ირაკლი შიხიაშვილმა საზოგადოებას საკრებულოს საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

ირაკლი შიხიაშვილმა საზოგადოებას საკრებულოს საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს 11 თვიანი საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა.ღონისძიება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა და მას საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მისი მოღვაწეობის პირობებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებსა და პროექტებზეც ისაუბრა და ამასთან, აღნიშნა, რომ დედაქალაქის მომავალ მერსა და საკანონმდებლო ორგანოს ახლად არჩეული წევრებს ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვან მემკვიდრეობას უტოვებს.

„პრიორიტეტულად გამოვყოფდი ავარიული სახლების კაპიტალურ გამაგრებას. წელს 80-ზე მეტი კორპუსის გამაგრება იგეგმება. ასევე, ყველა საბავშვო ბაღი ცენტრალური გათბობითაა აღჭურვილი, მათი დაფინანსება კი 7.5 მლნ ლარით გაიზარდა. ჩვენ შევძელით და სახელმწიფომ დააფინანსა ვეტერანების გადაადგილების ხარჯები. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტის წამოწყება მოვახერხეთ“, - განაცხადა შიხიაშვილმა.

ღონისძიების ბოლოს  თბილისის თვითმმართველობის ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, დოკუმენტური ფილმის გადაღება დაახლოებით 140 000 ლარი დაჯდა. მისი გადაღების ინიციატივა საკრებულოს ეკუთვნის, დაფინანსება კი  მერიის შესაბამისმა საჯარო სამართლის იურტიდიულმა პირმა განახორციელა.

"მოხარული ვარ, რომ მერიამ ამაში მხარი დაგვიჭირა. დოკუმენტირი ფილმი თბილისის თვითმმართველობის შესახებ შეიცავს ინფორმაციას. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ დედაქალაქში თვითმმართველობა 1000 წლის წინ დაიწყო. დოკუმენტურ ფილმში თავმოყრილია ინფორმაცია, თუ რა დღეში იყო თვითმმართველობა, როგორ ვითარდებოდა და როგორ მოვიდა დღემდე“, - განაცხადა შიხიაშვილმა.

ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებისათვის გაწეული ქველმოქმედებისთვის დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობის სიგელით ნინო სუხიშვილი, ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი თინათინ ჩხვიმიანი, ანზორ ერქომაიშვილი და საკრებულოს დეპუტატი ნათელა მაჭავარიანი დააჯილდოვა.