„ნუ იზამს საზოგადოება იმდენს, რომ ამ ხელისუფლებისგან შექმნას მონსტრი“

„ნუ იზამს საზოგადოება იმდენს, რომ ამ ხელისუფლებისგან შექმნას მონსტრი“

„ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპის სახალხო პარტია ყოფილი მაღალჩინოსნების  დაკავებასთან დაკავშირებით კვლავ ერთიან პიოზიციაზეა - „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცეპრეზიდენტი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი გიგი უგულავას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან. „გიგი უგულავა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელია, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს. მოვლენების ეს სამწუხარო განვითარება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში მოხდა. რა თქმა უნდა, ასოცირების შეთანხმება დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ძირითადი ევროპული ნორმები და პრინციპები. სწორედ ამიტომ, „ევროპის სახალხო პარტიის“ სახელით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ყველა სახის მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებები, რომელიც სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს ევროპულ მომავალს. და ნაცვლად ამისა, განახორციელონ რეფორმები ასოცირების შეთანმების ჩარჩოებში, კერძოდ, მოახდინონ შერჩევითი სამართლის აქტების კორექტირება“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში.

რატომ არის რადიკალურად განსხვავებული ქართული საზოგადოებისა და დასავლეთის დამოკიდებულება ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიმარ, ამ თემაზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: ყურადღებას იქცევს ერთი მომენტი, სოციალურ ქსელებში პირდაპირ ისმის მოწოდებები ხელისუფლებისადმი, იყოს მაქსიმალურად სასტიკი და დაუნდობელი. საზოგადოების ძირითადი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ არის ის,  რომ ნებისმიერ ფასად, იგულისხმება, თუნდაც კანონის დარღვევით, რატომ არ იჭერს ნაციონალებს და ყოფილ მაღალჩინოსნებს.

ისიც ფაქტია, რომ ამქვეყანამ 9 წელი იწვნია ნაციონალური რეჟიმი და საზოგადოების თითოეულ წევრს თავისი, ძალზე მყარად ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს ნაციონალების ყოფილი მაღალჩინოსნების მოქმედებებზე. სრულიად ბუნებრივია და ვერავინ შეგვედავება, რომ ამ ყველაფერმა საქართველოს მოსახლეობის ზურგზე გადაიარა. მაგრამ მეორე მხარეა, რამდენად დატოვეს ყოფილმა ჩინოვნიკებმა თავისი დანაშაულებრივი ქმედებების ისეთი მტკიცებულებები, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას კანონის ფარგლებში საშუალებას აძლევს,  განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

ერთია, რომ დამნაშავე იყო, მაგრამ ეს დანაშაული უნდა დაგიმტკიცოს კანონმა. ამაზეა საუბარი - ამ დილემის წინაშე დგას ხელისუფლება უკვე წელიწადნახევარია, რადგან მათ (ნაციონალებს) ეყოთ ჭკუა, რომ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების მტკიცებულებების დიდი ნაწილი გაენადგურებინათ.

ამის გარდა, პროკურატურაში ნაწილი კადრებისა არის ისეთი, რომელიც თავისი წარსულით  ნაციონალების ქმედებებთან დაკავშირებულია და შესაბამისად, ალბათ, ისინი იმართებიან დღემდე ნაციონალების მიერ - ესეც არ არის გამოსარიცხი ფაქტორი და გამოძიებას, ალბათ, ესეც უშლის ხელს.

კიდევ ერთი ფაქტორი არის სწორედ ის, რომ არსებობს დასავლეთთან ანგარიშვალდებულება ნებისმიერი ასეთი რეზონანსული დაკავების დროს. თუმცა სარკოზის დაკავებაზე ევროპის არც ერთ ქვეყანას და არც ერთ პარტიას ასეთი კატეგორიული განცხადებები არ გაუკეთებია. ამ დროს საუბარია ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე. ბრალდებებიც - დაახლოებით ანალოგიურია, კორუფციასა და სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვაზეა საუბარი ორივე შემთხვევაში.

იქ არავის მოსვლია აზრად, გარდა სარკოზისა, რომ ამისთვის პოლიტიკური დევნის შეფასება მიეცა - აქაც უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი, ხელისუფლებას აიძულებს იყოს ძალიან ფრთხილი, ასეთი დაკავებებისას, რასაც საზოგადოებაში არასწორი რეზონანსი მოჰყვება.

ხელისუფლება დღემდე მაქსიმალურად ცდილობდა კანონის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები წარედგინა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის. საზოგადოება კი თავისი მაქსიმალიზმით და შურისძიების დაუკოებელი წყურვილით,  ნუ უბიძგებს ხელისუფლებას, კანონის ფეხქვეშ გათელვით დაიწყოს მასობრივი დაკავებები. ნუ იზამს იმდენს, რომ ამ ხელისუფლებისგან შექმნას მონსტრი. მერე მონსტრი ვეღარ არჩევს ვერც პარტიულ და ვერც სქესობრივ წარმომავლობას, ვერც ასაკობრივ განსხვავებას და ვერც იმას, ვინმე კანონთან მართალია თუ მტყუანი და ეს ნაციონალების 9 წლიანმა რეჟიმმაც აჩვენა. მონსტრისთვის სულ ერთია, ვის და რისთვის დასჯის.

პრობლემა რომელიმე მაღალჩინოსნის დაკავება ან ევროპის სახალხო პარტიის განცხადებები კი არ არის, არამედ ის, რომ ხალხს სწყურია სისხლი და უხარია სისხლის დანახვა - ამ შემთხვევაში ფიგურალურად ვამბობ სისხლს - ის მზად არის, ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ შურისძიების ნებისმიერ აქტს შეხვდეს ყიჟინით, თუნდაც ეს მოხდეს კანონის ფეხქვეშ გათელვით.

ამით საზოგადოება იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თვითონ ზის. ის, რომ დღეს მასობრივი კანონდარღვევები არ ხდება, ამ ხალხის მთავარი მონაპოვარია და ნუ ჩაქოლავს თავისივე მთავარ მონაპოვარს ამ თავისი დაუოკებელი აგრესიით.

თუმცა ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც - კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს ყველა და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ მტკიცებულებების განადგურება მოასწრო, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი...

- ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა,  მაგრამ ორ უარესობას შორის უკეთესი უნდა ავირჩიოთ. თუ საზოგადოების წარმოდგენების მიხედვით დავიწყეთ დაყოფა დამნაშავეებად და უდანაშაულოებად, ეს ქვეყანა ჩაიძირება ქაოსსა და ანგარიშსწორებაში. ასე ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება თქვა, რომ იყო დამნაშავე ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.

საზოგადოებას სამართლიანობის დადგომა უნდა კანონის გვერდის ავლით - ეს წარმოუდგენელი რამ არის. ერთხელ თუ გათელა ხელისუფლებამ საზოგადოების მოწოდებით კანონი, შემდეგ შესაძლოა, ისევ ამ საზოგადოების წევრებს მოუბრუნდეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ დამნაშავე დაისაჯოს, არა იმიტომ, რომ ვიღაცას შურისძიება ამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ თუ დამნაშავეები არ დაისაჯნენ, დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც ეს იქნება მკაფიო მესიჯი - მოვიპარავ, გავაუპატიურებ, მთელ ქვეყანას სულში ჩავაფურთხებ და მე ეს შემრჩება, თუნდაც ჩემი ლობისტური კომპანიების მანიპულაციების თუ უცხოელების მხარდაჭერის, ან არ აქვს მნიშვნელობა რის ხარჯზე.

ერთხელ და სამუდამოდ, უნდა იქცეს კანონად და დღევანდელი ხელისუფლებისთვის მაგალითად, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე. მართალია, ნაციონალები საზოგადოებას დღეს ბევრს ვეღარაფერს დაუშავებენ, მაგრამ თუ დღევანდელ ხელისუფლებას გაუჩნდა დაუსჯელობის სინდრომი, წინა ხელისუფლების წამხედურობით, ამათ ნამდვილად შეუძლიათ, ბევრი რამ დააშავონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ დასავლეთის მხრიდან ამგვარი მიდგომებით საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ჩნდება იმედგაცრუება დასავლეთის, როგორც ღირებულების მიმართ. პერსპექტივაში ეს ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება. დასავლეთი ამაზე არ ფიქრობს. ეს განცხადებები ხომ რეალურად, ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.

რით აიხსება, რომ სარკოზის მიმართ დასავლეთს არ ჰქონია რეაქცია, ხოლო საქართველოში ნებისმიერი ყოფილი ჩინოვნიკის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს?

- ერთია, რამდენად კვალიფიციურად მოიპოვებს ხელისუფლება მტკიცებულებას უგულავას ბრალეულობის დასამტკიცებლად. მეორეა, რომ საზოგადოებამ საკუთარ თავზე გამოსცადა და ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი. მაგრამ, როდესაც დასავლეთის მხრიდან მოდის ასეთი კატეგორიული განცხადებები, ისინი ფაქტობრივად არ ცდილობენ რეალურად ჩაწვდნენ საქმის არსს და იქამდე, ვიდრე რეალური მტკიცებულებები დაიდება გამოძიების მხრიდან, წინმსწრებად აკეთებენ ასეთ განცხადებებს.

საინტერესოა, რატომ არ ფიქრობს დასავლეთი საკუთარ იმიჯზე საქართველოს თვალში? ჩაიქნია ხელი საქართველოზე როგორც თავის პარტნიორსა და დასავლური სივრცის ნაწილზე? - ასე ხომ არ შეიძლება, თუ რომელიმე პარტიისთვის კომფორტული იყო რაღაც მიზეზებით წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ამის გამო იმ ქვეყნის საზოგადოების განწყობას პატივი არ სცე და მხედველობაში არ მიიღო. იმას ხომ არ ვამბობ, რომ ამ ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი. პირიქით, დასავლეთი რომ ასე მაქსიმალურად ფხიზელი და კრიტიკულია ახალი ხელისუფლების მიმართ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომ ეს ხელისუფლება დღემდე ინარჩუნებს დემოკრატიულ იერსახეს. მაგრამ მეორეა დასავლეთის პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის საზოგადოების მიმართ.

ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მაგრამ საზოგადოება და სახელმწიფო მუდმივია. არ შეიძლება, შენს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს, ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს ვგულისხმობ, გადააყოლო ისეთი სტრატეგიული ინტერესი, როგორიც ქვეყნებს შორის ურთიერთობაა - მაინც საზოგადოების განწყობა აყალიბებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს და არა კონკრეტული პარტია. თუ ხარ ქვეყნის და არა ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის მეგობარი, იმ საზოგადოებასა და მის ტკივილს უნდა სცე პატივი, რომელიც ამ საზოგადოებას აწუხებს. საბოლოოდ ეს ანგრევს ქართული საზოგადოების თვალში დასავლეთის, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯს და ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე კონკრეტული მაღალჩინოსნის დაკავება.

ისევ ლობისტური კომპანიები მუშაობენ ნაციონალების სასარგებლოდ, ევროპული პარტიები მოქმედებენ ინერციით, თუ ეს ხელისუფლება ვერ აწვდენს დასავლეთს ხმას სათანადოდ?

- კვლავ არსებობენ ლობისტური კომპანიები და ის კონტაქტები,  რომელიც ჰქონდათ ნაციონალებს წლების მანძილზე - ეს მათი მთავარი აქტივია. ყველა იმ ფინანსურ აქტივზე ძლიერი, რაც კი მათ დააგროვეს. ისინი ამას იყენებენ ძალიან კარგად. ლობისტურის გარდა კიდევ რა საერთო ინტერესები ჰქონდათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

ნაციონალური მოძრაობისლიდერები აკეთებენ განცხადებებს, რომ უგულავა ივანიშვილის პირადი პატიმარია და ხელისუფლებამ სწორედ ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. ვისთვის არის განკუთვნილი ეს განცხადებები?

- ქართულ საზოგადოებაში ამ მესიჯს რომ დასაყრედნი არ აქვს, ეს გასაგებია. ეს არის თემა ლობისტებისთვის, რადგან ლობისტურ კამპანიასაც თემა სჭირდება - ეს არის ის ძირითადი მესიჯი, რომლის ლობირებასაც ახდენენ ნაციონალები ქვეყნის გარეთ.

რას მიაღწვენ ამით ნაციონალები?

- დღეს ისინი თავის გადარჩენის რეჟიმში არიან -ეს არის და ეს. ისევე, როგორც „კედელთან მიყენებული“ ადამიანები, ყველა მეთოდს მიმართავენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება, ნაკლებმა მათგანმა აგოს პასუხი სისხლის სამართლებრივი წესით. რომ არა ნაციონალების აქტიურობა, გაცილებით მეტი ნაციონალური ლიდერი იქნებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, ვიდრე დღევანდელი რეალობაა. ამას სწორედ თავიანთი მთავარი აქტივის, უცხოური კონტაქტების დახმარებით ახდენენ.

რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ დასავლეთის თვალში ის გამოჩნდეს ისეთ სუვერენულ ქვეყნად, სადაც დემოკრატიული ღირებულებები დაცულია, არ არსებობს პოლიტიკური დევნა და კანონის წინაშე ყველა თანასწორია?

- არ ვიცი ამ ეტაპზე ჰყავს თუ არა ხელისუფლებას ლობისტური კომპანიები დაქირავებული - ისევ იგივე მეთოდით, ახალ მეთოდს ესენი ვერ გამოიგონებენ -ლობისტური კომპანიები, ინტენსიური კონტაქტები დიპლომატიური არხების მეშვეობით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი კვალიფიციური გამოძიება - ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ გამოძიება დასაბუთებული იქნება, დასავლეთის ორმაგ სტანდარტებსაც საფუძველი გამოეცლება.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქართული სასამართლო ნაწილობრივ კვლავ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშაა დარჩენილი, შესაბამისად, მისი გამამართლებელი გადაწყვეტილებებიც ხომ არ ქმნის შთაბეჭდილებას იგივე დასავლეთის თვალში, რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი?

- სასამართლოზეც იგივეს თქმა შეიძლება, რაც ვთქვი პროკურატურაზე - ამ უწყებაშიც იქნება ხალხი, რომელიც თავისი წარსულით დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს წარსული აიძულებს, ზოგ შემთხვევაში იყვნენ არაობიექტურები. თუმცა ამას მთლიანად პროკურატურასა და სასამართლოზე ვერ ვიტყვი. თუმცა საკმარისია ის ნაწილიც, რომელზეც ვსაუბრობ.

თუმცა მთლიანობაში, სასამართლო, როგორი სახითაც დღეს ჯერ კიდევ არსებობს, არის დღევანდელი ხელისუფლების დემოკრატიულობის გარანტი, რადგან ხელისუფლება ისეთი ფენომენია, გინდა არ გინდა, გიბიძგებს განუსაზღვრელი ძალაუფლებისკენ, როდესაც შეგიძლია შენი თავი კანონზე მაღლა დააყენო. თუ არ გაქვს ისეთი ბარიერები როგორიც არის თავისუფალი მედია, ძლიერი პოლიტიკური სისტემა (როგორიც საქართველოში არ არის), დამოუკიდებელი სასამართლო და როგორიც არის თუნდაც დასავლეთის ძალიან ფხიზელი თვალი, ამ ბერკეტების გარეშე ნებისმიერი ხელისუფლება საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არ არის მყარად ფორმირებული, ყოველთვის იქნება დიდი რისკის ქვეშ, რომ გახდეს ავტორიტარული.

ამიტომ ვამბობ, ამ სახითაც კი, სასამართლო არის ძალიან დიდი მონაპოვარი და მას შენარჩუნება სჭირდება. იმის ძიებამ, ვინ ნაციონალების მომხრეა და ვინ არა, შეიძლება ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს. არავის არ უნდა გაუჩნდეს სასამართლოს დაქვემდებარების სურვილი. თავისთავად, ძალიან ცუდია პოლიტიკური სიმპათიებით ხელმძღვანელობდეს მოსამართლე, მაგრამ სჯობს, იყვნენ სხვადასხვა მიმართულებით მომზირალი მოსამართლეები, ვიდრე  ერთიანად დამონებული, როგორც იყო ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.