[გიორგი ბექაური]
1,2 მლრდ დოლარის ნაცვლად, 2010 წელს საქართველოში სულ რაღაც 553 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მთავრობის საინვესტიციო პროგნოზი არც ამჯერად გამართლდა. პროგნოზსა და რეალურ მაჩვენებელს შორის ცდომილება თითქმის 60%-ია. თუ ხელისუფლებამ 2011 წლის საინვესტიციო პროგნოზის მაჩვენებელიც იგივე ხერხით გამოითვალა, როგორც გასული წლის, გამორიცხული არ არის, რომ მომავალი წლის მარტში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გრაფაში - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - უფრო ნაკლები თანხა ჩაიწეროს.
წლეულს მთავრობა მილიარდი დოლარის ინვესტიციას პროგნოზირებს.
ასეთი დაბალი საინვესტიციო მაჩვენებელი, როგორიც 2010 წელს იყო, ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ჰქონია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს 659.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 1.56 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.014 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2006 წელს -1.19 მილიარდი, ხოლო 2005 წელს - 449.8 მილიონი დოლარი.
ბოლო 4 წელიწადია საქართველოში უცხოური ინვესტიციების ოდენობა მუდმივად იკლებს. ამჯერად გარღვევა საკმაოდ სერიოზულია, რამდენადაც 1,2 მილიარდიანი მაჩვენებელი მხოლოდ 553-მილიონიანი მაჩვენებლით დასრულდა. სავალუტო ფონდის პროგნოზი თითქმის გამართლდა, საქართველოში გასული წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 553 მლნ დოლარი შემოვიდა. ფონდის წინასწარი პროგნოზით კი, ეს ციფრი სადღაც 600 მილიონამდე უნდა ყოფილიყო. სამაგიეროდ, პრონგნოზში შეცდა ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, რომლის მონაცემებით, ქვეყანაში 2010 წელს სულ მცირე 700 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.
საინვესტიცი სააგენტოში კი სულ რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ გასულ წელს საქართველოში 700 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა. ერთადერთი, რომლის პროგნოზი რეალობასთან მეტ-ნაკლებად ახლოს აღმოჩნდა, ეს სავალუტო ფონდი იყო. ფონდის წინასწარი პროგნოზის მიხედვით, 2010 წელს საქართველოში 600 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა.
სავალუტო ფონდის მიერ დასახელებულ ციფრს მაშინ ექსპერტები უფრო რეალურს უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ფონდის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და საბოლოო მონაცემებს შორის ცდომილება, როგორც ყოველთვის მინიმალურია.დღეს კი ირკვევა, რომ საქართველოში 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 16%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანა 2010 წლის IV კვარტალში 120 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მთლიანად 2010 წლის განმავლობაში 553 მლნ აშშ დოლარის.
2010 წელს საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ნიდერლანდები იყო, რომელმაც ქვეყანაში 143 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ს მიერ საქართველოში განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებამ 108 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
უმხვილეს ინვესტორთა სიაში მესამე პოზიციაზე რუსეთია. 2010 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 51 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციები განახორციელეს საერთაშორისო ორაგიზაციებმა, 47 მლნ აშშ დოლარის - აზერბაიჯანმა, 40 მლნ აშშ დოლარის - არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, 38 მლნ აშშ დოლარის - თურქეთმა, ხოლო 76 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები სხვა ინვესტორ ქვეყნებზე მოდის.
რაც შეეხება ინვესტიციებს ეკონომიკის სექტორებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 35% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის. ინვესტიციების მთელი მოცულობდან 16-16% მრეწველობისა და საფინანსო სექტორებზე, 15% - უძრავ ქონებაზე, ხოლო 17% სხვა დანარჩენ სექტორებზე მოდის.