აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში, ხავერდოვანი სამთავრობო გადატრიალების შემდეგ, პროცესები კიდევ უფრო ღრმავდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გალში მცხოვრები ქართველების პასპორტიზაციას იწყებს. რას ემსახურება ქართველების აღრიცხვა და რა საფრთხეს უქმნის აფხაზეთს ისლამიზმის იდეა? - ,,ქართული სიტყვა” ასრულებს საუბარს თურქოლოგ, ისტორიკოს ზაზა წურწუმიასთან:
- არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთი ევრაზიული კავშირის მსგავსი გაერთიანების შექმნას გეგმავს, რომელშიც შესაძლოა, კავკასიის რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა გაწევრიანდეს. ამის შესახებ რამე გსმენიათ?
- თურქეთს საგარეო პოლიტიკაში ორი მიმართულება აქვს - ნატო-ს წევრი ქვეყანა რამდენიმე ათეული წელია, ევროკავშირისკენ მიისწრაფვის. თურქეთს, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, რუსეთის შემადგენლობაში, კავკასიასა და შუა აზიის ქვეყნებში მყოფი თურქულენოვანი ხალხების ბედი აინტერესებს და მათ, ტრადიციულად, თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. ამ ქვეყნებთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული კავშირებიც აქვს. ამ ეტაპზე თურქეთს სხვა პოლიტიკური გაერთიანება არ სჭირდება, რადგან სირიასა და ერაყში მიმდინარე პროცესებითაა დაკავებული.
- კრემლი და ქართველი რუსეთუმეები საქართველოს “ევრაზიულ კავშირისკენ” ექაჩებიან და ამტკიცებენ, რომ ეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების ერთადერთი გზაა...
- ეს შეხედულება მიამიტობა და გულუბრყვილობაა. არსებობს უკეთესი ვარიანტი: რუსეთს გუბერნიის სახით შევუერთდეთ და გვექნება სოხუმის მაზრა, ქუთაისის და თბილისის გუბერნიები. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის პოლიტიკის ღერძი აფხაზებისა და ოსების გამოყენება იყო და არის. ამ ფონზე მავანს ზემოხსენებული შემოთავაზება როგორ წარმოუდგენია?! რა, რუსეთმა თავისი იმპერიული პოლიტიკა მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ ქართველებმა ჩვენი მწარე ისტორიული წარსული დავივიწყოთ და ჩავყლაპოთ?! თუ “ევრაზიულ კავშირში” გავწევრიანდებით, მაშინ რაში გვჭირდება ან დამოუკიდებლობა ან საერთოდ, ქვეყანა? ეს დამარცხებული სიბრმავეა. ვიმეორებ: რუსეთს, თავისი გეოპოლიტიკური და იმპერიული ზრახვებიდან გამომდინარე, საქართველოს გაძლიერების ინტერესები არ აქვს! ისე, რა არის ის გარანტია, ან რის სანაცვლოდ გვთავაზობენ ჰაერში დაკიდებულ, არარსებულ კავშირში გაწევრიანებას? ,,ევრაზიული კავშირის” თემა შეიძლება, ნაზარბაევს, ლუკაშენკოს, პუტინს და საბჭოთა პერიოდის სხვა მმართველებს მოსწონდეთ, რომელთაც პოლიტიკური შიშები აქვთ!
- რა შიშებზე ლაპარაკობთ, ზაზა?
- ზემოხსენებული ლიდერები საკუთარ ქვეყნებში ძირეულ გარდაქმნებს არ დაუშვებენ - მათ ძალაუფლების დაკარგვის შიში აქვთ. ისე, ,,ევრაზიული კავშირის” იდეა ნურავის შეაშინებს - განა, რუსეთის რომელიმე ოფიციალური პირისგან მსგავსი შემოთავაზება გაგიგიათ?
- ოფიციალური პირებისგან არა, მაგრამ თითო-ოროლა არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობაში ამ იდეის პოპულარიზაციას ცდილობს. გარდა ამისა, რუსეთს ფარული და ქვეშქვეშა პოლიტიკაც ახასიათებს...
- რუსეთის ოფიციალურ პირებს ხელს არავინ უშლით, რომ ამ თემაზე აშკარად განაცხადონ, მაგრამ მათ საქართველოს მოსახლეობის განწყობის შესახებ კარგად იციან. მცირე მსოფლმხედველობის ჯგუფები, რომელთაც ამ იდეის სჯერათ, გულუბრყვილო ხალხია, საქართველოში მრავლად არიან სხვა იდეების მიმდევარნიც, მაგალითად, სტალინელები - ჩვენი მამები, ბაბუები. ისინი ბელადის ბიუსტებს დგამენ, ახალგაზრდები კი, წითლად ღებავენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მომავალს ამ ადამიანების პოლიტიკურ გემოვნებაზე ხომ არ ვაგებთ?!. ყველა დამპყრობელი სთავაზობს იდეას, რომელიც დაპყრობილი ერების რაღაც ჯგუფში სიმპათიას აღძრავს. გაიხსენეთ მე-19 საუკუნე: გრიგოლ ორბელიანი ჯერ რუსეთის ხელისუფლებას აუჯანყდა, მერე კი, მისი ერთგული გენერალი გახდა და თავისუფლებისმოყვარე კავკასიელების დამონებაში ეხმარებოდა კიდეც. განა, სტალინმა, ბერიამ და საქართველოს კომპარტიამ არ შემოიტანეს გასაბჭოების იდეა? ,,ევრაზიული კავშირი” კი, მკვდარზე გვირგვინია, რომელიც იდეას არ ეფუძნება და რუსეთის უსუსური მცდელობაა, რომ რაღაცა შეაკოწიწოს, მაგრამ არ გამოსდის. რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას რაში აწყობს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს დაუბრუნოს და ამით გააძლიეროს?! ყაზახეთის ბრძენმა მმართველმა “ევრაზიული კავშირის” მესვეურებს ფულის ერთეულად ალთინი (თურქული სიტყვაა და ,,ფულს” ნიშნავს), ვფიქრობ, ირონიულად შესთავაზა. მოკლედ, ლაპარაკი აქტიურ სავაჭრო ურთიერთობებზეა და ამ ქვეყნებს ხელს ვინ უშლის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები “ევრაზიული კავშირის” გარეშე ჰქონდეთ?
რუსეთისთვის კიდევ ერთი გამოსავალია: ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით უტოპიაა.
ისე, დღეს რუსეთს ჩვენთვის არ სცალია, რადგან უკრაინის სახით დიდი პრობლემა აქვს. უკრაინა რუსული იმპერიული მმართველობის ბზარია, ეს ბზარი რუსეთ-უკრაინის საზღვარზეა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის გულზე გადის. სასწორზე დევს რუსული იმპერიული იდეის ყოფნა-არყოფნა. თუ რუსეთმა უკრაინას რამდენიმე რეგიონი ვერ წაჰგლიჯა, მისი იმპერიულობა დასამარდება. ქვეყანა, რომელმაც უკრაინა ვერ შეინარჩუნა, ალტერნატივას ვერ შეთავაზებს ვერც კავკასიას და ვერც - შუა აზიას.
- აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ქართული პასპორტების გადამოწმების პროცესი რა მიზნით დაიწყო?
- ესაა სწორედ გადატრიალების ერთ-ერთი მიზეზი. აფხაზებს სურთ, რომ ყველა ქართველი, ვისაც საქართველოსთან კავშირი აქვს, აღრიცხონ. პასპორტიზაცია კი იმას ნიშნავს, რომ გალის მოსახლეობისგან ჩამოაყალიბონ ერთგვარი გეტო - ჩამოართვან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები და არჩევანის წინაშე დააყენებენ: ან იქნებით აფხაზეთის რესპუბლიკის ერთგულნი, ან დატოვეთ თქვენი საცხოვრებელიო. ხაჯინბასთვის გალის ქართველობა მეხუთე კოლონაა, რომელიც მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გაანეიტრალონ. იმედი მაქვს, საქმე ეთნიკურ წმენდამდე არ მივა - რუსეთი მოერიდება, რომ აფხაზეთიდან ქართველების გამოდევნას მწვანე აუნთოს, თუმცა გამორიცხული არაფერია და ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, საჭიროა, საერთაშორისო საზოგადოებაც საქმის კურსში ჩავაყენოთ. უნდა გაირკვეს, თუ რა დგას გადამოწმებული სიების უკან - აფხაზეთიდან გასაძევებელი ქართველების მონაცემები თუ სხვა რამ.
- გამოდის, რომ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მერე, უარესს უნდა ველოდოთ?
- ხაჯინბა პუტინის უსიტყვო შემსრულებელია. აფხაზური საზოგადოების შოვინისტურ განწყობებს ბაღაფში და ანქვაბი აკონტროლებდნენ, ხაჯინბა კი, ამას არც მოისურვებს და ვერც შეძლებს. ალბათ, დადგება დრო, როცა რუსეთის იმპერია დასუსტდება, ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით, აფხაზეთს მშვიდობიანად დავიბრუნებთ და გადაშენების პირას მყოფ აფხაზ მოსახლეობასაც შევინარჩუნებთ, რომელიც რუსეთთან ასიმილაციას განიცდის.
აფხაზებს ავტონომიურობისკენ მიდრეკილება ყოველთვის ჰქონდათ: 1928 წელს აფხაზთა სახალხო საბჭო ჩამოყალიბდა, მაგრამ საქართველოდან გამოყოფის საკითხი არ დაუსვამს, პირიქით, ბოლშევიკებს ჩვენთან ერთად ებრძოდნენ. ჩემი აზრით, აფხაზები არ იმსახურებდნენ ზოგიერთი ჩვენი ისტორიკოსის მხრიდან აგდებულად და შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიებას. ჩვენ თავიდანვე დავუშვით შეცდომა, როცა აფხაზები არ ვაღიარეთ ერთიანი ქართული იდეის შემადგენელ ნაწილად. მართალია, რუსეთის მაპროვოცირებელი როლიც არსებობდა, მაგრამ აფხაზებში იყვნენ ადამიანები, ვისაც დავეყრდნობოდით. საჭიროა, ეს ამბავი აფხაზებამდეც მივიტანოთ და შეცდომები ავხსნათ.
- ეს აქამდე არ კეთდებოდა?
- კეთდებოდა ეპიზოდურად და ვინც აკეთებდა, კრიტიკის ქარცეცხლში ექცეოდა. აფხაზი დიდგვაროვანების, ჩაჩბების შთამომავალი, იმ ჩაჩბებისა, რომლებსაც ქვეყნის გაერთიანებაში დიდი წვლილი შეჰქონდა და ვისთან ერთადაც კულტურას ვქმნიდით, გიორგი შერვაშიძე ამბობდა: ,,მე ვარ აფხაზი, მაგრამ ქართველი თავადი!” იმის ძახილი, რომ აფხაზები ჩვენიანები არ არიან, მათ რუსიფიკაციისკენ უბიძგებს.
- მე-20 საუკუნის 90-იან წლებში არძინბამ განაცხადა, საქართველოს ვაიძულებთ, საომარი მოქმედებები დაიწყოს და ქართველებს საკუთარ სისხლში ჩავახრჩობთო...
- ამ სიტყვებს მაშინ, სამწუხაროდ, სათანადო კვალიფიკაცია არ მივეცით.
- სამაჩაბლოშიც იგივე პროვოკაციას წამოვეგეთ?
- 1989 წელს, ცხინვალისკენ დაძრულ კოლონას ოსებმა გზა გადაუკეტეს - ისინი წითელი დროშებით იდგნენ, ჩვენ კი, დამოუკიდებელი საქართველოს დროშებით მივადექით. სინამდვილეში, ისინი რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ და ჩვენ რუსეთის იმპერიას შევეჯახეთ. სწორედ ამის გაგრძელება იყო 2008 წელს, აგვისტოში, რუსეთთან ხანმოკლე ომი.
- კულუარებიდან გამოჟონილი ხმით, ქართულმა მხარემ უარი თქვა აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენაზე...
- კულუარებზე ვერაფერს გეტყვით. თუკი საქართველო ამით ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს, რატომაც არა, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, თავად აფხაზებისთვის არაა სასურველი. განწყობა მაშინ შეიცვლება, თუ რუსეთისგან იძულება წამოვიდა.
- ზოგი მოსაზრებით, რკინიგზის გახსნა აღიარების პოლიტიკას ნიშნავს...
- საკითხის ასე დაყენება სწორად არ მიმაჩნია. აღიარება საქართველოს სახელმწიფოს იდეაზე უარის თქმას ნიშნავს, სახელმწიფოსი, რომლის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მიმაჩნია, რომ რკინიგზის თაობაზე მოლაპარაკებები უნდა შედგეს და ეს პროცესი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.
- ზაზა, ორიოდე წლის წინ, არდახანში, ერთ თურქ პარლამენტარს შევხვდი, რომელიც გაავებული საუბრობდა ე.წ. თურქი მესხების რეპატრიაციაზე...
- ,,თურქი მესხები” არაკორექტული და საბჭოთა გადმონაშთი ტერმინია. 1944 წელს, საქართველოდან მხოლოდ მესხები კი არა, სხვებიც გადაასახლეს: აფხაზეთიდან - ბერძნები, აჭარიდან - ლაზები. ცნობილია ,,მეგრელების საქმე”, როცა სტალინისა და ბერიას ბრძანებით, შუა აზიაში მეგრული წარმოშობის ინტელიგენტების ნაწილი გადაასახლეს. ევროსაბჭოში გაწევრიანების ერთი პირობა სწორედ რეპატრიანტთა დაბრუნება იყო და საქართველოს ვერავინ დაადანაშაულებს, რომ მათზე არ ზრუნავს. არსებობს საქართველოს მოქალაქეობის კრიტერიუმები, რასაც რეპატრიანტი უნდა აკმაყოფილებდეს. ტყუილად აღშფოთებულა თურქი პარლამენტარი, თურქეთში კარგად რომ მოეჩხრიკა ამ ეთნიკური ჯგუფის დამოკიდებულება რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით, დაინახავდა, რომ ბევრი მათგანი 70 წლის განმავლობაში ადაპტირდა, მიიღო მოქალაქეობა, დაოჯახდა. აბა, უთხარით მათ შთამომავლებს, მათთვის უკვე უცხოდ ქცეულ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება უნდათ თუ არა. ბევრი უარს ამბობს და ამაში გასაკვირი არაფერია.
- ზაზა, რამდენად აქტიურია თურქეთის ქართული დიასპორა - რა როლს თამაშობს თურქეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში?
- თურქეთში ქართული ისტორიული დიასპორა, ოფიციალურად, მილიონზე მეტს ითვლის. ეს ის ხალხია, ვინც თავს ქართველად თვლის და აქტიურობს. თურქული დიასპორა ჩვენი იმედი, განძია, მაგრამ მის პოტენციალს სათანადოდ ვერ ვიყენებთ.
- განძში სულიერებას გულისხმობთ თუ ეკონომიკურ მხარეს?
- ორივეს. მათ არ გამოუვლიათ საბჭოთა პერიოდი, დაშლისა და ნგრევის ისტორიული პერიპეტიები, შეინარჩუნეს სულიერება და კულტურა. სტამბოლში, ბურსაში, საქარიაში, იზმირსა და ინოგურში კომპაქტურად ჩასახლებული ქართველები ცდილობენ, ცოცხალი კავშირი ჰქონდეთ საქართველოსთან, ხსნიან ენის შემსწავლელ კურსებს, აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ინტერნეტსივრცესა და მედიასაშუალებებში აშუქებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. არიან წარმატებული მაღალი სახელმწიფო მოხელეები, ბიზნესმენები, ხელოვანები. მათ უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ კი, დახმარება უნდა გავუწიოთ - მოვამარაგოთ მასწავლებლებით, წიგნებით, საქართველოში მათი შვილები ჩამოვიყვანოთ... თურქეთში ქართველობა აღიარებულია, როგორც ერთი ყველაზე აქტიური ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს საშუალება, დაიცვას იდენტობა. სხვათა შორის, თურქეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მინისტრი ფარუქ ჩელიქი ქართველია, წარმოშობით მაჭახლელი. ისე, სტამბოლის მერზეც ამბობენ, რომ ქართული წარმოშობისაა, თუმცა იქ კარგ ტონად არ ითვლება, რომ თავიანთ წარმომავლობას ხაზი გაუსვან - პოლიტიკოსი ყველას უფლებას თანაბრად იცავს. პოსტებიდან გადადგომის შემდეგ კი, მკვეთრად ავლენენ თავიანთ წარმომავლობას. მაგალითად, რეფაელ შაჰინი-ლორთქიფანიძე 90-იან წლებში თურქეთის ხელისუფლებაში გახლდათ, გადადგომის შემდეგ ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ბათუმში მისი სახელობის ლიცეუმიცაა. ნიჰაათ გოგიითი-გოგიტიძეც წარმოშობით მაჭახლელია, რომელიც სტამბოლში ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი და,,თურქეთ-საქართველოს კულტურული ფონდის” საპატიო თავმჯდომარეა, თურქეთ-საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში ეკონომიკურ პროექტებს ახორციელებს. ისმეთ აჟარიც სტამბოლში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. სამწუხაროდ, თურქეთის ქართულ დიაპორასთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას ვერ ვახერხებთ, რაც ორივე მხარისთვის მისაღები, საინტერესო და მომგებიანი იქნება.