტყველებს ბევრ რამეზე.

„რასაკვირველია, შევარდნაძე არ ყოფილა უშეცდომო - იყო სასტიკიც, როდესაც თვითმფრინავის გატაცების გამო ორი ძმიდან არც ერთი არ შეიწყალა - მეფის რუსეთშიც კი ორი ძმიდან ერთს იწყალებდნენ - იყო ასეთი მომენტებიც მის ცხოვრებაში, მაგრამ ის იყო პოლიტიკოსი - ასეთი მომენტი მახსენდება: კონფერენცია მიმდინარეობდა ჰელსინკში, გერმანიის განიარაღებაზე იყო ლაპარაკი - შულცს აჩუქა ხანჯალი - მე ხომ განვიარაღდი, ახლა თქვენი ჯერიაო - მთელი კონფერენცია აღფრთოვანებული იყო - მსგავსი რამ გრომიკოს დროს წარმოუდგენელი იქნებოდა“, - იხსენებს სოსო ცინცაძე.

მისივე შეფასებით, ის იყო დიდი პიროვნება და არ იმსახურებდა ისე გაეშვათ პოლიტიკიდან, როგორც გაუშვეს - საპრეზიდენტო პენსიაც კი არ დაუნიშნეს თუმცა შეპირებულები იყვნენ.

„ის ბევრი მისი მოწინააღმდეგისაგან განსხვავებით დარჩება როგორც საბჭოთა დიპლომატიის ასევე საქართველოს ისტორიის, როგორც ახალი ეპოქების ფუძემდებელი“,- მიიჩნევს სოსო ცინცძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა მოიწვია, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოსვენება 13 ივლისს, 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველა სხვა საკითხს კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს.