როგორ წაართვა ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა მერობის კანდიდატმა ბიზნესმენებს წისქვილკომბინატი

როგორ წაართვა ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა მერობის კანდიდატმა ბიზნესმენებს წისქვილკომბინატი

2003 წელს, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, ხელისუფლება ბიზნესმენების ტერორზე რომ გადავიდა, კარგად მოგეხსენებათ. საქართველო მაშინდელმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაინაწილა და რეგიონების მიხედვით დაიწყო ბიზნესწილების გადაფორმება. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ტერორს შეეწირა, გორის წისქვილკომბინატის მფლობელები იყვნენ. მათ ძალიან მარტივად აუხსნეს, რომ წილი უნდა დაეთმოთ და უნდა დაეთმოთ გორის გამგეობის სასარგებლოდ. ერთი შეხედვით, ეს უპრეცედენტო შემთხვევა საინტერესოდ გაგრძელდა. საქმე ისაა, რომ როგორც წესი, წართმეულ წილებს კერძო პირებზე აფორმებდნენ, ახლა კი თითქოს გამგეობის ბალანსზე დარიცხვა მართლაც საინტერესო იყო.

"2004 წლის იანვარში ჩვენთან მოვიდა ადამიანი, რომელიც უშიშროების თანამშრომლად გაგვეცნო და გვითხრა, რომ წისქვილკომბინატის დოკუმენტაციის შემოწმება უნდა დაწყებულიყო. ჩვენგან ორი მანქანა საბუთები წაიღეს და როცა ვიკითხეთ, ვინ არის გარანტი იმისა, რომ ამ საბუთიდან რომელიმე არ დაიკარგება და მერე პასუხს არ მოგვთხოვთ თქო, უბრალოდ გაეღიმათ. ასეთი "ღიმილით" გაგრძელდა ჩვენი ტერორი მთელი ოთხი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც წილი უბრალოდ დაგვათმობინეს. ერთ დღეს წისქვილკომბინატი გორის გამგეობის ბალანსზე უსასყიდლოდ გადავაფორმეთ",-ყვება წისქვილკომბინატის ერთ-ერთი მეწილე და მფლობელი გიორგი ორთანეზაშვილი.

რა ძნელი მისახვედრია, რომ გამგეობა კომბინატს ვერ და არ ამუშავებდა. აღნიშნულის შესახებ თავადაც კარგად იცოდნენ და ამიტომ, რამდენიმე თვეში იგივე პირებს წისქვილკომბინატის გადაფორმება უკვე ფირმა «ლემისე კომპანისთვის» სთხოვეს და ასევე უსასყიდლოდ გადაუფორმეს. როგორ მოგვიანებით გაირკვა, წილის პირველი გადაფორმება ფიქტიური იყო, ანუ საჯარო რეესტრში გორის გამგეობა წისქვილკომბინატის მესაკუთრედ არასდროს დაფიქსირებულა და რაც მთავარია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. ანუ დევს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომ წისქვილკომბინატი გამგეობის საკუთრებაა და დევს დოკუმენტი, რომ საჯარო რეესტრში ეს სანოტარო აქტი გატარებული არ არის.

ბიზნესმენთა დაცინვა ამით არ დასრულებულა. ცოტა ხანში მათ ისევ მიაკითხეს და აუხსნენს, რომ რადგანაც წისქვილკომბინატის მუშაობის სფეციფიკაში ვერც ახალი მფლობელი ერკვეოდა, ისინი ვალდებული იყვნენ, დარჩენილიყვნენ კომბინატში და ემუშავათ, სანაცვლოდ კი მათ მიერ შექმნილ საწარმოში ხელფასს გადაუხდიდნენ.

"სხვა გზა არ იყო, დავთანხმდით, რადგან ზუსტად ვიცოდით, რომ ამ საქმის უკან ირაკლი ოქრუაშვილი იდგა. ის მიხეილ ქარელისა და ბონდო ვათიაშვილის მეშვეობით ჩვენს ტერორს ახდენდა და დაჭერით გვემუქრებოდა. ბონდო ვათიაშვილი მაშინ გორის მოსამართლე იყო და ყველა ღონეს ხმარობდა, ოქრუაშვილისთვის რომ ესიამოვნებინა. მერე იყო, როცა ოქრუაშვილს წყალი შეუდგა, განაცხადა, ირაკლის საერთოდ არ ვიცნობო. ახლა ხომ დამტკიცდა, რომ მეგობრები არიან და მუდამ ერთად იყვნენ. სწორედ ოქრუაშვილის კანდიდატია ბონდო ....... მერის არჩევნებზე და იმ სირცხვილს, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ჭამა გორმა, მეორეში ჩამოირეცხავს და ორივეს საკუთარ ადგილს მიუჩენს",-ამბობს ორთანეზაშვილი.

როგორც ჩანს, ოქრუაშვილს წისქვილკომბინატის გარეშე ბიზნესმენთა დატოვება არ ეყო და გადაწყვიტა უფრო მეტად დაესაჯა. მისი მითითებით, გიორგი ორთანეზაშვილმა და მირიან ოქროშიაშვილმა (წისქვილკომბინატის მფლობელები) პოლიციის განვითარების ფოდში და კიდევ სხვადასხვა ფონდებში ასობით ათასი ლარი გადაარიცხვინეს და ეს თანხა რომ ეშოვნათ, ბიზნესმენებმა მოძრავი და უძრავი ქონება დააგირავეს. წისქვილკომბინატი კი საბოლოო ჯამში აზერბაიჯანულმა კომპანია "კარმენმა" მიიერთა. ეს კომპანია ქართულ ბაზარზე მონოპოლისტია და გარდა წისქვილკომბინატებისა, იმ საცავსაც ფლობს, სადაც სახელმწიფომ წესითა და რიგით ხორბლის მარაგი უნდა შეინახოს. შედეგად, დღეს «კარმენს» პრტობლემები რომ შეექმნას, სახელმწიფო ხორბლის მარაგის გარეშე რჩება, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

"ჩვენ ეს საქმე ვიცით, მაგრამ ახლა რეალურად იმაზე ვფიქრობ,თ ორმ ბანკმა ბინა არ გაგვიყიდოს და უბინაოდაც არ დავრჩეთ. საბედნიეროდ, ბანკში მეგობრები მყავს და მაქსიმალურად ხელს მიწყობენ, სხვაგვატრად აქამდე ხის ძირში მომიწევდა ცხოვრება. სასამართლოსგან ერთადერთ რამეს ვითხოვ – დაიკითხონ ირაკლი ოქრუაშვილი და ბონდო.... რაც შეეხება მიხეილ ქარელს, მე მოვახერხებ, რომ მისი დაკითხვა სკაიპის საშუალებით მოხდეს და თU მე ერთ სიტყვას მაინც ვიტყუები, მზად ვარ პასუხი ვაგო. ქარელი ამას აუცილებლად დაადასტურებს და იტყვის, რომ წისქვილკომბინატი ჩვენ პირადად ირაკლი ოქრუაშვილმა წაგვართვა",-აცხადებს ორთანეზაშვილი.

სხვათა შორის, ჩვენ მოვიძიეთ და გავარკვიეთ, რომ სწორედ 2004 წელს, წისქვილკომბინატის თემაზე ოქრუაშვილსა და ქარელს გორის გამგეობაში ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდათ, რაც საბოლოოდ მუშტი-კრივში გადაიზარდა. ქარელი ამტკიცებდა, რომ კომბინატის დოკუმენტაცია წესრიგში იყო და ბიზნესმენები სუფთად მუშაობდნენ, ოქრუაშვილს კი არაფრის გაგება არ სურდა და ჯიუტად იმეორებდა, ეგ წისქვილკომბინატი ერთ კვირაში ჩემი უნდა იყოსო.

ვერ გეტყვით, როგორი იქნება ამ საქმის ბოლო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მხარეები დოკუმენტებით საუბრობენ და იმ ხალხის დაკითხვას ითხოვენ, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს. ოქრუაშვილი კი როგორც წესი, ყველაფერს წინა ხელისუფლებას აბრალებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა ბრალდება წინა ხელისუფლების მიერ არის მოგონილი და ეს მაშინ, როცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას რამდენიმე ადამიანი ადებს ხელს და კონკრეტულ თემას ედავება.