"მალე გამოაშკარავდება და საქართველოს შეძრავს დანაშაული, რომელიც უკვე უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს შეეხება"

"სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დიდი ხანია ელოდა. ჩემს გარდა ამ საქმეში მოწმეები კიდევ არიან -პროკურატურის მიერ გავრცელებულ იმ ვიდეოჩანაწერებშიც ჩანან ის პირები, რომლებიც ჩემი და ღონიაშვილის შეხვედრას ესწრებოდნენ. მათ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს, ესწრებოდნენ თანხის გადაცემასაც - მილიონ-ნახევარზე გამაფორმებინეს ფიქციური ხელშეკრულება, "ნაციონალურ მოძრაობამდე" მივიდა 760 000 დოლარი. დანარჩენის მიტანა ღონიაშვილს აღარ დასცალდა, სწორედ ამ თანხით დააკავეს", - აცხადებს უგულავას საქმეში მთავარი მოწმე, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე გაზეთ"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მალე საქართველოს ახალი პოლიტიკური სკანდალი შეძრავს" / `აქამდე რომ უგულავას დაპატიმრება ვერ ხერხდებოდა, კუბლაშვილის დამსახურება იყო".

"ამ საქმეში უშუალოდ გიგი უგულავასთან მქონდა ურთიერთობა - 30 ივნისს, როდესაც უკვე გადმორიცხული იყო 600 000 დოლარი, მე და ის კალათბურთის მატჩზე ვიყავით. უგულავა ჩემი მადლიერი იყო და ყველანაირად გვერდში დგომა აღმითქვა. ამ დროს უკვე ვთანამშრომლობდი პროკურატურასთან, თითქმის თვე-ნახევარი იყო გასული, რაც ეს ოპერაცია მიმდინარეობდა. პროკურატურას ხელთ ჰქონდა ეს ფიქციური ხელშეკრულება, რასაც უშუალოდ კეზერაშვილის ლატარიის კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე გოგოხია აწერს ხელს. გარდა ამისა, საქმეშია ჩემი და ღონიაშვილის შეხვედრებისა და საუბრების ვიდეოჩანაწერები. ღონიაშვილი მთელ სქემას შიფრავს, ამბობს, ფულს კეზერაშვილი გვირიცხავსო; არაერთხელ ახსენებს უგულავასაც, იმეორებს, რომ გიგი დაუკავშირდა კეზერაშვილს და ა.შ. ამ მტკიცებულებებს ემატება ასევე გიგი უგულავას მიერ ღონიაშვილთან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ის ყოველი გადმორიცხვის წინ იწყებდა გამოკითხვას, რა ხდება, გადმოირიცხა თანხა თუ არაო; ერთგან ღონიაშვილს ეუბნება, ფული ოფისში მიშასთან მიიტანეო და ა.შ. რაც გასაჯაროვდა, ძალიან მცირე ნაწილია ვიდეოჩანაწერებისა, მასალა უზარმაზარი და გაცილებით საინტერესოა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაპანაძე. 

"ამბის გახმაურების შემდეგ იყო მუქარა, მაგრამ არ ვიტყვი, რა ფორმისა და სახის. არ მინდა ჩემი ოჯახის წევრები ვანერვიულო. ეს უცხოეთში მოხდა და ჩამოსვლისთანავე ამის თაობაზეც მასალები გამოძიებას გადავეცი - უგულავა პირადად არ დამლაპარაკებია, მუქარა მისი სახელით შემომითვალეს. წარმოიდგინეთ, `ნაცმოძრაობამ~ რამდენი მოქალაქე დააზარალა, რამდენი გადააქცია ჭირისუფლად, დღეს კი ისევ გამოდიან და ცინიკურ განცხადებებს აკეთებენ, დასცინიან ხალხს. წარმომიდგენია, ყველა როგორ ელოდებოდა სასამართლო სხდომის დასასრულს, მანამდე არაერთი პროცესი გაიმართა, მაგრამ უგულავას დაკავება ვერ მოხერხდა. ესეც კუბლაშვილის დამსახურება იყო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ახლა სამართალდამცველებს იმდენად უტყუარი არგუმენტები აქვთ, მოსამართლე ვერაფერს გახდა. "ნაციონალებმა" სცადეს სასამართლოსა და პროკურატურაზე ზეწოლა, უგულავას დაკავება გააპროტესტეს. უგულავა თუ ქვეყნიდან გაქცევისას დააკავეს, ჩემი მეგობრის ძმა, 25 წლის ბიჭი, რომელიც პატრულს არ დაემორჩილა, ჩაცხრილეს. ამ რამდენიმე ხნის წინ ყოფილმა პარლამენტარმა თემურ ჩარკვიანმა თავი რომ მოიკლა, ესეც "ნაციონალების" კისერზეა, სადამდე მიიყვანეს ხალხი! მაგათ ჭკუა რომ ჰქონდეთ, თავისი ფეხით წავიდოდნენ ციხეში, რადგან გამწარებულ ადამიანს შეიძლება ერთ დღეს გონება გადაეკეტოს და პირდაპირ ქუჩაში გაუსწოროს ანგარიში... მე შანსი მომეცა, რომ ესენი ცხელ, დღევანდელ დანაშაულზე მემხილებინა და არ გავუშვი ხელიდან! - დასძენს გიორგი კაპანაძე და შეკითხვას - "ბრძანეთ, ფულის ლეგალიზება სხვა ბიზნესმენებსაც შესთავაზესო. ისინიც ხომ არ გეგმავენ პროკურატურასთან თანამშრომლობას?" - პასუხობს:

"კი, ისინიც მომყვებიან. მალე საქართველოს ახალი პოლიტიკური სკანდალი შეძრავს - გამოაშკარავდება დანაშაული, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს შეეხება, ასევე საქმე, რომელიც ძმებ კუბლაშვილებს უკავშირდება".