"იმან, რაც საქალაქო სასამართლოსთან მოხდა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ის ძალა, რომელიც უარს არ იტყვის არც არეულობაზე, არც პროცესების ესკალაციასა და არც ძალადობაზე. ამ პარტიის წევრები მუდმივად აპროტესტებენ ძალადობას, თუ ეს მათ წევრებს ეხება, იმავდროულად, თვითონ არ ეშვებიან ამგვარ ქმედებებს. ამ არეულობამ ცხადყო, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" არც სასამართლოს უზენაესობა ნიშნავს რამეს და არც პროკურატურა, როდესაც ისინი მათთვის არახელსაყრელ გადაწყვეტილებებს იღებენ. "ნაციონალური მოძრაობის~ მმართველობისას ვინმეს რომ გაებედა და სასამართლოსთვის ან პროკურორისთვის ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინა, სისხლში აბანავებდნენ!" - აცხადებს ექსპერტი კახა კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაციონალებს" ქვეყანაში ესკალაციის კონკრეტული გეგმა აქვთ" / "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დისკრედიტაციას დაიწყებს".
"ნაციონალთა" ერთი ნაწილი ვითარების ესკალაციას შეეცდება, თან ამას ისე წარმოაჩენენ, ვითომ თვითონ არიან მსხვერპლნი. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დისკრედიტაციას დაიწყებს. "ნაციონალებს" ესკალაციის კონკრეტული გეგმა აქვთ. ამას ხელს შეუწყობენ "ნაციონალების" კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებები. აამუშავებენ ყველა იმ ბერკეტს, რაც სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციაში კიდევ შერჩათ, მაგალითად, "თელასსა" და ამგვარ კომპანიებში შეიძლება საბოტაჟიც კი სცადონ. ეს გეგმა ნამდვილად აქვთ, მოახერხებენ თუ არა მის ამუშავებას, დამოკიდებული იქნება ხელისუფლების კვალიფიციურობაზე, მოვლენების ადეკვატურად გაანალიზებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარზე. დაპირისპირებებისა და ესკალაციის ინსპირირება "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, ვნახოთ, რას დაუპირისპირებს ამას ხელისუფლება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"ერთიც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აუცილებლად შეეცდებიან საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნისა და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ამიტომ ნებისმიერი მცდარი განცხადება და უზუსტო ქმედება მათთვის კარგი საბაბი იქნება. "ნაციონალებს" არეულობის გზით აქვთ გადაწყვეტილი ხელისუფლებაში დაბრუნება, თან მათი მიზნები საკმაოდ მრავალ წელზეა გაწერილი. ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე მართებს, რაც მეტ შეცდომას დაუშვებს მმართველი ძალა, მით მეტად გაძლიერდება "ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, არა მგონია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მასშტაბური აქციების მოწყობა მოახერხოს, ეს ძალა უკიდურესად დისკრედიტირებულია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ცდილობს პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკით გაექცეს იმ პასუხისმგებლობას, რაც მათი მმართველობისას ჩადენილ კანონდარღვევებს შეეხება. "ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბურ გავლენას სასამართლო სისტემაზე კუბლაშვილის ბერკეტების წყალობით ჯერ კიდევ ინარჩუნებს, კიდევ ახერხებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საქმეების სასურველ მოსამართლეებზე მიწერას და ისეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას, რაც სჭირდებათ. რატომ არ მოხდა ეს უგულავას შემთხვევაში? ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სრული კონტროლი ვეღარ გამოსდის, როგორც ამას ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდა", - მიიჩნევს ექსპერტი.
"პრობლემა ის არის, რომ ისევ მუშაობენ ის მოსამართლეები, რომლებიც მიჩვეული არიან სხვისი მითითებების უპირობო შესრულებას და სავარაუდოდ, მომავალშიც ადვილად დაემორჩილებიან სხვის ინსტრუქციებს. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს მაინც სასამართლოა, რომ ევროპა ვერ გაგვიგებს, არასწორია. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ რაც დასაწყები იყო, ვერ დაიწყო, ვგულისხმობ, სიღრმისეულ რეფორმებს და რაც დაიწყო, ბოლომდე ვერ მიიყვანა, რის შედეგადაც გვაქვს ისეთი ტიპის სასამართლო სისტემა, რომლის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის პირი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ უკანონობაზე, რაც "ნაციონალების" მმართველობისას ქვეყანაში ხდებოდა", - ამბობს კახა კახიშვილი და შეკითხვას - "საზოგადოების ნაწილის აზრით, უგულავას დაკავება იმის ნიშანია, რომ საბოლოოდ დასრულდა კოაბიტაცია და დაიწყება სამართლიანობის აღდგენა" - პასუხობს:
"სიმართლე გითხრათ, ტერმინი "სამართლიანობის აღდგენა" დიდად არ მომწონს. ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ "კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრების დაწყება". უგულავას ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ გარდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნისა, აუცილებელია ისეთი ტიპის საქმეებზეც დროულად გამოიტანონ ვერდიქტი, რომელმაც შეიძლება დააზარალოს ქვეყნის ბიუჯეტი. ვგულისხმობ, წინა ხელისუფლების დროს მოქალაქეებისთვის წართმეული ქონების დაბრუნებას. "ნაციონალებს" ჰყავდათ ფავორიტი ბიზნესმენები, რომელთა ქონება, უმრავლეს შემთხვევაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვას წაართვა და მათ გადაულოცა. ეს ფული სულაც არ არის მხოლოდ ამ ე. წ. ბიზნესმენების, ეს იმათაც ეკუთვნის, ვისი საშუალებითაც ჩაიგდეს ხელში ესა თუ ის ბიზნესი, ვგულისხმობ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს. შესაძლოა, პირდაპირი გადარიცხვები ვერ ვნახოთ, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ზოგიერთი ბიზნესმენი `ნაციონალურ მოძრაობას~ ფარულად ისევ არ აფინანსებდეს".
"ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი ლამის მშვიდობის მტრედად გადაიქცა და უფრენს მსოფლიოს გარშემო. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა კონკრეტულად იმ საქმიანობის წინ წამოწევა, რითაც ხასიათდებოდა ამ ე. წ. დემოკრატის ხელისუფლებაში ყოფნა. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება, ხელისუფლებას რომ მოეხერხებინა და ერთი სისტემური დანაშაული მაინც სრულყოფილად გამოეაშკარავებინა - საფრანგეთთან საქართველოს შედარება შეუძლებელია, სჯობს შევადაროთ სააკაშვილისა და იანუკოვიჩის სამართლებრივი მდგომარეობა: სააკაშვილი დღესაც კითხულობს ლექციებს დემოკრატიაზე, იანუკოვიჩი კი პასუხისგებაშია მიცემული და მას ეძებენ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე საქმის აღძვრის დროს უკრაინის მოქმედი კონსტიტუცია დაირღვა და მისი პასუხისგებაში მიცემა იმპიჩმენტის გვერდის ავლით მოხდა. მაგრამ უკრაინამ მოახერხა და აჩვენა მსოფლიოს იანუკოვიჩის მმართველობის რეალური სახე, საქართველომ კი - ვერა", - დასძენს კახიშვილი.