„თუ უგულავა მართლაც აპირებდა გაქცევას, ეს მისთვის უფრო იქნებოდა საზიანო“

„თუ უგულავა მართლაც აპირებდა გაქცევას, ეს მისთვის უფრო იქნებოდა საზიანო“

დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის რთულად ასახსნელია ხელისუფლების ასეთი აჩქარება გიგი უგულავასთან მიმართებაში. მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანაოს წარმომადგენლებს შეეძლოთ მოეცადათ 12 ივლისამდე, არჩევნების დასრულების შემდეგ აეყვანათ უგულავა და წარედგინათ მისთვის ბრალი. მისივე თქმით, თუ უგულავა მართლაც აპირებდა გაქცევას და მიმალვას, ეს მისთვის უფრო იქნებოდა საზიანო, ამით ის ირიბად აღიარებდა, რომ კონფლიქტშია კანონთან. 

For.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დაბალმა აქტივობამ ვერ მისცა ნარმანიას უპირობო გამარჯვების შანსი, როგორც ამას კოალიცია ამბობდა. როგორ ფიქრობთ, მეორე ტურში შეძლებს კოალიცია ამომრჩევლის მობილიზაციას?

- მიმდინარე მოვლენების ფონზე შეიძლება შესაძლებელია აქტიურობა იმაზე მეტი იყოს, ვიდრე წინა არჩევნებზე, თუმცა შეიძლება იმავე დონეზეც დარჩეს. ეს დამოკიდებულია ორგანიზაციულ მუშაობაზე, რომელი პარტია უფრო მეტად მოახდენს თავისი ელექტორატის მობილიზებას.

ის მესიჯები რაც მოდის ხელისუფლებისგან, ვფიქრობ, რომ ხელს უწყობს ამომრჩევლის მობილიზებას, მაგრამ ვფიქრობ ამომრჩეველი მივა არჩევნებზე იმიტომ, რომ არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გამარჯვება. ვფიქრობ „ქართული ოცნების“ ელექტორატს, ალბათ,  გააზრებული აქვს, რომ თუ ისინი არჩევნებზე არ მივლენ, სამაგიეროდ სრულად მივა ოპონენტი კანდიდატის მოტივირებული ამომრჩეველი.

ძალიან დიდია საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში, იგივე უგულავას დაკავება და თანხვედრი მოვლენები შეიძლება გარკვეული სტიმულატორიც იყოს ამომრჩევლისთვის. არ მაქვს  ზუსტი პასუხი იმაზე რამდენი პროცენტი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმავე რაოდენობის ამომრჩეველი დაფიქსირდება, ვფიქრობ, რომ უმეტეს ქალაქებში სახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს.

რაც შეეხება უგულავას, „ნაციონალური მოძრაობააცხადებს, რომ ქვეყანაში დაწყებულია რეპრესიები, პოლიტიკური დევნა. გვახსოვს რა ხდებოდანაციონალური მოძრაობისმმართველობის დროს და რა მასშტაბებს აღწევდა პოლიტიკური დევნა. როგორ ფიქრობთ, გაყიდვადია მათი ეს მესიჯი?

- გაყიდვადი არის იმდენად, რამდენადაც დასავლეთში აქვთ მყარად ჩამოყალიბებული წარმოდგენა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა არაა ისეთივე გამართული და ისეთივე დამოუკიდებელი, როგორც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. სხვათა შორის, გამოვაქვეყნე აშშ-ის იმ პოლიტიკოსების გრძელი სია, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ გასამართლებულები და დასჯილები. თუმცა იქ არავის ეს არ აღუქვია პოლიტიკურ დევნად. იმიტომ, რომ ისინი კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამო დააკავეს.

მაგრამ, როგორც გითხარით, დასავლეთში არის ასეთი აღქმა, რადგანაც საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რადგან ის ჯერ კიდევ იმყოფება პოლიტიკური ზეგავალენის ქვეშ და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, იყოს ალბათობა იმისა, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსის დაკავება იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისინი იყვნენ ძალიან სწორად და კვალიფიციურად ინფორმირებული ამის თაობაზე. როგორც ჩანს, ხელისუფლება ვერ ახერხებს მათ სათანადოდ ინფორმირებას, ან მათ უფრო სჯერათ იმ ინფორმაციის, რომელიც  მიდის „ნაციონალაური მოძრაობის“ მხრიდან.

რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური დამოკიდებულებაც, არსებობს ის ფაქტორიც, რომ გარკვეულ დასავლელ პოლიტიკოსებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის დიდი ხნის მანძილზე ჩამოყალიბებულია გარკვეული ურთიერთობები. ეს ყველაფერი ერთობლიობაში აღებული იწვევს იმ რეაქციებს, რომელსაც ვხედავთ დასავლური წრეების მხრიდან. ეს არის იმ აღქმის შედეგი, რომ მათ საქართველო ჯერ კიდევ არ მიაჩნიათ ჩამოყალიბებულ დემოკრატიად.

მორატორიუმის პირობებში რამდენად იყო მომგებიანია ხელისუფლებისთვის გიგი უგულავას დაკავება? უმჯობესი არ იქნებოდა მორატორიუმის შემდეგ მომხდარიყო მისი დაკავება?

- რთულად ასახსნელია ხელისუფლების ასეთი აჩქარება. პრინციპში, მათ შეეძლოთ მოეცადათ 12 ივლისამდე, არჩევნების დასრულების შემდეგ აეყვანათ უგულავა და წარედგინათ მისთვის ბრალი. თუ ის მართლაც აპირებდა გაქცევას და მიმალვას, ეს მისთვის უფრო იქნებოდა საზიანო, ამით ის ფაქტიურად აღიარებდა, რომ გარეულია უკანონო საქმიანობაში და ემალება მართლმსაჯულებას. ეს იქნებოდა კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, მისდამი წაყენებული ბრალდებები რამდენად საფუძვლიანი იყო.

პრემიერ-მინისტრი საჯაროდ შეპირდა საერთაშორისო საზოგადოებრიობას და განსაკუთრებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ არჩევნების პერიოდში გამოცხადებული იქნებოდა მორატორიუმი, და ეს მორატორიუმი მოიცავდა საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა პოლიტიკური სუბიექტის ყველა წარმომადგენლის  სამართლებლივი დევნის შეჩერებას. ეს მორატორიუმი, ალბათ, ბოლომდე უნდა დაცულიყო. მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ხელისუფლებაში აქვთ ისეთი ინფორმაცია რაც ჩვენ, რიგით მოქალაქეებს არ გვაქვს და რის გამოც დააკავეს უგულავა.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ამ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს პოლიტიკურ ანგარისწორებას და, რომ რეალურად საქმე ეხება უგულავას მხრიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას?

- როგორც უკვე ვთქვი, საჭიროა დასავლეთისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის წარდგენა. ისეთი ფორმით, რომ ეს იყოს დამაჯერებელი, არ ჩნდებოდეს კითხვის ნიშნები. აქტიურად უნდა ამუშავდენენ ჩვენი საელჩოები, ვალდებულები არიან ინფორმირება მოახდინონ ადგილობრივი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ასეთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ მოვლენებზე და სასამართლოში წარდგენილი საქმე უნდა იყოს გამართული.

აუცილებლად მოვიწვევდი დასავლეთიდან სამართლის სპეციალისტებს, რომ დაესწროენ სასამართლო პროცესებს და საკუთარი თვალით ნახონ რა საქმეებში აქვს ბრალი წარდგენილი ბატონ უგულავას. ისინი ხომ მოითხოვენ ჩვენგან, უზრუნველყავით სასამართლო პროცესის გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობაო, ჩვენც ვუპასუხოთ ამ მოთხოვნას და მოვიწვიოთ მათი წარმომადგენლები, რომ თავად დარწმუნდნენ რასთან გვაქვს საქმე.