ასეთი განცხადებები განსაკუთრებით კეთდება 2021 წლის შემდეგ, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს საქართველოში ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და კონკრეტულ მოთხოვნებსა და მითითებებზე უარი თქვა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, რას უკავშირებს ასეთ გააქტიურებულ კრიტიკულ განცხადებებს ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან.
„საზოგადოებასაც ალბათ უკვე თვლა აერია მერამდენე რეზოლუციაა, ექვსს ნამდვილად გადასცდა. განცხადებების თვლაც უკვე შეუძლებელია. ასეთი განცხადებები განსაკუთრებით კეთდება 2021 წლის შემდეგ, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს საქართველოში ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და კონკრეტულ მოთხოვნებსა და მითითებებზე უარი თქვა.
შესაბამისად, უნდა დაისაჯოს არა მხოლოდ ხელისუფლება, რომელიც მითითებებს არ ასრულებს „ქართული ოცნების“ გუნდის სახით, არამედ დაისაჯოს ხალხიც, რომელიც ბედავს და ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომლის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანა ორ ფეხზე, მყარად იდგეს, სუვერენიტეტი გამყარებული და გაძლიერებული იყოს და ამავდროულად, ეკონომიკური განვითარებაც გაგრძელდეს და თითოეულ ადამიანამდე მივიდეს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ევროპარლამენტი მასკარადად არის გადაქცეული როდესაც ტრანსპარანტებით დგანან ადამიანები და შოუს აწყობენ. ამ ტრანსპარენტებზე ასახულები არიან სისხლიანი მწამებლური რეჟიმის წარმომადგენლები“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ევროპარლამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიძულვილის ენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას - ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზება ევროკავშირის დონეზე.